როგორ „გავაშავოთ“ ლუდომანი?
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

ქმართან განქორწინებული ვარ და მყავს ორი შვილი. ბავშვები არიან 5 და 7 წლის. აღებული აქვთ პასპორტები, რომლებიც მოქმედია, მაქვს ბავშვების დაბადების მოწმობები. ბავშვები საზღვარგარეთ რომ გავიყვანო, დამჭირდება თუ არა ყოფილი მეუღლის ნებართვა? ვიცი, რომ ის მინდობილობას არ მომცემს.
- როდესაც ბავშვს აქვს პასპორტი, მიიჩნევა, რომ ორივე მშობელი თანახმაა ბავშვის ქვეყნიდან გასვლაზე, შესაბამისად, როგორც წესი, მშობლის თანხმობას/მინდობილობას საზღვარზე არ ითხოვენ. ამდენად, თუ გაქვთ ბავშვების ვადიანი პასპორტები, რომელთა მოქმედების ვადა 6 თვეზე მეტია, თქვენ თავისუფლად შეძლებთ ბავშვების ქვეყნიდან გაყვანას.
შვილებთან ერთად ვცხოვრობ მშობლების ბინაში. ქმარს დაკისრებული აქვს ალიმენტი, რომელსაც ხანდახან იხდის. ვაპირებ საზღვარგარეთ წასვლას სამუშაოდ და მცირეწლოვანი შვილების დატოვებას ჩემს მშობლებთან. ხომ არ შეუძლია იჩივლოს ყოფილმა ქმარმა და წამართვას ბავშვები? შემიძლია თუ არა ბავშვებზე მეურვეობა დედაჩემს გავუკეთო?
- რადგან ბავშვები თქვენთან ცხოვრობენ და ალიმენტიც განსაზღვრულია, ითვლება, რომ ბავშვების საცხოვრებელი ადგილი თქვენი ანუ დედის საცხოვრებელი ადგილია, თუმცა თქვენს ყოფილ მეუღლეს შეუძლია ნებისმიერ დროს სარჩელის შეტანა და ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნა, ვინაიდან ბავშვის საუკეთესო ინტერესია ცხოვრობდეს და იზრდებოდეს მშობელთან ერთად. ბებიის მეურვეობაში თუ მინდობილობით მინიჭებულ უფლებამოსილებას გულისხმობთ, საკმარისი არ იქნება, თუ მამამ მოინდომა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მინდობილობა ვერ იქნება დამაბრკოლებელი გარემოება. ბებია თუ შეიტანს სარჩელს, მოპასუხეებად თქვენ და ბავშვის მამას დაგასახელებთ. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს ბებიის საცხოვრებელი ადგილით.
რამდენიმე წელი ვიცხოვრე მოძალადე ქმართან და იძულებული გავხდი წამოვსულიყავი ბინიდან, რომელიც თანაცხოვრების დროს შევიძინეთ. ამ ქონების ნახევარი მაქვს ჩემს სახელზე დარეგისტრირებული. ახლა მინდა ამ ბინის გაყიდვა და ქონების გაყოფა. ყოფილი ქმარი კატეგორიულ უარზეა. როგორ მოვიქცე? თვითონ არსად არ მუშაობს და ალიმენტსაც არ უხდის ბავშვებს.
- პირველ რიგში მნიშვნელოვანია, ალიმენტი სასამართლოს მიერ არის განსაზღვრული თუ არა. თუ არ არის განსაზღვრული, მიმართეთ სასამართლოს ალიმენტის დაკისრების მიზნით, ალიმენტის უზრუნველყოფა შესაძლებელია ასევე აღნიშნულ ბინაში ყოფილი მეუღლის წილით. ასევე, თუკი ქონება ქორწინების პერიოდშია შეძენილი, შეგიძლიათ ბავშვის წილიც მოითხოვოთ, რადგან თქვენთან ცხოვრობს. თუ ეს არ გინდათ და მხოლოდ ქონების გაყიდვა გინდათ, მაშინ თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა უნდა მოითხოვოთ სასამართლო წესით.
ვაპირებ შვილებთან ერთად ქვეყნიდან წასვლას, არა მაქვს ბავშვების პასპორტი აღებული. ყოფილი ქმარი წასულია საზღვარგარეთ და უარს ამბობს მინდობილობის გაცემაზე. როგორ შევძლო პასპორტების აღება, როცა ის არ არის ქვეყანაში. აქვს თუ არა აზრი სასამართლოში ჩივილს? ყოფილი ქმარი არაფერში მეხმარება, ალიმენტსაც არ უხდის ბავშვებს.
- მიმართეთ სასამართლოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის მოთხოვნით. ვინაიდან მამა არის საზღვარგარეთ, ეს თქვენთვის უკეთესია, ბავშვის საუკეთესო ინტერესია ცხოვრობდეს მშობლებთან ერთად. თუ იძულებული ხართ წახვიდეთ საზღვარგარეთ, ბავშვი საქართველოში ვერ დარჩება მშობლის გარეშე, რადგან მამაც წასულია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ რადგან ბავშვი თქვენთან ცხოვრობს, ბავშვიც წაიყვანოთ. ამდენად, უფრო დიდი შანსი გაქვთ, რომ სასამართლომ მას მშობლის უფლება შეუზღუდოს სასამართლოს გზით. მშობლის უფლების შეზღუდვასთან ერთად შეგიძლიათ მოითხოვოთ ალიმენტიც.
ვარ "სფერო ჰოლდინგის" დაზარალებული, არ მიბრუნებენ ჩემს კუთვნილ თანხას, არადა, ბინის საყიდლად დიდხანს ვაკოწიწებდი. კომპანიის ხელმძღვანელი არ მეკონტაქტება, გაუთავებლად მატყუებენ. მაქვს ხელშეკრულება. რა გავაკეთო, რომ თანხა დავიბრუნო? თაღლითი კომპანიაა და როგორც ვიცი, ჩემნაირად დაზარალებული უამრავი ადამიანია. შემიძლია თუ არა სამოქალაქო დავის პარალელურად თაღლითობისთვის ვუჩივლო პოლიციაში?
- მიმართეთ ადვოკატს, გააცანით თქვენსა და "სფერო ჰოლდინგს" შორის დადებული ხელშეკრულება, ვინაიდან მნიშვნელოვანია ხელშეკრულების დეტალური გაცნობა. კერძოდ, სესხი იყო თუ არა უზრუნველყოფილი, თუ იყო უზრუნველყოფილი უძრავი ქონების იპოთეკით, ასევე მნიშვნელოვანია დადგენ, თუ რომელი რიგის იპოთეკარი შეიძლება იყოთ. აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია საქმის დეტალური შესწავლა, კონკრეტული სახელშეკრულებო პირობებისა და სიტუაციის ცოდნა. პრაქტიკაში მსგავს შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ იწყება ხოლმე, თუმცა თეორიულად და სამართლებრივად, რასაც თქვენ აღნიშნავთ, კომპანიის ქმედება შეიძლება შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
მინდა ბინის შეძენა, კომპანია ცნობილია, მაგრამ მეუბნებიან, რომ დამიდებენ ხელშეკრულებას, რადგან განშლა არა აქვთ გაკეთებული. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში რეესტრში მომავალ მესაკუთრედ ვერ დავრეგისტრირდები, რამდენად სარისკოა ასეთი ბინის შეძენა და რა უნდა მოვთხოვო კომპანიას, რომ დაცული ვიყო? ახლობელმა მირჩია წინარე ხელშეკრულების რეგისტრაცია, კომპანია კი უარზეა.
- აუცილებლად უნდა გაკეთდეს განშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ აღირიცხებით წინასწარ მესაკუთრედ. განშლის გარეშე არ გირჩევთ აღნიშნული ბინის შეძენას, რადგან არანაირი გარანტია არ გექნებათ, რომ ბინა თქვენს სახელზე დარეგისტრირდება.
ბანკში მაქვს აღებული სამომხმარებლო სესხი, რომელსაც ვიხდიდი 2 წელზე მეტხანს. სამსახურიდან მომიწია წამოსვლამ და ბანკმა რეკონსტრუქციაზე უარი მითხრა. მხოლოდ იმ შემთხვევაში გამიკეთებენ რეკონსტრუქციას, თუ რამდენიმე თვეს გადავიხდი. უზრუნველსაყოფად არ არის არაფერი ჩადებული, ჩემს სახელზე ქონებაც არ არის, თავდებიც არ მყავს რომ აღარ გადავიხადო, რა მოხდება, რადგან ძალიან დიდ პროცენტებზეა ასული. სამი წლის შემდეგ შევძლებ ხანდაზმულობის გამო სასამართლოში სარჩელის შეტანას და ამის განულებას?.
- შესაძლოა ბანკმა მიმართოს სასამართლოს აღნიშნული სესხის თანხის დაკისრების მოთხოვნით, თუ თქვენს სახელზე არაფერი არ ირიცხება, მაშინ ვერ მოხდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, თუმცა იძულებითი აღსრულების ფარგლებში მოვალეთა სიაში 10 წელი იქნებით, რაც შეიძლება დისკომფორტი იყოს, რადგან თქვენს ანგარიშებს დაედება ყადაღა. ასევე, თუ რაიმე ნივთი აღირიცხება თქვენს სახელზე, იმასაც დაედება ყადაღა. თუ ბანკმა არ შეიტანა სარჩელი, ბოლო გადახდიდან 3 წლის მერე შეგიძლიათ მოითხოვოთ სესხის ხანდაზმულობა.
მაქვს სესხი აღებული, რომელსაც ვიხდიდი, მაგრამ შემექმნა ჯანმრთელობის სერიოზული პობლემები, წამოვედი საფრანგეთში და ჩავბარდი. ახლა აქ ვმკურნალობ და ამის გამო სესხს ვერ ვიხდი. ჩემს სახელზე არაფერია რეგისტრირებული. ჩაწერილი ვარ მშობლების სახლში და მათ ხომ არ შევუქმნი პრობლემას? შეიძლება ბანკმა გაყიდოს ის ქონება?
- სესხის ბოლო გადახდიდან თუ არის გასული 3 წელზე მეტი, შეგიძლიათ მინდობილი პირის მეშვეობით შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში ხანდაზმულობაზე. თუ თავად გამსესხებელმა შეიტანა სარჩელი, ის ფოსტით მოგივათ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. უმჯობესია სარჩელი ჩაიბაროს თქვენმა ოჯახის წევრმა, რათა არ გამოვიდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თქვენ მიმართ და წარადგინეთ შესაგებელიც სასამართლოში. თუ უკვე არსებობს თქვენ მიმართ გადაწყვეტილება, აღსრულების ფარგლებში ვერ გაასხვისებენ მშობლების ქონებას, თუ მხოლოდ ჩაწერილი ბრძანდებით აღნიშნულ მისამართზე.
არა მაქვს დევნილის სტატუსი და არა ვარ სოციალურად დაუცველი. იყიდება დევნილებით შესახლებულ კორპუსში ბინა, რომელიც გამყიდველის სახელზე არ არის ოფიციალურად გაფორმებული. ასეთი ბინის გადაფორმებას რეესტრში შევძლებ?
- საჯარო რეესტრში ნასყიდობის ხელშეკრულებით რეგისტრაციას ექვემდებარება ქონება, რომელიც უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. ქონების გაყიდვა შეუძლია მესაკუთრეს, რომელსაც აქვს რეგისტრირებული საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში. შესაბამისად, თუ იყიდით გადაუფორმებელ ბინას პირისგან, რომელიც არ არის მესაკუთრე, თქვენ არანაირი უფლება ამ უძრავ ქონებაზე არ წარმოგეშვებათ, რადგან ბინას არ ყიდულობთ უშუალოდ მესაკუთრისგან.
მანქანის მართვა აკრძალული მაქვს 1 წლით, გასულია 5 თვე, შემიძლია თუ არა შეწყალებაზე დავწერო განცხადება?
- მნიშვნელოვანია, თუ რა საფუძვლით ჩამოგერთვათ მართვის უფლება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია მართვის უფლების ჩამორთმევის შეცვლა ჯარიმით. განცხადებით უნდა მიმართოთ მომსახურების სააგენტოს.
დაახლოებით 7 წელია კარის მეზობელი გადამეკიდა გაურკვეველი მიზეზით და სადაც შეგვხვდება მე და ჩემი ოჯახის წევრებს, გვლანძღავს, გვწყევლის და საშინელი სიტყვებით მოგვმართავს, რამდენჯერმე გამოვიძახე პატრული, მაგრამ კარი არ გაუღო. დავწერე საჩივარი, მაგრამ პოლიცია რეაგირებას არ ახდენს. როგორ მოვიქცე? მეშინია მდგომარეობიდან არ გამოიყვანოს ჩემი ოჯახის წევრები და ფიზიკურად არ შეეხონ.
- მეზობლის მხრიდან შეურაცხყოფის ან რაიმე სახის არამართლზომიერი ქმედებისას ეცადეთ ქმედება ასახოთ ვიდეო/აუდიოსახით. ასევე, გამოიძახეთ საპატრულო პოლიცია და გამოაცემინეთ შემაკავებელი ორდერი. თუ მეზობლის არამართლზომიერ ქმედებას ექნება სისტემატური ხასიათი, შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი საქმეც აღიძრას.
პირის ნასამართლობაზე ინფორმაციის მოძიებას სად შევძლებ და რამდენად შესაძლებელია ეს ინფორმაცია მიაწოდონ უცხო პირს?
- ნასამართლეობის ცნობის აღება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოში, სადაც მომსახურება ფასიანია. აღნიშნული ინფორმაცია პერსონალური მონაცემია, შესაბამისად, მესამე პირზე არ გაიცემა პირის თანხმობის გარეშე. მესამე პირზე ცნობა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულმა პირმა წარმოადგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, დაინტერესებული პირის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა ან მინდობილობა.
ძალიან გთხოვთ იქნებ დამეხმაროთ. როგორ დავუბლოკო აზარტული თამაშები ჩემს ნათესავს ისე, რომ ვერ გაიგოს? დაღუპვის ზღვარზეა, იმდენ ფულს აგებს.
- დამოკიდებულ პირთა სიაში მოხვედრის რამდენიმე გზა არსებობს: თავად ამ პირის განაცხადი ან სასამართლო ბრძანება. განაცხადის წარდგენა საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ფინანსთა სამინისტროში. ხოლო თქვენს შემთხვევაში უნდა მიმართოთ სასამართლოს პირის სიაში შესაყვანად. დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შეყვანა ხდება 5 წლის ვადით. აქვე გეტყვით, რომ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ 25 წლამდე ახალგაზრდებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, როგორც აღვნიშნე, იმ პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით; ასევე მათ, ვინც მოხვდება ამ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. ამიტომ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს. მტკიცებულება თუ იქნება, აუკრძალავენ, მაგრამ მას შეუძლია ამ გადაწყვეტილების ერთჯერადად გასაჩივრება აპელაციაში.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები