რატომ ვერ ჩამოანგრია რუსეთი სანქციებმა და გეგმავენ თუ არა ამ ქვეყანაში დაბრუნებას ამერიკული კომპანიები?!
ამერიკულ გაზეთ Christian Science Monitor-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „თუ აშშ ანტირუსულ სანქციებს გააუქმებს, დაბრუნდებიან თუ არა რუსეთში ამერიკული კომპანიები?“ (ავტორი - ფრედ უეირი).
გთავაზობთ ვრცელი ანალიტიკური პუბლიკაციის შემოკლებულ ვარიანტს:
უკრაინაში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა ჯერ კიდევ მოჩვენებითია, თუმცა თვით ომის შეწყვეტის შესაძლებლობამ, რომელიც ვაშინგტონისა და მოსკოვის ძალისხმევით გამოჩნდა, სტამბოლის სავარაუდო მოლაპარაკების სახით, რუსეთში ცხარე დებატები გამოიწვია: გააუქმებს თუ არა დასავლეთი ანტირუსულ სანქციებს და რამდენად აქვს აზრი მათ სრულ გაუქმებას რუსეთისათვის მიმდინარე ეტაპზე?
დასავლეთში ბევრი ვარაუდობს, რომ რუსეთს ძალიან ესაჭიროება უპრეცედენტო ეკონომიკური სანქციების მოხსნა-გაუქმება - ოფიციალური მონაცემებით, 2014 წლიდან (ყირიმის მიერთებიდან) და, განსაკუთრებით, 2022 წლიდან (უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის დროიდან) კრემლის წინააღმდეგ 28 ათასზე მეტი შემზღუდავი ზომა იქნა მიღებული.
მაგრამ დასავლურმა სამწლიანმა სანქციებმა, რომელიც რუსეთის სამხედრო პოტენციალის დარღვევისაკენ იყო მიმართული, მოსალოდნელი ეფექტი არ მოიტანა. ამის ნაცვლად მოხდა რუსეთის ეკონომიკის ტრანსფორმაცია: დასავლური საქონელი რუსული წარმოების პროდუქციამ ჩაანაცვლა, მიწოდების ჯაჭვი მეგობრული ქვეყნებისკენ გადამისამართდა, ხოლო კრიტიკულად მნიშვნელოვან დასავლურ პროდუქციას მოსკოვი იმპორტის რთული სქემების მოგებიანი გამოყენებით ძველებურად იღებს.
სახელმწიფო ხარჯების მასობრივად გაზრდამ სამრეწველო პრიორიტეტების ახალი ვექტორების შექმნა გამოიწვია. ჩამოყალიბდნენ ახალი ეკონომიკური ჯგუფები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან შეცვლილი ფინანსური დინებების შენარჩუნებით. ამას წინათ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინტერვიუში ისიც კი თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების დროს მოსკოვი არ მოითხოვს სანქციების სრულ მოხსნა-გაუქმებას - იმიტომ, რომ სამი წლის წინანდელი მდგომარეობის დაბრუნება სასურველი არ არის: რუსეთმა მეტ-ნაკლებად, დიდი ძალისხმევის გაწევით, უკვე მიაღწია ეკონომიკურ თვითკმარობას და დასავლეთისგან დამოუკიდებლობას. „ჩვენთან უკვე მიიჩნევენ, რომ სანქციების სრული გაუქმება რუსეთისათვის არასასურველია, რადგან დაარღვევს უკვე მიღწეულ პროგრესს სამხედრო, სასურსათო და ტექნოლოგიურ სფეროებში“, - განაცხადა მინისტრმა.
ბაზარი იცვლება
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ეკონომიკის ზოგიერთი სექტორი, განსაკუთრებით - მაღალტექნოლოგიური (ავიამშენებლობა, ენერგეტიკა), სანქციებისგან სერიოზულად დაზარალდა. იმავდროულად, სხვა დარგებისათვის, პირიქით, მოგებიანი აღმოჩნდა რუსეთიდან უცხოური კონკურენტი კომპანიების წასვლა, რომელთა რაოდენობა თითქმის 60%-ს აღწევს და რომლებიც 2022 წლამდე ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებდნენ.
სანქციების „ბენეფიციარებს“ შორისაა სოფლის მეურნეობა, მსუბუქი მრეწველობა და მომსახურების სფერო ("ფასთფუდის" ჩათვლით). ამ დარგებმა უკვე გაიჩინეს ძლიერი ლობისტური ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ, ხელი შეუშალონ რუსეთში დასავლური კომპანიების უკან დაბრუნებას.
„ახლადშექმნილ რუსულ საწარმოებს, უეჭველია, არ ესიამოვნებათ მათი დასავლელი კონკურენტების დაბრუნება“, - ამბობს ოლეგ ბუკლმიშევი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომისტი, - "რუსეთში უკვე არიან სერიოზული პოლიტიკური წონის მქონე ბიზნესასოციაციები, რომლებიც შეეცდებიან ხისტი შემზღუდავი წესების შემოღებას იმ უცხოური კომპანიების მიმართ, რომლებიც რუსეთში დაბრუნებას გადაწყვეტენ. ბაზარი იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლური კომპანიების მასობრივად დაბრუნება ჯერ არ ხდება, ისინი ამით დაინტერესებულები არიან. რუსეთი მათთვის მოგებიან ბაზრად ითვლება“.
ამასთან, დასავლელი საკვანძო მოთამაშეები, როგორებიც ევროპული და იაპონური ავტომწარმოებლები არიან, აღმოაჩენენ, რომ მათი ადგილი უკვე დაკავებულია - უპირველესად, ჩინური კომპანიების მიერ. სხვა სექტორებში, განსაკუთრებით კი - მომსახურებაში, რუსული კომპანიები დომინირებენ - მათ მოახერხეს, კაპიკის ფასად შეეძინათ ომის დაწყების დროიდან წასული უცხოური კომპანიების აქტივები და დაუბრკოლებლად დაიკავეს მათი ნიშა.
როგორც რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი - ალექსეი ვედევი აღნიშნავს, დასავლური ფირმების დაბრუნება ინდივიდუალური წესით იქნება განხილული: „კრიტერიუმები გახდება ის, თუ რამდენად საჭირონი არიან ისინი რუსეთის ეკონომიკისთვის. მაგალითად, დაბრუნების კარგი შანსები აქვს „ბოინგს“, რომლის მაკომპლექტებელი დეტალები ტექნოლოგიური რუსული ავიასექტორისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იმავენაირი დამოკიდებულება იქნება სხვა მსხვილი დასავლური კომპანიების მიმართ... მაგრამ რიგ სექტორებში უპირატესობა რუსულ კომპანიებს მიენიჭებათ“.
მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება ის მომენტი, თუ როგორ და რა ვითარებაში წავიდნენ დასავლური კომპანიები რუსეთიდან: „მათთვის, რომლებმაც რუსეთის ბაზარი ჩუმად, ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე დატოვეს, ტექნიკური და იურიდიული მიზეზების გამო, ალბათ, დაბრუნების საკითხში რაიმე დაბრკოლება არ იქნება“, - აღნიშნავს ივან ტიმოფეევი, რუსეთის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელი, - „ხოლო მათ, ვინც ხმამაღალ ანტირუსულ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა, დაბრუნების ნაკლები შანსები ექნებათ“.
სჭირდებათ რუსებს სანქციების გაუქმება?
აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბაზრიდან წასვლის წინ დადებულ შეთანხმებებში რიგმა დასავლურმა კომპანიებმა შეიტანეს დებულება, რომელიც, გეოპოლიტიკური სიტუაციის შეცვლის შემთხვევაში, რუსეთში გაყიდული აქტივების უკან გამოსყიდვას ითვალისწინებს. ასე, მაგალითად, 25 უცხოურ კომპანიას - McDonald’s-ის, Mercedes-ისა და IKEA-ს ჩათვლით, აქვთ სასაქონლო ნიშნებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაბრუნების უფლება.
თუმცა ექსპერტები სკეპტიკურად უდგებიან სანქციების შესამჩნევი შესუსტების შესაძლებლობას, თუნდაც უკრაინის ომის დასრულდეს. ივან ტიმოფეევის აზრით, ოპტიმიზმი ამ საკითხში დიდი არ არის: „როგორც ისტორია გვაჩვენებს, სანქციების დაწესება სწრაფად ხდება, მაგრამ მათ გაუქმებას შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. უფრო მეტიც - ყოველ მომდევნო ამერიკულ ადმინისტრაციას უფლება ექნება, გააუქმოს წინა ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სანქციის შერბილების თაობაზე. „შეიძლება რაღაც საკითხები დადებითად გადაწყდეს, მაგალითად, დიპლომატიური ურთიერთობების ნორმალიზება, ავიამიმოსვლის აღდგენა, ცალკეული ფიგურანტების ამოშლა სანქცირებულ პირთა სიიდან, მაგრამ მთლიანობაში რუსეთს კიდევ დიდხანს მოუწევს შეზღუდვების პირობებში ცხოვრება“, - ასკვნის ივან ტიმოფეევი.
რაც შეეხება რუს მომხმარებელს, მათი დამოკიდებულება სანქციებისადმი ასევე ერთმნიშვნელოვანი არ არის. გამოკითხვებით საინტერესო სურათი იკვეთება: რუსეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დასავლური სანქციების ნეგატიურ გავლენას საკუთარ თავზე ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გრძნობს. მხოლოდ რესპოდენტთა 12%-მა აღიარა, რომ შეზღუდვები მას სერიოზულად შეეხო, მაგრამ 57%-მა აღნიშნა, რომ ცვლილება მას არ უგრძნია. გამოკითხულთა მხოლოდ 5%-ს სჯერა, რომ სანქციების რეჟიმი ორ-სამ წელიწადში შერბილდება. ამავე დროს, 53% თვლის, რომ სანქციების გაუქმება რუსეთის ეკონომიკის განვითარებას ხელს შეუწყობს.
რიგი რუსი ბიზნესმენები ღიად აღიარებენ, რომ დასავლური გამოცდილების გაზიარება რუსეთისათვის აუცილებელია და ისინი არანორმალურად მიიჩნევენ რუსულ ბაზარზე დასავლური კომპანიების არარსებობას. მაგალითად, ტანსაცმლის დიზაინერი ქსენია კნიაზევა თვლის, რომ მისი ბიზნესი მნიშვნელოვნად გაფართოვდა უცხოელი კონკურენტების წასვლის შემდეგ, მაგრამ მაინც მოხარული იქნება, თუ ისინი დაბრუნდებიან. „როცა რუსული ბაზარი ისეთმა ბრენდებმა დატოვეს, როგორებიც არიან H&M ან Zara, ეს ფაქტი დაუყონებლივ აისახა სავაჭრო ცენტრების კლიენტების რაოდენობაზე. დიახ, ახლა ბევრი სამამულო წარმოების პროდუქციით კმაყოფილდება, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლური ბრენდები მოსახლეობას იზიდავდნენ. შესაბამისად, მაღაზიები მათ დაბრუნებას ელოდებიან. კონკურენცია კარგია, ის ბაზრის აქტიურობას ხელს უწყობს. დარწმუნებული ვარ, რომ მათთვის, ვინც უკან დაბრუნდება, ჩვენს ბაზარზე ადგილი მოიძებნება“.
მოამზადა სიმონ კილაძემ