ჯადოქარი „დინამო არენაზე“ - კვირის პალიტრა

ჯადოქარი „დინამო არენაზე“

ფეხბურთი თუ გიყვარს, რა ასაკისაც არ უნდა იყო, რონალდინიოს ერთი ფინტი მაინც გექნება ნანახი. და თუ ერთს ნახავ, ვეღარც მოსწყდები - ლეგენდარულ ბრაზილიელს ტყუილად კი არ შეარქვეს „ჯადოქარი. ბევრის აზრით, რონალდუ დე ასის მორეირა, რომელსაც მსოფლიო რონალდინიოს სახელით იცნობს, ყველა დროის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია! ამაზე შეიძლება დავა, თუმცა კიდევ ვიტყვი - ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ვირტუოზი ბრაზილიელის თავბრუდამხვევი ფინტები და საფირმო ღიმილი, ვერასოდეს დაივიწყებს...

ამ საუკუნეში დაბადებულთათვის კი მოკლედ მაინც დავწერ: რონალდინიო ის ფეხბურთელია,„"ბარსელონაში" თამაშისას მადრიდის „"რეალის"“ ფანები „სანტიაგო ბერნაბეუზე“რომ წამოაყენა ფეხზე და ტაში დააკვრევინა - ფეხბურთში ამაზე რთული რა გახსენდებათ?!

ჰოდა, ბრაზილიელმა „ჯადოქარმა“ და კომპანიამ გასულ პარასკევს "დინამო არენა" გაავსეს - თბილისის მთავარმა საფეხბურთო არენამ „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩს უმასპინძლა - ვეტერანი ქართველი ფეხბურთელების ნაკრებმა (GEO11) „ბარსელონის“ ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშა! სერიის ორგანიზატორია მარკეტინგის სააგენტო შპორტს Oრიენტ, რომელიც საქართველოში კიდევ არაერთი გრანდის ჩამოყვანას გეგმავს (შეგახსენებთ, „ლეგენდების სერიის“ პირველ მატჩში ქართველმა ვეტერანებმა ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს უმასპინძლეს)...

3-1747583215.jpg

მატჩზე კი ბევრს არაფერს ვიტყვი - რონალდინიოს, ქინქლაძისა (რომელიც ტრავმის გამო გამოგვაკლდა) თუ ფენომენური ტექნიკის მქონე სხვა ვარსკვლავების თამაში „მოყოლით“ ვის გაუგონია?! მით უმეტეს, აუცილებლად ნახავდით„"დინამო არენის" ტრიბუნიდან ან ტელეეკრანზე მაინც. თამაშის მთავარი პერიპეტიები კი მაინც გავიხსენოთ. საქართველოს ნაკრები ნავალოვსკის ლამაზი გოლით დაწინაურდა, მაგრამ კატალონიელებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში, მეორე ნახევარში კი ორი უპასუხო ბურთი გაიტანეს და 3:1 გაიმარჯვეს. თუმცა ჯერ შემადგენლობები:

GEO11: ლომაია - კობახიძე, ამისულაშვილი, კალაძე, ცხადაძე, ნავალოვსკი - ხიზანიშვილი, ჯამარაული, ყენია - იაშვილი, შ. არველაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: კვასხვაძე, კვირკველია, ღუდუშაური, ნემსაძე, ცქიტიშვილი, ჰარტვიგი, გოგუა, სირაძე, დემეტრაძე (მწვრთნელი: თემურ ქეცბაია).

„ბარსელონის“ ლეგენდები: ანგოი - ნავარო, კრისტანვალი, დეუ, სერხი - ედმილსონი, დავიდსი - ლიტმანენი - ჟიული, სავიოლა, რონალდინიო.

5-1747583215.jpg

შეცვლაზე შევიდნენ: მასიპი, ოლეგერი, სორინი, მაქსველი, კოკუ, ხერარდი, სორიანო (მწვრთნელი: ალბერტ ფერერი).

ზემოთაც დავწერე, რომ პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს - ალექსანდრე იაშვილის საუცხოო პასს („იაშკამ“ სხვა ეპიზოდებშიც ძალიან კარგად ითამაშა) ნავალოვსკი ჰაერშივე მისწვდა. სხვათა შორის, მანამდე რონალდინიოს ჩინებული პასით ლიტმანენმაც გაიტანა, მაგრამ მსაჯებმა თამაშგარე მდგომარეობა დაინახეს. ანგარიში კი მაინც მალე გათანაბრდა: ისევ რონი, ნავარო და სავიოლა - არგენტინელმა ფორვარდმა საპასუხო ბურთი 35-ე წუთზე გაიტანა.

მეორე ტაიმში ლურჯ-წითლებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს: საგოლე გადაცემის ავტორმა სორიანომ რონალდინიოს პასით ამჯერად თვითონ გაიტანა, 72-ე წუთზე კი გოლით ისევ სორიანო-სავიოლას კომბინაცია დასრულდა და ეს 1:3 ტაბლოს მატჩის ბოლომდე შერჩა. ხავიერ სავიოლას ჰეთ-თრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ლომაიას შემცვლელმა კვასხვაძემ ურთულესი დარტყმის მოგერიება შეძლო...

1-1747583215.jpg

ისიც ვთქვათ, რომ ტრავმების გამო მასპინძლებმა რამდენიმე ლიდერი მოისაკლისეს (ქინქლაძე, კობიაშვილი, რევიშვილი, ცქიტიშვილი, არჩილ არველაძე და სხვ.), მოედანზე გასულთაგან ყველამ ბოლომდე იბრძოლა და ეპიზოდებში ახალგაზრდობაც გაგვახსენეს, თუმცა... მატჩის მთავარი ვარსკვლავი (დაწყებამდეც და მოედანზეც) რონალდინიო იყო! ლეგენდარულ ბრაზილიელს ტიტულები არ აკლია (2002 წლის მსოფლიო ჩემპიონსა და ოქროს ბურთის მფლობელს (2005), საკლუბო და სანაკრებო დონეზე ყველა ჯილდო აქვს მოგებული, „"ბარსელონის"“ მაისურით ჩატარებულ 207 ოფიციალურ მატჩში 94 გოლი გაიტანა, ბრაზილიის ნაკრებში - 97 თამაშში 33 გოლი), მაგრამ ეს სწორედ ის შემთხვევაა, ტიტულებსა და სტატისტიკაზე მეტად მოედანზე ნაჩვენები რომ ფასობს: 45 წლის წინ პორტუ-ალეგრიში დაბადებული ბიჭი სწორედ მწვანე მინდორზე იყო ნამდვილი „ჯადოქარი“ და ეს თბილისის მთავარ სტადიონზე აქტიური კარიერის დასრულებიდან 10 წლის შემდეგაც დაგვიდასტურა! ბუნებრივია, ძველებურად სწრაფი ვეღარ არის, მაგრამ ვირტუოზული ტექნიკა და რაც მთავარია, კლასი არასდროს იკარგება! ჰოდა, ვნახეთ კიდეც რონის სახელგანთქმული ფინტებიც, საოცარი პასებიცა და ჩვეული ღიმილიც...

„გაუჩო“ თბილისში თამაშის წინა საღამოს ჩამოფრინდა და გუნდის ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია. ბრაზილიელი არც მატჩისწინა მოთელვაზე გამოჩენილა და შევშინდით - თამაშზეც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, რამდენიმე წუთით არ „შემოირბინოსო, თუმცა... გამოვიდა მოუშორებელი ღიმილითა და ქარიზმით და მოედანზე გატარებული 80 წუთის განმავლობაში ფეხბურთით თავადაც ისიამოვნა და სტადიონზე შეკრებილმა ათასობით ქომაგმაც.

4-1747583388.jpg

სხვათა შორის, რონის სახიდან ღიმილი არც მაშინ გამქრალა, გოგიტა გოგუამ უხეში ვარდნით რომ „მოცელა. ორმაგი დამცავი ჯებირის მიუხედავად, მოედანზე შეჭრილ გულშემატკივართანაც გადაიღო ფოტო და მთლიანობაშიც სრულად გაამართლა შოუს მთავარი გმირის სტატუსი.

შესაძლოა „პენსიაზე გასვლის“ შემდეგ ჩადენილი რომელიმე (უფრო სწორად, რამდენიმე!) საქციელი დავუწუნოთ, რაღაცების გამო გავაკრიტიკოთ კიდეც, მაგრამ საფეხბურთო მოედანზე რონალდუ დე ასის მორეირა - რონალდინიო „ჯადოქარი“ იყო და 45 წლის ასაკშიც ასეთად რჩება!

„მადლობა, საქართველო!“ - სოციალურ ქსელში ნამატჩევს დაწერა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა. ჩვენი კი ლამაზი საღამოსთვის მადლობას ვეუბნებით„გაუჩოს,“სავიოლას, ლიტმანენსა და მათ ყველა თანაგუნდელს, საქართველოს ნაკრების ყველა წევრს და ცხადია, მატჩის ორგანიზატორებს! ქართველ გულშემატკივარს ბევრი ასეთი მატჩი სჭირდება!

მადლობა ვანო გორგიშვილსაც ჩინებული ფოტოებისთვის!