სტამბოლიდან სტამბოლამდე - რა პერსპექტივა გააჩინა დოლმაბაჰჩეს მოლაპარაკებამ - კვირის პალიტრა

სტამბოლიდან სტამბოლამდე - რა პერსპექტივა გააჩინა დოლმაბაჰჩეს მოლაპარაკებამ

2022 წლის 29 მარტის შემდეგ, როდესაც­ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან ახლოს იყო რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტასთან, მაგრამ ამის შემდეგ ბუჩაში რუსეთის სისასტიკემ ეს შესაძლებლობა უკანა­ პლანზე გადასწია, 15 მარტს რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლები ისევ სტამბოლში შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკებამ გარღვევის გარეშე ჩაიარა, თუმცა მესიჯები გაიგზავნა... მოლაპარაკების უშუალო შედეგი იყო მასშტაბური პატიმართა გაცვლა - მხარეები შეთანხმდნენ ათას-ათასი­ სამხედრო ტყვეს გათავისუფლებაზე, თუმცა ეს არ ქმნის კონფლიქტის დეესკალაციის რეალურ საფუძველს. შესაბამისად, გაჩნდა კითხვა, თუ რა შეიძლება დეესკალაციის რეალური საფუძველი ყოფილიყო.­ ერთ-ერთ ასეთ საკითხად მიიჩნეოდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, რაც შეხვედრაზე უკრაინამ მოითხოვა, რუსეთმა­ კი უარყო და საპირისპიროდ წარადგინა საკუთარი პირობები... უკრაინა-ევროპის ეს მოთხოვნა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც პუტინმა 9 მაისის აღლუმის­თვის ცეცხლის შეწყვეტა 3 დღით შესთავაზა. ამის პასუხად, ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე უარის თქმის შემთხვევაში, ევროპიდან და ამერიკიდან გაისმა ახალი სანქციებით მუქარა, რაც, ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, შეცდომა იყო, რადგან ამით რუსეთს მანევრირების საშუალება მიეცა და სტამბოლის მოლაპარაკებისთვის რუსეთის გააქტიურება­ შეიძლება სწორედ ამ ახალი სანქციებით მუქარას უკავშირდებოდეს, რადგან მოლაპარაკების განახლებაზე საუბრით პუტინმა­ ტრამპი აიძულა სანქციების­ თემა აღარ იყოს აქტუალური... მეორე შეცდომად კი ჯერ ტრამპის და შემდეგ ზელენსკის მიერ პუტინისთვის სტამბოლში ჩასვლის მოწოდება მიიჩნევა, რადგან, ცხადია, შეხვედრების პირველ ეტაპზე, როდესაც ომის ბედი წყდება, პირველი პირები არ მონაწილეობენ, მით უმეტეს, ზელენსკის პუტინი, როგორც ვიზავის, არ განიხილავს და მოსალოდნელიც იყო, რომ ეს მოლაპარაკება სულაც ჩაშლილიყო, რომ არა შეხვედრის ადგილად დანიშნული სტამბოლი. პუტინს სურს მოლაპარაკება იმ წერტილიდან განახლდეს, რაც მაშინ, როგორც ახლა ხდება­ ცნობილი, ფაქტობრივად შეთანხმებული იყო და ხელმოწერამდეც იყო მისული. ეს შეთანხმება ითვალისწინებდა უკრაინის ნეიტრალიტეტსა და საერთაშორისო ძალებით უკრაინის უსაფრთხოების გარანტიას. უკრაინის ნეიტრალიტეტი კი, ცხადია, პუტინის მიზანია და ეს არაერთხელ აქვს ნათქვამი როგორც ომის დაწყებამდე, ასევე­ მის შემდგომ.

ანალიტიკოსთა ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ახლაც რუსეთის დელეგაციაში ზუსტად ის პირები იყვნენ, ვინც 2022 წლის შეხვედრაში მონაწილეობდნენ, და ამით პუტინს იმის ჩვენება სურდა, რომ მოლაპარაკებას უბრუნდება იმავე პირობებით...

ფაქტია, პუტინს გეგმა არ შეუცვლია. მისი სურვილი, აღედგინა სტამბოლის ფორმატი, სავარაუდოდ, ეყრდნობა ორ ძირითად მოტივს: ერთი მხრივ, 2022 წლის მოლაპარაკებაში ეს ქალაქი იყო ერთადერთი,­ სადაც რუსეთმა მიიღო უკრაინისგან რეალური კომპრომისის მინიშნება (ნეიტრალიტეტის ფორმულა); მეორე მხრივ, რუსეთისთვის სტამბოლის­ სივრცე მეტ-ნაკლებად მეგობრულია - თურქეთი არ არის მკვეთრად პროუკრაინულ პოზიციაზე. ის კვლავ ცდილობს საერთაშორისო შუამავლის როლის შენარჩუნებას. ერდოღანის ადმინისტრაცია მოლაპარაკების ფორმატს იყენებს როგორც შიდაპოლიტიკური პრესტიჟის, ისე გლობალური დიპლომატიური გავლენის გასაძლიერებლად. მიუხედავად იმისა, რომ ანკარის ბალანსის პოლიტიკა (ერთ მხარეს ნატოს წევრობა, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები - მეორე მხარეს) მას აქცევს უნიკალურ, მაგრამ მყიფე შუამავალ ძალად, ჯერჯერობით მაინც რჩება რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის ყველაზე ეფექტურ ადგილად. მეორე საკითხია ის, თუ რა პერსპექტივა აქვს თავად მოლაპარაკებას, რის შესახებაც საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.

- ამ შეხვედრის მიზანი რა იყო? მას შემდეგ, რაც ტრამპმა დაწერა, ზელენსკი უნდა ჩავიდესო, ზელენსკი მიხვდა, რომ უნდა ჩასულიყო. ცხადია, ის ტრამპის განაწყენებას ერიდება და სწორია. მეორე მხრივ, რადგან პუტინმა თვითონ წამოაყენა მოლაპარაკების გაგრძელების იდეა, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო და ჩავარდა, ლოგიკურია, რომ თვითონაც ჩასულიყო. მაგრამ ზელენსკი ჩადის, თუმცა პუტინი არ ჩავიდოდა. გასაგებია, რატომაც. ასჯერ აქვს ნათქვამი, რომ ზელენსკი არალეგიტიმურია, ეს ერთი, და მეორე და მთავარი - პუტინს მიაჩნია, რომ ომს იგებს, და მესამე - ის ზელენსკის სალაპარაკოდ არ დაუჯდება, ის დაუჯდება ტრამპსა და სი ძინპინს. შესაბამისად, ეს იყო შეხვედრა შეხვედრისთვის. ორივე მხარე მონაწილეობდა შეხვედრაში, იმიტომ, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა, გაანაწყენოს ტრამპი, მით უმეტეს, უკრაინას. პრინციპში, ორივე მხარეს სურს ოდესმე ომის დასრულება, ოღონდ საკუთარი პირობებით. ამიტომ ორივეს ურჩევნია ჰქონდეს რაღაც ფორმატი. თუ ეს ფორმატი პერიოდულად გაგრძელდება, პრინციპში, კარგია, რადგან ყოველთვის ჯობს, ომის დროს კონტაქტი გქონდეს, ვიდრე არ გქონდეს. ეს ომი ოდესმე დასრულდება და იმედია, წელს, ოღონდ დასრულდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და არა სამშვიდობო ხელშეკრულებით - ცეცხლი შეწყდება, მაგრამ მხარეები ერთმანეთს არ ცნობენ და არ აღიარებენ­. თუმცა, ჩემი აზრით, ესეც რთული მისაღწევი იქნება.

- ზელენსკის რომ არ გაეკეთებინა­ განცხადება, პუტინი ჩამოვიდესო და ამას არ მოჰყოლოდა განცხადებები, პუტინს ჩასვლის­ ეშინიაო, მეტი შედეგის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი?

- როდესაც პუტინმა თქვა, რომ სთავაზობს უკრაინას სტამბოლში მოლაპარაკების გაგრძელებას, მგონი, გულისხმობდა იმ ფორმატს, რაც იყო სტამბოლში 2022 წელს. მაშინ ზელენსკი და პუტინი არ ისხდნენ მოლაპარაკებაზე. როდესაც ტრამპმა თქვა, ზელენსკი და პუტინი უნდა ჩავიდნენო, როგორც ჩანს, ზელენსკიმ გადაწყვიტა, მაზანდა აეწია, რათა დაენახვებინა, აი, მე ჩავდივარ, პუტინი კი არ ჩამოდის, პუტინი ბოროტია, მე კი კეთილიო. შესაძლოა რაღაც დონეზე ამას მიაღწია კიდეც, რადგან ვისმენთ ევროპელი ლიდერების განცხადებებს, მაგრამ საქმე ის არის, რომ მიაღწია ისევ თავისი მოკავშირეების თვალში, ვინც ისედაც მის გვერდით დგას. ძალიან მნიშვნელოვანია, რას იზამს ამერიკა, თუ გაეცლება, რა ფორმით გაეცლება.

- ამერიკის გაცლის საშიშროება ისევ არსებობს? ცოტა ხნის წინ კი იყო ეს საკითხი მწვავედ დასმული, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაფორმდა მინერალების შეთანხმება, ტრამპი აგრძელებს დახმარებას.

- მე მგონია, ერთ დღესაც გაეცლება, მაგრამ რა ფორმით, ესაა მნიშვნელოვანი. გაცლის სამი ვარიანტია: ამ მოლაპარაკებას ჩაეხსნას. თქვას, კისერი გიტეხიათ, რაც გინდათ, ის გიქნიათო; მეორეა - გაეცლება და უკრაინას აღარ მიაწვდის იარაღს. იტყვის, მე ფულს აღარ დავხარჯავ და იარაღი ევროპამ მიაწოდოსო, და გააგრძელოს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება, რაც ფული არ უჯდება; და მესამე - მთლიანად ჩაეხსნას ყველა კომპონენტში, მათ შორის, აღარ მიაწოდოს სადაზვერვო ინფორმაცია, რაც უკრაინისთვის კატასტროფა იქნება.

- დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რომლის ალბათობა უფრო მეტია?

- მეორის ანუ შუალედურის, რომ აღარ მიაწოდოს იარაღი, მაგრამ გააგრძელოს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება.

- რატომ? ამას რა შედეგი მოჰყვება­ და რამდენად იქნება ის ამერიკის ინტერესში?

- შუალედური ყოველთვის უფრო მისაღებია, რადგან შუალედურია და, ალბათ, ამიტომ. რაც შეეხება იმას, თუ რას მოიტანს, მოიტანს იმას, რომ გაგრძელდება გამოფიტვის ომი, ოღონდ უკრაინა ცოტა უფრო სწრაფად დაკარგავს ტერიტორიებს.

- სტამბოლის შეხვედრაზე რუსეთმა რა პირობებიც წამოაყენა, არის ის მაქსიმუმი,­ რაზეც შეიძლება გაიმართოს ვაჭრობა და საბოლოოდ უფრო ნაკლებზე შეთანხმდნენ, თუ არის შანსი, პუტინმა მოთხოვნები გაზარდოს?

- გაზრდით არა მგონია. ვფიქრობ, მათთვის მთავარია უკრაინის ნეიტრალიზაცია. მათ რომ ჰქონდეთ ორი არჩევანი, წართმეული ტერიტორიები, რომელთაც ახლა აკონტროლებენ, დაიტოვონ და დანარჩენი უკრაინა იყოს თავის ჭკუაზე, და მეორე ვარიანტი - ეს ტერიტორიები დააბრუნონ და უკრაინა იყოს ნეიტრალური ისეთი გარანტიით, რომ ამას ვერავინ დაანგრევს. დარწმუნებული ვარ, პუტინი ამ მეორეს აირჩევს. მათთვის მთავარია, უკრაინა იყოს ნეიტრალური და მათ გავლენაში. ცხადია, ეს ურჩევნია, ვიდრე ის, რომ ეს ტერიტორიები წაართვას და დანარჩენი უკრაინა გახდეს ევროკავშირის და ოდესმე ნატოს წევრიც კი.

- უკრაინის გადასაწყვეტი რომ იყოს, ახლა რომელ ვარიანტს აირჩევდა?

- საქმე ისაა, ახლა ეს ვარიანტები არ დგას დღის წესრიგში. მეორე ვარიანტი რომ იყოს, ტერიტორიების დაბრუნება და მყარი გარანტია, რომ არასოდეს შევა ნატოში და ა.შ., ცხადია, ამას აირჩევს და უნდა აირჩიოს კიდეც, რადგან ამ ეტაპზე რუსეთს ვერავინ მისცემს მყარ გარანტიას, რომ უკრაინა ვერასოდეს გახდება ნატოსა და ევროკავშირის წევრი. არ არსებობს ასეთი გარანტიები, საერთაშორისო სისტემა ასე არ მუშაობს. ამიტომ მეორე ვარიანტი, ალბათ, თეორიულადაც გამორიცხულია. დარჩა პირველი, რომ რუსეთმა წაიღოს ტერიტორიები, მაგრამ იქნება დანარჩენი უკრაინა თავის ჭკუაზე? ეს არის საინტერესო. დღეს ამაზე რაიმეს თქმა ძნელია.

- რუსეთის პირობები სადამდე ვაჭრობის საშუალებას იძლევა რუსეთ-უკრაინის მდგომარეობის და ცხადია, ამერიკა-ევროპის ჩარევის გათვალისწინებით?

- ერთი რამაა ძალიან მნიშვნელოვანი. ორივე მხარეს მიაჩნია, რომ კიდევ შეუძლია იომოს. უკრაინასაც შეუძლია და რუსეთს, მით უმეტეს. ორივე მხარემ ამ ომში ბევრი ჩადო და უკან დახევისა და კომპრომისისთვის არც ერთი არ არის მზად. რუსეთს რაღაც უპირატესობა აქვს, მაგრამ უკრაინას იმედი აქვს და ევროპაც იმის იმედით არის, რომ შეიძლება რუსეთში რაღაც შეიცვალოს. მგონი, უკრაინა და ევროპელი მოკავშირეები ამის იმედზე­ არიან, ამერიკა ნაკლებად. შესაბამისად, როდესაც იმის იმედი ცოცხლობს, რომ რუსეთში შეიძლება რაღაც აირიოს, შეიცვალოს, მგონი, იმ დიდი კომპრომისისთვის, რაც ომს დაამთავრებს, არ არის მზად არც უკრაინა და არც ევროპა. ვნახოთ, რა მოხდება. იმედია, გაგრძელდება მოლაპარაკება.

რუსა მაჩაიძე