პუტინის მთავარი გეგმა: კრემლი დიდი შეტევისთვის ემზადება - ოთხ მიმართულება, საიდანაც რუსები ფრონტის გარღვევას შეეცდებიან
რუსეთ-უკრაინის ომის 1 177-ე დღეს სტამბოლში გამართული რუსულ-უკრაინული პირდაპირი მოლაპარაკება, როგორც თავიდანვე მოსალოდნელი გახლდათ, უშედეგოდ დამთავრდა (თუ არ ჩავთვლით ერთ კარგ ამბავს - სამხედრო ტყვეების 1 000 X 1 000-ზე გაცვლის შეთანხმებას). ეს მოლაპარაკება თავიდანვე განწირული იყო, რადგან პუტინმა მოლაპარაკების მაგიდასთან მეორეხარისხოვანი რუსი ჩინოვნიკები დასხა, ხოლო დიალოგი ორ საათსაც კი არ გაგრძელებულა და თანაც თარჯიმნის მეშვეობით (ისე, საინტერესო სანახავი იქნებოდა რუსულიდან უკრაინულზე და პირიქით სინქრონული თარგმანის მოსმენა), თუმცა ამ მცირე პერიოდშიც რუსულმა დელეგაციამ ისეთი გამაოგნებელი პირობები წაუყენა უკრაინულ მხარეს, წესით, უკრაინელები მაშინვე უნდა წამომდგარიყვნენ და შეხვედრა დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ.
მაგრამ სწორედ ეს იყო პუტინის გათვლაც, რომ უკრაინის დელეგაციას დემონსტრაციულად დაეტოვებინა შეხვედრა, რის შემდეგაც კრემლი უკრაინულ მხარეს დასდებდა ბრალს სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაში.
სტამბოლის შეხვედრაზე რუსულმა მხარემ უკრაინულს ხუთი ძირითადი მოთხოვნა წაუყენა: პირველი - უკრაინის ნეიტრალიტეტი, ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებაზე უარის თქმა და უცხო ქვეყნების სამხედრო კონტინგენტებისა და მასობრივი განადგურების იარაღის განუთავსებლობა უკრაინის ტერიტორიაზე. მეორე - რეპარაციაზე უარის თქმა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების პრეტენზიაზე ორმხრივი პრეტენზიის ანულირება. მესამე - რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა. მეოთხე - ტერიტორიების საკითხი, უკრაინის პრეტენზიების მოხსნა ყირიმის, ასევე ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის კუთვნილებაზე და მომავალში მათი საერთაშორისო აღიარებისთვის ხელის შეუშლელობა. მეხუთე - ცეცხლი შეწყდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინის არმია დატოვებს ყველა იმ ტერიტორიას, რომელთაც რუსეთი თავისად მიიჩნევს - დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ნაწილებსაც, რომლებიც რუსეთს ჯერ კიდევ არ დაუპყრია.
ამ ცინიკური პირობების, განსაკუთრებით კი იმ ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობა, რომლებიც პუტინის არმიას ჯერ არ დაუპყრია და კაცმა არ იცის, შეძლებს თუ არა, შესრულება წარმოუდგენელია, მაგრამ ეტყობა, სწორედ ამაზეა გათვლილი კრემლის სტრატეგია, რომ თან მსოფლიოს და პირველ რიგში აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს თავი მოაჩვენოს, რუსეთი თითქოს არ გაურბის სამშვიდობო მოლაპარაკებას, მაგრამ ამასთან, დრო მოიგოს, უკეთესად მოემზადოს, რათა დაიწყოს... ფართომასშტაბიანი საზაფხულო შეტევა უკრაინის ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე.
ამაზე მეტყველებს სტამბოლის მოლაპარაკებაზე რუსული მხარის გამომწვევი განცხადება - რუსეთი შვედეთს 21 წელი ებრძოდა და ახლაც მზადაა ეს ომი გააგრძელოს, მაგრამ თქვენ, უკრაინელები, გაუძლებთ კი ამასო?

სად და როგორ შეიძლება დაიწყოს და გაგრძელდეს რუსეთის საოკუპაციო ძალების ფართომასშტაბიანი საზაფხულო შეტევითი ოპერაცია?
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე ამჟამად 1 100 კმ სიგრძის მონაკვეთზე მიმდინარეობს მეტ-ნაკლებად აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომელშიც რუსეთის საოკუპაციო ძალები 640 ათასამდე მებრძოლს იყენებენ, თუმცა ზრდიან ცოცხალი ძალის რაოდენობას.
საზაფხულო შეტევები აუცილებლად გაგრძელდება კონსტანტინოვკაზე, კრამატორსკ-სლოვიანსკის მიმართულებით გასაჭრელად, რათა დონეცკის ოლქი ადმინისტრაციულ საზღვრამდე დაიპყრონ.
პოკროვსკის დაპყრობას რუსეთის გენშტაბი დიდი ხანია ცდილობს, რადგან მიადგება უკრაინის კიდევ ერთი - დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია შეტევები ფრონტის ჩრდილოეთ ნაწილში კუპიანსკის ხელახლა დასაპყრობად, რუსმა ოკუპანტებმა ნაწილობრივ უკვე გადალახეს მდინარე ოსკოლი.

თუმცა უკრაინული მხარისთვის შეიძლება უფრო დიდ საფრთხედ იქცეს ის, რომ რუსეთის არმიამ ჩრდილოკორეულ სამხედრო დანაყოფებთან ერთად სცადოს ხარკოვისა და სუმის ოლქების სიღრმეში კვლავ შეჭრა, მით უმეტეს, სტამბოლის სამიტზე სწორედ ამით იმუქრებოდნენ რუსული დელეგაციის წევრები.
დღეს უკრაინის ჩრდილოეთ მხარეს არ არსებობს ერთიანი ფრონტი, თუმცა ბრძოლები მიმდინარეობს ვოვჩანსკსა და ბელგოროდისა და კურსკის ოლქების საზღვრის მონაკვეთებში.
იმის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გასული წლის აგვისტოში უკრაინის საექსპედიციო კორპუსი შეიჭრა რუსეთის კურსკის ოლქში და რვა თვის განმავლობაში ოკუპირებული ჰქონდა რუსეთის ეს პატარა ტერიტორია, იმითაც იყო ნაკარნახევი, რომ რუსეთის საოკუპაციო არმიისთვის ჩაეშალათ სუმის ოლქში ხელახლა შეჭრა, როგორც რუსეთმა ეს გააკეთა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაზე თავდასხმის დროს.
საერთოდ, ჩრდილოეთიდან რუსეთის შეტევა უკრაინისთვის ბევრად სახიფათოა, რადგან მისი დედაქალაქი მხოლოდ 200-ოდე კმ-ითაა დაშორებული ბრიანსკის ოლქიდან, ხოლო ბელარუსის საზღვრამდე 90 კმ-იც არ არის, რაც უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას მუდმივ საფიქრალს უჩენს, რომ მტერი ისევ არ მიადგეს მათ დედაქალაქს, როგორც ომის დაწყების პირველ დღეებში.
იმ ძალებით, რაც დღეს ჩრდილოეთ მიმართულებაზე ჰყავს მობილიზებული რუსეთის გენშტაბს, სამმილიონიანი კიევის აღება შეუძლებელია, თუმცა რუსეთის არმია ყოველთვის მიმართავს ერთსა და იმავე ტაქტიკას ქალაქების დაპყრობისას - ანადგურებს მათ სისტემატური საარტილერიო და საჰაერო დაბომბვებით. ასე იყო მეორე მსოფლიო ომის დროს და ასე ხდება დღესაც უკრაინაში.
ვინც თავიდანვე ადევნებს თვალს რუსეთ-უკრაინის ომს, აქამდეც დაებადებოდა ეს კითხვა - ნუთუ არა და არ ამოიწურა აგრესორი რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომ როგორც ცოცხალი ძალის, ისე სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგის მიუხედავად, კრემლს კიდევ რჩება იმის შესაძლებლობები, რომ კვლავ განუწყვეტლივ გადავიდეს შეტევებზე ამ ისედაც გახანგრძლივებულ ფართომასშტაბიან ომში?
ბევრი დასავლელი და ჩვენებური ექსპერტის არაერთი მტკიცების მიუხედავად, რომ „გამოფიტვის ომში“ რუსეთი დაემხობოდა, ეს პროგნოზი არ გამართლდა და არც გამართლდებოდა, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა სააშკარაოზე გამოიტანა დასავლეთის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სამხედრო მმართველობის ის სისუსტეები, რაც ათწლეულების განმავლობაში მიჩქმალული იყო.
ერთი მხრივ, სწორედ დასავლეთის-ევროპისა და აშშ-ის (ოღონდ ტრამპის გაპრეზიდენტებამდე) დამსახურებაა, რომ უკრაინამ აქამდე გაუძლო მასზე ბევრად ძლიერი აგრესორი რუსეთის თავდასხმებს და კაპიტულაცია არ გამოაცხადა, მაგრამ, მეორე მხრივ, იმავე დასავლეთის არასწორი გათვლებისა და პირდაპირი შეცდომების გამოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ამდენ ხანს გაგრძელდა.
სულ იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ დასავლეთი არასაკმარის სამხედრო დახმარებას უწევდა უკრაინის არმიას და თანაც შეგნებულად, ისე, რომ უკრაინელებს შესძლებოდათ წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ არა სერიოზული კონტრშეტევები და დიდი წინსვლა პუტინის ოკუპანტი არმიის თავისი ქვეყნის ტერიტორიიდან გასაძევებლად. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ დასავლეთს სურდა რუსეთის ეკონომიკისა და სამხედრო ძლიერების დახარჯვა სწორედ უკრაინის მიწაზე, რათა ევროპას ნაკლებად დამუქრებოდა კრემლი, მაგრამ დასავლეთის საიდუმლო გეგმამ „რუსეთის გამოფიტვის“ შესახებ არ გაამართლა...
...რამდენიმე მიზეზის გამო:
პირველი - რუსეთი ისტორიულად არაფრად აგდებს თავისი მებრძოლების დიდ მსხვერპლს - ქალები ახალ ბავშვებს დაბადებენ - ეს არის მათი ლოზუნგი. არადა, დასავლეთის ნებისმიერი ქვეყანა, ომში იმის მეასედი მსხვერპლიც რომ ჰქონოდა, რაც რუსეთმა დაკარგა, დიდი ხანია ომს შეწყვეტდა.
მეორე - პუტინმა შეძლო რუსეთის ეკონომიკის სამხედრო ლიანდაგებზე გადაყვანა და დღეს ბევრად უფრო მეტ შეიარაღებასა და საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე ომის წინ.
მესამე - დასავლეთის უხვმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა სანქციებმა არ გაამართლა. რუსეთი შეიძლება უფრო ძვირად, მაგრამ მაინც ყიდულობს სანქციადადებულ დასავლურ პროდუქციას შეიარაღების დასამზადებლად. ბევრად შედეგიანი იქნებოდა, თუკი დასავლეთი რუსეთს თავიდანვე სწორედ ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტზე დაუწესებდა მკაცრ სანქციებს, რაც რუსეთის „ომის ხაზინას“ დააცარიელებდა, მაგრამ ეს არც ევროპელმა და არც ამერიკელმა პოლიტიკოსმა ლიდერებმა არ გააკეთეს.
მართალია, დღეს ტრამპი თითქოს სწორედ ამით ემუქრება პუტინს, თუკი ის ცეცხლის შეწყვეტაზე არ დათანხმდება, მაგრამ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტს შვიდი პარასკევი აქვს დღეში და მისი „მუქარები“ უკვე ძნელად დაიჯერება, თუმცა გააქტიურებულმა ევროპამ შეიძლება მართლაც დაუწესოს მეორადი მკაცრი სანქციები იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთისგან ენერგომატარებლებს შეიძენენ. ასეთ შემთხვევაში დასანქცირება საქართველოსაც დაემუქრება, რომელიც დღეს რუსეთისგან ბევრად მეტ ბუნებრივ აირს ყიდულობს, ვიდრე აზერბაიჯანისგან.
რუსეთის საზაფხულო ფართომასშტაბიანი შეტევის დაწყების შემთხვევაში უკრაინის დამცველებს მეტი დახმარება დასჭირდებათ, რაზეც ევროპის რამდენიმე წამყვანი სახელმწიფო - საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და პოლონეთი თითქოს მზად არიან. აშშ-ისგან მხოლოდ ის იქნება საჭირო, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი არ შეუშალოს უკრაინის ბრძოლას აგრესორ რუსეთთან და დაუშვას ამერიკული იარაღის მიყიდვა უკრაინისთვის, თუნდაც ძვირადაც.