"ბავშვობის მეგობრებიდან მხოლოდ ერთი გადაურჩა სასწაულებრივად სიკვდილს" - ვინ არის ბიჭი, რომელიც წყლიდან ცოცხალი ამოიყვანეს
"მინის ჩამსხვრევა მხოლოდ ერთმა მოახერხა, მაგრამ მეგობრებს არ ტოვებდა, რომლებიც სალონში ჩაჭედილები იყვნენ, ხმამაღლა ყვიროდა და მაშველს უხმობდა. ბოლო მომენტში, როცა სალონი წყლით ივსებოდა, ორმა ჩარჩენილმა მეგობარმა უტამ და გიორგიმ ძალით გააგდო სალონიდან სიტყვებით: "ჩვენ თუ ვერა, შენ მაინც გადარჩი!" და მას წყლის ზედაპირისკენ უბიძგეს" - წერს ემოციურ სტატუსს ავარიის დროს გარდაცვლილი ბიჭების ერთ-ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში.
მართლა სასწაულად გადაურჩა იმ საბედისწერო დღეს, 14 მაისს მომხდარი ავარიის შემდეგ სიკვდილს გიორგი თოლორაია, რომელიც მეგობრებთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ "ფორდ- ფუჟენის" მარკის ავტომობილს, რომელშიც 4 ახალგაზრდა იჯდა, ავტომობილი დაეჯახა და ამ უმძიმესი ავარიის შედეგად მტკვარში გადავარდა. მაშველებმა ერთი ახალგაზრდის, გიორგი თოლორაიას გადარჩენა შეძლეს, როგორც ითქვა, მანქანიდან გამოსვლა 23 წლის გიორგი შამუგიამაც მოახერხა. თურმე გიორგი თოლორაია იხსენებს რომ დაინახა, როგორ მოცურავდა ნაპირისკენ მისი მეგობარი, მაგრამ ამ დროს წყალში გადავარდნილმა მანქანამ გადაუარა და მერე არაფერი ვიციო. გიორგი შამუგიას ცხედარს ამ დრომდე ეძებენ.
საზოგადოებამ იცის, რომ საჭირო გახდა მტკვარში წყლის დონის დაწევა და ამ დროს მიაგნეს მაშველებმა იმ ავტომობილს, რომელშიც ბიჭები ისხდნენ და ორი ახალგაზრდის ცხედარი მანქანაში ნახეს.
ნაპოვნია ორი შვილის მამა, უტა ელიავა და ცხედარი მშობლიურ სახლში, ზუგდიდში გადაასვენეს. მანქანაში მათთან ერთად იმყოფებოდა 19 წლის დავით ოსეტროვი, რომელიც მოსკოვიდან სტუმრად იყო ჩამოსული და მისი ცხედარიც ნაპოვნია. ახლა მხოლოდ გიორგი შამუგიას ძებნა გრძელდება.
"თქვენს სუფთა და უბოროტო სულს შემოვევლე. ახლაა ჩამაკოცნინა თქვენი თავი. სადაც ხარ, როგორც ხარ, მაგრად იყავი, აქ ვარ მეც შენთან ჯიმა აწ და მარადის", - დაწერა სოციალურ ქსელში სიკვდილს სასწაულად გადარჩენილმა გიორგი თოლორაიამ და გიორგი შამუგიასთან გადაღებულ ფოტოს აზიარებს.