"ზოგი ბულინგში ხელფასს იღებს "აქეთა მხრიდანაც" და "იქითა მხრიდანაც"... პოლიტიკური პროცესი თუ ტრაგიკომედიას დაამსგავსეს, მერე აღარც "ოცნების" გამარჯვება გაუკვირდეთ და არც..." - "ევროვიზია", ბულინგი და არაორდინარული იდეები - კვირის პალიტრა

"ზოგი ბულინგში ხელფასს იღებს "აქეთა მხრიდანაც" და "იქითა მხრიდანაც"... პოლიტიკური პროცესი თუ ტრაგიკომედიას დაამსგავსეს, მერე აღარც "ოცნების" გამარჯვება გაუკვირდეთ და არც..." - "ევროვიზია", ბულინგი და არაორდინარული იდეები

სანამ მთავარ პოლიტიკურ თემებზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ იმ ამბავზე, რომელიც "ევროვიზიაზე" მარიამ შენგელიას გამოსვლის გამო ატყდა. დასანანია, რომ მარიამი ფინა­ლში­­ ვერ გადავიდა, თუმცა რეპერტუარსა და ამ კონკურსის რაობაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენ კი ვიტყვით, რომ მარიამ შენგელია პარტიული აქტივისტებისა თუ პროტესტის აქტიური მონაწილეების ნაწილის ბულინგის მსხვერპლი გახდა - ის არ იყო ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, ეგ ჩვენი კი არა, "ქოცებისააო" და ა.შ.

მარიამ შენგელია "ევროვიზიაზე" "ოცნე­ბას" კი არა, საქართველოს წარმოადგენდა. ჩვენი საფეხბურთო ნაკრების საყვარელი ფეხბურთელებიდან შესაძლოა ზოგი "ოცნების" მხარდამჭერი იყოს, ზოგი გახარიას პარტიის, ზოგი "ლელოსი" და ზოგიც მელიასი. ისინი მოედანზე რომ თამაშობენ, ვის წარმოადგენენ, "ოცნებას" თუ "ლელოს"? - არა, საქართველოს!

ბულინგის მიზეზი ის გახდა, რომ მარიამ შენგელიამ 2024 წლის აგვისტოში­ ონში გამართულ "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ღონისძიებაზე იმღერა. ამ ქვეყანაში ყველას აქვს უფლება თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს პირდაპირ თუ ირიბად (რა თქმა უნდა, პარტიის ღონისძიებაზე სიმღერა პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირებაა) და ამის გამო ადამიანის შეურაცხყოფა მიუღებელია. ისე როგორც მიუღებელი იყო, რომ თავის­ დროზე მერაბ სეფაშვილი სააკაშვილის მხარდაჭერის გამო გახდა ბულინგის მსხვერპლი. თავის დროზე ბუბა კიკაბიძემაც იმღერა სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე და ამის გამო ყველასთვის სათაყვანებელი ადამიანისთვის ტალახი უნდა გვესროლა?!

აგერ საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ პოპულარული მსახიობები - ნანკა კალატოზიშვილი, ეკა დემეტრაძე და სხვები. მათ ამის უფლება აქვთ, ისევე როგორც მარიამ შენგელიას აქვს უფლება, ვისაც უნდა, იმას დაუჭიროს მხარი.

"ჩვენიანებად" და "იმათიანებად" დაყოფა, ზიზღის ენა, ბულინგი და გარიყვის­ მცდელობა არ არის ევროპა. თუ ასე გავაგ­რძელეთ, ხვალ რომ მოხდეს სასწაული და მიგვიღონ ევროკავშირსა და ნატოში, მაინც არაფერი გვეშველება. გასაგებია, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, პოლარიზებული გარემო და ძალიან ბევრ ჩვენგანს ნერვები დაწყვეტაზე აქვს, თუმცა ვისაც ოდნავ ჭკუა მოეკითხება, ზიზღი კი არ უნდა დათესოს, გამოსავალზე უნდა იფიქროს. სამშობლო ერთი გვაქვს და თუ უფსკრულში გადავჩეხეთ, თან ჩავყვებით ყველა, მიუხედავად იმისა, ვინ ვის უჭერს მხარს და ვინ ვის კონცერტზე მღერის. თუმცა ზოგი ბულინგში ხელფასს იღებს "აქეთა მხრიდანაც" და "იქითა მხრიდანაც"...

სპეცგანცხადება "მეგობარი აქტის" საპასუხოდ

რამდენიმე წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ვაშინგტონსა და თბილისს შორის ერთგვარი "ცივი ომი" იქნებაო, რა თქმა უნდა, გიჟად ჩავთვლიდი. თუმცა ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც აღარაფერი არ უნდა გაგიკვირდეს. გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო სპეციალური განცხადება აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის დამტკიცებული "მეგობარი აქტის" საპასუხოდ. დოკუმენტში "მეგობარი აქტი" მტრულ დოკუმენტადაა მოხსენიებული და მოყვანილია არგუმენტები, თუ რაში ცდებიან ამერიკელები. ეს სპეცგანცხადება, ალბათ, ყველას გექნებათ წაკითხული და ამიტომ მის განხილვას არ მოვყვებით.

მანამდე იყო პრემიერ ირაკლი კობახიძის ღია წერილი დონალდ ტრამპისა და ჯეი დი ვენსისადმი. ამ წერილში იყო ერთი საინტერესო ეპიზოდი - მთავრობის ხელმძღვანელს მანამდეც მიუწერია ტრამპის ადმინისტრაციისთვის და იქიდან პასუხი არ მიუღია. რჩება შთაბეჭდილება, რომ როდესაც საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტით იყო, მას ამერიკელებმა გარკვეული პირობები დაუსახელეს, რაც საქართველოს ხელისუფლებას უნდა შეესრულებინა. თბილისმა უარი თქვა და მივიღეთ ასეთი სიტუაცია.

თუ არსებული მდგომარეობა შენარჩუნდება, არ არის გამორიცხული, ამერიკული სანქციები გაფართოვდეს. არ დაგვავიწყდეს ევროკავშირის ფაქტორიც. ისიც ნათელია, რომ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, ამერიკელებმა უკან დაიხიონ. ალბათ, თბილისმა უნდა გამონახოს კომპრომისული გამოსავალი. სხვათა შორის, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ "ოცნება" განიხილავს ვერსიას, 2026 წლის გაზაფხულზე ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ვერ გეტყვით.

თუმცა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთ გზაზე ჩვენ 2 მაისს ვწერდით.

გთავაზობთ ეპიზოდს სტატიიდან:

"ვფიქრობთ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური­ გზა 2025 წლის ოქტომბერში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარებაა. პლებისციტი პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო ბიულეტენში მოქალაქეებს პარტიების ჩამონათვალთან ერთად დახვდებათ კითხვა (პირობითად): "გსურთ თუ არა, რომ უახლოეს 6 თვეში საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?" დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხელისუფლებას მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. თუმცა ქულებს დაიწერს - კერძოდ, საკუთარი მოქალაქეებისა და დასავლეთის თვალში ის იქნება პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხალხს აზრი ჰკითხა და პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება... თუ პლებისციტის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ხალხს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ სურს, პოლიტიკური კრიზისი მაინც განიმუხტება­ - ხელისუფლება დასავლეთიდან მიიღებს­ ლეგიტიმაციას, ოპოზიციას კი მოუწევს ბედთან შეგუება და მომზადება მომავალი არჩევნებისთვის. საპროტესტო აქციებსაც მთავარი საფუძველი გამოეცლება. ორივე შემთხვევაში საქართველოში დაცხრება პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანა­ დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რაც სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აუცილებელია მხარეები პლებისციტის ჩატარების პირობებზე შეთანხმდნენ, რათა შედეგები გაყალბებისგან დაცული იყოს".

პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის შემთხვევაში, დასავლეთის რიტორიკა, მინიმუმ, შერბილდება და საქართველოს ხელისუფლების გარშემო ეს ვაკუუმი აღარ იქნება. რა თქმა უნდა, ვაშინგტონში შეიძლება თქვან, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა ერთია, მაგრამ ოფიციალური თბილისის ურთიერთობები ჩინეთთან, რუსეთსა და ირანთან - მეორე. თუმცა, თუ საქართველოს ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია მიიღო დასავლეთისგან, დიალოგისა და დისკუსიის სივრცე ყველა შემთხვევაში გაიხსნება, რაც უკვე წინ გადადგმული ნაბიჯები იქნება.

გირაოს საკითხი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან 1-წლიან პატიმრობას, ან გარკვეული ვადით საქმიანობის უფლების აკრძალვას. მათ, ვინც სასამართლოზე არ გამოცხადდა, გირაო შეეფარდათ. არსებული ინფორმაციით, გირაო გადაიხადეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ. არ გადაუხდიათ ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურა "გირჩი" ჯაფარიძესა და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსს. ირაკლი ოქრუაშვილი უკვე დააკავეს გირაოს გადაუხდელობისთვის.

საინტერესოა, დააკავებენ თუ არა ყველა იმ ოპოზიციონერს, რომელთაც გირაო არ გადაიხადეს?! ნაკლებად სავარაუდოა. დასავლეთთან დაძაბული ვითარების ფონზე კიდევ ისეთი სურათის შექმნა, რომ ოპოზიციის ლიდერთა დიდი ნაწილი ციხეში ზის, არ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას. ალბათ, ზოგს დააკავებენ და უმრავლესობის მიმართ არასაპატიმრო სანქციებს გამოიყენებენ. ცალკე საკითხია ოპოზიციონერთა გაჯიუტება - თუ ჰგონიათ, რომ გირაოს გადაუხდელობით საკუთარ მომხრეებს ზეპრინციპულობას აჩვენებენ, ძალიან ცდებიან. არ ვცნობთ არც კომისიის, არც პარლამენტის და არც საერთოდ ხელისუფლების ლეგიტიმურობასო. მაშინ არ გადაიხადონ გადასახადებიც, რადგან გამოდის, შემოსავლების სამსახურიც არალეგიტიმურია.

"შენ მოგზავნილი ხომ არა ხარ"?

ასე უთხრა რამდენიმე წლის წინ ნიკა მელიამ გუბაზ სანიკიძეს, როდესაც ისინი "მთავარი არხის" ეთერში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მაშინაც ოპოზიცია გაერთიანებას ცდილობდა და გუბაზ სანიკიძემ სააკაშვილის საკითხი ჩააკვეტა, რამაც მელია გააღიზიანა... ეს ფრაზა გიტრიალებს თავში, როდესაც ზოგიერთ ოპოზიციონერს­ უყურებ, მაგალითად, "ნაცმოძრაობის" ლიდერ ლევან ხაბეიშვილს. კერძოდ, ის აცხადებს, რომ მაისის მიწურულს პარტია­ აქტიურობას დაიწყებს და ძალას ძალას დაუპირისპირებს. გარდა ამისა, "ნაცმოძ­რაობის" ლიდერები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილის ფორმატმა იმედი გაუცრუათ. არადა, რეალურად, სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც მიესვლება საპროტესტო აქციის მონაწილეებთან, და ერთადერთია, რომელსაც ტაშს უკრავენ და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობასაც აძლევენ, განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან. განსაკუთრებით, განსხვავებით "ნაცმოძრაობისგან". კარგად ვნახეთ, ერთ-ერთი აქციისას სააკაშვილის პლაკატების წინა პლანზე გამოჩენამ რა გამოიწვია.­ იფიქროს ამაზე ხაბეიშვილმა და კიდევ იმაზე, ვის აწყობს მისი ასეთი "საბრძოლო" განცხადებები. თუ რამის თავი აქვთ, ჯერ საკუთარ სულიერ ლიდერს დაუმტკიცონ და გამოიხსნან "ვივამედის" ტყვეობიდან... ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა.

ჯერ ისიც ვერ გაგვიგია, კონკრეტულად რას ითხოვს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილისგან, რომ ჯადოსნური ჯოხი აიქნიოს და ხელისუფლება შეცვალოს?

აქეთ ნიკა გვარამია სააკაშვილის პარტიასთან ერთად ერთ ხმაში აბულინგებს ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელთაც ჯერ არ უთქვამთ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთო. ასეთები არიან გახარიას პარტია­ და "ლელო". გვარამიას კოალიციისა და "ნაცმოძრაობის" ლიდერები მათგან ასეთი პირობის მიღებას ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიანიშნებენ, რომ შესაძლოა მოღალატეებად გამოაცხადონ. არადა, სწორედ ადგილობრივი არჩევნები შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი შესაძლებლობა ოპოზიციისთვის, დაემტკიცებინა, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ ასახავს მოსახლეობის განწყობას.

იქით პაატა ბურჭულაძემ შექმნა ახალი ფორმატი "რუსთაველის გამზირი", სადაც განიხილავენ ტელეფონებით შემოდგომაზე ალტერნატიული საპარლამენტო არჩევნების ან პლებისციტის (ოღონდ ისეთის არა, როგორზეც ზემოთ ვისაუბრეთ) ჩატარებას.

პოლიტიკური პროცესი თუ ტრაგიკომედიას დაამსგავსეს, მერე აღარც "ოცნების" გამარჯვება გაუკვირდეთ და არც ის, თუ რატომ არ იკარებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები.

გიორგი კვიტაშვილი