როგორ გადაწყდება საქართველოს საკითხი გეოპოლიტიკური გიგანტების ბრძოლაში? - მამუკა არეშიძის პროგნოზი: დაუთმობს თუ არა ტრამპი კავკასიას ჩინეთს?!
ხვალ რუსეთის დელეგაცია სტამბოლში იქნება და უკრაინულ დელეგაციას დაელოდება - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მან უარი თქვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის გამხელაზე და, ასევე, არ დააკონკრეტა შესაძლო შეხვედრის დაწყების დრო. „როდესაც პრეზიდენტის მითითება იქნება, მაშინ გავაკეთებთ ამას”, - აღნიშნა პესკოვმა. "მე თურქეთში ვიქნები, იმედი მაქვს, რუსები შეხვედრას თავს არ აარიდებენ", - ამის შესახებ კი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა. თურქეთში ჩასვლას არც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამორიცხავს. მან განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის პოტენციური შეხვედრისთვის თურქეთში ჩავიდეს. „იქ გაფრენაზე ვფიქრობდი. შეხვედრის დროს სადღაც, ახლოაღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. ლიდერების განცხადებები მიანიშნებს, რომ მომავალი დღეები არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ - გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე სერიოზულ გავლენას იქონიებს. რამდენად რეალურია პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება ამ ეტაპზე, ვინ არის პროცესის მთავარი ბენეფიციარი და რა სიგნალს აგზავნიან მხარეები დასავლეთის მიმართულებით? - ამ საკითხებზე ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე გვესაუბრება:
- პროცესი ნამდვილად ძალიან საინტერესოა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ კულუარებში სერიოზული თამაში მიმდინარეობს - თამაში, სადაც ცენტრალურ პოზიციაზე არც უკრაინაა და არც მისი ევროპელი მოკავშირეები. გავიხსენოთ, როგორ იგეგმებოდა ეს შეხვედრა: საუბარი იყო იმაზე, რომ პუტინი დროს წელავდა. უცებ კი მან თავად დაასახელა შეხვედრის თარიღი და ამით ინიციატივა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო. არავინ იცის, რა მოხდება 15 მაისს. არ არის გამორიცხული, რომ ზელენსკი ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეს - მით უმეტეს, თუ ტრამპიც იქ იქნება.
- დიდი ალბათობით, ტრამპი არ ჩავა.
- ეს დაზუსტებით არავინ იცის. არც ისაა ცნობილი, ნამდვილად ჩავა თუ არა პუტინი. მისი სვლები იმდენად ბუნდოვანია, რომ მთელი სიტუაცია გაურკვევლობაშია გახვეული. განვიხილოთ ვერსია, სადაც სტამბოლში იმყოფებიან პუტინი, ზელენსკი და ტრამპი. პუტინი წარადგენს დოკუმენტს, რომელიც უკვე ხელმოსაწერად მზად არის, თუმცა ის არ ითვალისწინებს უკრაინისა და ევროპის ინტერესებს - სამაგიეროდ, ასახავს იმას, რასზეც ტრამპს ადრე აქვს ნათქვამი - მაგალითად, ყირიმის რუსეთისთვის დათმობაზე. იმ შემთხვევაში, თუ ტრამპს საკუთარი პოლიტიკური რენომეს შესანარჩუნებლად სჭირდება, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რაიმე დოკუმენტს მოეწეროს ხელი, ზელენსკი შეიძლება ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს - შესაძლოა, ისეთი კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება გახდეს საჭირო, რომელიც არც უკრაინას აწყობს და არც ევროკავშირს.
- ახლა განვიხილოთ ვერსია, სადაც პუტინი ჩადის სტამბოლში, მაგრამ ტრამპი - არა.
- ამ შემთხვევაშიც უპირატესობა პუტინის მხარესაა, რადგან მოლოდინი მაინც იგივე რჩება.
- მაგრამ ხომ შეიძლება, რომ ზელენსკიმ უარი თქვას პუტინის შეთავაზებაზე და დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს?
- ასეთ შემთხვევაში, შეხვედრის ჩაშლას სწორედ ზელენსკის დააბრალებენ. შემიძლია წარმოგიდგინოთ მესამე სცენარი: სტამბოლში პუტინი არ ჩადის, მის ნაცვლად კი ლავროვი ჩნდება. ასეთ ვითარებაში, დიდი ალბათობით, ზელენსკიც არ ჩავა - რაც იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკების ჩაშლაზე პასუხისმგებლობა ორივე მხარეს დაეკისრება. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ზელენსკის არ აქვს ინფორმაცია, როგორი ტიპის დოკუმენტს წარუდგენენ. დღეს მსოფლიოს საზოგადოება მხოლოდ ორ საკითხზე ფიქრობს - შედგება თუ არა შეხვედრა და მერე - რა იქნება ამ შეხვედრის შედეგი? აქცენტი არავინ არ აკეთებს იმაზე, თუ როგორი შინაარსის იქნება პუტინის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი. არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი მოცემულობით უპირატესობა აშკარად პუტინის მხარესაა. იკითხება, რომ ზელენსკისთვის ხაფანგს ამზადებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვითარება დღის განმავლობაში ან თუნდაც ღამით არ შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს.
- სულ რაღაც სამი თუ ოთხი დღის წინ განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის დასამთავრებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ზედმეტად ბევრს ითხოვს. მისივე თქმით, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ იმ ტერიტორიებს მიიღებს, რომლის დაპყრობაც მან ვერ შეძლო.
- გასაგებია, მაგრამ ამერიკა ამ ეტაპზე ყირიმის დათმობაზე თანახმაა, რაც მიუღებელია უკრაინისთვის. ზელენსკის აწყობს ისეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა, სადაც იქნება ნათქვამი, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში - ვთქვათ 30 დღით, შეწყდება ცეცხლი და ამ ცეცხლის შეწყვეტის კონტექსტში დაიწყება მოლაპარაკებები - ყველა საჭირო საკითხზე. ეს კი პუტინს არ უნდა, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტაზე ის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ სურს, რომ ყველაფერი წინასწარ იყოს განსაზღვრული. მოსკოვისთვის ახლა მნიშვნელოვანია ტერიტორიები, რომლებიც დაიპყრო და ტერიტორიები, რომლებიც ბოლომდე არ აქვს დაპყრობილი. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსეთის დელეგაციის ასეთი შინაარსის საუბარი უკრაინის დელეგაციასთან შედეგის მომტანი იყოს. ორი აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომაა, ერთადერთი, რაც შეიძლება ამ შეხვედრას შედეგად მოჰყვეს, ცეცხლის რამდენიმე დღით, მაგალითად - 10 დღით შეწყვეტაა. ომი არ გაჩერდება, ამიტომაც არ მგონია, რომ ტრამპი სტამბოლში ჩავიდეს. ის იმ შემთხვევაში ჩავიდოდა იქ, თუ დაინახავდა, რომ ომის შემჩერებლის მანტიის მორგების რეალური შესაძლებლობა ექნებოდა.
- ობიექტურად, რომ შევაფასოთ - არის თუ არა ახლა რუსეთისთვის ომის შეჩერება კრიტიკულად მნიშვნელოვანი?
- შეიძლება, ერთი შეხედვით, არ იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ქვეყნის შიგნით მიმდინარ პროცესებს კარგად თუ დავაკვირდებით, ძალიანაც მნიშვნელოვანია. მისი ეკონომიკური და სამხედრო მდგომარეობის გათვალისწინებით, რუსეთს უნდა აწყობდეს, რომ სტატუსკვო შენარჩუნდეს რიგ რეგიონებზე და ყირიმზე მიიღოს თანხმობა.
- და ამ მოცემულობას რატომ ვერ გამოგიყენებს ზეწოლის ბერკეტად უკრაინა და ევროკავშირი?
- ალბათ, გამოყენებენ. ჩემი აზრით, ახლა სამივე მხარის მთავარი ამოცანა სტატუსკვოს შენარჩუნებაა. ცოტა რთულად წარმომიდგენია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებზე უკრაინამ უარი თქვას და მიიღოს ძალიან სერიოზული პრეფერენციები, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე - ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების კუთხით. ძალიან ბევრი საკითხია სამსჯელო და მხარეები დავობენ მხოლოდ იმაზე, 30 დღით შეჩერდება ომი თუ ერთი კვირით ანუ ომის დასრულებაზე კი არა, დროებით შეჩერებაზეა საუბარი. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან კომიკურია ინდოეთისა და პაკისტანის ომის საკითხი - ორივე მხარეს ისეთი ზეწოლა ჰქონდა დანარჩენი მსოფლიოსგან, რომ ომი ჯერ ხეირიანად დაწყებულიც არ ჰქონდათ, რომ დაასრულებინეს. „რა დროს თქვენი ომია“ - აი, ამ კონტექსტში გააჩერებინეს ომი.
- როგორ გგონიათ, ამ მოლაპარაკებებისა თუ გარიგების პროცესში საქართველოს საკითხიც განიხილება?
- რა თქმა უნდა, საქართველო სამხრეთ კავკასიის კონტექსტში განიხილება და ის ეს აუცილებლად იქნება სავაჭრო დახლზე. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, ამ ვაჭრობაში შეიძლება ამერიკამ საქართველო რუსეთს დაუთმოს, მე ვამბობ, რომ ეს გამორიცხულია.
საქართველოს რუსეთისთვის დათმობა ნიშნავს, რომ ამერიკა რეგიონს დაუთმობს ჩინეთს. მე კი მგონია, ამერიკა ამაზე არასოდეს წავა.
- ასეთ მოცემულობაში, როგორ ახსნით ამერიკის ადმინისტრაციის კრიტიკულ განწყობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რაც კარგად გამოიკვეთა პრემიერ ირაკლი კობახიძის ღია წერილში?
- უკეთესი ვარიანტი მინდა წარმოვიდგინო - ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაცია, პოსტსაბჭოთა სივრცესთან დაკავებული საკითხების გადაწყვეტისას მნიშვნელოვანად არის დამოკიდებული უკრაინის საკითხის მოგვარებაზე. ვფიქრობ, ბევრი რამ არის დამოკიდებული, როგორ გადაწყდება უკრაინის საკითხი. ამერიკელებს საერთოდ არ ანაღვლებთ, როგორი ხელისუფლება იქნება საქართველოში, მთავარია, მათი მტრის მონა-მორჩილი არ იყოს.
- ფიქრობთ, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ ფორმულირებით არ არის აღქმული ვაშინგტონში?
- არა, მე ვფიქრობ, საქართველო აღქმულია ქვეყნად, რომელიც უბრალოდ ცდილობს დაახლოებას რუსეთთან და ჩინეთთან. ბუნებრივია, ჩნდება კითხვები - რატომ ცდილობს და როგორ შეიძლება სიტუაცია შეცვალოს? საკითხის მოგვარება ორი მეთოდით შეიძლება შეიცვალოს - ან ხელისუფლება უნდა შეცვალო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია (ამერიკა ახლა ასეთ მეთოდებს აღარ მიმართავს), ან უნდა შექმნა ისეთი პირობები, რომ ხელისუფლებაში მყოფი ძალა ისევ შენკენ მოატრიალო. არსებული მოცემულობის ფონზე ყველაზე სწორი იქნება - გადადგა გარკვეული ნაბიჯები უკრაინის საკითხის მოსაგვარებლად და გარკვეული დივიდენდები მოიპოვო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო აქტივობა ჩვენი რეგიონის მიმართულებით, ისევე, როგორც ცენტრალური აზიის მიმართულებით.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)