შენიანი ვარ, არ მესროლო... რატომ კარგავს უკრაინა ამერიკულ F-16-ებს? - კვირის პალიტრა

შენიანი ვარ, არ მესროლო... რატომ კარგავს უკრაინა ამერიკულ F-16-ებს?

ორიოდე დღის წინ უკრაინის საჰაერო ძალებმა აღიარეს, რომ საბრძოლო სიტუაციაში დაზიანება მიიღო F-16-ი ტიპის თვითმფრინავმა, რომელიც ჩამოვარდა, თუმცა მფრინავმა მოასწრო კატაპულტირება და გადარჩაო...

ეს ერთგვარი შვებაა იმის ფონზე, რომ წინა ორი კატასტროფაგანცდილი უკრაინული F-16-ების მფრინავები დაიღუპნენ.

ევროპის რიგი ქვეყნების მიერ ნაჩუქარი ამერიკული F-16-ები უკრაინის ცაში პირველად 2024 წლის აგვისტოში გამოჩნდნენ, მაგრამ პირველივე F-16-ი უკრაინამ მალევე, 29 აგვისტოს დაკარგა, რაც დიდი ალბათობით „მეგობრული ცეცხლით“-ისევ უკრაინელი მეზენიტეების მიერ გაშვებული „პეტრიოტის“ რაკეტის აფეთქების შედეგად მოხდა.

2025 წლის 12 აპრილს უკრაინამ მეორე F-16-ი დაკარგა საბრძოლო ამოცანის შესრულებისას, რაც შეიძლება გამოწვეული იყო უკვე რუსული შორსმფრენი „ჰაერი-ჰაერის“ კლასის მართვადი რაკეტის ან С-400 საზენიტო-სარაკეტო სისტემის მოქმედების შედეგად.

ბოლო შემთხვევას, როდესაც 16 მაისს მესამე F-16-ი ჩამოუვარდათ უკრაინელებს, ასევე ოფიციალურად არ სახელდება ავიაკატასტროფის მიზეზი, რაც შეიძლება ან ისევ „მეგობრული ცეცხლი“ იყოს ან კიდევ იმ რუსული კამიკაძე-დრონის „გერანის“ საბრძოლო ქობინის დეტონაციის შედეგი, რომელ დრონსაც ახლოს მიუახლოვდა და F-16-ის ავტომატური ქვემეხიდან ცეცხლი გაუხსნა უკრაინელმა სამხედრო მფრინავმა.

ძალზე ინტენსიური საჰაერო შეტევების მოგერიების რეჟიმში, გასული წლის აგვისტოდან ათი თვის განმავლობაში გამოყენებული ორ ათეულამდე უკრაინული F-16-დან სამის დაკარგვა არ არის კატასტროფა, თუმცა დამაფიქრებელი ფაქტია, თუკი საქმე ორი ინციდენტის შემთხვევაში მართლაც „მეგობრულ ცეცხლთანაა“.

ობიექტურად ამის თავიდან აცილება ძალიან რთულია, რადგან რუსული კამიკაძე-დრონები და ფრთოსანი რაკეტები ღამისეულ ცაში უტევენ უკრაინას და ვიზუალურად იმის მომენტალურად განსაზღვრა თუ რა მიფრინავს და ღამის სიბნელეში და ვის ეკუთვნის ის, თითქმის შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, არსებობს საფრანი აპარატის სახელმწიფოებრივი კუთვნილების ავტომატურ რეჟიმში ამოსაცნობი საბორტე აპარატურა, თუმცა, როგორც თავად უკრაინელი სამხედროები აღიარებენ, თითქოს ამ მხრივ დღემდე ერთმანეთს ვერ „დაუკავშირეს“ საზენიტო „პეტრიოტები“ და F-16-ები...

F-16-ებს საკმაო სიმძლავრის საბორტე რადიოლოკატორები უყენიათ, რომლებსაც შეუძლიათ რამდენიმე ათეულ კილომეტრში აღმოაჩინონ მცირე ზომის საფრენი აპარატებიც კი, შესაბამისად უკრაინული F-16-ების როლი რუსული კამიკაძე-დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების მასიური და ყოველღამისეული საჰაერო შეტევების მოსაგერიებლად,კვლავ დიდი დარჩება, უბრალოდ საჭიროა აუცილებელი ტექნიკური მოდიფიკაციის განხორციელება,რომ რუსულ დრონებზე მონადირე უკრაინული F-16-ების მფრინავებს, უკრაინულივე „პეტრიოტების“ მეზენიტეების მიერ შეცდომით დამიზნებული და გამოშვებული რაკეტების არ ეშინოდეთ და თვითმფრინავში დაყენებულმა „ჩემი-სხვისი“ სახელმწიფო კუთვნილების ამომცნობმა ავტომატურმა მოწყობილობამ უკრაინელი მეზენიტეების რადილოკატორის მონიტორზე დროულად აჩვენოს- შენიანი ვარ, არ მესროლო...