„ეს წერილი გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის და ის უფრო გაამწვავებს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობას“
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა. კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდესთან ერთად კობახიძის ღია წერილი და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განვიხილეთ.
- წერილის გამოქვეყნება ემოციურ გადაწყვეტილებად არ უნდა განვიხილოთ, რომ ვინმე ვინმეზე გაბრაზებულია ან ნაწყენი, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ამ წერილს აქვს უმთავრესად საშინაო ამოცანები. ის გამოქვეყნდა ქართველი ხალხისთვის - "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა ამომრჩეველს გაუმხილოს ის, რაც მან დიდი ხანია ისედაც კარგად იცის. ხელისუფლებამ იცის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერა არა აქვს, უბრალოდ, არსებობდა ტექნიკური დამთხვევები "ოცნების" ხელისუფლების რიტორიკასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის და პროპაგანდა ამას იყენებდა იმისთვის, რომ ამომრჩევლისთვის მცდარი წარმოდგენა შეექმნა, თითქოს ეს ორი ძალა ერთ აზრზეა. მათ მშვენივრად იცოდნენ, რომ ადრე თუ გვიან ეს გამოაშკარავდებოდა და "მეგობარი აქტის" მიღების შემდეგ უკვე გასაგები გახდა. მცდარია ფიქრი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და მისივე უმრავლესობით დაკომპლექტებული კონგრესი, როგორც ქვედა, ისე ზედა პალატაში, სხვადასხვა აზრზე იყვნენ საქართველოს საკითხზე. ახლა ხელისუფლება ცდილობს საშინაო პოლიტიკური მიზნებისთვის მაინც შეამციროს ის შედეგები, რაც ამ გამოაშკარავებას მოჰყვება. ამიტომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ შეიძლება დეეპ სტატე-თან ტრამპიც დამარცხდეს. ეს წერილი ნამდვილად არ დაეხმარება "ოცნებას" ტრამპის ადმინისტრაციასთან სიტუაციის ნორმალიზებისთვის, პირიქით, უფრო გაამწვავებს მდგომარეობას.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერები უნდა გავყოთ ორ ნაწილად: ერთნი არიან პროპაგანდისტები, კულტურული თუ პოლიტიკური ელიტა, რომელიც კონკრეტული სარგებლის მიღების გამო უჭერს მხარს "ქართულ ოცნებას", მაგრამ მათგან შეიძლება ბევრი ხვდება კიდეც, რომ ცდება; და მეორე - ისინი, ვინც დაექვემდებარნენ პროპაგანდას. რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებზეც არაფერი მოქმედებს, მაგალითად, როგორც მიშას ჰყავს მიმდევრები, რომლებმაც დღემდე ვერ დაიჯერეს, რომ სააკაშვილი ავტორიტარული მმართველი იყო და "ნაცმოძრაობას" ქართველი ხალხის წინაშე ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. ვიღაცები ასევე ფიქრობენ "ოცნების" ხელისუფლებაზეც, მაგრამ ნაწილი დროთა განმავლობაში დაინახავს რეალობას. ჩვენი ამოცანაა შემცირდეს "ოცნების" პროპაგანდის მსხვერპლი ამომრჩეველი და თანაუგრძნონ ხალხის იმ ნაწილს, რომელიც იბრძვის ეროვნული ინტერესებისთვის, რაც მხოლოდ ევროპასა და დასავლეთს არ უკავშირდება. ეს არის დემოკრატია, რომელსაც გვართმევენ. თუ იქნება დემოკრატია, მერე ერთად უნდა გადავწყვიტოთ, დასავლეთით წავალთ თუ საით. "ოცნების" ავტორიტარიზმი იმაში კი არ ვლინდება, რომ ევროპაზე თქვა უარი, ის, რაც სურს მოსახლეობის 86%-ს, იმის საწინააღმდეგოდ მიჰყავს ქვეყანა.
- რას აკეთებს დღეს ოპოზიცია იმისთვის, რომ იყოს ხალხთან ახლოს?
- ოპოზიციაზე კარგს ვერაფერს ვიტყვი. ისინი ხშირად ისე იქცევიან, რომ საკუთარ ამომრჩეველს შეურაცხყოფენ. ხალხს აქვს კითხვები, რომლებზე პასუხებიც უნდა ჰქონდეს ოპოზიციას. როდესაც ძალაუფლების მქონე ხელისუფლებას უპირისპირდები და გინდა ჩაანაცვლო, უნდა გქონდეს გეგმები, რათა ხალხს რაღაც შესთავაზო. აქციებმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთ საკითხზე ჩამოკიდებული მოთხოვნა არ არის საკმარისი, რომ თავი მოუყარო იმდენ ხალხს, რომელიც ხელისუფლებაზე ზეწოლის საშუალებას მოგცემს, რომ მან დათმოს ძალაუფლება ან რაღაც ნაწილი მაინც. საქართველოში ამდენი ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. უახლესი ისტორიიდან გვახსოვს, რომ ამაზე ბევრად ნაკლები ხალხის გამოსვლით მომხდარა ცვლილებები, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს სხვა ტიპის რეჟიმთან საქმე, რომელსაც სხვა ინსტრუმენტებით უნდა ვებრძოლოთ, მხოლოდ ერთი საკითხითა და გეოპოლიტიკით ეს საკმარისი არ არის. მეტი თემის შემოტანა გვჭირდება, რათა საზოგადოების მეტი ნაწილი ჩაერთოს პროტესტში.
ჩვენი მთავარი სუსტი რგოლი ქართული ოპოზიციაა, რომელმაც ვერ შეძლო სტიქიურად ქუჩაში გამოსული ხალხის პოლიტიკურად ორგანიზება. იმის ნაცვლად, ამხელა ტალღა სტრატეგიაში ჩაერთო, პირიქით, თავისი უნიათობით ფრუსტრირება გაუკეთა. ოპოზიციას აზრის შექმნა ეზარება ან არ შეუძლია. საპარლამენტო არჩევნებში თბილისი კი მოიგეს, ბათუმიც და ქუთაისიც, მაგრამ მოიგეს პატარა უპირატესობით. აქ რომ დიდი უპირატესობა მოეპოვებინათ, მაშინ რეგიონების ის ხმები, რომლებიც ასევე მანიპულირებული და უსამართლოდ გამოყენებული იყო, არ იქნებოდა საკმარისი "ოცნების" გამარჯვებისთვის. ოპოზიციამ ეს ქალაქები იმიტომ მოიგო, რომ მოსახლეობას "ქართული ოცნება" არ უნდოდა, და არა იმიტომ, რომ ოპოზიციას უჭერდა მხარს. მათ რეალური სათქმელი რომ ჰქონოდათ, მეტ ხმას მოაგროვებდნენ. წინააღმდეგობის პირველ ეტაპზე ხალხი აფექტის მდგომარეობაში გამოვიდა. ეს იყო ინდივიდუალური პროტესტი, შეიძლება იქ 100 ათასი კაციც იდგა, რაც ქმნიდა კოლექტიურ განწყობას, მაგრამ რეალურად ეს იყო ინდივიდუალური პროტესტი. ყველა საკუთარი დღის წესრიგით მოვიდა, ერთმანეთს დროსა და სივრცეში დაემთხვნენ და შეიქმნა ერთობის ილუზია. ადამიანების გაერთიანება გეგმებისა და იდეების გარშემო არის ნამდვილი ერთობა, ჩვენ კი სინერგია ვერ მივიღეთ, რადგან ამას სჭირდება იდეა, ორგანიზება, პოლიტიკურობა. აღმოჩნდა, რომ ოპოზიცია არ იყო მზად ამისთვის. ახლაც ეს გვჭირდება - კოლექტიური პროტესტი, ორგანიზება პატარ-პატარა ჯგუფებად და მერე მათი გაერთიანება. თუნდაც რამდენიმე ასეული კაცი იყოს ერთად, მთავარია, საერთო ინტერესი ჰქონდეთ. ქართველი ხალხის გაბრაზება არ გამქრალა, უბრალოდ, პირველადმა აფექტმა გაიარა. დაიღალა ხალხი, თუმცა ახალი ენერგიით ისევ აღივსება და როცა ეს მოხდება, ჩვენ თუ სტრუქტურებს დავახვედრებთ ამ პროცესს, მერე გაცილებით ეფექტიანად შევძლებთ პროტესტის მართვას.
- არსებობს კულუარული ინფორმაცია, რომ ზოგი ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მონაწილეობა?
- ჩემი აზრით, პასუხისმგებლიან ოპოზიციურ პარტიას ასეთი სტრატეგია უნდა ჰქონდეს - მან გადაჭრით არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან ის პოლიტიკური პროცესია. თავის მხრივ, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა გარკვეულ კომფორტს შეუქმნის "ქართულ ოცნებას", თუმცა აქვე იბადება კითხვა, თუ ოპოზიცია მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში, ამის სანაცვლოდ რა სარგებელს მიიღებს ქართული დემოკრატია? ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში იქნებიან მზად არჩევნებში მონაწილეობისთვის. მე მგონია, მკვდარ ბოიკოტსა და უპირობო მონაწილეობას შორის არსებობს შუალედი, რომლის გამოყენება უნდა სცადოს ოპოზიციამ, რათა არჩევნებში უკეთესი სასტარტო პირობებით მიიღოს მონაწილეობა. ცხადია, მოთხოვნების სიაში პირველი უნდა იყოს პატიმრების უპირობო გათავისუფლება, დრაკონული კანონების გაწვევა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.
- სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატი რომ გახდეს?
- ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის ქვეყნის ლეგიტიმური პრეზიდენტია. მაშინ იმ ნარატივზე ყველამ უარი უნდა თქვას, ვინც ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილია დღეს პრეზიდენტი - თან ქალაქის მერი იყო და თან პრეზიდენტი, არ გამოვა. ამ იდეას არ ვეთანხმები, თუმცა ეტაპობრივად შესაძლოა პოლიტიკური სტრატეგია ისე გამოიჭედოს, რომ ეს გონივრული იყოს.
- 26 მაისს წინააღმდეგობის პლატფორმას სალომე ზურაბიშვილთან ერთად გარკვეული გეგმა აქვს. შესაძლოა ახლაც, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლისას, ფონად სააკაშვილის ბანერები ვიხილოთ. ამ გარემოებამ ჩაშალა აქცია, რადგან შეკრებილთა ნაწილისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია...
- მიმდინარეობს კოორდინაცია, რომ 26 მაისს ყველა პოლიტიკურმა ძალამ ხალხს შესთავაზოს საინტერესო დღე, სადაც იქნება პროტესტის განსხვავებული ფორმა, რომელიც, ერთი მხრივ, 26 მაისსა და მის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს, მეორე მხრივ, საპროტესტო მუხტს გააძლიერებს.
რაც შეეხება სააკაშვილის ბანერებს, ძალიან რთულია "ნაცმოძრაობასთან" რაიმე ბერკეტი გქონდეს ან რამე შეთანხმება დაიცვა. არსებობენ პირები, რომელთაც მიშას იქით არაფერი აინტერესებთ. ამიტომ შესაძლებელია 26 მაისს "სიურპრიზი" მოაწყონ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად და ამას კოლექტიური ინტერესი გადააყოლონ. ამისგან ნამდვილად არა ვართ დაზღვეული.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გეგმასა და გამოსვლას, მე ნამდვილად არა მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. მე ვიცი, ჩვენ, სოციალ-დემოკრატები, რაზე ვმუშაობთ 26 მაისისთვის. ეს არის რამდენიმე მიმართულება: პირველი - რეგიონებში წევრების გაზრდა და დასაყრდენის გაჩენა. სტრუქტურული გამართულობა და შიდადემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება; მეორე - გვქონდეს პროგრამა, როგორი ქვეყანა გვინდა. ჩვენ ხომ მხოლოდ ბიძინას წასვლისთვის არ ვიბრძვით, არამედ უკეთესი საქართველოსთვის და ამისთვის რეფორმებია საჭირო. ჩვენ ვმუშაობთ პროგრამულ საკითხებზე და 26 მაისს ჩვენი გეგმების პირველი პრეზენტაცია გვექნება. და მესამე - არსებულ სოციალურ პროტესტებთან თანამშრომლობა.
სოფო კაჭარავა