"ბედნიერებაა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი სათამაშოდ ჩვენთან ჩამოვიდა" - ჟურნალისტის შეფასება კვარაცხელიაზე (ვიდეო)
ლიგა 1-ის ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე „ოსერის“ 3:1 დამარცხების შემდეგ, კომენტარი პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ და ხვიჩა კვარაცხელიამ გააკეთეს, რომელმაც დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ლუის ენრიკე: „მომავალი შეხვედრის წინ ეს გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. პირველ ტაიმში რიტმი გვაკლდა. მეორე ტაიმში კარგად ვითამაშეთ. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი სწორი განწყობაა. შეცვლები მაქსიმალურად გამოვიყენე. ჩვენ ყველა ფეხბურთელი გვჭირდება. მარკინიოსი? მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. სასიამოვნოა, როდესაც ასეთი კაპიტანი გყავს. საკვანძო ფიგურაა, თუმცა ჯერ კიდევ სჭირდება სრულყოფა. ჩემპიონთა ლიგა? შესანიშნავად მძინავს და პირველ რიგში შაბათს ჩასატარებელ საფრანგეთის თასის ფინალზე ვფიქრობ. დიდებული დღეა, შეგვიძლია სახლში წავიდეთ და აღვნიშნოთ. მხოლოდ დღევანდელი დღით სიამოვნების მიღებაზე უნდა ვიფიქროთ“.
კვარაცხელია: „მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. გაცილებით მნიშვნელოვანი შეხვედრები გველოდება. სწორედ ამაზე ვფიქრობთ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მრავალი წელია პსჟ-ში ვთამაშობ? ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთ შევძლო ადაპტაცია. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ და პარიზში დიდ სიამოვნებას ვიღებ. ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ძალიან, ძალიან კონცენტრირებული ვართ. ბოლო ორი დაპირისპირება უმნიშვნელოვანესი იქნება“.
დასასრულს ჟურნალისტმა დასძინა: „ბედნიერებაა, რომ ასეთი დონის ფეხბურთელი სათამაშოდ ჩვენთან ჩამოვიდა“.