"კრიტიკულ მომენტში, მისი სახე რომ დამინახავს, სურვილი გამჩენია, ჩავხუტებოდი და პირველად ძალიან გაუკვირდა - შეგეცოდეო? კი არ შემეცოდეთ, მიყვარხართ-მეთქი და ორივეს ცრემლები წამოგვივიდა" - კვირის პალიტრა

"კრიტიკულ მომენტში, მისი სახე რომ დამინახავს, სურვილი გამჩენია, ჩავხუტებოდი და პირველად ძალიან გაუკვირდა - შეგეცოდეო? კი არ შემეცოდეთ, მიყვარხართ-მეთქი და ორივეს ცრემლები წამოგვივიდა"

ამა თუ იმ თაობაში, ყოველთვის იყვნენ პიროვნებები, რომლებიც გამოირჩეოდნენ თავიანთი ერუდიციით, ნიჭიერებით, უნარით, ყოფილიყვნენ პროგრესულები და ყველა წამოწყების სულისჩამდგმელები, ხალისიანები, იუმორის მქონენი, კოლორიტულები... ერთ-ერთი მათგანი ლადო კალანდაძე, იგივე „ბენდექსა“ გახლდათ. ზედმეტი სახელი მეგობარმა შეარქვა სტუდენტობისას, არაფერს უკავშირდება, უბრალოდ, ჟღერადობა მოსწონდა ორივეს. ის იყო მეგობრების სული და გული - მათი გვერდში მდგომი, კეთილშობილი, ლიდერი ყველა კამპანიაში...2025 წელს, მაისში, 70 წელი შეუსრულდებოდა. ლადოზე და ოჯახზე სასაუბროდ, მის მეუღლეს, ირინა შენგელიას ვესტუმრე.

გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან:

- გაცნობის ამბიდან დავიწყოთ...

- ლადოს შევხვდი ჩემი უახლოესი მეგობრის და ნათესავის - ნატო დონაძის აგარაკზე, მცხეთაში. იმ ზაფხულს, გოგოები დაგვპატიჟა ნატომ რამდენიმე დღით. იქ ყოველთვის ბევრი სტუმარი იყრიდა თავს და ერთ დღესაც, ნატოს მეგობარი ბიჭები მოვიდნენ - ლევან ბზვანელი, ირაკლი ჭირაქაძე, ლადო კალანდაძე... ერთად კარგი დრო გავატარეთ.

საღამოს შესამჩნევი გახდა, რომ ლადო არ არის გულგრილი ჩემს მიმართ, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ კიბიდან ჩამოვდივარ, მიყურებს და მეუბნება: მე შენ დაგარქვი - „მზისა“. ბიჭებმა გადაწყვიტეს ღამე დარჩენა და ნატოს ბაბუის მარანში მოკალათდნენ.

ლადომ მითხრა: იქნებ მე და შენ ცოტახანს ვისაუბროთო. ჩვენ დილამდე ვისხედით აივანზე, რომელიც ემიჯნებოდა გოგოების საძინებელს. ლადო მიყვებოდა ოჯახზე, ძმისშვილებზე, როგორ უყურებს ცხოვრებას და ა.შ.

გათენდა... მამაჩემმა ჩამომაკითხა (თბილისში უნდა წავსულიყავი) და ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა: იმ დილას ირინა პრაქტიკულად, „ლადოს ყბიდან“ წავიდაო იმიტომ, რომ ლადო არ გაჩერებულა, მხოლოდ ის საუბრობდა მთელი ღამე.

უკვე რომ დავქორწინდით, სულ მეუბნებოდა, იმ ღამეს როგორ გამიძელიო? და იხსენებდა ჩვენს საუბრებს სახლის ტელეფონზე შეყვარებულობის პერიოდში. მე არ მახსოვს და რამდენჯერმე, როგორც ჩანს, ჩამეძინა, როცა ის ლაპარაკობდა. ამ ამბავს აშარჟებდა და ასე ყვებოდა: მე სიყვარულს ვუხსნი და უცებ, იქიდან „ხვრინვის“ ხმა მესმისო. მცხეთაში შეხვედრის მერე დამირეკა, შენი ნახვა მინდაო...

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ბმულზე - "როცა დავქორწინდით, ლადო 35 წლის იყო, მე - 22-ის. მეგობრის აგარაკზე გავიცანით ერთმანეთი და მოვეწონე. საოცრად რომანტიკული იყო... სიხარულს მანიჭებდა მისი მოტანილი იის კონა, ანდა, ეზოში მოწყვეტილი ერთი ყვავილი"

- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდით და სალომე ზურაბიშვილზე, როგორც პიროვნებაზე, რას იტყვით?

- ქალბატონი სალომეს მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ ყველანაირ სიტუაციაში მინახავს, კიდევ სხვა სინაზეები მაქვს და შემიძლია ვთქვა, რომ ის არის წარმოუდგენელი ენერგიის მქონე და მიზნის მიღწევის ჟინით ანთებული ადამიანი. თავისი ქვეყნის უდიდესი სიყვარული აქვს და ვერავინ გადამარწმუნებს იმაში, რომ არაა გულწრფელი. არის პრინციპული, ხისტიც და ამავე დროს, ძალიან რბილი, მოსიყვარულე და ერთგული მეგობარი. ყოველთვის თავის თავზე იღებს უდიდეს პასუხისმგებლობას და ყველა ემოცია მის ლურჯ, ლამაზ თვალებში იკითხება. ხანდახან, ძალიან კრიტიკულ მომენტში, მისი სახე რომ დამინახავს, სურვილი გამჩენია, რომ ჩავხუტებოდი და ჩავხუტებივარ კიდეც. პირველად ძალიან გაუკვირდა, ასე რომ მოვიქეცი და შეგეცოდეო? მითხრა. -კი არ შემეცოდეთ, მიყვარხართ-მეთქი და ორივეს ცრემლები წამოგვივიდა. მეგობრად მიმაჩნია და მინდა, რომ ჩემ მხარდაჭერას გრძნობდეს.

ნანული ზოტიკიშვილი