წინასწარ განწირული მოლაპარაკება და რუსეთის ახალი დიდი შეტევის მოლოდინში - "წყლის ნაყვა" სტამბოლში?!
16 მაისს, შუადღისას, ამ სტატიის დაწერის დროს, თურქეთის სტამბოლში იწყება რუსულ-უკრაინული მოლაპარაკებები, რომელშიც ამერიკული და თურქული მხარეებიც იღებენ მონაწილეობას. თუმცა მოლაპარაკებების შედეგებისთვის დაცდა არც კი ღირს, რადგან ეს მხოლოდ თავიდანვე უშედეგობაზე გათვლილ სჯა-ბაასად თუ ჩაივლის...
ეს კი იმ კონკრეტულმა ფაქტმა გამოიწვია, რომ პრეზიდენტმა პუტინმა სტამბოლში გასაგზავნი რუსული დელეგაცია მეორეხარისხოვანი ჩინონიკებით - მინისტრების მოადგილეებით დააკომპლექტა და თანაც სათავეში თავისი ერთ-ერთი თანაშემწე ჩაუყენა, არადა მსოფლიოში ბევრი თავად პუტინის ჩასვლას ელოდა ამ მოლაპარაკებებზე...
როგორც წინა სტატიაში, ორიოდე დღის წინ ვწერდით, პუტინი სტამბოლში არ ჩავიდოდა, მით უმეტეს - ზელენსკის დაძახილზე. უფრო კი იმიტომ, რომ კრემლს არათუ ამ ომის დროებით შეჩერება სურს, არამედ - მთელი ძალებით ემზადება საზაფხული ფართომასშტაბიანი შეტევების დასაწყებად უკრაინის ფრონტზე.
უბრალოდ, გასაკვირია აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის რეაქცია პუტინის ჩაუსვლელობაზე სტამბოლში - ტრამპი მანამდე აცხადებდა, რომ თუკი პუტინი ჩავიდოდა თურქეთში, მაშინ ისიც გამონახავდა დროს და ახლო აღმოსავლეთში ოფიციალური ვიზიტის პერიოდში თავადაც ესტუმრებოდა სტამბოლს...
მას შემდეგ კი, რაც ცნობილი გახდა პუტინის მხრიდან სტამბოლის მოლაპარაკებების იგნორირება, ტრამპმა საოცარი კომენტარი გააკეთა - მე რომ არ ჩავედი სტამბოლში, პუტინიც იმიტომ არ ჩავიდაო...
არაპგროგნოზირებადი ტრამპის მხრიდან ყველაფრის უკუღმა გადატრიალებას მსოფლიო უკვე მიეჩვია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, რას მოუტანს ეს ყველაფერი ამავე მსოფლიოს და, პირველ რიგში, იმ ამერიკელებს, ვინც ტრამპის მეორედ გაპრეზიდენტებას მისცეს ხმა, მალე გამოჩნდება...
ტრამპი ხაზს უსვამს, რომ რუსეთ-უკრაინის ბედი მხოლოდ მისი და პუტინის პირადი შეხვედრისას თუ გადაწყდება, რითაც აკნინებს ევროპის როლს, რომ აღარაფერი ვთქვათ თავად უკრაინულ მხარეზე. თუმცა ტრამპის ეს განცხადება უფრო შეესაბამება რეალობას, მაგრამ არც იმ დონეზე, როგორც ამას თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში თვლიან...
კრემლის უხუცესმა ბინადარმა უკვე შეამზადა რუსეთის მრავალმილიონიანი მოსახლეობა, რომ ომი უკრაინის ბოლომდე დაპყრობამდე გაგრძელდება, რასაც მოჰყვება რუსეთზე დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების გაძლიერება, მაგრამ ყველა თვენგანმა უნდა გაუძლოთ, მომავალი „დიადი რუსეთის“ შექმნის იდეისთვის ბრძოლასო...
სტამბოლის მოლაპარაკებების უშედეგოდ დამთავრების შემდეგ ევროკავშირი ეტყობა, გაამკაცრებს სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, თუმცა დაემატება მათ ამერიკული სანქციებიც თუ არა, ძნელი სათქმელია, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი დიდი ხანია იმუქრება, რომ იმ მხარეს, ვინც ამ საშინელი ომის შეჩერების წინააღმდეგი წავა, ის სერიოზულად დასჯის...
ის, რომ სწორედ რუსეთი უწევს ტორპედირებას ომში დაზავებას, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ამის დანახვა თეთრ სახლშიც არ უნდა გაუჭირდეთ, მაგრამ ამის აღიარებას აგვიანებენ.
უფრო მეტიც, პრეზიდენტი ტრამპი მორიგი საოცარი ინიციატივით გამოდის - მოდი, აღვადგინოთ რუსეთ-ნატოს საბჭოო...
რუსეთ-ნატოს საბჭო 2002 წელს შეიქმნა და ოცი წელი ფუნქციონირებდა (ამ სტატიის ავტორი თავად შეჩეხებია ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინის ფოიეში მობოდიალე რუს გენერლებსა და პოლკოვნიკებს). მისი ბოლო სხდომა 2022 წლის იანვარში, რუსეთის უკრაინაზე ღიად თავდასხმამდე რამდენიმე კვირით ადრე შედგა.
ძალზე უცნაურია ტრამპის ეს ინიციტივა იმის ფონზე, როდესაც ნატოს მორიგ სამიტზე, რომელიც 24-25 ივნისს ჰააგაში უნდა გაიმართოს, უკრაინის პრეზიდენტს სტუმრის სტატუსითაც კი არ იწვევენ, სწორედ ამერიკული მხარის დაჟინებული მოთხოვნის გამო...
სტამბოლში მოლაპარაკებების დაწყებამდე, 15-16 მაისის ღამეს კი რუსეთმა და უკრაინამ გააგრძელეს ერთმანეთზე საჰაერო შეტევები - რუსეთმა 112 კამიკაძე-დრონი გამოიყენა, ვალში არც უკრაინელები დაჩნენ და ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მასობრივი საჰაერო დარტყმები განახორციელეს, რასაც პერევალნოეში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 126-ე ცალკეული სანაპირო დაცვის ბრიგადის საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება მოჰყვა...