ილჰამ ალიევი: ბრძოლა ძალაუფლებისთვის და დღემდე ბურუსით მოსული ისტორია - რატომ დააპატიმრა მან ერთგული უშიშროების მინისტრი?! - კვირის პალიტრა

ილჰამ ალიევი: ბრძოლა ძალაუფლებისთვის და დღემდე ბურუსით მოსული ისტორია - რატომ დააპატიმრა მან ერთგული უშიშროების მინისტრი?!

ილჰამ ალიევის, როგორც პრაგმატული პოლიტიკოსის ჩამოყალიბება, ფაქტობრივად, ჩვენს თვალწინ მოხდა. ახალ პრეზიდენტს საკუთარი გუნდი ჯერ არ ჰყავდა: აზერბაიჯანის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ჰეიდარ ალიევის მიერ იყო დანიშნული, „ძველ კადრებს“ კი სჩვევიათ პოლიტიკურ ინტრიგებში გამოუცდელი მემკვიდრეების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა. ილჰამმა თანდათან ჩამოიცილა ჰეიდარ ალიევის ძველი თანამებრძოლები, რომლებიც ახალგაზრდა პრეზიდენტისთვის „რჩევის მიცემას“ ერთმანეთს ასწრებდნენ და თან მის „გაზრდა-აღზრდას“ იბრალებდნენ.

2004 წლის შემდეგ ილჰამ ალიევი მეთოდურად იმყარებდა პირად ძალაუფლებას, როგორც პოლიტიკურ ველზე, ასევე - დიდი ბიზნესის ლაბირინთებში. ერთ-ერთი პირველი ჰეიდარ ალიევის „მარჯვენა ხელი“, აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ნამიგ აბასოვი გაათავისუფლა თანამდებობიდან და 2004 წლის 23 ივლისს მის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ელდარ მაჰმუდოვი დანიშნა.

ე. მაჰმუდოვი 1956 წელს დაიბადა ბაქოში, ცნობილი აზერბაიჯანელი ეკონომისტის, აკადემიკოს აჰმედ მაჰმუდოვის (1923-1989) ოჯახში, რომელიც საკმაოდ ახლოს იცნობდა ჰეიდარ ალიევს. ელდარ მაჰმუდოვი 1980 წლიდან მუშაობდა აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა თანამდებობაზე. მისი კარიერული წინსვლა განსაკუთრებით 1993 წლიდან, ჰეიდარ ალიევის გაპრეზიდენტების შემდეგ გახდა შესამჩნევი. ელდარ მაჰმუდოვი ერთგულად ემსახურებოდა ჰეიდარ ალიევს და კარგად იცნობდა მის ვაჟს, მაშინ კაზინოების მოყვარულ და „ფულიფანტია“ ილჰამს. მინისტრად დანიშვნისთანავე ელდარ მაჰმუდოვს, პრეზიდენტის ბრძანებით, გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა, ხოლო 2014 წლის 27 მარტს ის უკვე გენერალ-პოლკოვნიკის სამხრეებით იწონებდა თავს.

eldar-1747380921.jpg

ელდარ მაჰმუდოვი მამა-შვილი ალიევების „გარემოცვაში“

სწორედ უშიშროების ახალი მინისტრი გახდა აზერბაიჯანის ახალგაზრდა პრეზიდენტის მთავარი დასაყრდენი. სანამ ელდარ მაჰმუდოვის მძიმე მომავალზე ვისაუბრებ, მინდა, მკითხველმა წარმოიდგინოს, თუ რა „მონსტრი“ იყო 2004 წელს აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტრო. ეს უწყება, ფაქტობრივად, საბჭოთა კა-გე-ბეს ფუნქციებს ინარჩუნებდა და მის სტრუქტურაში მოქმედებდნენ: საგარეო დაზვერვის; კონტრდაზვერვის; ეკონომიკური უშიშროებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის; ენერგეტიკული უსაფრთხოების; ტერორიზმთან ბრძოლის; ნარკოტიკებით ვაჭრობისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის; არალეგალური მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის; კიბერდანაშაულთან ბრძოლისა და იარაღით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული დანაყოფები. უნდა ვაღიაროთ, რომ ელდარ მაჰმუდოვს უდავოდ ჰქონდა ოპერატიული მუშაობის დიდი გამოცდილება: თქვენ რა, ეხუმრებით 1980 წლიდან საბჭოთა მილიციაში მიღებულ „მრავალმხრივ ცოდნას“? ის ოცი წელი მუშაობდას შსს-ს სისტემაში და რომ იტყვიან: „ქიციც იცოდა და ქიცმაცურიც“. სწორედ ასეთი ოპერატიული გამოცდილების უშიშროების მინისტრი სჭირდებოდა ილჰამ ალიევს, უკვე ასაკოვანი „გამზრდელ-აღმზრდელების“ ჩამოსაცილებლად, პოლიტიკური ოპონენტებისა და, ზოგადად, ოპოზიციის „გასანეიტრალებლად“, ალიევ-ფაშაევების (ილჰამის მეუღლის ქალიშვილობის

col-kmari-alievebi-1747380935.jpg

ცოლ-ქმარი ალიევები და რუსეთის „პრეზიდენტი“ დიმა მედვედევი. ბაქო, 2008 წლის 3 ივლისი.

გვარი) მრავალრიცხოვანი კლანის ბიზნესინტერესების დასაცავად და ა.შ.

უშიშროების ახალი მინისტრი მზად იყო, ნემსის ყუნწში გამძვრალიყო და „პატრონის“ ნება-სურვილი აღესრულებინა. მას, ალბათ, არ ჰქონდა წაკითხული ცნობილი ქართველი პოეტის, მორის ფოცხიშვილის გენიალური ლექსი - „ლაზიერის გამბიტი“, თუმცა ხვდებოდა, რომ: „ყველა პაიკი მეფისთვის იბრძვის, ყველა პაიკი მეფისთვის კვდება“.

ელდარ მაჰმუდოვიც აქტიურად შეუდგა პრეზიდენტის პირადი ძალაუფლების განმტკიცების სპეცოპერაციების დაგეგმვასა და შესრულებას.

2005 წლის 16 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, აზერბაიჯანელმა „ჩეკისტებმა“ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის აღკვეთის შესახებ განაცხადეს. სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით დააკავეს 12 ადამიანი: მათ შორის - ეკონომიკური განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, „აზერქიმიის“ სახელმწიფო კონცერნის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი პრეზიდენტი, კომპანია „აზპეტროლის“ პრეზიდენტი და სხვ. მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა: „ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ იყო, რადგან ეს ადამიანები მამაჩემის დროიდან, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდნენ მთავრობაში, საპასუხისმგებლო თანამდებობებზე... მაგრამ, როგორც ჩანს, გარკვეულწილად, უკვე გრძნობდნენ მათ უსარგებლობას, დაინახეს, რომ ისინი იყვნენ მუხრუჭი, ისინი იყვნენ აზერბაიჯანში კორუფციის სიმბოლოები და ეს ყველამ იცოდა“. თუმცა დაწყებული რეპრესიების რეალური მიზეზი ქართულ-უკრაინული „ფერადი რევოლუციების“ აზერბაიჯანში შეღწევის თავიდან აცილება და ხელისუფლების შენარჩუნება იყო. ეს ილჰამ ალიევმა, მისდაუნებურად, დაადასტურა კიდეც, როცა განაცხადა, რომ: რეგიონში რევოლუციურმა ჰაერმა, ალბათ, თავბრუ დაახვია აზერბაიჯანელ "პენსიონერ რევოლუციონერებსო“.

2004-2015 წლების პერიოდში, გენერალ ელდარ მაჰმუდოვის ხელმძღვანელობით, ათეულობით „საქმე“ გაიხსნა: სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები, პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობები, ტერორისტების განეიტრალება, უცხო ქვეყნების ჯაშუშების გამოვლენა და ა.შ. ამ „საქმეებიდან“ რამდენი იყო რეალური და რამდენი - „კაბინეტში დაწერილი“, მხოლოდ ღმერთმა იცის. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გარჯა დაუფასა ელდარ მაჰმუდოვს და 2014 წლის 27 მარტს გენერალ- პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიანიჭა. მოწმენდილ ცაზე 2015 წლის 17 ოქტომბერს იჭექა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ყველასთვის მოულოდნელად, თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ეროვნული უშიშროების მინისტრი ელდარ მაჰმუდოვი, რომელსაც მანამდე, ათი წლის მანძილზე, ალიევის სრული ნდობა ჰქონდა. მაჰმუდოვის გათავისუფლებას არაფერი მოასწავებდა. ამ ფაქტამდე 10 დღით ადრე ბაქოში, მისი ხელმძღვანელობით, ძალზე მიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა.

specsamsaxurebis-xelmzgvanelebi-1747380961.jpg

სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ერთმანეთს „გამოცდილებას უზიარებენ“

2015 წლის 7-9 ოქტომბერს ბაქოში გაიმართა თურქულენოვანი სახელწიფოების სპეცსამსახურების ხელმძღვანელების მე-18 კონფერენცია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები. დამკვირვებლის სტატუსით, შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ რუსეთის, უკრაინისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელები. საქართველოს მხარეს ჩვენი ქვეყნის მაშინდელი “პირველი მზვერავი” წარმოადგენდა. ოფიციალურ შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინის დელეგაციები რუს კოლეგებს აქეთ-იქიდან უმშვენებდნენ გვერდს.

საინტერესოა, რა თემაზე ისაუბრეს მაშინ საქართველოსა და უკრაინის დაზვერვის სამსახურების ხელმძღვანელებმა რუს „მეგობრებთან“, „აგვისტოს ომისა“ და ყირიმის ოკუპაცია-ანექსიის შემდეგ? იქნებ ერთმანეთის გადაბირებას ცდილობდნენ?

კონფერენციის ოფიციალური თემატიკა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლა და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაციების კოორდინირება იყო. ამასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების მინისტრმა ელდარ მაჰმუდოვმა რამდენჯერმე „მწარედ უკბინა“ სომხეთს და მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტა სპეცსამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების ერთ-ერთ მთავარ პირობად დაასახელა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ: თურქეთის სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჰაკან ფიდანი (ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი), ყაზახეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ჰაბიტ ბაიჯანოვი და ყირგიზეთის წარმომადგენელი.

კონფერენციის მონაწილენი 8 ოქტომბერს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიიღო,

(იხ. ვიდეო)

რაც ჩემი აზრით, ელდარ მაჰმუდოვისადმი ნდობის კიდევ ერთი დადასტურება იყო. ცხრა დღის შემდეგ კი აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროს მაღალჩინოსნები, მაჰმუდოვის “თამადობით”, ან დააპატიმრეს, ან სამსახურიდან დაითხოვეს. ამ ორ მოვლენას შუა კი იყო ძალზე საინტერესო შეხვედრა ყაზახეთში.

2015 წლის 15-16 ოქტომბერს ყაზახეთში გაიმართა დსთ-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა შეხვედრა, სადაც შედგა რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების საუბარიც. საუბარი შეეხებოდა პრობლემების ფართო სპექტრს: მთიანი ყარაბაღის პრობლემას, ენერგეტიკულ საკითხებსა და ტერორიზმთა ბრძოლის კოორდინაციას. ვფიქრობთ, რომ ამ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა ჩვეული სტილით „მოხიბლა“ აზერბაიჯანელი კოლეგა და მრავალი დაპირება მისცა. რუსეთისათვის მთავარი ის კი არ იყო და არის, რომ აზერბაიჯანი საუკეთესო მეგობრების რიგში იხილოს, არამედ - აშშ-სა და ევროპას ჩამოაცილოს. ამისთვის პუტინი აქტიურად იყენებს “მათრახისა და თაფლაკვერის” პოლიტიკას. არც ილჰამ ალიევს დაუშურებია მაშინ კომპლიმენტები პუტინის მიმართ.

ძნელი სათქმელია, უშუალოდ ამ შეხვედრას უკავშირდებოდა, თუ მხოლოდ დამთხვევა იყო: ყაზახეთიდან ბაქოში დაბრუნებისთანავე ალიევმა უშიშროების სამინისტროში „დიდი წმენდა“ ჩაატარა. მაჰმუდოვთან ერთად გაათავისუფლეს ან დააპატიმრეს უშიშროების სამინისტროს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული განყოფილებების 20-მდე ხელმძღვანელი პირი, მათ შორის: ანტიტერორისტული ცენტრის უფროსი, ოპერატიულ-ტექნიკური და კადრების დეპარტამენტების უფროსები, ტრანსპორტსა და ენერგეტიკულ ობიექტებზე უშიშროების მთავარი სამმართველოს უფროსი და სხვ. ამ გადაწყვეტილებების ოფიციალურ მიზეზად უშიშროების მაღალჩინოსანთა მიერ წლების მანძილზე უკანონო ფარული მოსმენები და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების „დატერორება“ („წილებში ჩაჯდომა“, ყოველთვიური გადასახადის „შეწერა“ და ბიზნესის წართმევა) დასახელდა.

აზერბაიჯანის ოფიციალური მასმედიის განცხადებით გენერალური პროკურატურის ანტიკორუფციულ სამსახურს ერთ წელზე მეტხანს ოპერატიულ დამუშავებაში ჰყავდა უშიშროების მაღალჩინოსნები და ამ საქმეზე მრავალი დოკუმენტური მტკიცებულება არსებულა. ძნელი დასაჯერებელია ამგვარი სისტემური დანაშაული წლების მანძილზე ხდებოდეს და ქვეყნის პირველმა პირმა, ილჰამ ალიევმა არ იცოდეს, შემდეგ კი, რადიკალური გადაწყვეტილება ერთ დღეში მიიღოს!

2015 წლის 14 დეკემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებულებით, ეროვნული უშიშროების სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა ორი ახალი სტრუქტურა: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური. რას უკავშირდებოდა მოულოდნელი და რადიკალური ცვლილებები აზერბაიჯანის მთავარ სპეცსამსახურში? ამ ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილებას თუ უკვე ბევრისმცოდნე უშიშროების მინისტრის თავიდან მოცილებას? გავიხსენოთ: „მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს“.

eldar-mahmudovi-1747380987.png

ელდარ მაჰმუდოვი პროკურატურიდან გამოსვლისას. 2017 წლის 15 დეკემბერი.

ელდარ მაჰმუდოვის დაკავებული ქვეშევრდომების უმეტესობა ორი–-სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. ელდარ მაჰმუდოვი კი, რომელიც თერთმეტი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა აზერბაიჯანის მთავარ სპეცსამსახურს და უდიდესი წვლილი შეიტანა ილჰამ ალიევის პირადი ძალაუფლების გაძლიერებაში, წლების მანძილზე პროკურატურაში დაჰყავდათ დაკითხვებზე. რამდენჯერმე აზერბაიჯანულ მასმედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია მაჰმუდოვის გარდაცვალების შესახებ. აზერბაიჯანის სახელისუფლებო (სხვა უკვე აღარ არსებობს) მასმედიას ელდარ მაჰმუდოვი მთავარ კორუფციონერად და, ლამის, სამშობლოს მოღალატედ გამოჰყავდა.

eldar-mahmudovi-2023-clis-30-sektemberi-1747381000.jpg

ელდარ მაჰმუდოვი, 2023 წლის 30 სექტემბერი.

ერთ-ერთი ვერსიით, „პატრონის“ მალულად მან ასეულ მილიონობით დოლარი ფარულად გადარიცხა უცხოეთის ბანკებში, რითაც შემდეგ მაჰმუდოვის შვილებმა უძრავი ქონება შეიძინეს ესპანეთსა და ინგლისში. რა შეცდომა დაუშვა უშიშროების მინისტრმა? რატომ დაიმსახურა პრეზიდენტ ალიევის რისხვა? ეს დღემდე უცნობია. გენერალმა კი შეიძლება თავი იმით დაიმშვიდოს, რომ: "ადრე თუ გვიან მეფეს და პაიკს ერთ ყუთში ყრიან“.