რონალდინიო "დინამო არენაზე" - რა ვიდეოს ავრცელებს ლეგენდარული ფეხბურთელი?
"დინამო არენაზე" "ბარსელონას" ლეგენდებისა და GEO11-ის მატჩი ჩატარდა, რომელიც სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 3:1.
თამაშის ამსახველი კადრები ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რონალდინიომ საკუთარ "ინსტაგრამზე" ატვირთა.
მე-2 წუთზე იაშვილმა და არველაძემ ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს, შოთამ კი კარში დარტყმა ვერ მოახერხა. მალევე, რონალდინიოს მახვილგონივრული პასით სავიოლა მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, ლომაიამ ბურთზე დროულად ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ორი კუთხური მოაწოდა, ბურთს აკონტროლებდა და იაშვილმა კარისკენაც გაისროლა. მეათე წუთზე ნავალოვსკიმ მინდვრის ცენტრში რონალდინიოსთან იუხეშა და ყვითელი ბარათი მიიღო. მალევე, რონალდინიომ ედმილსონს უალმაზესი პასი გაუკეთა, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა. რონალდინიოს ეფექტურ თამაშს გულშემატკივრების ოვაციები მოჰყვა. მე-16 წუთზე მეკარე ანგოიმ სანდრო კობახიძის დარტყმული კუთხურზე მოიგერია. ჯამარაულის ნაცვლად შეცვლაზე შესული გოგუა აქტიურობდა. ჯერ შეტევაში ჩაერთო, შემდეგ კი რონალდინიოს ორთაბრძოლაში ბურთი აართვა. რონალდინიოს მორიგი კარგი პასის მცდელობა ამჯერად კალაძემ ჩაჭრა. 25-ე წუთზე GEO11-მა გაიტანა - იაშვილის ეფექტური და ზუსტი პასის შემდეგ ნავალოვსკიმ ანგარიში გახსნა. 30-ე წუთზე ლომაიამ დეჰუს ურთულესი დარტყმა მოიგერია. 34-ე წუთზე სავიოლამ ანგარიში გაათანაბრა 1:1. 58-ე წუთზე რონალდინიოს შორეული პასი სორიანომ გოლად აქცია - 1:2. გაფრთხილება ედგარ დავიდსმაც მიიღო. მალე ნიდერლანდელის დარტყმა როინ კვასხვაძემ დააფიქსირა. 69-ე წუთზე რონალდინიომ კარგი კომბინაცია წამოიწყო, შეტევა სორიანომ გააგრძელა, კარში მინდორზე დაბრუნებულმა სავიოლამ დაარტყა, კვასხვაძემ კი რთული ბურთი მოიგერია. სავიოლამ 72-ზე მაინც გაიტანა - 1:3. რონალდინიო პუბლიკაზე თამაშს აგრძელებდა და ტრიბუნებსაც იყოლიებდა. 78-ე წუთზე შეტევაში კალაძე ჩაერთო, საპასუხო შეტევაში კი რონალდინიომ ლამაზად ითამაშა და მოედანიც ოვაციებით დატოვა.