„ჩემი ყველა მარშრუტი საბოლოოდ მაინც საქართველოში მთავრდება“
სულ რამდენიმე წელია, რაც გიორგი მახარაშვილმა დაიწყო მოგზაურობა. ამბობს, რომ ბევრ ქვეყანაში ყოფილა, თუმცა თავს ეგვიპტის გურუს უწოდებს. ამიტომ ჩვენი საუბარიც მისი ეგვიპტური შთაბეჭდილებებით დავიწყეთ.
- ძალიან გვიან ასაკში დავიწყე მოგზაურობა ქვეყანაში და მის გარეთაც. ეს მოხდა მაშინ, როდესაც სარესტორნო ბიზნესი მივატოვე. მას შემდეგ გადავეშვი ტურიზმში. ჩემი პირველი გასვლითი ტური საბერძნეთი იყო... ძალიან იცის შეჩვევა ფრენამ, სიახლეებმა... აზიური ქვეყნები უფრო მომწონს, ვიდრე ევროპული. აბსოლუტურად განსხვავებული კულტურაა; ხალხი, საკვები, ტრადიციები, არქიტექტურა ჩემთან უფრო ახლოსაა. განსაკუთრებით გადარეული ვარ არაბულ ქვეყნებზე, უდაბნოზე, მის ხრიოკზე, უძველეს ცივილიზაციებზე და თუ მკითხავთ, რომელია ჩემი საყვარელი ქვეყანა, სადაც არ მომბეზრდება მოგზაურობა, ეგვიპტეს დაგისახელებთ, იმიტომ, რომ ამოუწურავია. რამდენჯერაც არ უნდა ჩახვიდე, ყოველ ჯერზე გაოცებს. აქ უძველესი ცივილიზაციაა და მსოფლიოს საოცრებებიდან ერთ-ერთია შემორჩენილი - პირამიდები. გარდა ამისა, ეგვიპტეს დასვენების უდიდესი რესურსი აქვს. იქ ძალიან ბევრი რეზორტული ტიპის სასტუმროა, მაღალი კატეგორიის, სადაც შეგიძლია კომფორტულად დაისვენო და ზუსტად 30 წუთში ლაქშერი-დასვენებიდან წახვიდე უდაბნოში, ბედუინებთან ნაკვერჩხალზე დაბრაწული პური ჭამო, მათი ჩაი დალიო, აქლემებით გაისეირნო, მოსწყდე ცივილიზაციას.
- ტროპიკულ ქვეყნებში თუთიყუშები რომ მინახავს, ისეთი ფერად-ფერადი თევზები დაცურავენ წითელ ზღვაში, დეკორაციებს უფრო ჰგვანან, ვიდრე რეალურს.
- ხშირად შევსწრებივარ ამ სილამაზით მოხიბლული ტურისტების თევზებთან თამაშს. მკითხველს ვურჩევ, ნუ ითამაშებენ, რადგან ზოგიერთი შხამიანია. ყველა სასტუმროში გამოკრულია ბანერი, რომელიც განმარტავს, თუ რომელ თევზებს არ უნდა გაეკაროთ.
ერთ-ერთი გამორჩეული წყალქვეშა სამყარო აქვს წითელ ზღვას, რომელსაც ვერც ერთი ვერ შეედრება დაივინგში.
ჩემი საყვარელი ადგილებიდან რას-მუჰამედის ნაკრძალს გამოვყოფდი, რომელიც შარმ-ელ-შეიხს ესაზღვრება. ეს ნაკრძალი ერთ-ერთ თვალწარმტაც ადგილად ითვლება მთელ წითელ ზღვაში, მისი სამხრეთი ნაწილი კი მსოფლიოში ათი საუკეთესო პლაჟიდან ერთ-ერთია დაივინგისთვის. წყლის ქვეშ უზარმაზარი მარჯნის კედელია რამდენიმე რიფისგან, სადაც ბევრი იშვიათი არსება ბინადრობს, მათ შორის დუგონები.
ეგვიპტეში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია ბაზარი. ვისაც ვაჭრობა უყვარს და ამისგან იღებს სიამოვნებას, თურქეთის შემდეგ, ალბათ, ეგვიპტე ის ქვეყანაა, რომლის ბაზარიც აუცილებლად უნდა ნახოთ. იმდენად აზარტულია ვაჭრობა, რომ 1 საათიც გავჩერებულვარ მაღაზიაში, მანამ ჩემი ფასით არ გამოვსულვარ.
- შეიძლება შევაჭრება 100 დოლარით დაიწყოთ და სადამდე ჩამოდიან ბოლოს?
- 20-ზეც ჩამომიყვანია. ვინც აპირებთ ეგვიპტეში გამგზავრებას, იცოდეთ, რომ ძალიან უყვართ შევაჭრება. ბაზარში აუცილებლად უნდა შეიძინოთ თავის მოვლის საშუალებები, მათ შორის სურნელოვანი ზეთები, სხვადასხვა სამკურნალო ჩაი, ნატურალური ქვები, ძალიან უნდა მოინდომო რომ იქ ყალბ (ხელოვნურ) ქვას წააწყდე.

- სამზარეულო როგორი აქვთ?
- მრავალფეროვანი, ხორცპროდუქტებით მდიდარი, ცხიმიანი და ბევრი სანელებლით შეკაზმული, განსაკუთრებით რეჰანი უყვართ, ყველა კერძში მთავარი ინგრედიენტია, რაც დიდად არ მომწონს. ეგვიპტეში აუცილებლად უნდა ეწვიოთ ბედუინებსაც, რომლებიც საოცრად წვავენ ქათამს მაყალზე.
- ხალხი როგორია?
- უკვე ზეპირად ვიცი, როდის მატყუებენ და როდის სასარგებლო რჩევას მაძლევენ. ისე, სტუმართმოყვარე ხალხია, ცოტა დაჩაგრულები და ძალიან კეთილები, მაგრამ იმდენად ღარიბები, რომ ყველაფრიდან ცდილობენ ფულის გაკეთებას.
საოცარია ტუტანჰამონის სამარხის მუზეუმი, სადაც 150-მდე ექსპონატს ნახავთ. იქ გამოფენილია სამარხში მოპოვებული ნივთების ასლები, რომლებიც არ განსხვავდება ორიგინალისგან, ამიტომ მათი შეხება და ფოტოგადაღება შეიძლება.
- დამსვენებლებს როგორ ექცევიან?
- საამიროებისგან განსხვავებით, ეგვიპტეში დამსვენებლებისთვის არ არსებობს შეზღუდვები, ტურიზმის პოლიცია იცავს ტურისტებს.
- მოძრაობის წესები, საცობები ასატანია?
- ძალიან ცოტა მანქანა დადის, რადგან ძალიან ძვირია. საწვავი უიაფესია, ჩვენ ფულზე ლიტრი დაახლოებით 60 თეთრი ღირს, მაგრამ მანქანის ფასები ჩვენთან თუ 4 ათასი ღირს, იქ 40 ათასი დოლარიდან იწყება. გზები სუპერმოწესრიგებულია. თუ წახვალთ, მაგალითად, კაიროში, ვერ ნახავთ შუქნიშანს, იმის მიუხედავად, რომ ამ ქალაქში 22 მილიონზე მეტი კაცი ცხოვრობს, ვერც ზებრა-გადასასვლელს დაინახავთ. გზაზე გადასვლა თუ გინდა, ხელი უნდა ასწიო.

- და უსაფრთხოდ გადახვალ?
- ვერ დაგპირდებით, რომ ვინმე გიჟი არ გამოვარდება... მაგრამ კაიროში მაინც არ ვურჩევდი ჩვენს მკითხველს საიმედო მეგზურის გარეშე სიარულს. დიდი ქალაქია და თუ ზუსტი ლოკაციები არ იცით, შესაძლოა ისეთ რაიონებში მოხვდეთ, რომელიც არ არის უსაფრთხო, თუმცა ვიმეორებ, ყველა ტურისტული რეგიონი და რაიონი მკაცრად კონტროლდება.
- რა უნდა ვნახოთ აუცილებლად?
- სინას მთა, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან 3 საათის სავალზეა. წმინდა ეკატერინეს მონასტერი ერთადერთი ადგილია, სადაც 3 სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელი ლოცულობს. სინას მთა ძალიან მისტიკური ადგილია. განსაკუთრებით, თუ ღვთისმოშიში ხართ. იქაურები ამბობენ, სინას მთაზე ასვლისას ცოდვებისგან თავისუფლდებიო, თუმცა ხუმრობით დასძენენ, უკანა გზაზე ისევ ცოდვილი ბრუნდებიო...
ადიხარ ღამის 01 საათზე უკუნეთ სიბნელეში, მიჰყვები ბედუინს, რომელმაც შესაძლოა ინგლისურიც არ იცოდეს. ტელეფონები არ იჭერს, მოკლედ, ცივილიზაციისგან შორს ხარ, უკაცრიელ უდაბნოში. იმის მიუხედავად, რომ დღე შესაძლოა 35-40 გრადუსი იყოს შარმ-ელ-შეიხში, სინას მთაზე ღამით მინუსამდე ეცემა ტემპერატურა. დაახლოებით 5.30 საათზე ადიხარ მთაზე და იწყება 750 საფეხურიანი კიბე, კიბე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, კლდეზე დალაგებული ქვებია, რომელსაც დასასრული არ უჩანს და ყოველი ნაბიჯის მერე თავს ებრძვი, რომ გაჩერდე, ვეღარ შეძლებ გზის გაგრძელებას. მე მესამე ჯერზე შევძელი. ზუსტად 6.05 საათზე პირველი სხივი ეცემა სინას მთაზე ქრისტიანულ ტაძარს და არაამქვეყნიური სილამაზის მოწმე ხდები. იქაურობა ერთხელ მაინც უნდა გქონდეს ნანახი, სანამ ცოცხალი ხარ. მარტო ამად ღირს ეგვიპტეში მოხვედრა...
- უდაბნო მიყვარსო, სიცხეს უძლებთ?
- ეგვიპტეში დასასვენებლად ყოველთვის აგვისტოში ჩავდივარ. მაგ მითსაც დავურღვევ ბევრს, რომ აგვისტოში იქ ყოფნა გაუსაძლისია. სანაპიროზე დაახლოებით 42 გრადუსია ტემპერატურა, მაგრამ ერთი პლუსი აქვს ზაფხულში იქ ყოფნას - ნესტი არ არის, მშრალი ჰავის ქვეყანაა და ამიტომ სიცხე შემაწუხებელი არაა. მეორე ფაქტორია კოღოები, რომლებიც, მაგალითად, ნოემბერში გკბენენ, მაგრამ ზაფხულში არ არიან.
- სხვა ქვეყნებზეც გვიამბეთ.
- ევროპიდან ჩემთვის კულტურის, არქიტექტურის, მოდის, ყველაფრის ქვეყანაა საფრანგეთი და მისი გული, პარიზი. ხომ ამბობენ, სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. მეც ყოველთვის იქაური ქუდი მახურავს. ამიტომ თავს პარიზელად ვგრძნობ ხოლმე. ამ ქალაქს საოცარი მუხტი აქვს.
ვგიჟდები იტალიაზე, იქაურები ტემპერამენტით ქართველებს ჰგვანან. აღმაფრთოვანებს მათი არაჩვეულებრივი ჩაცმის კულტურა, მაღაზიაში გამოსული ბებოც კი ფეშენვიკზე გეგონება. ერთი ნაკლი აქვთ იტალიელებს, ზარმაცები არიან, გვიან იღვიძებენ და ადრე იძინებენ.
- კიდევ რით გვგვანან?
- ხმაურით. მაგალითად, სხვა ქვეყნებში თუ ჩურჩულით ვსაუბრობ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, იტალიაში მათ რიტმს ავყვები ხოლმე და ვცდილობ გადავფარო მათი ხმა. მათი კულინარია განსაკუთრებულია, ვგიჟდები პასტაზე, რომელიც ჩემთვის ნომერ პირველი კერძია ელარჯის შემდეგ....
- იტალიელები როგორ ვაჭრობენ?
- არ უყვართ ვაჭრობა, ისევე როგორც ბერძნებს. ბერძნებთან არც უნდა გაბედო შევაჭრება. ერთადერთხელ გავბედე და ჩანთაზე ვუთხარი, დამიკელი-მეთქი. პასუხად მაკრატელი ამოიღო, მაგ 5 ევროსას მოგიჭრიო.
- დაგვისახელეთ ადგილი, გარდა მუზეუმებისა, რომელსაც ყველა ქვეყანაში აუცილებლად სტუმრობთ.
- ძველმანების ბაზრობა. ჩემთვის ასეა - ქვეყანა სამზარეულოთი და ბაზრებით უნდა გაიცნო. ბაზარი გეუბნება ყველაფერს ხალხზეც, მის კულტურაზეც, ცხოვრების სტილზე...
ევროპის ქვეყნებში კვირის რომელიღაც დღეს ყოველთვის იმართება ბაზრობა. მაგალითად, ვიცი, რომ პარიზში ყოველ დილით ოპერა `ბასტილიასთან~ იმართება ბაზარი და რომ ჩავდივარ, ვცდილობ ახლოს დავბინავდე, რათა იქ მოვხვდე.
- რა უნდა იყიდო აუცილებლად?
- შენი ნივთი თვითონ დაგიძახებს. სახლში ერთი დიდი ბაზარი მაქვს, თითოეულ ქვეყანაში იმდენი შენაძენი დამიგროვდა.
- როგორც ვიცი, ამ ნივთებს შორის ბროწეულების კოლექციაც არის.
- ჯერ 128 ცალი მაქვს, სხვადასხვა ზომის, ფორმის. ბროწეული ძალიან უყვართ სომხეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და საბერძნეთში. საბერძნეთში ბროწეული ბარაქის სიმბოლოა და ჩვენთან მეკვლე რომ კანფეტებს ყრის ოჯახში შესვლისას, საბერძნეთში ბროწეულს ახეთქებს ძირს, რომელიც უნდა გასკდეს.
- საბერძნეთზე კიდევ რას მიამბობთ?
- გასართობად, მით უმეტეს, თუ ბიუჯეტურ მიმართულებას ეძებთ და თან კუნძულები, კარგი ზღვა, გემრიელად კვება გინდათ, საბერძნეთში უნდა გაემგზავროთ. განსაკუთრებით გამოვყოფ ტავერნებს, მიმტანები უკრავენ, მიდის თეფშების ლეწვა, მათი ტრიადის თანახმად, ეს ყველაფერი სანახაობრივი და დასამახსოვრებელია.
- ტაილანდზეც მიამბეთ.
- ღამის ცხოვრება ვისაც უყვარს, ტაილანდში საამისოდ ყველაფერია. იქ სამოთხეა მათთვის, ვისაც მასაჟი, რელაქსი უყვარს. 5 დოლარად დაუვიწყარ მასაჟს აკეთებენ. ქვეყანა, ფლორა და ფაუნა, ოკეანე - მსგავსი სანაპირო მხოლოდ კომპიუტერის ეკრანზე, ვინდოუსის ფოტოდ მინახავს. ერთმანეთზე უკეთესი კუნძულები აქვთ, ველური სანაპიროებით, ცივილიზაციის კვალი რომ არ ატყვიათ. როდესაც ვიკითხე, რატომ არ არის შეზლონგები დალაგებული-მეთქი, მითხრეს, ოკეანიდან გამოდიან კუები, ამ სანაპიროზე მრავლდებიან და ამიტომაც არ შეიძლება აქ ინფრასტრუქტურის მოწყობა, კუების უფლებები შეიზღუდებაო.
- რომელ ქვეყანაში არ წახვალთ არასდროს?
- ინდოეთში 1 საათსაც ვერ გავძლებ. მე კომფორტის მოყვარული ვარ... საამიროებშიც ერთხელ ვიყავი და ვფიქრობ, თუ საქმეზე არ მომიწია ჩასვლამ, აღარ ჩავალ.
- რა არ მოგეწონათ?
- ხელოვნურობა - ცათამბჯენები, რომლებიც არაფერს გეუბნება, გარდა იმისა, რომ ამ საუკუნის უდიდესი მიღწევაა.
- ყველაზე კომუნიკაბელური ხალხი რომელ ქვეყანაშია?
- თურქეთში. თურქეთში გრანდ-ბაზარი და ეგვიპტური ბაზარი ჩემთვის სამოთხეა.
- რა ენაზე ვაჭრობთ?
- ინგლისური თითქმის ყველამ იცის, ვინც არ იცის, ხელებით და მიმიკებითაც ვვაჭრობთ. თურქეთში ბოლოს რომ ვიყავი, 120-დოლარიანი ბროწეული 60-ად ვიყიდე, ოღონდ 40 წუთი ვვაჭრობდით. იქაურ ვაჭრებს ჩემნაირი ტურისტები, ვინც არ ნებდება, ძალიან უყვართ.
- ბოლოს და ბოლოს, გაარკვიეს, ნალექიანი ყავა, რომელიც ესოდენ გვიყვარს, თურქულია თუ ბერძნული?
- არ ვიცი, თუმცა ყველა ქვეყანაში, სადაც მსგავს ყავას დალევ, თურქულს ეძახიან. ერთხელ საბერძნეთში დესერტი გავსინჯე, რომელიც ძალიან ჰგავდა ბაქლავას, და ეს რომ ვთქვი, იმ წამიდან აღარ ვიყავი სასურველი სტუმარი, იმდენად შეურაცხმყოფელი იყო მათთვის. ყველაფერი, რაც კარგი იყო, ბიზანტიასთან ერთად, თურქებმა მიითვისესო! ამიტომ დიდად არ უყვართ შედარება. ვფიქრობ, ორივეს იდეალური საკონდიტრო ნაწარმი აქვს. ზღვის პროდუქტები ვისაც უყვარს, ორივე ქვეყანაში ისიამოვნებს, თუმცა ეგვიპტეც გამორჩეულია, თანაც იაფი. შარმ-ელ-შეიხში თევზის ცნობილ რესტორანში შეკვეთა მთელი შოუთი მოაქვთ, სტვენითა და ცეკვით, ტურისტებზე აქვთ გათვლილი, გემრიელი და იაფია. 10-ნი ვიყავით, ყველაფერი სუფრაზე გვეწყო, რაც ზღვაში დაცურავს, დესერტიც დავაყოლეთ და 90 დოლარი გადავიხადეთ.
- ყველაზე ლამაზი ხალხი სად არის?
- საქართველოში.
- რომელ ქვეყანაში იცხოვრებდით?
- 2 კვირაზე მეტხანს ვერსად ვძლებ საქართველოს გარეშე. ჩემი ფავორიტი თუშეთი და სვანეთია. ძალიან ბევრმა უკვე იცის, სად არის საქართველო. მაგალითად, როცა ეგვიპტეში ვახსენე ჯორჯია, ერთმა იქაურმა ენის გატეხით მითხრა: `აა, კვარაცხელია?~. ძალიან გამიხარდა. საფრანგეთში გავიცანი კაცი, რომელსაც მთელი საქართველო მოვლილი აქვს. რომ ვუთხარი, ქართველი ვარ-მეთქი, კუბდარიო, გაახსენდა. ძირითადად ყველას სამზარეულოთი ვამახსოვრდებით. დასამახსოვრებელი კერძები გვაქვს, დაბალანსებული გემოებით. ყველა გემო გეთამაშება ყველა კერძში. როგორც პროფესიონალი მზარეული განსაკუთრებით გამოვყოფ მეგრულ სამზარეულოს. მოკლედ, ჩვენს ქვეყანას არაფერი სჯობს.
სამოგზაუროდ ვივლი ყველგან, გავიცნობ სხვადასხვა ხალხს, კულტურას, ქვეყანას, ტრადიციებს, თუმცა საქართველოს გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ჩემი ყველა მარშრუტი აქ მთავრდება... მოგზაურობა გონების გადასატვირთი საუკეთესო საშუალებაა, ყველაზე კარგი ინვესტიციაა. იმოგზაურეთ, მეტი რა შეგრჩებათ.