„დღეს ქართული პოლიტიკური სისტემის მთავარი პრობლემა უიმედობაა“ - კვირის პალიტრა

„დღეს ქართული პოლიტიკური სისტემის მთავარი პრობლემა უიმედობაა“

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ტრამპისთვის ღია წერილის მიწერით­ დაწყებული კვირა, სადაც,­ ფაქტობრივად, საყვედურობს,­ "დიფ სთეითს" რატომ ვერ ამარცხებო, ტირანაში გამართულ ევროპული პოლიტიკური­ საზოგადოების არაფორმალურ სამიტზე მონაწილეობით დაასრულა. კობახიძემ იქ მყოფ ჟურნალისტებთან თქვა, გასაუბრების­ შესაძლებლობა 30 ლიდერთან მქონდა და მათ შორის, ემანუელ მაკრონსა და რობერტა მეცოლასთანო. თუმცა, მათთან საუბრების შინაარსზე თქვა: "გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის უშუალო საუბრები, ჩვენ არა გვაქვს გასაჯაროების უფლება, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენი გზავნილების გაზიარებას". სამაგიეროდ, დეტალურად თქვა, თუ რაზე ისაუბრა სერბეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის პირველ პირებთან, რომლებიც­ "ოცნების"­ მოკავშირეებად ითვლებიან. ამასობაში კი ამერიკაში "მეგო­ბარი აქტის" განხილვა მიმდინარეობს...­ რას ნიშნავს ეს ყველაფერი, პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.

- ტრამპს საქართველოდან უსაყვედურო, "დიფ სთეითი" გერევაო, არა მგონია­, საღ აზრთან იყოს დაკავშირებული. საერთოდ, ბოლო პერიოდში საოცარი განცხადე­ბებია. ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ­ განაცხადა, გერმანიაში სირიელები იმიტომ­ ჩაჰყავთ, გენოფონდი გაამრავლონო. შეიძლება მართლა გქონდეს ასეთი­ აზრი, რომ გერმანია იმ დონეზე დაეცა, სირიელები სჭირდებათ ბავშვების გასაჩენად და ვიღაც იქაური სულელი ნახო, რომელსაც მსგავსი­ აქვს ნათქვამი, მაგრამ შენ რომ სახელმწიფოს თანამდებობის პირი ხარ და ასეთ რამეს ამბობ, რომლითაც იქაური პოლიტიკური ელიტა­ შეიძლება შენს სახელმწიფოსთან დააპირისპირო, იმდენი ხომ უნდა გესმოდეს, ამას რა შეიძლება მოჰყვეს? მით უმეტეს ახლა, როდესაც ამერიკელები სირიასთან ალაგებენ სიტუაციას, ამ დროს კი ტრამპმა მიიღო კანონი, რომ იმ სახელმწიფოებმა, ვინც ცნობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, არ შეიძლება მიიღონ ამერიკის დახმარება. სირიას აფხაზეთი­ და ცხინვალის რეგიონი აღიარებული აქვს და იმის ნაცვლად, ამერიკელებს ამაზე ველაპარაკებო­დეთ, როგორ გავაკეთოთ, რომ ერთი ქვეყნით ნაკლები იყოს, ვინც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აღიარა, აქედან ველაპარაკებით, "დიფ სთეითს" ემორჩილები თუ არაო. საქართველოს ხელისუფ­ლებებს პირველად არ გამოუჩენიათ ამგვარი არაადეკვატურობა. ესენი ისე გაერთნენ მოსახლეობისთვის იმის ძახილში, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს იცავენ, რომ მართლა დაიჯერეს. რა სუვერენიტეტის დაცვაზეა ლაპარაკი, როდესაც უკრაინაში მებრძოლ ქართველს საქართველოს მთავრობამ რუსეთში გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე მოსთხოვა­ იარაღის ჩაბარება? გვეუბნებიან, რომ ამაყად უჭირავთ ქართული დროშა და რუსეთის­ სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეს სთხოვენ იარაღის ჩაბარებას? ანუ რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება უზენაესია ჩვენი ხელისუფლებისთვის.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუ­ფლება ძალიან შეშინებულია. ერთხანს იმედს აძლევდნენ მომხრეებს, დავალაგებთ­ ტრამპთან ურთიერთობასო, მაგრამ ხედავენ, არ გამოსდით... ამ 35 წლის განმავლობაში საქართველოში ყველანაირი პროპაგანდა მინახავს, მაგრამ ის, რომ სახელმწიფო დონეზე პროპაგანდას ეწეოდნენ პროსახელისუფლებო ტელევიზიები,­ ექსპერტები და პოლიტიკოსები, რომ ევროპის­ სამი ქვეყნის პირველი­ პირი ერთმანეთს შეხვდა და კოკაინის დაყნოსვა გადაწყვიტა, მერე ჟურნალისტებს დაუძახეს, კოკაინი კი მაგიდაზე დარჩათ და მაკრონმა სასწრაფოდ ჯიბეში გააქანა,­ რაზე უნდა ვილაპარაკოთ? როდესაც ამ დონეზეა ეს ხალხი, უკვე შეუძლებელია მათ სახელმწიფოებრივ საკითხებზე ელაპარაკო.

მე არ მაღელვებს, რომელი პარტია დამარცხდება და რომელი არა, მე ის მადარდებს, ქვეყანა არ დამარცხდეს. როდესაც­ შენ ისეთ განცხადებებს აკეთებ, როგორიც იყო ვოლსკის განცხადება, რა წერილიც­ მისწერა კობახიძემ ტრამპს და ა.შ., ეს ყველაფერი შეიძლება ქვეყანას ძალიან ცუდად მოუბრუნდეს. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ეუტიფროს და ეთავხედოს დიდ სახელმწიფოებს. ამისთვის ვაკრიტიკებდი წინა ხელისუფლებას და სამწუხაროდ, იგივე ხდება ახლაც, ოღონდ, თუ მაშინ ეს ხდებოდა რუსეთის მიმართ, ახლა ხდება ევროპისა და ამერიკის მიმართ, თან იმ სახელმწიფოების, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან. მე შავის და თეთრის გასარჩევად მარტივი რაღაც მაქვს - ვინ უჭერს ჩემს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს და ვინ ეწინააღმდეგება. რუსეთს ჩემი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. ამერიკას რეზოლუცია აქვს მიღებული, რომლითაც ვერავინ მიიღებს ამერიკულ დახმარებას, თუ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს ცნობს - ხომ მარტივი გასარჩევია?

- "მეგობარ აქტს" ალბათ მიიღებენ.­ ევროკავშირი აპირებს ვიზალიბ­ერალიზაციის შეჩერების თაობაზე­ საკითხის შეფასებას. ამის ფონზე ქვეყანაში რა შეიძლება მოხდეს?

- არსებობენ ქვეყნები, რომლებიც საგარეო დაწოლის პირობებში უფრო მეტ კონსოლიდირებას ახდენენ. ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებს ასეთი რამ. ჩვენთან ცვლილებების პრობლემაა არა ის, თუ რამდენად აქტიურია დასავლეთი საქართველოს მთავრობასთან მიმართებაში,­ არამედ ის, რომ მოსახლეობა ვერ ხედავს­ კარგ ალტერნატივას. ხელისუფლება იცვლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოჩნდებოდა ადამიანი ან პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც იმედს აძლევდა საზოგადოებას. ასე მოხდა 2003 და 2012 წელსაც. თუ უკეთესს ვერ ხედავს საზოგადოება, მაშინ შეჩვეული ჭირი ურჩევნია - ახლაც ასეთ მდგომარეობაში ვართ. პრობლემა არის უკვე არა იმდენად ხელისუფლებაში, არამედ იმაში, რომ ოპოზიციამ დაანახოს საზოგადოებას პერსპექტივა. თუ ეს პერსპექტივა არ გამოჩნდა, მეშინია, რომ იქნება სტაგნაცია, ფრუსტრაცია საზოგადოებაში და მაშინ სიტუაციის შეცვლას სოციალური ფონის ძალიან გაუარესება დასჭირდება, რომ ქვეყანაში რაღაც სერიოზულად შეირყეს. ივანიშვილი პიროვნულმა სანქციებმა შეიძლება აიძულოს, რომ რამე შეცვალოს. დანარჩენი, თუ ეს ფაქტორები არ იქნა, მე მგონია, დაიწყება სტაგნაცია და იქნება ეს ავტოკრატიული რეჟიმი, ვიდრე იმედი არ გაჩნდება. დღეს ქართული პოლიტიკური სისტემის მთავარი პრობლემა უიმედობაა.

ოპოზიცია ისევ ყველაზე ცუდი სცენარისკენ მიდის. ცვლილებებს სჭირდება ლიდერები, მკაფიო გეგმა და მკაფიო წარმოდგენები, რისი მიღწევა გინდა და რა შეგიძლია. ოპოზიცია ბევრად მეტს ახერხებს საგარეო ასპარეზზე და ეს ლოგიკურიცაა, რადგან სადაც ისინი ჩადიან, იქ ინტერესების დამთხვევაა და სულ არ სჭირდებათ ამათი ნათქვამი, თვითონაც კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ. აქ ამას ვერ ახერხებენ, საზოგადოებაში ვერ აჩენენ იმის განცდას, რომ ამ ხალხს გამარჯვება შეუძლია, და რომც გაიმარჯვოს, ქვეყანაში რაღაც კარგი მოხდება. ნებისმიერი სოციოლოგიური გამოკითხვა ნახეთ და არის ჩამონათვალი, თუ რა არის საზოგადოების მთავარი პრობლემები. წლები გადის ისე, რომ ოპოზიცია ამ პრობლემებზე საზოგადოებას არ ელაპარაკება და როგორ გინდა მხარდაჭერა მოიპოვო? ხელისუფლება თავისთვის არის, საზოგადოება თავისთვის, ოპოზიცია თავისთვის, მათთან კავშირი არა აქვს, აქციებია და, ოპოზიცია იქაც არ არის. ასეთ ვითარებაში გამარჯვება როგორ უნდა მოიპოვო. ფაქტია, სალომე ზურაბიშვილის გარშემო ვერ ხდება ისეთი ძალის კონცენტრირება, რომელიც გადამწყვეტი იქნება და შეძლებს სერიოზული სიმძიმის ცენტრის შექმნას. ოპოზიცია დაშლილია და ასეთ ვითარებაში კარგს ვერაფერს ვხედავ.

- 26 მაისი არის ახალ ნიშნულად აღებული, რომ ხელისუფლებას ძალა აჩვენონ. შეიძლება ეს თარიღი გახდეს გარდამტეხი?

- რა შეიძლება გააკეთოს ოპოზიციამ? კარგი, გამოიყვანა ძალიან ბევრი ხალხი, თუნდაც იმაზე ორჯერ მეტი, ვიდრე დიდი აქციების დროს არის ხოლმე, და მერე რა? აქციებზე რამდენჯერმე ორასი ათასი კაცი გამოვიდა, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, იმიტომ, რომ არც არავინ იცოდა, ამ ორასი­ ათასი კაცით შედეგი როგორ მიეღო. რა თქმა უნდა, 26 მაისს უნდა გავიდეთ, მაგრამ ამით პოლიტიკური პროცესი­ არ მიმდინარეობს. საბოლოოდ ვერავინ იგებს, გამარჯვებას როგორ უნდა მივაღწიოთ. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ არჩევნები­ არა, რევოლუცია არაო, მერე? როგორ მიდის ხელისუფლება? ივანიშვილი ჩემოდნებს­ რომ ალაგებს და გარბის, გავიგე, მაგრამ როგორ? მე ძალიან მეპარება ეჭვი, ქუჩაში თუნდაც სამასი ათასი კაცი რომც დადგეს, ამის გამო ივანიშვილი გაიქცეს. სააკა­შვილი დიდი მოთმინების უნარით არ გამოი­რჩეოდა, მაგრამ თვეების განმავლობაში გაუძლო აბსოლუტურად გადაკეტილ დედაქალაქის ცენტრს და აბსოლუტურად პარალიზებულ პარლამენტს და ა.შ. ესენიც გაუძლებენ, თუნდაც ნახევარი მილიონი კაციც რომ გამოვიდეს. პოლიტიკაში არ არის მთავარი, მიტინგზე რამდენი კაცი გამოვა. ეს არის ინსტრუმენტი­ და ოპოზიციამ არ იცის, როგორ გამოიყენოს, ამის გეგმა არა აქვს და ეს იწვევს მოსახლეობაში ფრუსტრაციას.

- საგამოძიებო კომისიაზე არმისვლის გამო ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს და შესაძ­ლოა სხვა ოპოზიციონერებმაც მისი ბედი გაიზიარონ. ეს რა გავლენას მოახდენს ამ პროცესებზე?

- ოქრუაშვილი ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული მინისტრი იყო, მერე ოპოზიციაში წასულმა აღიარება გააკეთა და ქვეყნიდან წავიდა, რაც საზოგადოებას კარგ განწყობას არ უქმნის. ამავე დროს აჩვენებენ­, რომ ისინი უკან არ დაიხევენ. მე ამ დაჭერას ახალ დანიშვნების კონტექ­სტში განვიხილავდი - ყველა, ვინც რეგიონებში ინიშნება და მათ შორის, მერების­ მოვალეობის შემსრულებლები, ძალოვანები არიან. ჩემი აზრით, ჭკვიანი და სულელი ხელისუფლება იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, როდესაც საზოგადოებაში პრობლემა ჩნდება, ჭკვიანი ხელისუფლება ცდილობს გაარკვიოს, ეს პრობლემა საიდან წარმოიშვა და მოაგვაროს, უჭკუო ხელისუფლება კი ცდილობს, მოსახლეობა დააშინოს და პროტესტი ჩაახშოს, პრობლემა კი არ მოაგვაროს. ცხადია, პრობლემა მერე სხვა ფორმით იჩენს თავს და საბოლოოდ ქვეყანაში მუდმივი არასტაბილურობა გვაქვს. ეს ხელისუფლება ზუსტად მეორე გზით მიდის, ოქრუაშვილის დაჭერა, ძალოვნების დანიშვნები რეგიონებში ყველა სამოქალაქო თანამდებობაზე და ა.შ., ნიშნავს, რომ მთლიანად ძალოვანი სტრუქტურების ხელში გადადის მართვის სტილი. ასეთი პირების­ დანიშვნა ნიშნავს კიდევ უფრო ნაკლებ დიალოგს საზოგადოებასთან და მათთვის მთავარი ამოცანა იქნება პროტესტი არ დაუშვან. ხელისუფლება გადასულია პროტესტის ჩახშობაზე და არა პრობლემების მოგვარებაზე. ოქრუაშვილის დაჭერაც და რეგიონებში დანიშვნებიც მკაცრი ხელის პოლიტიკის მაჩვენებელია, რომელიც ჩახშობაზეა ორიენტირებული და არა არსებული პრობლემების მოგვარებაზე.

რუსა მაჩაიძე