"შემოპარებული" ტრაგედია - ნარკოლოგების განგაში: "თუ მასში "ფენტანილია", სიკვდილი 100%-ით გარანტირებულია
როგორც ცნობილი ხდება, ამ დღეებში რამდენიმე ახალგაზრდა ნარკოტიკების ზედოზირებით დაიღუპა. მართალია, ამაზე გარდაცვლილთა ოჯახის წევრები საჯაროდ არაფერს ამბობენ, თუმცა საუბრობენ ნარკოლოგები - ზურაბ სიხარულიძე სოცქსელით ხშირად აწვდის ინფორმაციას ადამიანებს, თუ როგორ იმოქმედონ ზედოზირების დროს.
- ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზედოზირების რამდენიმე შემთხვევა იყო, რომელიც ლეტალურად დამთავრდა. საქართველოში, როგორც ყოველთვის, მალავენ, ვინმე ზედოზირებით რომ დაიღუპება. არადა, ქალაქი პატარაა და ყველამ ყველაფერი იცის. ფაქტია, კლინიკებში ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის რიცხვი მაღალია, ამიტომ ვეჭვობ, ეს "ფენტანილის" ზედოზირების შემთხვევები იყო. "ფენტანილი" ძალიან ძლიერი სინთეზური ოპიოიდია, რომელიც მცირე დოზითაც კი იწვევს სიკვდილს. როგორც ვიცი, ახლა ნარკოტიკების ახალი პარტიაა შემოსული, რომელიც, სავარაუდოდ, "ფენტანილს" შეიცავს.
- ამბობენ, კოკაინის სახელით შემოდისო.
- მეც მითხრეს, რომ ბოლო დღეებში ქალაქში იყიდება ძვირად ღირებული ნარკოტიკი კოკაინის სახელით. სწორედ მის გამოყენებას მოჰყვა რამდენიმე ზედოზირების შემთხვევა. რეალურად ის არ არის კოკაინი. სავარაუდოდ, "მეტადონის" კრისტალისა და "ფენტანილის" ნარევია, რომელიც უკიდურესად საშიშია.
საქართველოსთვის კოკაინი არ იყო დამახასიათებელი, ბოლო პერიოდში გაჩნდა. რუსეთში ის ძალიან პოპულარულია, განსაკუთრებით მოსკოვსა და დიდ ქალაქებში.
ჩვენთან შემოსული კოკაინი სინთეზურია თუ ნამდვილი, კაცმა არ იცის. ეს უნდა გვითხრან შსს-მ და ექსპერტიზის ბიურომ. როცა ექსპერტიზა ტარდება, კანონით ინფორმაცია დახურულია, მარტო ოჯახს აცნობენ შედეგს, ოჯახი კი, როგორც წესი, არ ასაჯაროებს. როგორც შარშან გომელაურმა თქვა, 40 შემთხვევა დაფიქსირდა ზედოზირებით გარდაცვალების. ეს იყო სენსაცია, რადგან არასოდეს თქმულა კონკრეტული ციფრი.
სხვათა შორის, ბოლო დროს აჭარაში ამოღებული ნარკოტიკი "კლეფედრონიც" არ არის დამახასიათებელი საქართველოსთვის. ის ბევრად ტოქსიკურია, ვიდრე "მეფედრონი" და "ალფა პვპ". "კლეფედრონი" ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ერთ-ერთი სახეობაა. ამ მასშტაბის ნარკოტიკები ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია.
- საიდან შემოდის?
- ეს ყველა ქვეყნის პრობლემაა. გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები და "დარქნეტი". მსოფლიომ არ იცის, რა ქნას. ეს არ არის საქართველოს უნიკალური პრობლემა, უბრალოდ, ჩვენი უნიკალურობა იმაშია, რომ ბევრი მომხმარებელი გვყავს. როცა მოთხოვნა ძალიან მაღალია, საქონელი შემოდის...
კლინიკებიდან ბევრი ექიმი მირეკავს, როცა არ იციან, რა ნივთიერებაა და რა გააკეთონ. ვინ იცის, რამდენი დაიღუპა იმიტომ, რომ შეეშინდათ თუნდაც "სასწრაფოში" დარეკვა. ეს სტიგმაა და ამიტომ დამალვა დამღუპველია. თუ დავმალეთ, უარესი და უარესი მოხდება.
ჩვენ კერძო კლინიკა ვართ. 30 წელია ამ საქმეს ვაკეთებ, ორი კლინიკა მაქვს და ასევე ვხელმძღვანელობ კერძო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებს. მკურნალობა ჩემს კლინიკებში ფასიანია, თუმცა ორივე კლინიკაში არის სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობაც. მომლოდინეთა რიგი უფასო მკურნალობაზე წლის ბოლომდეა. ვისაც ჰგონია, ნარკომანის მკურნალობა უფასო უნდა იყოს, ცდება. უფასო არაფერია, მკურნალობის ხარჯს იხდის სახელმწიფო, ეს ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამაა. სახელმწიფო პროგრამაშიც ვმონაწილეობდი, თუმცა მოგვიანებით თქვეს, კერძო დაწესებულება არ უნდა მონაწილეობდესო.
- რაც შეეხება კანონპროექტს, რაზეც საუბრობს სახელმწიფო, რას არ ეთანხმებით?
- კანონპროექტის ავტორს რომ მოვუსმინე, თურმე ნარკოლოგები ვართ ამ ქვეყნის დამაქცევლები, ჩვენ გვინდოდა ქვეყანაში ნარკოტიკი ბევრი ყოფილიყო - ასე გამოუვიდა იმ ბატონს, რომელმაც ტელევიზიით ისაუბრა... ერთადერთი, რაც შეიცვალა, სასჯელები გაიზარდა. რეალიზატორს 12 წლით ჩასვამ ციხეში თუ 17 წლით, ნარკოტიკი მაინც გაიყიდება, იმიტომ, რომ დიდია მოთხოვნა. რეალიზატორების საკითხზე პრეტენზია არა მაქვს, ყველა უვადო პატიმრობაში გაუშვან. ახლახან 20 კაცი ნარკოდანაშაულისთვის დაიჭირეს, აქედან ოთხი ნარკორეალიზატორია, დანარჩენი მომხმარებელი. ჩემთვის მომხმარებლებისთვის კანონის გამკაცრება მიუღებელია, იმიტომ, რომ შედეგის მომტანი არ არის. 30 წელია ამკაცრებ, ამკაცრებ და მაინც იზრდება მომხმარებელთა რაოდენობა. მაშინ ხომ უნდა შეცვალო რაღაც? გაამკაცრეს და პირიქით, უფრო დაბალი ხარისხისა და უფრო მძიმე კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკი შემოვიდა. უზარმაზარი ტვირთი დააწვა ჯანდაცვას, C ჰეპატიტის, პარკინსონით დაავადებული პირების სახით.
- როგორ უნდა შემცირდეს მიწოდება?
- მიწოდება არასოდეს შემცირდება, თუ მოთხოვნას არ შევამცირებთ. ჩვენ არ ვაღიარებთ პრობლემას, რომ გვყავს ამდენი მომხმარებელი. არ ვაღიარებთ, რომ გვყავს ამდენი c ჰეპატიტით დაავადებული. არ ვაღიარებთ, რომ გვყავს უამრავი აივ-ინფიცირებული ნარკოტიკის მომხმარებელი, არ ვაღიარებთ, რომ გვყავს სექსმუშაკები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, რომ გვყავს ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ მარიხუანას, არალეგალურად ყიდულობენ შავ ბაზარზე... არ ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების დიდი რაოდენობაა, რომ ზედოზირების ამდენი ფაქტია. არადა, ყველაფერი იწყება აღიარებით.
ამასთან, ზოგს მიაჩნია, რომ ერთხელ მოიხმარს და არაფერი მოუვა, არადა, ზუსტად ერთი მოხმარება იწვევს ხშირად ზედოზირებას, იმიტომ, რომ პირს ტოლერანტობა არა აქვს ამ ნარკოტიკის მიმართ, მით უმეტეს, თუ მასში "ფენტანილია", 100%-ით გარანტირებულია სიკვდილი.
ახლა სკოლის დამთავრების ბანკეტები იწყება, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მოიხმარს ნარკოტიკს და ეს დიდი რისკია. მაქსიმალურად უნდა მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რა შედეგი მოჰყვება ამას. ქვეყანაში ისედაც არასტაბილური ვითარებაა, ამხელა პროტესტია და ასეთ დროს ნარკოტიკიც შემოდის... ჩვენ ნარკოტიკების სახით რამდენიმეთავიანი გველეშაპი გვყავს, ერთ თავს რომ მოაცლი, მეორე და მესამე ამოდის. სამივე უნდა მოვაცალოთ, რომ დაბალანსდეს ვითარება... უნდა ვიზრუნოთ მომხმარებელზე, ის უნდა იყოს ან ჩანაცვლებაში, ან მკურნალობაში. სკრინინგი უნდა ჩავატაროთ, უნდა ვიცოდეთ რისკ-ჯგუფები ახალგაზრდებში. სერიოზული პრობლემაა საკუთარი თავის მიუღებლობა, კომპლექსები, ბულინგი, იდენტობა... უამრავი პრობლემაა, რომლებმაც შეიძლება ახალგაზრდა ნარკომანიასთან მიიყვანოს.
მოთხოვნის შემცირება უნდა მოხდეს სტრატეგიებისა და ინტერვენციების ერთობლიობით. ეს მოიცავს როგორც პირველადი, ასევე მეორადი და მესამე რიგის პრევენციას. პირველადი პრევენციაა სკოლასა და საზოგადოებაში საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები; სტრესთან გამკლავების უნარების განვითარება; რისკ-ფაქტორების შემცირება, მაგალითად, ოჯახური კონფლიქტების, ფსიქოლოგიური ტრავმების; საჭიროა სპორტული აქტივობები. მეორადი პრევენციაა ადრეული ჩარევა: სკრინინგი და ადრეული იდენტიფიკაცია სკოლებსა და ჯანდაცვის დაწესებულებებში; მოკლე ინტერვენციები, ოჯახების ჩართულობა; ახალგაზრდებისთვის სპეციფიკური სერვისების მიწოდება... მესამე რიგის პრევენციაა მკურნალობა და რეინტეგრაცია: ადიქციის მკურნალობა (მედიკამენტოზური და ფსიქოსოციალური); რეაბილიტაცია და ფსიქოთერაპია; სოციალური რეინტეგრაცია და პროფესიული გადამზადება; სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცირება; რეციდივის პრევენცია...
დასჯა და სამართლებრივი სანქციები არ მიეკუთვნება მოთხოვნის შემცირების სტრატეგიებს. თუ ადამიანი დაჯარიმდა მცირე რაოდენობის პირადი მოხმარებისთვის, ეს არ ნიშნავს, რომ მისმა სურვილმა ნივთიერების მიმართ იკლო. ის უბრალოდ დასაჯეს, რაც ხშირად იწვევს სერვისებზე წვდომის შიშს, ნდობის დაკარგვას სისტემის მიმართ მეტ სტიგმას. კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ზიანის შემცირება, რომელიც არ არის პირდაპირ მოთხოვნის შემცირების სტრატეგია, მაგრამ ნარკოპოლიტიკის კომპონენტია...
ეს მთელი სისტემაა, ეს არ არის ერთი და ორი ადამიანის გასაკეთებელი, სახელმწიფომ უნდა იმუშაოს, მასთან ერთად საზოგადოებამაც.