„ვაშა-ა-ა-ა! სავარძლები მოიტანეს, ჩვენ ჩვენი თეატრი გვაქვს“
ყოველთვის უკმაყოფილო იყო საკუთარი სპექტაკლებით. უკვე სიბერეში ძალიან დარდობდა, ახლა გამოცდილებაც მაქვს და ცოდნაც, მაგრამ ძალა აღარ მყოფნის საქმე ვაკეთოო. მას მარტივი ცხოვრება არ ჰქონია, იბრძოდა ომში, ადრე გარდაეცვალა პირველი ცოლი, მუდმივად ძიებაში იყო და მუდმივად უნდა დაეცვა და გაეტანა ის, რისიც თავად სჯეროდა. თუკი დღეს მსახიობთა სკოლა არსებობს, თუმანიშვილის დამსახურებაა.
"ყველა მის სტუდენტს ჩვენი მიშა გვყავს"
დავით საყვარელიძე, რეჟისორი: - 90-იან წლებში, ომის და პოლიტიკური დებატების პერიოდში, როცა შუქი არ იყო და ნავთქურებთან ვისხედით, გვეუბნებოდა, ნუ მიაქცევთ ამ ყველაფერს ყურადღებას, ჩვენ ჩვენი კერია გვაქვს, ჩვენ აქ უნდა ვილოცოთ, ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთო. მან გვასწავლა ხელობა, რომელიც მსახიობმა უნდა იცოდეს. გვასწავლიდა, რომ უნდა შეეწირო ამ საქმეს, გასცე და უკან არაფერს ელოდო. ყველა მის სტუდენტს ჩვენი მიშა გვყავს. რაღაცას რომ ვაკეთებთ, მხარზე გვაზის, ყურში გვიჩურჩულებს: "აბა, მეტი არ მოგივიდეს, ნამდვილი იყავი, ნუ ითვალთმაქცებ, თავში ნუ აგივარდება, არავინაა ვარსკვლავი, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ". დღევანდელ ქართულ თეატრში თუკი რამე კარგია და მოგვწონს, თუმანიშვილის დამსახურებაა. მისი დამსახურებაა ამ თეატრის, როგორც კვლევების თეატრის, შექმნა; მისი დამსახურებაა ცოდნისა და განათლების შეტანა თეატრალურ უნივერსიტეტში, რადგან მანამდე სწავლების მეთოდი ასე ჩამოყალიბებული არ იყო.
ბატონი მიშა ყოველდღე მეცხადება, როგორც კი მარტო დავრჩები მასალასთან, მეხმარება. ის რაღაცები, რაც მან მოასწრო და მასწავლა, როგორ გამომდის, არ ვიცი, ამას ქართველი მაყურებელი განსაზღვრავს. თეატრის ანბანი მან მასწავლა და იმ გზაზე დამაყენა, რისთვისაც მოვედი თეატრალურ სამყაროში. იმდენად საინტერესო იყო მასთან ყოფნა, როცა დავამთავრეთ სწავლა, არ გვინდოდა დაშორება. სულ ახლის ძიებაში ვიყავით და ეს მხოლოდ თეატრალურ სამყაროს არ ეხებოდა. მასთან ცხოვრებასაც სწავლობდი. იყო საკმაოდ მკაცრი, შეცდომის დაშვების უფლებას არ მაძლევდა, რამაც ერთგვარად გადამარჩინა კიდეც 90-იან წლებში. მე და ჩემი კურსელები ერთად ვისხედით მასთან რეპეტიციებზე. მახსოვს, გვიამბობდა, რა პირობებში უწევდა მეცადინეობა ომის დროს, როგორ ჩამოაფარებდნენ ხოლმე ფარდას, გარედან შუქი რომ არ დაენახათ... ერთხელ გვითხრა, ალბათ, ახლა ფიქრობთ, რასაც მე გეუბნებით, ზედმეტია და არაა საჭირო, მაგრამ მოვა დრო, ეს დარიგებები ყველაზე მნიშვნელოვანი გახდება თქვენთვისო. გავიდა დიდი დრო და დღეს უკვე ვხვდები, რომ სწორედ მან რაც ჩადო ჩვენში, ის გვადგება ახლა ცხოვრებაში.
11-ში გარდაიცვალა და იცით, ყოველ 11 მაისს წვიმს, როგორც მის სპექტაკლში "ჩემი პატარა ქალაქი".
რუსუდან ბოლქვაძე, მსახიობი: - 9 მაისი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო. არაფრით არ გააცდენდა რეპეტიციას, როგორი ყინვაც არ უნდა ყოფილიყო... როცა შვილიშვილი შეეძინა, მაშინაც არ გაუცდენია. ერთადერთი დღე, როცა რეპეტიცია არ გვქონდა, 9 მაისი იყო. დაიდგამდა ხოლმე კონიაკს თავისი ფრონტის მეგობრებთან ერთად და იხსენებდნენ ომის დღეებს. მახსოვს ბოლო 9 მაისი, როცა ვესაუბრე... მითხრა, აი, ახლა გავაცილე ჩემი მეგობარი, ერთი დამრჩა მხოლოდო, და მადლობა გადამიხადა. მე მივულოცე ეს დღე, ბატონო მიშა, მალე გელოდებით ისევ რეპეტიციაზე-მეთქი. მერე ლიკამ, მისმა ქალიშვილმა მითხრა, შენ რომ დაკიდე ყურმილი, 15 წუთში დაემართა შეტევა და საავადმყოფოში გადავიყვანეთო... 11-ში გარდაიცვალა და იცით, ყოველ 11 მაისს წვიმს, როგორც მის სპექტაკლში "ჩემი პატარა ქალაქი".
მას შემდეგ ყოველ 11 მაისს მისივე დაარსებულ თეატრში ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
"უნდა ისწრაფოდე მთავარისკენ, რისი გულისთვისაც გამოდიხარ სცენაზე, რისი გულისთვისაც ხარ ამ ჩვენი სამარცხვინო საქმით დაკავებული"
მიშა თუმანიშვილმა ქალიშვილს, ლიკა თუმანიშვილს, ყველაზე ძვირფასი რამ, საკუთარი ცხოვრება, ჩანაწერები დაუტოვა. ლიკა თუმანიშვილი იხსენებს, რომ ის არასდროს ისვენებდა, ოთახში ჩაკეტილიც კი სულ ფიქრობდა, წერდა, კითხულობდა, თავში სულ მიზანსცენები უტრიალებდა. მასთან ერთად ბევრს სეირნობდა, უყვარდა ძველი თბილისი, ვერაზე თითქმის ყველა სახლი, ყველა აივანი ზეპირად იცოდა, სეირნობის დროსაც აკვირდებოდა, ეძებდა ტიპაჟებს, ქცევებს, ხასიათებს და შემდეგ სცენაზე გადაჰქონდა.
"შინ მარტო ვარ. სტუდიაში დღეს უქმეა. გაბმულად ჭიკჭიკებენ ჩვენი ჩიტები, სიმღერად არიან ქცეულნი, მთელ ბინაში დაფრინავენ, გეგონება, თავიანთი ბინა იყოს, ერთმანეთს დასდევენ.
რატომ მღერის ჩიტი?
რატომ წერს ადამიანი ლექსს?
რატომ თამაშობს მსახიობი სპექტაკლს?
იმიტომ, რომ გამოხატოს თავისი აღტაცება სიცოცხლით. ის ხომ მშვენიერია!
სიცოცხლე ბედნიერებაა! ბედნიერია ამქვეყნად მოსული, მაგრამ ეს არ უწყის.
ჩიტმა კი იცის. მას არანაირი კომპლექსი არ აწუხებს. აი, ლოჯიაში მზემ შემოანათა და ჩიტიც ტრელებად დაიღვარა, მისი მეგობარიც შეეხმიანა. სცენაზე იმისთვის უნდა ითამაშო, რომ სიცოცხლის მიმართ შენი აღტაცება გამოხატო, სიხარული შენი არსებობის გამო, მყოფობის ბედნიერება!
ყოველ ჯერზე, სცენაზე კვდომისას, მყოფობის, არსებობის სიხარული დაბადო.
რა ბედნიერებაა - ყოფნა!
ქუჩაში კაცი მიდის. კოჭლობს. სიარული უჭირს. გაქცევა რომ შესძლებოდა მასზე ბედნიერი, ალბათ, არავინ იქნებოდა. ჩვენ შეგვიძლია ვირბინოთ, ვწეროთ, ვხატოთ, ვითამაშოთ, დავინახოთ, გავიგონოთ, შეგვიძლია სიყვარული, სუნთქვა - ბოლოს და ბოლოს, და რატომღაც, არ მივიჩნევთ თავს ბედნიერად.
ჩიტი კი მღერის და ამით გამოხატავს თავის სიხარულს, იმ სასიამოვნო მღელვარებას, მის გულსა და სულს რომ ავსებს. რა უნდა ვიღონოთ იმისთვის, რომ მაყურებელთა დარბაზიც ჩიტსავით მღელვარებდეს?!
სცენაზე, სპექტაკლის დროს, სულ უნდა გქონდეს იმის შეგრძნება, რომ ადამიანებს შენი ცხოვრების, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის შესახებ მოთხრობებს უამბობ. ცხოვრების გამჭოლი ხაზი უნდა ითამაშო, გმირთა ქცევებითა და განცდებით თხრობა.
და მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოვა სპექტაკლი კარგი.
ქცევით თხრობა მსახიობის შესრულებას მტვრის ტილოსავით ჩამოაცილებს მსახიობური ოინების და "ხრიკების" წლობით დადებულ მტვერს. უნდა ისწრაფოდე მთავარისკენ, რისი გულისთვისაც გამოდიხარ სცენაზე, რისი გულისთვისაც ხარ ამ ჩვენი სამარცხვინო საქმით დაკავებული".
მიხეილ თუმანიშვილმა ცხოვრების რაღაც ეტაპზე გადაწყვიტა და თეატრიდან წავიდა. მთელი თავისი შესაძლებლობები თეატრალურ ინსტიტუტსა და ტელევიზიას მიუძღვნა, შემდეგ კი მისი ოცნება ახდა: ჯერ კინოსტუდიის სახელოსნო და შემდეგ კინომსახიობთა თეატრი. "ვაშა-ა-ა-ა! სავარძლები მოიტანეს. ჩვენ ჩვენი თეატრი გვაქვს. მალე, სულ მალე გაიხსნება ჩემი თეატრი! როგორი იქნება, ნეტავ?" როგორც დედა ელოდება მის სხეულში მცხოვრები პატარა არსების დაბადებას, ისე ელოდა მაესტრო ყოველი სპექტაკლის დადგმას.
ლიკა სინანულით იხსენებს: მამა ამბობდა, გაცილებით ხშირად ვდგამდი იმას, რაც თეატრს სჭირდებოდა და რაც ძალიან მინდოდა, სულ რამდენჯერმე მაქვს დადგმულიო...“
ლიკას აკრძალული ჰქონდა მამისგან რეპეტიციებზე დასწრება, შემდეგ კი გული სტკიოდა, როდესაც სხვებისგან იგებდა, რომ რეპეტიციას ესწრებოდნენ, მაგრამ მამის თხოვნას წინ ვერ აღუდგა, რეპეტიციაზე შეპარვა აზრადაც კი არ მოსვლია. ის, რასაც ყოველთვის აუცილებლად ესწრებოდა, პრემიერა იყო. მიშა ვერ იტანდა სცენაზე გასვლას, ზედმეტ აჟიოტაჟს, პრემიერის წინ ასე ამბობდა: "ეს სამი დღე გადამატანინა, მეტი არაფერი მინდა". სადაც უნდა მჯდარიყო ლიკა, სცენაზე მდგარი დაპატარავებული დიდი რეჟისორი შვილს თვალებით ყოველთვის პოულობდა. ის რამდენიმე წუთი მხოლოდ ლიკას უყურებდა. მერე ისე გაძვრებოდა სცენიდან, ვერავინ ამჩნევდა.
შეინ ლიმ, მიშა თუმანიშვილის წიგნი "სანამ რეპეტიცია დაიწყება" ჩინურ ენაზე თარგმნა:
"1990 წელს, ოცდათხუთმეტი წლის წინ, ფოლჯერის შექსპირის ბიბლიოთეკის პოსტდოქტორანტი ვიყავი ვაშინგტონში. ერთ საღამოს დახურულ თეატრში, რომელიც მუზეუმთან იყო, დავესწარი სპექტაკლს „"დონ ჟუანი", პიესას, რომელზეც მეგონა, რომ კარგად ვიცოდი. იმ დროისთვის უკვე რვა წელი იყო, რაც თეატრს ვიკვლევდი დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, მაგრამ იმ ღამეს შეძრწუნებული ვიყავი. სპექტაკლმა მოიტანა ესთეტიკური ენთუზიაზმი, რომელიც მანამდე არსად შემხვედრია, შემოგვთავაზა თეატრის ხედვა, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი, და აჩვენა სამსახიობო დონე, რომელიც არასდროს მინახავს. სპექტაკლის რეჟისორი იყო მიხეილ თუმანიშვილი. იმ დღიდან ამ რეჟისორისა და თეატრის სახელი ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. წლების განმავლობაში კოლეგებთან ხშირად ვსაუბრობდი ამ ჯადოსნურ სპექტაკლზე. ოცდაერთი წლის შემდეგ მომეცა საშუალება ჩამოვსულიყავი თბილისში და დავსწრებოდი ქართული თეატრის შოუქეისს. ეს იყო ბრწყინვალე გამოცდილება. ჩემი ვიზიტის დროს თბილად მიმასპინძლა პროფესორმა ხეთაგურმა - განათლებულმა მეცნიერმა და საიმედო კოლეგამ. მან გამაცნო პროფესორ თუმანიშვილის არაჩვეულებრივი მიღწევები და ჩემდა გასაოცრად მითხრა, რომ რეჟისორმა დაწერა საეტაპო წიგნი თავისი რეჟისორული მეთოდის შესახებ. ამ ამბავმა აღმაფრთოვანა. მომდევნო წლებში ჩვენ გულმოდგინედ ვეძებდით კვალიფიციურ მთარგმნელს. ეს არ იყო იოლი საქმე: მთარგმნელს სჭირდებოდა არა მხოლოდ ენის, არამედ თეატრის ისტორიისა და თეორიის საფუძვლიანი ცოდნა. საბოლოოდ ვიპოვეთ მთარგმნელი ადეკვატური ენობრივი ცოდნით, თუმცა მას საკმარისად არ ესმოდა თეატრი. ამან უზარმაზარი გამოწვევები გააჩინა თარგმანის რედაქტირებისას. საბოლოოდ, მე და ჩემმა კოლეგამ, პროფესორმა ჰუანგ ჯუემ თავად ავიღეთ პასუხისმგებლობა. ათი თვე დღეში ოთხ საათს ვმუშაობდით და სტრიქონ-სტრიქონ ვხვეწდით თარგმანს. ბოლოს, ათი წლის შემდეგ, ჩინურმა თეატრმა გამოსცა წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ შეგვიძლია დავითვალოთ შედეგი, რომელიც ამ წიგნმა დადო, მაინც შეგვიძლია ამაყად გავუზიაროთ ჩვენს ქართველ კოლეგებს, რომ ის ხელახლა დაიბეჭდა პირველივე წელს - ეს უკიდურესად იშვიათი მიღწევაა ამ ტიპის თარგმნილი ნაწარმოებისთვის. ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად კარგად მიიღეს ის ჩინური თეატრის პრაქტიკოსებმა. როგორც ვიცი, წიგნი მოიწონეს დრამის ცენტრალური აკადემიისა და სხვა უნივერსიტეტების პროფესორებმა, ისევე როგორც ბევრმა აქტიურმა ახალგაზრდა და გამოცდილმა რეჟისორმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. თითოეული მათგანისთვის ღრმად შთამაგონებელი და გამოსადეგი აღმოჩნდა. ჩვენ გვჯერა, რომ ის იქნება ბრძენი მენტორი და სანდო მეგზური ჩინელი თეატრის არტისტებისთვისა და მეცნიერებისთვის მათი შემოქმედების, ძიებისა და თეატრის უზარმაზარი სამყაროს კვლევის გზაზე".
რუსუდან შაიშმელაშვილი