„იძახონ ცრუ პარლამენტი და ცრუ მთავრობა, მაინც არიან მიღებული დასავლური პოლიტიკური ელიტის კარზე“
რატომ მოგვატყუეთ? - აი, ასეთი სასოწარკვეთილება იკითხება ღია წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის სახელზე დაწერა - ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.
- ჩემი შეფასებით, ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავმოყვარეობის დემონსტრირების ცდა, იმის ჩვენება, რომ მიუხედავად იმისა, საქართველო პატარა ქვეყანაა, მას მაინც აქვს ღირსება და ეროვნული პოზიცია. ამგვარ სურვილს ვხედავ, მაგრამ პოლიტიკაში არსებობს ერთმნიშვნელოვანი წესი - ყოველი გადადგმული ნაბიჯი წარმატებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. დღევანდელ მსოფლიოში ძველი თამაშის წესები ფაქტობრივად მოშლილია, პატარა ქვეყნების ხმა პრაქტიკულად აღარ ისმის. თუ ევროკავშირის წევრი ხარ, მაგალითად, ლუქსემბურგი, მაშინ დიახ, შენი პოზიცია ანგარიშგასაწევია, მაგრამ დღეს პატარა ქვეყნებს ხშირად არც უსმენენ. ეს ტენდენცია დაუფარავად ვლინდება. ამგვარი ტიპის წერილი შესაძლოა იყოს მისაღები საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის როგორც საქართველოში, ისე მის გარეთ. თუმცა ამ წერილს რეალური გავლენა მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მას თან ახლავს ძლიერი ლობისტური მხარდაჭერა იმ კონკრეტულ ქვეყანასა და პოლიტიკურ სისტემაში, რომელსაც მიმართავ. სხვა შემთხვევაში, საეჭვოა ამ წერილმა ფუნქციური შედეგი მოიტანოს, მიუხედავად იმისა, რომ თავად წერილის გაგზავნა აუცილებელი და გამართლებული ნაბიჯი იყო.
- ჯო უილსონმა ირაკლი კობახიძის ღია წერილი უხამსობად შეაფასა.
- მიუხედავად იმისა, რომ უილსონი სენატორია, რეალურად არაფერს წარმოადგენს, ერთი საშუალო დონის კორუმპირებული ჩინოვნიკია. მაგრამ მის უკან დგას სერიოზული ძალა - უპირველესად სენატორი ლინდსი გრემი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ტრამპის ადმინისტრაციაზე. თუმცა შეუძლებელია დაზუსტებით ითქვას, უილსონის თითოეული განცხადება შეთანხმებულია თუ არა გრემთან, მაგრამ, დიდი ალბათობით, მისი პოლიტიკური პოზიცია გრემისთვის ცნობილია. სხვა საკითხია, რამდენად კარგად არის გრემი ინფორმირებული საქართველოს შიდა პროცესებზე. თუ ის მხოლოდ უილსონისგან იღებს ინფორმაციას, მაშინ საქმე რთულადაა, ხოლო თუ ფლობს სურათს და უილსონს იყენებს როგორც ინსტრუმენტს, რათა ქართულ მხარეს კონკრეტული სიგნალები გადასცეს, ეს უკვე სხვა პოლიტიკურად გათვლილი ქმედებაა.
- პარლამენტის განცხადება, რომელიც კობახიძის წერილს მოჰყვა, აშშ-ის "მეგობარ აქტს" მტრულად აფასებს და ამერიკელ სენატორებს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში სდებს ბრალს. მმართველ გუნდს გააზრებული აქვს, როგორ აღადგინოს ურთიერთობა ამერიკასთან? მიიჩნევთ თუ არა, რომ თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა "ცივი ომის" ნიშნებს ატარებს?
- თავის დროზე, როდესაც "ოცნების" ხელმძღვანელობამ ლობისტურ საქმიანობაზე თქვა უარი, მე გავაკრიტიკე და მართალიც ვიყავი. თუმცა მგონია, გარკვეული კონტაქტები მაინც არის, სხვა საკითხია, რამდენად ეფექტურია ეს. რაც შეეხება "ცივ ომს", ეს შეფასება გადაჭარბებულია. ჩვენ საქმე გვაქვს ურთიერთობის გარკვევის ცდასთან. რამდენად შედეგიანი იქნება, დრო გვიჩვენებს. რაც დაზუსტებით ვიცი, ის არის, რომ ცალკეული პირის ჩართულობა ნამდვილად იყო, იყო მცდელობა, რომ ამერიკის ადმინისტრაციამდე სწორად მიეტანათ ქვეყანაში არსებული ვითარება. თუმცა ეს ერთი საკითხია, ლობისტური ჯგუფების მუშაობა - სხვა. ის, რომ სიტუაცია უაღრესად რთულია, ფაქტია.
- ფიქრობთ, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ სიმართლე არ იცის, ისე მიიტანა ეჭვი "ქართული ოცნების" პრორუსულობაზე?
- რა თქმა უნდა, ყველაფერი შესანიშნავად იციან. შესაბამისად, მათთვის ცხადია, რომ არანაირი ალიანსი ან გადახრა რუსეთისკენ "ქართულ ოცნებას" არა აქვს. სხვა საკითხია, რომ ხელისუფლება ცდილობს იმგვარად მოიქცეს, რომ რუსეთს კონკრეტული არგუმენტები არ მიაწოდოს ურთიერთობის კიდევ უფრო გასაფუჭებლად. კარგია ეს თუ ცუდი, ცალკე მსჯელობის საკითხია. თუმცა ერთი უნდა გვესმოდეს: რუსეთისკენ გადახრა ნიშნავს მის ინტერესებზე მუშაობას რეგიონში და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ტერიტორიების ხარჯზე: რუსული ინტერესების გამართლება იმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც მათი ჯარი დგას. მართალია, რუსეთი საერთაშორისო სამართალს ანგარიშს არ უწევს, მაგრამ მას მაინც სჭირდება ამ ტერიტორიების აღიარება, მათ შორის სამომავლო სქემებისთვის. ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი მას ხელს უშლის არა მხოლოდ დასავლეთთან ურთიერთობაში, არამედ დანარჩენ სამყაროსთანაც. ეს შეიძლება პარადოქსულად ჩანდეს, მაგრამ ჩინეთთან ურთიერთობაშიც.
- რას გულისხმობთ?
- საქმე ის არის, რომ ჩინეთს თავისი პრობლემა აქვს ტაივანთან. შესაბამისად, არ აწყობს საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრდეს პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც ოკუპირებული ტერიტორიის აღიარება საერთაშორისო სამართლით შესაძლებელი გახდება. ამიტომაც წარმოუდგენელია, საქართველოს ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ქვეყნის სათავეში, მისცეს რუსეთს მსგავსი შესაძლებლობა. ეს ავტომატურად ნიშნავს ხალხის მხარდაჭერის დაკარგვას, რაც მშვენივრად იცის ყველამ, მათ შორის ამერიკელებმაც. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონი "ქართულ ოცნებას" მაინც სჯის, მიზეზი კი, როგორც ჩანს, ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად "მორჩილების რეჟიმიდან" გამოვიდა. მაგალითად, ამერიკელებს არ მოსწონთ საქართველოსა და ჩინეთის მზარდი პარტნიორული ურთიერთობა. შესაბამისად, ახდენენ ზეწოლას იმისთვის, რომ საქართველო ისევ დაუბრუნდეს მათთვის მისაღები ქცევის ჩარჩოს და, თუ ეს შეუძლებელია, შეცვალონ ხელისუფლება. განსაკუთრებით, ჩინეთის კონტექსტში მათთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოზიცია აბსოლუტურად მორჩილი იყოს.
- თქვენი აზრით, ამერიკისთვის "ქართული ოცნების" სხვა ხელისუფლებით შეცვლა უფრო ხელსაყრელია თუ ამავე ძალის მოთვინიერება?
- შეცვლას ვერ ახერხებს, ეს ცხადია, იმიტომ, რომ ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრი მკვეთრად არის გაყოფილი. საგულისხმოა, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ზეწოლა მიდის იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეცვალოს კურსი, არჩევნების ჩატარებას არავინ მოუწოდებს. არჩევნების ჩატარებასა და პოლიტპატიმრების გამოშვებაზე საუბრობენ სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია და ადგილობრივი საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოება. იძახონ ცრუ პარლამენტი და ცრუ მთავრობა, მაინც არიან მიღებული დასავლური პოლიტიკური ელიტის კარზე.
- რაც შეეხება რუსულ-ამერიკულ ურთიერთობას და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - უკრაინის ომს. რამდენიმე დღის წინ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა და განაცხადა, რომ მზად იყო პუტინთან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, თუმცა პუტინი არ ჩავიდა, შეთანხმება არ შედგა. როგორი შეიძლება იყოს ახლა ამერიკის ადმინისტრაციის შემდგომი ნაბიჯი იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ ტრამპმა თითქოს სცადა კიდეც პუტინის გამართლება და ასეთი რამ განაცხადა: "ყველა ამბობდა, რომ პუტინი მიდიოდა და ზელენსკიც მიდიოდა. მე ვთქვი, თუ მე არ წავალ, გარანტიას გაძლევთ, პუტინიც არ წავა და ის არ წავიდა. მესმის ეს, მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ".
- ვიცოდი, რომ პუტინი თურქეთში არ ჩავიდოდა, იმიტომ, რომ მისთვის ომის შეჩერება კონტრპროდუქტიულია. მისი ამოცანაა მოსკოვის ყველას ეშინოდეს და თუ ვაჭრობაზე მიდგა საქმე, თავად ყველაზე დიდი სარგებელი მიიღოს.
- ალბათ, ზელენსკიმაც იცოდა, რომ პუტინი არ ჩავიდოდა.
- პუტინი რომ ჩასულიყო, ზელენსკი შესაძლოა ძალიან ცუდ დღეში ჩავარდნილიყო. ასეთ შემთხვევაში ტრამპიც ჩავიდოდა და ზელენსკის მოუწევდა პუტინის დოკუმენტზე ხელის მოწერა. ტრამპისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, ომის შეჩერება მის დამსახურებად ჩაითვალოს და მსოფლიოს უძლიერესი ლიდერის სტატუსი დაიმკვიდროს, რომ ზელენსკის ინტერესებს ანგარიშს ნამდვილად არ გაუწევდა.
- დიახ, მაგრამ იქ არც პუტინი ჩავიდა, არც ტრამპი. ეს ნიშნავს თუ არა, რომ ზელენსკი ახლა უპირატეს პოზიციაშია?
- ნამდვილად ნიშნავს, ოღონდ მორალური და არა სამხედრო თვალსაზრისით. ხომ ხედავთ, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ ვლადიმირ მედინსკიმ რა თქვა, მთელი ცხოვრება შეგვიძლია ვიომოთო. დაემუქრა კიდეც, თუ ბევრს იხტუნავებთ, დამატებით ტერიტორიებსაც დაკარგავთო.
- ალბათ, ომის მუდმივად გაგრძელებას მშვიდობისმყოფლის სტატუსის მოპოვების მსურველი ტრამპი არ დაუშვებს, რუსეთის რესურსებზეც რომ არაფერი ვთქვათ.
- სწორად შენიშნეთ, ტრამპს ომის დასრულების დარდი კი არა აქვს, მშვიდობისმყოფლის სტატუსი სურს. მთავარია, ომი შეჩერდეს და ერთ კვირაშიც რომ განახლდეს, ეს უკვე მისთვის პრობლემა არ იქნება. ტრამპის ამოცანა ასეთია - რუსეთი უნდა გახდეს მისი უმცროსი ძმა და დაეხმაროს ჩინეთის დასუსტებაში. საუდის არაბეთსა და ყატარში ტრამპმა უპრეცედენტოდ დიდ საინვესტიციო დოკუმენტებს მოაწერა ხელი, რომლებიც გულისხმობს იარაღის მიყიდვასა და უამრავ სხვა პროექტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი საკითხი - საუდის არაბეთში ხელმოწერილი დოკუმენტის საშუალებით საუდის არაბეთს ნავთობის მოპოვების მკვეთრად გაზრდის საშუალება ეძლევა, რაც ნიშნავს, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი დაეცემა. ეს რუსეთს ძალიან დიდ ფინანსურ ზიანს მიაყენებს. ე.ი. ტრამპმა რუსეთს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბურთი მის მოედანზეა. არ ვიცი, რატომ არ ჩავიდა პუტინი 15 მაისს თურქეთში, მაგრამ ვიცი, რომ 14 მაისამდე ამ საკითხზე დიდი მსჯელობა და კულუარული ვაჭრობა იყო გამართული. ახლა ის მომენტია, როდესაც მხარეები ერთმანეთს კუნთებს აჩვენებენ - პუტინი ამბობს, რომ ომის გაგრძელება შეუძლია და მართლა შეუძლია, ტრამპი მიანიშნებს, რომ მას პუტინის ეკონომიკურად დამარცხება შეუძლია და ნამდვილად შეუძლია. ვნახოთ, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.
ხათუნა ბახტურიძე