"ჯერ კიდევ სამი ოპერაცია დამრჩა გასაკეთებელი, თანადგომას ვერ ვხედავ. არც გამოძიება ჩატარებულა ბოლომდე" - რას ჰყვება პროევროპულ აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსი თირქია, რომელიც სიკვდილს სასწაულად გადაურჩა
პროევროპულ აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსი თირქიას, რომელიც სიკვდილს სასწაულად გადაურჩა და ამ დრომდე რეაბილიტაციის კურსს გადის რამდენიმე ოპერაციის ჩატარება ისევ უწევს. შეგახსენებთ, რომ გასული წლის 3 დეკემბერს, გამთენიას, თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას ალექსის ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა და კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი დიდხანს ებრძოდა სიკვდილს. საბედნიეროდ გადარჩა, მაგრამ ახალგაზრდას უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული. მას ასევე თავში მოხვდა ბლაგვი საგანი და შეუმტვრია თავში ძვალი, დაზიანებული აქვს სამწვერა ნერვი, რომელიც პასუხს აგებს თვალის დახურვა-გაღებაზე, დაქვეითებული აქვს მხედველობას და ასევე შუბლზე აკლია ძვლის ფრაგმენტი, ამიტომ სამი ოპერაციის ჩატარებაა საჭირო.
როგორც ირკვევა, პირველ რიგში თვალის ოპერაცია სჭირდება და ალექსი ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებოდა ჯანდაცვა როდის დაუფინანსებდა ოპერაციის ხარჯებს. როგორც თავად ამბობს, ოპერაცია სასწრაფოდ ჩასატარებელია, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროსგან უარი მიიღო. უთხრეს, რომ ამ ოპერაციას საყოველთაო ჯანდაცვა არ ფარავს. არადა ყველას ახსოვს, რა ვითარებაში დაშავდა ალექსი და ისიც, რომ მას სახელმწიფო ჰპირდებოდა მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას.
როგორ ცხოვრობს დღეს ახალგაზრდა ალექსი თირქია, რა პრობლემების წინაშეა ის, ამ და ბევრ საინტერესო დეტალს ინტერვიუდან შეიტყობთ.
ალექს, მართლა სასწაულად გადაურჩით სიკვდილს და დღემდე რეაბილიტაციას გადიხართ, როგორია ამჟამად თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ უმძიმესი ფაქტის შემდეგ რა გზის გავლა მოგიხდათ?
- როგორიც წარმომედგინა ეგეთი მარტივი მართლა არ ყოფილა რეაბილიტაცია. ცოტა რთული კი არის, მითუმეტეს ბევრი რეკომენდაციების დაცვა მიწევს. არც მზეზე სიარული შემიძლია, არც ფიზიკურად დატვირთვა, არც დიდხანს სიარული. მითუმეტეს ოპერაციებისთვის ვემზადები, ჯერ კიდევ სამი ოპერაცია დამრჩა გასაკეთებელი. ახლა ექიმებთან ამის გამო დავრბივარ. ხან მეუბნებიან, რომ ამ თვეს გამიკეთებენ ოპერაციას, მერე გადამიდებენ მეორე თვეზე. მე მგონი რაც შეუძლიათ ცდილობენ, რომ დრო გააწელონ. პირველ რიგში თვალის ოპერაცია მჭირდება. წესით თვეზე მეტი უნდა იყოს გასული ოპერაციიდან, მაგრამ გაიწელა დაფინანსების გამო. პირველად კლინიკაში რომ მივედი, მითხრეს, გიფინანსდება, ჯანდაცვა აფინანსებს ამ ოპერაციასო. გააკეთეს კალკულაცია საოპერაციო ხარჯების, შევიტანე ჩვეულებრივად ჯანდაცვაში, დაახლოებით ერთ კვირაში მომივიდა დადებითი პასუხი, დაგიფინანსდათო. როცა ეს კოდი წარვადგინე კლინიკაში, მითხრეს, რომ ეს არის წინა საოპერაციო ხარჯებზე ფასდაკლებაო. მანამდე მითხრეს წინა საოპერაციო ხარჯები არ ფინანსდებაო, ამაზე ცოტა დავიბენი, გამოკვლევები ჩამიტარდა იმ დღესვე, მაგრამ ისიც მითხრეს, ოპერაციამდე ორი დღით ადრე უნდა ჩატარდეს გამოკვლევებიო. მე უკვე 20 დღე გავიდა რაც გამოკვლევები ეს გაკეთებული მაქვს და ოპერაცია არ ჩამტარებია. მერე უკვე ოპერაციის კალკულაცია თვითონ კლინიკამ გადააგზავნა ჯანდაცვაში და მითხრეს სავარაუდოდ 90%-ით დაგიფინანსებენო. ველოდებოდი პასუხს, უნდა მოსულიყო პასუხი 14 სამუშაო დღის განმავლობაში, 19 დღე რომ გავიდა და არავინ დამირეკა, არც შეტყობინება მომსვლია, დავრეკე ჯანდაცვის ცხელ ხაზზე და ჯანდაცვა მეუბნება, სამწუხაროდ უარი არის თქვენი ოპერაციის დაფინანსებაზე, საყოველთაო არ გაფინანსებთ ამ ოპერაციასო. ძალიან გამიკვირდა, ვერაფერი ვერ გავიგე, ფაქტია არ დამიფინანსეს და მე მიწევს თანხების მოძიება. საყოველთაო ამჟამად ოპერაციას არ გიფინანსებთო, იმიტომ, რომ კერძო დაზღვევა გიფიქსირდებათო და კერძო დაზღვევის გაუქმებიდან უნდა იყოს ნახევარი წელი გასული, რომ დაგიფინანსდეთო და ნახევარი წლის გასვლის შემდეგ თავიდან შემოიტანოთ უნდა კალკულაცია ოპერაციისო და შეიძლება, დაგიფინანსდეთო. ამ რეალობის წინაშე ვარ, ამას გარდა კიდევ სხვა ოპერაციები მჭირდება და დავიწყე გამოსავლის ძიება. ნანუკა ჟორჟოლიანს ვთხოვე დახმარება. სხვა გზა არ მაქვს, სასწრაფოდ უნდა გავიკეთო თვალის ოპერაცია და ეს ჩემი ხარჯებით უნდა შევძლო, უფრო დიდი ოპერაციების ხარჯების დაფარვაში ნანუკა დამპირდა რომ ხალხის დახმარებით დამეხმარება.
- სად იკეთებ თვალის ოპერაციას და როგორია მხედველობის მდგომარეობა?
_ კავკასიის მედიცინის ცენტრში უნდა გაკეთდეს, იქ არის ჩემი ექიმი მიხეილ გაბრიჩიძე არის, მხედველობის მხრივ დიდი ცვლილება არ მაქვს, თითქმის ისევ ისე ვხედავ დაქვეითებულად, ძალიან ბუნდოვნად, ასტიგმატიზმი მაქვს
თვალზე, ტრავმული ხლეჩა მაქვს, რაც ოპერაციით უნდა აღდგეს წესით. ამის გარდა კიდე მჭირდება სხვა ოპერაციები, ივნისის თვეში დაგეგმილი უკვე ორი ოპერაცია, კატეს გადამიღებენ და ივნისისთვის დავგეგმავთ უკვე შუბლის იმპლანტაციაც. ძვლები ჩამსხვრეული მაქვს და ინპლანტი უნდა ჩამისვან და ასევე უნდა ჩამიტარდეს ოპერაცია, რომ სამწვერა ნერვის აღდგენა მოხდეს. იცით რომ სამწვერა ნერვიც დაზიანებული მაქვს, სამწვერა ნერვის გამო მაქვს თავზე ძალიან მწარე ტკივილები. ვერ ვუძლებ.
- როგორ ცხოვრობ ამ ტრავმების შემდეგ, ალბათ შეიცვალა მთლიანად შენი ცხოვრება...
- საერთოდ არაფერი არ მჭირდა, ჩვეულებრივად სრულიად ჯანმრთელი, ენერგიით სავსე ადამიანი ვიყავი. ვმუშაობდი რამდენიმე ადგილას, ვშრომობდი და ჩემით ვირჩენდი თავს. ვცხოვრობდი ჩვეულებრივად და ამ ტრავმების შემდეგ 100 პროცენტით შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ჩემს გემოზე ვერსად ვერ დავდივარ, ვერაფერს ვაკეთებ რაც მიყვარდა, რაც მსურდა გამეკეთებინა ესეც განუხორციელებელი დარჩა და მიწევს მუდმივად ექიმებთან სიარული, ვარ მათი კონტროლის ქვეშ და სულ უნდა მოვუფრთხილდე თავს. ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში მიმიწევს ეს ასეთ ჯანმრთელ ადამიანს. მერწმუნეთ ამხელა პრობლემებთან გამკლავება და ამ მდგომარეობასთან შეგუება არ არის ადვილი. ფსიქოლოგიურადაც მიჭირს ამ პრობლემებთან გამკლავება. კი უკვე ძალიან ადვილად ვღიზიანდები, ნერვებიც ცუდ მდგომარეობაში მაქვს. ყველამ იცით როგორ გადავრჩი, რა გამოვიარე, რამდენი ხანი ვიყავი კლინიკაში ხელოვნურ კომაში. როგორც ვიცი, მხოლოდ მაშინ, როცა ხელოვნურ კომაში ვიყავი მოვიდა თურმე ხელისუფლების წარმომადგენელი და მაშინ თქვეს, რომ სახელმწიფო ალექსის აუნაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს და ყველანაირად დაეხმარება ყველა ოპერაციებში და რეაბილიტაციებშიო. მაგრამ ვერანაირ
თანადგომას მე ვერ ვხედავ. არც გამოძიება ჩატარებულა ამ საქმის ბოლომდე. ჩამიტარდა ექსპერტიზა და იქაც დამტკიცდა ექსპერტიზით, რომ გაზის კაფსულა მომხვდა ნამდვილად. რატომღაც ამ გაზის კაფსულის ხსენება არ უნდათ, თავიდან იმასაც ამბობდნენ, რომ თითქოს მე პიროტექნიკით დავზიანდი, მაგრამ პიროტექნიკა ფაქტია, რომ ასეთ დაზიანებებს არ დატოვებდა, მითუმეტეს დამწვრობა არანაირი არ მქონია სახეზე, რომ პიროტექნიკა ყოფილიყო, დამწვრობა მექნებოდა. მოკლედ მიწევს ბრძოლა ჩემი ჯანმრთელობისთვის.
- იქნებ ის დღე გაიხსენო, როგორ დაშავდი?
- ერთადერთი, რაც მახსოვს იმ დღიდან ის არის, რომ გავედით მე და ჩემი მეგობარი აქციაზე, შევუერთდით უკვე შეკრებილ ხალხს, კიდევ ის მახსოვს, რომ ცრემლსადენი გაზი გამოუშვეს, ცუდად გავხდით, ცხვირ-პირი მართლა გვეწვოდა და დაგვისივდა ყველაფერი, ამის მერე უკვე საერთოდ ვერ ვიხსენებ ვერაფერს, არც იმ გაზის კაფსულის მოხვედრა მახსოვს, არც ტკივილი, არც ის როგორ გადამიყვანეს კლინიკაში, ისიც არ მახსოვს, რომ თურმე გონზე ვიყავი, ბებიასაც თურმე ვწერდი და ვურეკავდი, ფოტოც ჩამიგდია და თურმე მითქვამს, კარგად ვარ, უბრალოდ წარბი მაქვს გახეთქილი, მეთქი. არადა ესენი მე ნამდვილად არ მახსოვს და არც ის, კლინიკაში რომ გადამიყვანეს, არადა იქაც გონზე ვიყავი თურმე, ბოლოს უკვე დავკარგე გონება და შემიყვანეს კიდეც საოპერაციოდ, დაახლოებით ერთი თვე არ მახსოვს. მაგის მერეც ზოგჯერ რაღაცები მავიწყდება ხოლმე. ბებია თურმე მიყურებდა პირდაპირ ეთერში და ნახა როგორ გადავყავდით, ეს ყველაფერი უნახავს, ძალიან ძნელი იყო მისთვის და დიდი შოკი მიიღო. იცით ისიც, რომ მაშინ ჩემი მშობლებიც არ იყვნენ საქართველოში, საზღვარგარეთ იყვნენ და იქ გაიგეს ეს ამბავი. რომ ჩამოვიდნენ კომაში ვიყავი და არავინ ელოდა ჩემს გადარჩენას. ძალიან მძიმე დღეები გამოიარა ჩემთან ერთად ჩემმა ოჯახმა. მარტივი არ იყო ნამდვილად. ადამიანი, რომელიც აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ, უცებ ამ მდგომარეობაში აღმოჩნდები. არადა ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა. ტატუს სპეციალისტი ვარ, თან მზარეულიც ვარ და ბევრ სამსახურს ერთად ვითავსებდი, რომ დამოუკიდებლად შემძლებოდა თავის რჩენა. ახლა ვზივარ სახლში, არაფერს არ ვაკეთებ, გავდივარ რეაბილიტაციას და ვმკურნალობ. ამდენი რამ გამოვიარე და გულდასაწყვეტია, როცა აღმოაჩენ, რომ თურმე იმ დღოს როცა სიკვდილს ვებრძოდი, დეზინფორმაციას ავრცელებდა სამთავრობო არხები. მერე ვნახე პირველი არხის სიუჟეტი, რომელიც ჩემი ოჯახის წევრებსაც არ ჰქონდათ ნანახი, სიუჟეტი გაკეთდა ჩემზე და ეთერში აჩვენეს სხვა ადამიანის კადრები. ეს გაკეთდა იმიტომ რომ ჩემი დაზიანება არ ენახა ხალხს. ეს სიუჟეტი რომ ვნახე, მოსვენება დავკარგე და დავდე ჩემს ფეისბუქ გვერდზე ეს სიუჟეტი, სადაც ჩანს ეს სიცრუე. მინდოდა რომ საჯაროდ დამედო ეს ყველაფერი და მენახებინა ხალხისთვის, რომ სხვის ფოტოს ავრცელებენ, როცა ასეთი უმძიმესი დაზიანებებით ვებრძოდი სიკვდილს.
- ალექს, დაახლოებით რა თანხები გჭირდება ამ სამი ოპერაციისთვის და შენი სრული რეაბილიტაცია რომ მოხდეს?
- არ ვიცი, ერთადერთი ვიცი თვალის ოპერაციის კალკულაცია. 1000 ლარია ოპერაცია და წინა საოპერაციო ხარჯები 900 ლარი დაჯდა. რეაბილიტაციას და მედიკამენტებს თვალის რამდენი დასჭირდება, არ ვიცი, რაც შეეხება მეორე და მესამე ოპერაციას, ამის კალკულაციები ჯერჯერობით არ მაქვს. ეს ივნისში იქნება. ამ დრომდე არავის გამოუძიებია ჩემი საქმე. ერთადერთხელ დამკითხეს და მორჩა. რატომღაც ასე მგონია, რომ მიგდებული ვყავართ და საერთოდ არ ადარდებთ ეს ამბავი, რომ ახალგაზრდა ბიჭს ასე გამინადგურეს ცხოვრება. ხელისუფლებას ვეტყოდი, უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინონ მითუმეტეს, როცა საქართველოს მოქალაქე ზიანდება. გამოდის რომ ამ მთავრობისგან ვარ დაზიანებული, იმიტომ, რომ მაგათი მხრიდან იყო სროლა და მათი ნასროლით მივიღე ასეთი მძიმე დაზიანებები, ამიტომ ხომ უნდა მიხედონ დაზარალებულ ხალხს. ელემენტარულად მკურნალობის ხარჯები მაინც ხომ უნდა დამიფარონ. უნდა გააკეთონ ხალხის და ქვეყნის საკეთილდღეოდ მაინც რამე, ცოტა ერთი ნაბიჯით მაინც წინ წაიწიონ.
- ახლა ალბათ ისევ ხალხის გვერდში დგომის იმედი გაქვთ, რომ ხალხის დახმარებით შეძლებთ საოპერაციო თანხების მოგროვებას...
- დიახ, ისევ ხალხის გვერდში დგომის იმედი მაქვს. ხალხი რომ არ ყოფილიყო, ნანუკას გვერდში დგომა რომ არ ყოფილიყო არ ვიცი რა იქნებოდა, ალბათ აქამდეც ვერ მოვიდოდი. მეხმარებოდნენ ბინის ქირის გადახდაში, პირადი ხარჯები იქნებოდა თუ მედიკამენტების ხარჯები. ყველანაირად გვერდში მედგნენ და დიდი მადლობა. რაღაცნაირად ვგრძნობ თავს, მაგრამ მთელი გული და სულით ჩემთან არიან და მეხმარებიან. მადლობის მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. როცა იმ აქციაზე მივდიოდი ვერც წარმოიდგენდი ამ საშინელებას, რაც შემდეგ დატრიალდა, საერთოდ არ ველოდი ამ ყველაფერს, იმიტომ, რომ ძალიან მშვიდად ვიყავი მეც და ისინიც, ვინც ჩემთან ერთად იდგა აქციაზე. ცივილურად ვაპროტესტებდი, მშვიდობიანად, არც ჩხუბი იყო, არც ყვირილი, ვიდექით ჩვენთვის, მე და ჩემი მეგობარი ბარიკადებთან, რობოკოპებიც საკმაოდ მოშორებით იდგნენ და დღემდე არ ვიცი მაინცდამაინც მე რატომ ამომირჩიეს და რატომ მესროლეს ეს გაზის კაფსულა და ასე რატომ გამისწორდნენ. მე გამარტყეს თავში, გაზის კაფსულა ჩემს მეგობარსაც მოხვდა ფეხზე, მასაც ძალიან დიდხანს სტკიოდა, ექიმთანაც იყო, მაგრამ მე ძალიან მძიმედ ვიყავი, სასიკვდილოდ ვიყავი განწირული და მართლა ღმერთმა გადამარჩინა, ნამდვილად ღმერთის დამსახურებაა, რომ ცოცხალი ვარ. ძალიან დიდხანს ვერ ვიაზრებდი ამ ყველაფერს, რომ მე მომივიდა ეს და ასეთი ამბავი დატრიალდა ჩემს თავს. აზრზე რომ მოვედი, ცოტა რომ მოვმჯობინდი მას მერე ყოველდღე სიუჟეტებს ვუყურებდი, ვიდეოებს ვნახულობდი და მაინც არ მჯეროდა ბოლომდე, რომ მე ასე გამწირეს და ეს მე ვიყავი. მას მერე ვარ ასე, 100 პროცენტით შეიცვალა ჩემი ცხოვრება, შემობრუნდა ცხოვრება უკან.
- მთავარია, ცოცხალი ხარ, გაიკეთებ ოპერაციას და დაუბრუნდები ჩვეულ რიტმს...
- ახლა ერთი სული მაქვს მოვიშორო ეს ოპერაციები. ჟერ მხედველობის, მერე ჩამიდგან ინპლანტი. ნახევარ შუბლზე არა მაქვს ძვალი და ეს უნდა ჩანაცვლდეს იმპლანტით. სკალპზეც
მქონდა ღია ჭრილობები, ბზარები, მაგის მერე ცხვირიდან სუნთქვაც მიჭირს, რადგან ძგიდეც გამიმრუდდ. თმებიც ისე გამცვივდა რომ აღარ ამომდის და ეგ ძალან მაღიზიანებს. პლასტიკური ოპერაციაც დამჭირდა, რადგან დიდია ჭრილობები და უამრავი ნაკერი მაქვს თავზე. იმის იმედიც მაქვს რომ ამ სამწვერა ნერვის ოპერაციას რომ გავიკეთებ ესეც შედეგს გამოიღებს. ვიზუალურადაც ძალიან მეტყობა ეს დაზიანებები და ამიტომ ქუჩაში როცა გავდივარ დავდივარ სათვალეებით და ქუდით, დღე და ღამე ასე დავდივარ, რადგან ძალიან დიდი კომპლექსები გამიჩნდა ამის შემდეგ. სხვათაშორის, ღამით როცა ასე ჩახმული კეპით და სათვალით დავდივაღ ხშირად ვხვდები ხოლმე პოლიციელების ხელში. მაჩერებენ ღამით სათვალით და ქუდით რომ მხედავენ, მაგრამ არც მიკვირს შეფუთული რომ დავდივარ რაღაც რომ იეჭვონ, ეგეც არ არის გამორიცხული.
- მერე რა რეაქცია აქვთ?
- რამდენიმეს ვუთხარი ესა და ესა ვარ ქციაზე დაზარალებული მეთქი. ძალიან ბევრმა მიცნო კიდეც და გამიშვეს ჩვეულებრივად, მაგრამ ყოფილა შემთხვევები როცა გამაჩერა ეკიპაჟმა და გამჩხრიკეს. ახლა ჩემთვის მთავარია, ეს ოპერაციები გავიკეთო და სრული რეაბილიტაცია შევძლო, რომ ცხოვრების რიტმს დავუბრუნდე.
ჩვენ აქვე ვუთითებთ ალექსი თირქიას პირადი ანგარიშის ნომრებს, რადგან ახალგაზრდას სრულად გამოსაჯანმრთელებლად საკმაოდ დიდი გზის გავლა მოუწევს. GE30თB7689145061100129- თიბისი ბანკიGE71BG0000000539542147- საქართველოს ბანკი
პ.ს. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალექსანდრე თირქიას ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრეს, ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ 22 წლის ახალგაზრდას ოპერაციის დაფინანსებაზე უარი კლინიკის მიერ არასწორად ატვირთული დოკუმენტაციის გამო ეთქვა. მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც კლინიკა დოკუმენტაციას სწორად ატვირთავს, ყველა საფუძველი არსებობს იმის თქმისთვის, რომ ეს პიროვნება დაფინანსებას მიიღებს:" ერთ-ერთი კლინიკის, თუ პერსონალის დაუდევრობის გამო არასწორი მიმართუელბით იქნა გამოგზავნილი ფორმა 100. გადასარევად იცის კლინიკამაც და მისმა თანამშრომელმაც, რომლებმაც არასწორი დოკუმანტაცია ატვირთეს ეს. წინა სხვა შემთხვევებში ყოველთვის დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება მიიღებოდა ჩვენი სამინისტროს მხრიდან, ასეც იქნება როგორც კი არა დაუდევრად, არამედ გულისხმიერად მოეკიდებიან კლინიკაში კონკრეტული პაციენტის საქმეს",- ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
კლინიკაშიც ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროში თავიდან გააგზავნეს 22 წლის ალექსის ოპერაციის კალკულაცია და იმედია ყვლა ოპერაციას, რომელიც ახალგაზრდას სჭირდება სახელმწიფო დაუფინანსებს და ალექსი შეძლებს ბოლომდე გამოჯანმრთელებას და სრულფასოვან ცხოვრებას.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)