"როცა დავქორწინდით, ლადო 35 წლის იყო, მე - 22-ის. მეგობრის აგარაკზე გავიცანით ერთმანეთი და მოვეწონე. საოცრად რომანტიკული იყო... სიხარულს მანიჭებდა მისი მოტანილი იის კონა, ანდა, ეზოში მოწყვეტილი ერთი ყვავილი" - კვირის პალიტრა

"როცა დავქორწინდით, ლადო 35 წლის იყო, მე - 22-ის. მეგობრის აგარაკზე გავიცანით ერთმანეთი და მოვეწონე. საოცრად რომანტიკული იყო... სიხარულს მანიჭებდა მისი მოტანილი იის კონა, ანდა, ეზოში მოწყვეტილი ერთი ყვავილი"

ამა თუ იმ თაობაში, ყოველთვის იყვნენ პიროვნებები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი ერუდიციით, ნიჭიერებით, უნარით, ყოფილიყვნენ პროგრესულები და ყველა წამოწყების სულისჩამდგმელები, ხალისიანები, იუმორის მქონენი, კოლორიტულები... ერთ-ერთი მათგანი - ლადო კალანდაძე, იგივე „ბენდექსა“ გახლდათ. ზედმეტი სახელი მეგობარმა შეარქვა სტუდენტობისას, არაფერს უკავშირდება, უბრალოდ, ჟღერადობა მოსწონდა ორივეს. ის იყო მეგობრების სული და გული - მათი გვერდში მდგომი, კეთილშობილი, ლიდერი ყველა კამპანიაში...

2025 წელს, მაისში, 70 წელი შეუსრულდებოდა. ლადოზე და ოჯახზე სასაუბროდ, მის მეუღლეს, ირინა შენგელიას ვესტუმრე.

- გაცნობის ამბიდან დავიწყოთ...

- ლადოს შევხვდი ჩემი უახლოესი მეგობრის და ნათესავის - ნატო დონაძის აგარაკზე, მცხეთაში. იმ ზაფხულს გოგონები დაგვპატიჟა ნატომ რამდენიმე დღით. იქ ყოველთვის ბევრი სტუმარი იყრიდა თავს და ერთ დღესაც ნატოს მეგობარი ბიჭები მოვიდნენ - ლევან ბზვანელი, ირაკლი ჭირაქაძე, ლადო კალანდაძე... ერთად კარგი დრო გავატარეთ.

საღამოს შესამჩნევი გახდა, რომ ლადო არ არის გულგრილი ჩემ მიმართ, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ კიბიდან ჩამოვდივარ, მიყურებს და მეუბნება: მე შენ დაგარქვი - „მზისა“. ბიჭებმა გადაწყვიტეს ღამე დარჩენა და ნატოს ბაბუის მარანში მოკალათდნენ.

ლადომ მითხრა: იქნებ მე და შენ ცოტახანს ვისაუბროთო. ჩვენ დილამდე ვისხედით აივანზე, რომელიც ემიჯნებოდა გოგონების საძინებელს. ლადო მიყვებოდა ოჯახზე, ძმისშვილებზე, როგორ უყურებს ცხოვრებას და ა.შ.

გათენდა... მამაჩემმა ჩამომაკითხა (თბილისში უნდა წავსულიყავი) და ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა: იმ დილას ირინა, პრაქტიკულად, „ლადოს ყბიდან“ წავიდაო, იმიტომ, რომ ლადო არ გაჩერებულა, მხოლოდ ის საუბრობდა მთელი ღამე.

უკვე რომ დავქორწინდით, სულ მეუბნებოდა, იმ ღამეს როგორ გამიძელიო? და იხსენებდა ჩვენს საუბრებს სახლის ტელეფონზე, შეყვარებულობის პერიოდში. მე არ მახსოვს და რამდენჯერმე, როგორც ჩანს, ჩამეძინა, როცა ის ლაპარაკობდა. ამ ამბავს აშარჟებდა და ასე ყვებოდა: მე სიყვარულს ვუხსნი და უცებ, იქიდან „ხვრინვის“ ხმა მესმისო. მცხეთაში შეხვედრის მერე დამირეკა, შენი ნახვა მინდაო... და ასე გაგრძელდა ურთიერთობა. იმ ზაფხულს ლიკანში წავედი, ლადომ მთხოვა, თუ შეგიძლია, იქიდან წერილი გამომიგზავნეო. ეპისტოლური ჟანრი იმ დროს აქტუალური აღარ იყო, მაგრამ თავად იყო ძალიან რომანტიკული და მეც ავყევი. მართლაც, ერთი-ორი წერილი ვიღაცას გამოვატანე. ჩვენ რომ დავქორწინდით, ლადო იყო 35 წლის, მე - 22-ის.

- პროფესიით ვინ იყო?

- ინჟინერ-მშენებელი იყო, მაგრამ ბუნებით ჰუმანიტარი. ტექნიკური საგნები ეხერხებოდა, მათემატიკაც ძალიან კარგად იცოდა. არქიტექტურა აინტერესებდა და დარდობდა, რომ თავის დროზე ეს დარგი არ აირჩია. მაშინ ასე იყო, ადამიანი უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხებოდა და მერე პროფესიის შეცვლაზე აღარ ფიქრობდა.

უყვარდა და ძალიან კარგად იცოდა მუსიკა, კინო. თავადაც უკრავდა და ხანდახან მღეროდა. მისი ახლო მეგობრები იყვნენ ირაკლი ჩარკვიანი, დათო ევგენიძე, გიო ცინცაძე... არა ერთ კინორეჟისორთან, ოპერატორთან თუ კომპოზიტორთან მეგობრობდა.

- ლადო კინოფილმებში მონაწილეობს, როდის გადაიღეს პირველად?

- პირველკლასელი იყო, როცა ფილმში მოხვდა. ლადო ვერაზე, ყოფილ პეროვსკაიაზე დაიბადა და გაიზარდა. მათ ეზოში ცნობილი რეჟისორი, ნიკოლოზ სანიშვილი ცხოვრობდა. ფილმისთვის „თოჯინები იცინიან“, სანიშვილმა პატარა ბავშვები გადაიღო და მათ შორის ლადოც იყო. ამ ასაკში კინოში მოხვედრა რამხელა ამბავია და ლადოც გახარებული იყო, გაკვეთილებს აცდენინებდნენ არის ძალიან ამაყი. რა თქმა უნდა, პრემიერაზე დაპატიჟა მთელი კლასი, ნათესავები. დადგა ის დღეც. დაიწყო ფილმი...უკვე მთავრდება და ლადო არსად ჩანს. ბოლოსკენ არის კადრი, სახლის სახურავიდან გადაღებული, ქვემოთ ბავშვები ველოსიპედებით დადიან და მხოლოდ დედ-მამამ იცნო თურმე, რომ ერთ-ერთი ლადოა. ძალიან გულდაწყვეტილი წამოსულა იქიდან.

15 წლისა ეპიზოდში მონაწილეობს სიკო დოლიძის ფილმში - „სემირამიდას ბაღები“. ლადო გადაღებულია ერეკლე ბადურაშვილის სადიპლომო ფილმში, დიტო ცინცაძესთან - მოკლემეტრაჟიანი „თეთრი ღამე“, მარიკა ლაფაურის ფილმში „მაყურებელთა დარბაზები“ და სხვა. ლედი წულაძე ხუმრობს: სამსახიობო ნიჭი „მამისგან“ გამოჰყვაო (ბაადურს გულისხმობს).

- მიამბეთ, ბაადურ და ლედი წულაძეები ლადომ როგორ გაგაცნოთ?

- დაქორწინება რომ დავაპირეთ, ლადომ მითხრა: ახლა ჩემი მშობლები უნდა გაგაცნოო. წულაძეები და კალანდაძეები ერთ სახლში ცხოვრობენ, მოვედით სახლთან და დარწმუნებული ვარ, რომ ბიოლოგიური მშობლები უნდა ვნახო, ცოტა ვღელავდი. კარი ბაადურმა გააღო... მასთან პირადი ნაცნობობა არ მქონია, მაგრამ ვიცოდი, ვინც იყო. ვიფიქრე, ალბათ, ლადოსთან ოჯახში სტუმრად არის-მეთქი. მერე ლედი გამოგვეგება: უი, ჩემი შვილი და ჩემი რძალი მოვიდნენო...

მერე ლადოს ნამდვილი დედ-მამა გავიცანი და ვფიქრობდი, ხომ არ ეწყინებათ, ეს ამბავი რომ ვუამბო-მეთქი. რასაკვირველია, არ სწყენიათ, არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავდა, ლადოს დედამ მითხრა: კი, ასეა ნამდვილად იმიტომ, რომ მგონი ბაადურთან უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე სახლშიო. ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, ბავშვობის მეგობრებივით იყვნენ, ბევრი საერთო ჰქონდათ, ორივე იყო განათლებული, პროგრესული, ხალისიანი, თავისუფალი... ტიპაჟურად ჰგავდნენ ერთმანეთს. ლადო იმაშიც ემსგავსებოდა, რომ თითქოს ოჯახი არ უნდა ჰქონოდა, როგორც ბაადურს... რაც მთავარია და მნიშვნელოვანი, ორივე გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს გულშემატკივრობდა. ყოველი თამაშის დროს ლადო მიდიოდა ბაადურთან იმიტომ, რომ იქ იყო ზეიმი, მიუხედავად იმისა, გუნდი მოიგებდა თუ წააგებდა. პირველად როცა შევესწარი, მატჩის ყურებისას, მათ წივილ-კივილს და სირბილს ოთახებში, ძალიან გაკვირვებული ვიყავი. ლედიმ ამიხსნა, ასეა ყოველთვისო.

შემდეგ გაჩნდა ჩვენი შვილი - ლიზა და როგორც ბებია-ბაბუას შეეფერება, ზუსტად ისე, ლედი მთხოვდა, ბავშვი ხშირად მიმეყვანა მათთან. ძიძა არ მყავდა (არ მინდოდა), რა თქმა უნდა, დედამთილი და დედაჩემი ძალიან გვეხმარებოდნენ, მაგრამ ლედისთან ყოფნა მსიამოვნებდა. ავდიოდი, როცა ლიზას ძილის დრო ჰქონდა, ვისხედით აივანზე, ბავშვს იქვე დივანზე მივაწვენდი და ლედი მიმასპინძლდებოდა. ბაადურთან და ლედისთან ურთიერთობისას თითქოს ასაკობრივი ზღვარი ქრებოდა, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მათი საუბრების მოსმენა.

- მგონი, ჟურნალისტი ხართ, არა?

- განათლებით მუსიკოსი - პიანისტი ვარ. მამა მყავდა ჟურნალისტი, დურის ეძახდნენ (ალექსანდრე ერქვა). ბოლო წლებში, ჟურნალ „ცხოვრება და კანონის“ რედაქტორი იყო. მეც ვფიქრობდი ჟურნალისტობაზე, მაგრამ მამა თვლიდა, რომ ქალისთვის ცოტა რთული პროფესიაა. ჩემს პედაგოგს, ნანა დიმიტრიადს უნდოდა, მასთან კათედრაზე დავრჩენილიყავი, მაგრამ 1990-იან წლებში კონსერვატორიაში არაფერი ხდებოდა, იყო სიცივე და სიბნელე. სხვა გზა უნდა მომეძებნა. ტელევიზიაში წამყვანი გავხდი... მერე წავედი მეორე ტელევიზიაში, სადაც ტოქ-შოუსთვის სიუჟეტებზე ვმუშაობდი. ბევრი საინტერესო ადამიანის პორტრეტი გავაკეთე, მაგრამ არასოდეს დამავიწყდება რეზო გაბრიაძესთან შეხვედრა. რესპონდენტებს თავად ვარჩევდი, გაბრიაძეზე ყველამ მითხრა: რატომ იტკივებ თავსო? ცნობილი იყო რეზოს დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ. რეზო და მამაჩემი ერთმანეთს იცნობდნენ, ესეც იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ვიფიქრე, რადაც უნდა დამიჯდეს, შეხვედრა უნდა შედგეს-მეთქი. მოკლედ, გაბრიაძე დაგვთანხმდა და დაგვიბარა თეატრში.

თუკი რამე იყო რეზოსთან დაკავშირებული და მისი დაწერილი, ყველაფერი წავიკითხე. ძალიან ვღელავდი. რომ მივედი, ნარდს თამაშობდა ვიღაცასთან ერთად. -მოხვედი, ბოშო? ქუთაისურად მომმართა, - მოდი, დაჯექიო. ჩემი ოპერატორი ჯერ არ იყო მოსული. რეზო თამაშს აგრძელებს, ყურადღებას არ მაქცევს და იმ კაცს ელაპარაკება: ეს ჟურნალისტი გოგონები მოვლენ, მერე ისე აქვთ თვალები დახატული, რაღაც საშინელი შესახედია... ამ დროს, არასოდეს ვიხატებოდი, არც მაშინ და არც ახლა. ეტყობა, იგრძნო გაკვირვებული სახე რომ მივიღე, შემომხედა და - არა, ბოშო, შენზე არ ვლაპარაკობო, - მითხრა.

ამასობაში მოვიდა ოპერატორი, დავსხედით, ჩაირთო კამერა და რეზო მაფრთხილებს: ახლა არ გეგონოს, რომ დაგელაპარაკები ან თოჯინებზე, ან სპექტაკლებზე... ჩემთვის აქტუალურია თეთრი ხიდი (წიგნს წერდა მაშინ) და მხოლოდ ამ თემაზე ვისაუბრებო. ვაი, შენს ირინას, მთელი ჩემი დრამატურგია მეშლება, რაღა ვქნა? ამას ვფიქრობ და ვღელავ, მაგრამ მივხვდი, რომ რეზომ რაზეც უნდა ილაპარაკოს, ყველაფერი საინტერესო იქნება. დაიწყო საუბარი და რაღაც მომენტში, არ ვიცი, რანაირად, გადავედით მხატვრობაზე, თოჯინებზე... ადვილად წამომყვა და უბედნიერესი ვარ. ცოტა ხანში, მესმის ტელეფონის ხმა, რეკავს გაუთავებლად. უცებ, ოპერატორი გვეუბნება: დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა შევწყვიტოთ გადაღება, ჩვენი პროდიუსერი რეკავსო. მე უკვე ხელი ჩავიქნიე... პროდიუსერი ეუბნება: ინტერვიუს რომ მორჩებით, რეზოს გარეთ გასვლა და შემოსვლა გადაიღეო. გაბრიაძეს ძალიან ბევრი ბოდიში მოვუხადე და ალბათ, ხათრით, საუბარი გააგრძელა. ბუნებრივია, მისთვის არ მითქვამს, რომ გასვლა-შემოსვლის კადრები გვინდოდა. საათზე მეტი მასალიდან პატარა სიუჟეტი გამოვიდა (ქრონომეტრაჟი მეტ საშუალებას არ გვაძლევდა), მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი ფოიერვერკი.

- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდით და სალომე ზურაბიშვილზე, როგორც პიროვნებაზე, რას იტყვით?

- ქალბატონი სალომეს მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველანაირ სიტუაციაში მინახავს, კიდევ სხვა სინაზეები მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ის არის წარმოუდგენელი ენერგიის მქონე და მიზნის მიღწევის ჟინით ანთებული ადამიანი. თავისი ქვეყნის უდიდესი სიყვარული აქვს და ვერავინ გადამარწმუნებს იმაში, რომ არაა გულწრფელი. არის პრინციპული, ხისტიც და ამავე დროს, ძალიან რბილი, მოსიყვარულე და ერთგული მეგობარი. ყოველთვის თავის თავზე იღებს უდიდეს პასუხისმგებლობას და ყველა ემოცია მის ლურჯ, ლამაზ თვალებში იკითხება. ხანდახან, ძალიან კრიტიკულ მომენტში, მისი სახე რომ დამინახავს, სურვილი გამჩენია, რომ ჩავხუტებოდი და ჩავხუტებივარ კიდეც. პირველად ძალიან გაუკვირდა, ასე რომ მოვიქეცი და შეგეცოდეო? მითხრა. -კი არ შემეცოდეთ, მიყვარხართ-მეთქი და ორივეს ცრემლები წამოგვივიდა. მეგობრად მიმაჩნია და მინდა, რომ ჩემ მხარდაჭერას გრძნობდეს.

- თქვენ მეუღლეს მუსიკა უყვარდა, რომელ ნაწარმოებს უკრავდით ხოლმე მისი თხოვნით?

- ერთხელ, სახლში დამპატიჟა და მთხოვა, რამე დამეკრა. მას უყვარდა კლასიკა. მაშინ შუმანის „საბავშვო სცენები“ დავუკარი და მახსოვს, როგორ მისმენდა. მერე ამბობდა, რომ ერთი-ორად მოემატა ჩემს მიმართ სიყვარული. ეს ნაწარმოები გახდა ჩვენი ურთიერთობის ლაიტმოტივი.

იყო კიდევ ასეთი ეპიზოდი: ლიზაზე ფეხმძიმედ ვიყავი, როცა სახელმწიფო გამოცდაზე კონსერვატორიაში ვუკრავდი მოცარტის სონატას. როგორც კი დაკვრა დავიწყე, ვიგრძენი ნაყოფის მოძრაობა. სხვა დროსაც, ამ ნაწარმოების შესრულებისას, ბავშვი ყოველთვის მოძრაობდა. ეს ლადოს ვუთხარი და ძალიან სერიოზულად მიიღო. დაიბადა ლიზა და ცოტა მტირალა ბავშვი იყო, ღამე არ ეძინა. ჩავრთავდით ხოლმე მოცარტის იმ სონატას და ბავშვი მაშინვე ჩერდებოდა. ეს არ არის საოცრება, მეცნიერულად შესწავლილია, რომ ნაყოფზე გავლენას ახდენს მუსიკა. სხვათა შორის, მოცარტი ლადოს ყველაზე საყვარელი კომპოზიტორია.

- დაბოლოს...

- ლადოსთან ცხოვრება საინტერესოც იყო და რთულიც. იმდენი კარგი თვისება ჰქონდა, რომ ამან გადაწონა და ჩვენ ბოლომდე ერთად ვიყავით. სიხარულს მანიჭებდა მისი მოტანილი იის კონა, ანდა ეზოში მოწყვეტილი ერთი ყვავილი და ასეთი ნიუანსები ბევრი ყოფილა. ჩვენ ჰარმონიული და ბედნიერი ოჯახი გვქონდა. ლადო 2016 წელს გარდაიცვალა... ზოგჯერ მოთხოვნილება მაქვს, რომ შუმანის ის ნაწარმოები დავუკრა, რაც პირველად მოვასმენინე ლადოს, ჩემი შესრულებით.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)