აქვს თუ არა კონკრეტული გეგმა ოპოზიციას და ვის დაეხმარებიან ამერიკელები - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: "საოცარია, რატომ ვერ იგებენ მარტივ საკითხებ ოპოზი - კვირის პალიტრა

აქვს თუ არა კონკრეტული გეგმა ოპოზიციას და ვის დაეხმარებიან ამერიკელები - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: "საოცარია, რატომ ვერ იგებენ მარტივ საკითხებ ოპოზიციის ლიდერები"

"ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ოპოზიციურ სპექტრში გაურკვევლობა და დაპირისპირება გამოიწვია. როდესაც ხაბეიშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა დედაქალაქში გენერალურ ბრძოლებისთვის მოემზადებიან და „მარბიელებს ძალით შეაჩერებენ“, ჩნდება კითხვა: სად გადის ზღვარი პროტესტსა და ძალადობას შორის? რამდენად ლეგიტიმურია ამგვარი გზავნილები პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან და რა შედეგს გამოიღებს ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკური დინამიკისთვის? როგორ აფასებს ამ სტრატეგიას თავად ოპოზიცია და როგორ იყენებს ამ ყველაფერს მმართველი ძალა? ამ საკითხთან დაკავშირებით ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- საერთოდ ვერ ვხედავ, რომ ოპოზიცია რამისთვის ემზადებოდეს — არც ერთად და არც ცალ-ცალკე. ცალსახაა ისიც, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ლიდერის რადიკალური ნაბიჯი არავითარ სასიკეთო შედეგს არ მოიტანს. პირიქით, შესაძლებელია უკუშედეგიც გამოიწვიოს და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იმუშაოს. თუ ოპოზიცია და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი შეძლებენ და 26 მაისს ხალხმრავალ აქციას ჩაატარებენ, ეს სრულიად საკმარისი იქნება ამ ეტაპისთვის. შემდეგ რა იქნება, ამას მომავალი გვიჩვენებს. მგონია, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა სინქრონულად უნდა იმოქმედოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, განსაკუთრებით ამერიკელებთან ერთად. ვგულისხმობ „მეგობარი აქტის“ მიღებას. ოპოზიციამ უნდა იმუშაოს იმაზე, რომ დასავლური სანქციები უფრო მრავლისმომცველი და ეფექტური იყოს სახელისუფლებო ვერტიკალის დასაშლელად. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელიც ოპოზიციამ უნდა შეასრულოს. სხვა ქმედებებით, მით უმეტეს, რადიკალიზმით ხელისუფლებას მივცემთ საშუალებას, რომ რეპრესიების დაწყება გაამართლოს. ერთი მნიშვნელოვანი რამ მინდა ვთქვა: თუ ვინმე რადიკალურ ქმედებებში ხედავს გამოსავალს, რას ელოდება დანარჩენ ოპოზიციას? იმოქმედოს საკუთარი პარტიისა და ამომრჩევლის სახელით და მოსინჯოს, რა შეუძლია და რა არა. იქნებ მე ვცდები და მართლა არსებობს შესაძლებლობა, რომ ოპოზიციამ რადიკალური მოქმედებებით მიზანს მიაღწიოს. პირადად მე ასეთ რესურსს ვერ ვხედავ

- რამდენად იზიარებთ შენიშვნებს და უკმაყოფილებას, რომელსაც ზოგიერთ ოპოზიური ლიდერი, განსაკუთრებით „ნაციონალები“ სალომე ზურაბიშვილითან დაკავშირებით გამოხატავენ?

- წარმოდგენაც კი არ მაქვს, რას ითხოვენ სალომე ზურაბიშვილისგან, რა უნდათ მისგან, მან უნდა დაუწეროს მოქმედების გეგემა? ზურაბიშვილს არც სტრუქტურიზებული ორგანიზაცია აქვს და არც არავისთვის მიუცია ამის შექმნის პირობა.

- მის მიმართ პრეტენზია ძირითადად მაინც ოპოზიციურ ძალებს შორის რაიმე ტიპის ერთობის ან საერთო სამოქმედო გეგმის ვერ შექმნას უკავშირდება.

- რაც თავი მახსოვს, სულ ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი. კარგი იქნება, თუ ერთხელ და სამუდამოდ გაიმართება დისკუსია თემაზე - მოგვცემს თუ არა შედეგს ოპოზიციური პარტიების ერთობა.

საერთოდ, რა ერთობაზეა საუბარი? პირადად ჩემთვის არის ერთიანობა, რომელიც მისაღებია, არის ერთიანობა, რომელიც მიუღებელია. მაგალითად: თუ იმაზეა საუბარი, რომ 26 მაისს ყველა ოპოზიციური ძალა დაირაზმება და ცალ-ცალკე იმუშავებენ იმისთვის, რომ აქცია იყოს ხალხმრავალი, ეს კარგი იქნება, მაგრამ ერთ პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე საუბარი უკვე არასწორია. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ საზოგადოებაში ოპოზიციის მიმართ ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის. სულ არის საუბარი იმის შესახებ, რომ სულ სამი დიდი ჯგუფია: ერთნი, რომელთაც „ნაციონალები“ უნდათ, მეორე - რომლებსაც „ქართული ოცნება“ უნდათ და მესამე - რომელთაც არც „ნაციონალები“ უნდათ და არც „ქართული ოცნება“ . ეს რეალობა ხომ უნდა იქნას გათვალისწინებული? დაანონსონ „ნაციონალებმა“ კონკრეტულად მიშასთან დაკავშირებული აქცია და ნახავენ, ვინ მივა. საოცარია, რატომ ვერ იგებენ ძალიან მარტივ და ხელის გულზე დადებულ საკითხებს პოლიტიკური ლიდერები.

- პრემიერ კობახიძის მიერ პრეზიდენტ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისთვის მიწერილ ღია წერილში იკითხება, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგება. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ მოცემულობის გათვალისწინებას და სათავისოდ გამოყენებას შესძლებს ოპოზიცია?

- მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ ზედმეტი აქტივობისგან თავი უნდა შეიკავოს და პროცესს მიყვნენ. დიახ, კობახიძის ღია წერილმა გაამჟღავნა, რომ „ქართულმა ოცნებაში“ იციან, რომ ტრამპი „მეგობარი აქტს“ ხელს მოაწერს. ეს მოცემულობა თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა ვერ დაალაგა, მაგრამ ჩნდება კითხვა - ოპოზიციამ დაალაგა? მე მგონია, რომ ვერც ოპოზიციამ დაალაგა, ყოველ შემთვევაში ისე ვერ დაალაგა, რომ ამერიკელ პარტნიორებთან ერთად განიხილოს, თუ რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება გახდეს შესაძლებელი. დღეს ქვეყანაში ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება გაცილებით მეტია, ვიდრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მაგრამ მისი ერთად შეკვრა და მიმართულების მიცემაა საჭირო. ასევე, საინტერესოა, შეუძლია ოპოზიციას ამერიკელ პარტნიორობთან საუბარი იმის შესახებ თუ რა სუსტი წერტილები აქვს „ქართულ ოცნებას“, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება „მეგობარი აქტის“ მიღების შემდეგ? მე ამას ვერ ვხედავ. იყო მომენტი, როდესაც სალომე ზურაბიშვილი აქტიურობდა საგარეო ვექტორზე და ამან ძალიან კარგი შედეგებიც მოიტანა. ახლა მეჩვენება, რომ საგარეო ვექტორზე მიმდინარე აქტივობებიც შენელდა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ტიპის მოქმედებებია საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთისკენ მიმავალი რესლებიდან კვლავ დასავლეთისკენ გადავიყვანოთ. ე.ი. თუ ხელისუფლებას არ მიესვლება ჩვენს მთავარ დასავლელ პარტნიორთან, მაშინ ოპოზიციამ უნდა შეძლოს, თუ ისიც ვერ ახერხებს, მაშინ გამოდის რომ ძალიან ცუდ დღეში ვართ.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)