ამაღამ პუტინი „დიდ“ რაკეტას უშვებს... ტრამპის დარეკვამდე... - კვირის პალიტრა

ამაღამ პუტინი „დიდ“ რაკეტას უშვებს... ტრამპის დარეკვამდე...

რუსეთ-უკრაინას შორის სტამბოლის მოლაპარაკებების თითქმის უშედეგოდ (თუ არ ჩავთვლით ათას-ათასი სამხედრო ტყვეს გაცვლაზე შეთანხმებას) ჩამთავრების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა თავის ჩვეულ სტილში დაიქადნა - ისევ მე თვითონ თუ არ დაველაპარაკე პირადად პუტინს, ომი არ შეწყდებაო და ორშაბათს, 19 მაისს აპირებს სატელეფონო ზარების განხორციელებას ჯერ რუსეთის, ხოლო შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტებთან...

1-pak-1747588078.png
პუტინს „რაკეტებით თამაში“ დასავლეთის ნერვებზე აქამდე გამოსდიოდა...

ძნელი სათქმელია, უბრალო დამთხვევაა თუ კრემლში კარგად მოფიქრებული სვლა, მაგრამ ტრამპის სატელეფონო ზარამდე, პუტინის ბრძანებით რუსეთი ამაღამ ანუ 18-19 მაისის ღამეს თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეიარაღების დემონსტრციას აპირებს, კერძოდ განხორციელდება РС-24 "Ярс"-ის ტიპის საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტის სასწავლო-საბრძოლო სტარტი... უკრაინული მხარე ხაზს უსვამს, რომ ტრამპი-პუტინისა და ტრამპი-ზელენსკის სატელეფონო საუბრების წინ, რუსეთის მთავარი ბირთვული შემტევი შეიარაღების დემონსტრაციული გამოცდა, სხვა არაფერია, თუ არა კრემლის მხრიდან დაშინების მცდელობა,როგორც უკრაინის,ისე შეიძლება თვით აშშ-ებისაც კი...

ამის მტკიცების საფუძველს კი ის ფაქტი იძლევა, რომ РС-24 "Ярс"-ის ტიპის საკონტინენტშორისო ბალისტიკური რაკეტა 11-12 ათას კმ-მდე მიფრინავს და ისინი სწორედ ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე არიან დამიზნებული, ხოლო უკრაინაზე მათი მიმართვა რუსეთის შუაგულიდან, ტექნიკურადაც კი ურთუელესია, თუ საერთოდ შეუძლებელიც არა...

2-pak-1747588078.jpg
სამხედრო აღლუმებზე კრემლის წინ РС-24 "Ярс"-ების საზეიმოდ ჩატარება პუტინის საყვარელ „გართობად“ იქცა, ამაღამ კი მის გაშვებასაც მოინდომებს...

საქმე ის არის, რომ РС-24 "Ярс"-ის სტარტი იგეგმება რუსეთის სვერდლოვსკის ოლქის „სვობოდნის“ დასახლებული პუნქტიდან, სადაც ბაზირებს რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების 31-ე სარაკეტო არმიის 42-ე დივიზიის 433-ე პოლკი და სტარტის ადგილიდან უკრაინის საზღვრამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 1 600 კმ-მდეა-რვაჯერ უფრო შორს მფრენი 46 ტონიანი „იარსისთვის“ ფრენის მანძილის ასე მკვეთრი შემცირება მოითხოვს ურთულეს ბალისტიკურ ტრაექტორიაზე მოძრაობას...

საგულისხმოა, რომ РС-24 "Ярс"-ი სხვა არაფერია თუ არა РТ-2ПМ2 «То́поль-М»-ის მოდიფიკაცია, თავის მხრივ კი ეს უკანასკნელიც РТ-2ПМ «То́поль»-ის გაუმჯობესებულ ვარიანტს წარმოადგენდა და პირველი „ტოპოლის“ შემქნელი ჩვენი თანამემამულე ალექსანდერე ნადირაძე გახლდათ...

ისტორია ძალიან უცნაურად მეორდება...

1977 წლიდან საბჭოთა კავშირმა ბრეჟნევის ბრძანებით აღმოსავლეთ ევროპაში დაიწყო სწორედ ალექსანდრე ნადირაძის მიერ შექმნილი РСД-10 «Пионер»-ის ტიპის საშუალო სიშორის ბირთვულქობინიანი მობილური სარაკეტო სისტემების განთავსება, რომლის 37 ტონიან ბალისტიკურ რაკეტას 5 000 კმ-ზე უფრო შორს ერთი მეგატონის სიმძლავრის თერმობირთვული მუხტის გადატანა შეეძლო, რის გამოც ნატომ ნადირაძის რაკეტებს „ევროპის რისხვა“ შეარქვეს, რადგან ნადირაძის „პიონერები“ მთელ ევროპას „ფარავდნენ“...

მას შემდეგ გადის თითქმის ნახევარი საუკუნე და კრემლის მორიგი მხცოვანი ბინადარი-პუტინი ევროპას და ჩრდილოეთ ამერიკას ამჯერად ბირთვულქობინიანი „იარსებით“ ემუქრება, რომლის წინამორბედი „ტოპოლის“ შემქნელი ასევე ალექსანდრე ნადირაძე გახლდათ...

ნადირაძის ბირთვულქობინიანი რაკეტებით გორბაჩოვს რეიგანის საბოლოო დაშინება არ გამოუვიდა, რასაც საბჭოთა კავშირის ჩამოშლა მოჰყვა, იმედია არც პუტინს გამოუვა ტრამპის დაშანტაჟება ნადირაძის „ტოპოლების“ მემკვიდრე „იარსებით“, წინააღმდეგ შემთხვევაში დასავლეთი მუდამ დარჩება რუსეთის ბირთვული იარაღით დაშინებული...