„მამას არასდროს უთქვამს, რომ წერილი ჰქონდა დაწერილი, რომელსაც 25 წლის შემდეგ მივიღებდით“
25 წლის წინ დაწერილ წერილებს ადრესატები "კვირის პალიტრის" პროექტის "გზავნილი მომავალში" საშუალებით კვლავაც იღებენ. ბევრისთვის ეს ფაქტი დიდი მოულოდნელობაა და საოცარ ემოციებს ანიჭებთ.
ჯემალ ალექსანდრეს ძე ძანძავა აფხაზეთიდან დევნილი და ომის ვეტერანია. წერილი მამისგან მიიღო, ადამიანისგან, რომელიც 21 წლის გარდაცვლილია. მას შვილისთვის და ოჯახის არც ერთი წევრისთვის არ უთქვამს, რომ 25 წლის შემდეგ მის წერილს მიიღებდნენ.
ჯემალ ძანძავა:
- წერილი ჩემს სახელზე რომ იყო, შემთხვევით გავიგე - "კვირის პალიტრაში" ჩემი შვილის ამხანაგმა ნახა. თავიდან მეგონა, ვინმე ხომ არ მეხუმრება-მეთქი. ისიც პირველად გავიგე, რომ "კვირის პალიტრას" ასეთი პროექტი ჰქონია...
- ბატონო ჯემალ, რას გვეტყვით თქვენზე?
- აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმსახურობდი, კერძოდ, გაგრის სამმართველოში. კაპიტნის წოდება მაქვს. დევნილობაში აქეთ გადმოვინაცვლე. სააკაშვილის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში გადამიყვანეს, მერე თავდაცვაში მოვხვდი, საიდანაც 2004 წელს, პენსიამდე სამი წელი რომ მრჩებოდა, პატაკი დამაწერინეს და სამსახურიდან წამოვედი. მას შემდეგ უმუშევარი ვარ. ვარ აფხაზეთის ომის ვეტერანი, სოხუმში ვიბრძოდი.
- სანამ რედაქციაში არ მოხვედით, არ იცოდით, ვინ იყო წერილის ავტორი?
- არა, ვერც ვხვდებოდი, ვისგან შეიძლებოდა წერილი მიმეღო. რედაქციაში მოსულს კონვერტი გადმომცეს, რომ დავხედე, მამაჩემის ხელწერა მაშინვე ვიცანი. წერილი ხელში რომ დავიჭირე, ტანში გამაჟრიალა და ცოტა ვინერვიულე.
წერილთან ერთად ფოტოც იდო, რომელზეც მე და მამა ვართ. სურათი გაგრაში, ჩვენი ჭიშკრის წინაა გადაღებული. მამაჩემი შვილიშvილებს სწერს, თუ როგორ უნდა უყვარდეთ ღმერთი, სამშობლო და მის დასაცავად მუდამ მზად უნდა იყვნენ. წერს, რომ მეექვსე შვილიშვილს ელოდება და ისიც მალე მოევლინება სამყაროს... საინტერესო და უცნაური ისაა, რომ მამას არასდროს უთქვამს, რომ წერილი ჰქონდა დაწერილი, რომელსაც 25 წლის შემდეგ მივიღებდით.
საერთოდ, ძალიან უყვარდა გაზეთი "კვირის პალიტრა" და კითხულობდა. როგორც ჩანს, გაზეთში ამ პროექტის შესახებ წაიკითხა და წერილი დაწერა, რომელიც 2000 წლის 6 იანვრითაა დათარიღებული.
- მამათქვენზე, ბატონ ალექსანდრეზე რას გვეტყვით?
- მამაჩემი გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯიდან იყო, ჯარში გერმანიაში მსახურობდა. იქიდან დაბრუნების შემდეგ გეზი გაგრისკენ აიღო და იქ დაიწყო მუშაობა. მძღოლი იყო. მთელი ცხოვრება სულ შრომობდა... 1992 წელს, სანამ აფხაზეთში კონფლიქტი დაიწყებოდა, 2 წლით ადრე მეუბნებოდა, 2 წელიწადში პენსიაზე გავალ და ჩემს სოფელში, ჭუბურხინჯში წავალ. ჩემთვის პატარა ტრაქტორს ვიყიდი და სოფელში ვიქნებიო... ეს ნატვრა სულ ჰქონდა...
მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, 25 წლის, გულში ცოტა მეცინებოდა, გაგრაში ცხოვრობს, ზღვამდე 7 წუთია, მშვიდი, კარგი ცხოვრება აქვს, რა უნდა სოფელში-მეთქი! "სოფელში მინდა წავიდე" - მისი ეს სიტყვები ახლაც ჩამესმის... მოკლედ, ამის თქმიდან 2 წელიწადში ომი დაიწყო და გაგრაში ყველაფერი დავკარგეთ... ერთი მძიმე ამბავი ისიცაა, რომ გაგრაში ჩემს სიდედრს ოჯახის 5 წევრი თვალწინ დაუხვრიტეს. დღემდე ლაპარაკია მათ გადმოსვენებაზე "წითელი ჯვარიცაა" ჩარეული, მაგრამ ამ საქმეს ჯერ შედეგი არა აქვს. მიცვალებულები ჩემმა სიდედრმა თავის ეზოში დაკრძალა.
გაგრა რომ დავკარგეთ, მოსახლეობა მთელ საქართველოში გაიშალა, ზოგი თბილისში, ზოგი სად, მამაჩემი კი თავის სოფელში დაბრუნდა. იმ პერიოდში იქ ომი არ იყო, იქ მისი ძმა, ბიძაჩემი ცხოვრობდა. მერე მცირე ფართი შევიძინეთ და მამაჩემმა სოფელში ცხოვრება ხელახლა დაიწყო. მშრომელი კაცი იყო, თხილი დარგო, უვლიდა. გავიდა ერთი წელი და ომმა იქამდეც მიაღწია - ყველაფერი მეორედ დავკარგეთ. მამას თავისი სოფლის დატოვებამაც მოუწია.
მაშინ სამი დედმამიშვილი ვიყავით - მე და ორი და (ახლა ერთი გარდამეცვალა) და მამაჩემმა ხელები ასწია, აწი, შვილებო, თქვენთვის ვერაფერს გავაკეთებო. ნერვიულობის ნიადაგზე ინსულტი სამჯერ მიიღო. როგორც ლტოლვილები, სამტრედიაში დავსახლდით, რადგან იქ მამიდაჩემი იყო გათხოვილი და მამამ წასვლა დასთან ამჯობინა. ბალნეოლოგიურ ცენტრში დავბინავდით... თუმცა მე თბილისში ვიყავი...
მამა 2004 წლის იანვარში გარდაიცვალა, თებერვალში 70 წლის ხდებოდა.
- იმედი ბოლომდე ჰქონდა, რომ აფხაზეთში დაბრუნდებოდა...
- კი, ბოლომდე ჰქონდა. წერილში ამაზეც წერს, მე ვერა, მაგრამ თქვენ მოესწრებით და ისეთ საქართველოში იცხოვრებთ, სადაც ყველაფერი გაერთიანებული იქნება და აფხაზეთი ჩვენი იქნებაო.
მოკლედ, მას მერე, რაც მამის წერილი წავიკითხე, საოცარ განცდებში ვარ... დავუძახე მის ყველა შვილიშვილს და ყველას წავაკითხე.
ალექსანდრე ძანძავას შვილიშვილები არიან თემურ მელია, გიორგი მელია, მეგი და აჩიკო ბახბაიები და ჩემი შვილები - დათო, ნატო და ნიკა ძანძავები.
- სამი შვილი გყავთ?
- კი. უფროსმა შვილმა უნივერსიტეტი თბილისში დაამთავრა და სწავლა ბრემენში გააგრძელა. გოგომაც დაამთავრა უნივერსიტეტი, ბანკში მუშაობს და ცოტა ხნის წინ გათხოვდა, ნიკა, უმცროსი შვილი, უნივერსიტეტს ამთავრებს და თან ჯარში მსახურობს.
ალექსანდრეს ერთი შვილიშვილი ექიმია, გიორგი მელია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონია. გიორგი მელიას, ჩემს დისშვილს, ვუთხარი, ალექსანდრე შენს მსოფლიო ჩემპიონობას რომ მოსწრებოდა, დღემდე ცოცხალი იქნებოდა, ისე უყვარდი-მეთქი.
მოკლედ, ამ წერილით შვილიშვილების თვალში მამაჩემი კიდევ ერთხელ ამაღლდა. საოცარი რამ გააკეთა და მოიფიქრა, მაგრამ როგორ არ გვითხრა, რომ წერილი ჰქონდა დაწერილი, ვერ ვხვდები. წლების შემდეგ საოცარი სიურპრიზი მოგვიწყო.
მოკლედ, ყველა შვილიშვილმა წაიკითხა ბაბუის წერილი, გავიხსენეთ ალექსანდრე ძანძავა, წარსული ცხოვრება, სევდა და სიხარულიც...
ამ წერილმა რელიკვიის სტატუსიც შეიძინა... მამაჩემის სახელზე სუფრა გავშალე და მოვიგონეთ... თბილისში კი ვცხოვრობთ, მაგრამ გვენატრება აფხაზეთი. სულ იმას ვამბობ, როდის გათენდება ის დღე, რომ ჩემს გაგრაში გავიღვიძო. ეს ნატვრა გვაქვს ყველას.
ალექსანრე ძანძავას წერილი:
"ჩემს საყვარელ შვილიშვილებს - თემური და გიორგი მელიებს, დათო და ნატრული ძანძავებს. საყვარელ მეგის დას თუ ძმას ბახბაიებს, რომელიც ღმერთის წყალობით, ორ-სამთვეში მოევლინება ჩვენს ოჯახს. ალექსანდრე ბაბუა გლოცავთ, გისურვებთ დღეგრძელ სიცოცხლესა და ბედნიერ, მშვიდობიან ცხოვრებას. გიყვარდეთ ღმერთი და ილოცეთ, ისაა თქვენი მფარველი. ღმერთის წყალობით მიგეღწიოთ დიდი წარმატებისთვის მთელი ერის საკეთილდღეოდ. გწამდეთ ღმერთი, ილოცეთ და დალოცეთ თქვენი ღვთის თაყვანისმცემელი ერი! გიყვარდეთ სამშობლო და ყოველთვის იყავით მზად მის დასაცავად!“