„ადამიანების მჯერა, მერე საკუთარ თავს ვეუბნები - კიდევ, ცისანა? გული კიდევ გეტკინა?..“ - კვირის პალიტრა

„ადამიანების მჯერა, მერე საკუთარ თავს ვეუბნები - კიდევ, ცისანა? გული კიდევ გეტკინა?..“

"ჩემი ყველაზე დიდი წარმატება არის ოთხი შვილის დედობა", - ამბობს ცისანა სეფიაშვილი. ამ სამყაროში რა აკვირვებს ყველაზე მეტად, რაში ხედავს ბედნიერებას, რის გამო იღებს საყვედურებს და შეცვლიდა თუ არა რამეს ცხოვრებას თავიდან რომ იწყებდეს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...­

- მოლარე. მაშინ სულ სხვაგვარი სალაროები იყო, თავისებურ ხმას გამოსცემდა და ძალიან მომწონდა. მერე ექიმობის სურვილი გამიჩნდა და მალე საუკეთესო "სამსახური" გამოვიგონე, საავადმყოფოს შესასვლელში მოლარედ მუშაობა გადავწყვიტე.

- ჩემზე ამბობენ...

- ახლობლები იმდენ კარგ რამეს ამბობენ, რომ გამეორება მეუხერხულება. უცნობებისგან ხშირად გამიგია, ვიდრე გაგიცნობდი, სხვაგვარი ადამიანი გვეგონეო.

- სხვაგვარში რას გულისხმობენ?

- ჯემალ სეფიაშვილის შვილი უნდა ყოფილიყო ცხვირაწეული, ცივი... ეს არ არის სასიამოვნო მოსასმენი. გავიზარდე სიყვარულით სავსე გარემოში, სადაც მასწავლიდნენ, ადამიანი­ რაც უფრო დიდია, მით უფრო თავმდაბალი და მოსიყვარულეა. ქედმაღლობა და ამბიციურობა კომპლექსიან ადამიანებს ახასიათებთ. სულ ვცდილობ, რაც შეიძლება­ ბევრი სიყვარული და პოზიტივი გავცე, ჩემი ოჯახის წევრები ასე ცხოვრობდნენ და მაგალითს მაძლევდნენ.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ახლანდელი გამოცდილებით და ტვინით? რაღაცებს შევცვლიდი, თუმცა, რომ არა ის ტკივილები და განსაცდელები, რომლებიც მქონდა, ალბათ, დღეს ასეთი ადამიანი არ ვიქნებოდი. ალბათ, ასე იყო საჭირო, ყველაფერი უფლის ნებაა...

- ჩემი ყველაზე დიდი წარმატება...

- არის ოთხი შვილის დედობა. ყოველთვის ვამბობ, მე არ ვარ მომღერალი, მაგრამ 1997 წლიდან დღემდე ადამიანების სიყვარულს ვინარჩუნებ, ამისთვის დიდი მადლობა მათ. ძალიან ადვილია მოიპოვო პოპულარობა, მაგრამ რთულია ხალხის სიყვარული შეინარჩუნო. 12 წელი ძალიან სერიოზულ კომპანიაში ვმუშაობდი იაპონე­ლებთან და იქ ბევრი რამ ვისწავლე. ცხოვრების ყველა ეტაპი ჩემთვის მუდმივი განვითარების პროცესია. ჯანმრთელობის პრობლემებმა ფსიქოლოგიასთან დამაახლოვა. დღემდე ვვითარდები, ყოველ დღე რაღაცას ვსწავლობ და ეს მომწონს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ყველაფერი მაბედნიერებს, წვრილ­მანი­ დეტალებიც კი, ყოველთვის ასეთი ვიყავი. შეიძლება ვინმემ იფიქროს, ცისანას რა ენაღვლება? მაგრამ ყველას გვაქვს ჩვენი განსაცდელი, სატკივარი, პრობლემა, თუმცა­ ამასთან ერთად ბევრი კარგი­ რამ ხდება. რომ ვიღვიძებთ და თვალს ვახელთ, ეს უკვე ბედნიერებაა. თუ გვინდა მოწყენილები­ და უმადურები ვიყოთ, ასეთები ვიქნებით. სასწაული შვილები მყავს, უკარგესი მეუღლე, მშობლები, საყვარელი საქმე... რამდენიმე დღის წინ ჩემმა პატარამ­ მითხრა, - რა ცუდია, წვიმს. მე კი ვუთხარი­, - არა, ამინდი ჩვენშია. ასე ვზრდი, ასე ვასწავლი, ცხოვრება ძალიან ლამაზია. როგორ დავძლევთ სირთულეებს, როგორ გავივლით ამ გზას, მთავარი ხიბლიც ამაშია.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- "ჩემი ცისანა"

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- გავაბედნიერო ადამიანები და ამით თავადაც ბედნიერი ვიყო.

- თვისება, რომელიც ჩემში მომწონს...

- და თან ხელს მიშლის, ეს მიმნდობი ხასია­თია. ადამიანებს მარტივად ვენდობი, შემიძლია გულღიად მხარში ამოვუდგე, მაგრამ ასეთი გამოცხადებული ნდობის შემდეგ გულისტკენაც მქონია. მერე საკუთარ თავს ვეუბნები - კიდევ, ცისანა? გული კიდევ გეტკინა? პრობლემა შენშია, ასე აღარ უნდა მოიქცე! მიუხედავად ყველაფრისა, სხვაგვარად მოქცევაც არ შემიძლია.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ბევრი რამ და ბევრიც ვერ ვისწავლე.

1-1-1747597180.jpg

- პატიება...

- ბოღმის გულში­ ჩადება და ტარება­ ძალიან მიჭირს. ტყუილი­ ჩემთვის წითელი­ ხაზია. ადამიანს დღეს პატარა ტყუილის თქმა თუ შეუძლია, ხვალ დიდი ტყუილის თქმასაც შეძლებს. ჩემს შვილებსაც ასე ვზრდი. მირჩევნია მტკივნეული სიმართლე მითხრან, ვიდრე მომატყუონ. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ყველანაირ ამბავს ერთად გავივლით... ასეთივე დამოკიდებულება მაქვს სხვა ადამიანების მიმართაც - ტყუილს გაუცხოება, პატივისცემის დაკარგვა მოჰყვება. თუ შეგეშლება, მაგრამ მერე მაგრძნობინებ, რომ განიცდი, აუცილებლად გაპატიებ, ისე, რომ აღარაფერს აგახსნევინებ.

- ვნანობ...

- არაფერს... ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა, უნდა მომხდარიყო.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ჯადოსნური ჯოხი მქონდეს. მთელი ცხოვრება ამას ვნატრობ. ვისაც რა პრობლემა აქვს, ყველას მოვუგვარებდი, ყველა განსაცდელს გავაქრობდი.

- წონასწორობიდან გამოვყავარ...

- დედოფალ ეკატერინეს სასახლის ყველა­ ოთახში ვერცხლის დოქში ჩასხმული­ წყალი ჰქონდა. როდესაც ცუდ ინფორმაციას შეიტყობდა, პირში წყალს იგუბებდა, რომ იმ წამიერ ემოციაზე ისეთი რამ არ ჩაედინა, რომელიც მერე შეიძლებოდა ენანა.­ ასეთ ემოციურ წუთებში მეც ყოველ­თვის ვიცდი, ვფიქრობ. შეიძლება ვიღაცამ სულელადაც კი ჩამთვალა, რომ პასუხი იმწუთას არ გავეცი, მაგრამ ემოციური ინტელექტი ძალიან ბევრს ნიშნავს. ადამიანები თუ გულს გვტკენენ, ეს მათი პრობლემაა. სჯობს ჩვენს ცხოვრებაში იყოს 5 ადამიანი და ნამდვილი, ვიდრე 500 და ყალბი.

- სიყვარული...

- არის სიმშვიდე, მეგობრობა, კომპრომისი, მუდმივად ზრუნვა, პატივისცემა,­ თანადგომა, ლტოლვა, გაფრთ­ხილება, მოფერება... და ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი, უნდა იყოს ერთმანეთისთვის.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ბაღში დავდიოდი. იმ ბიჭს გოჩა ერქვა. რგოლებს აგორებდნენ და ჩვენ სწრაფად უნდა გავმძვრალიყავით, გოჩა მოხერხებულად ძვრებოდა.

- მაკვირვებს...

- ადამიანებს რატომ არ შეუძლით სხვისი ბედნიერების, სხვისი წარმატების, სილამაზის მიღება? მათ გულწრფელად თანავუგრძნობ. ინტერნეტსივრცემ ბევრი ადამიანის რეალური სახე გამოააშკარავა. მაკვირვებს, ყველას რატომ განიკითხავენ?

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ის არის, რომ მჯერა ადამიანების. არასდროს არავის სამაგიეროს არ ვუხდი.­ ჩემი საყვარელი გამოთქმაა: "იყავ ნება შენი!" სამყაროს უპირობოდ ვენდობი.

- ბოლოს ვიტირე...

- ხშირად მაქვს ემოციური ცრემლები­, გული მიჩუყდება. როცა პრობლემა მაქვს, არ ვტირი, მოცემულობას ვიღებ და ვმოქმედებ. უფრო ხშირად სხვისი ტკივილის, ან დიდი სიხარულის გამო მეტირება.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ცისანა, გამოფხიზლდი, გაიზარდე, გული რაღაცებზე ნუ გტკივა...

- ვერაფრით გავბედე...

- იყო მომენტები, სათქმელი პირდაპირ უნდა მეთქვა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. თან ვფიქრობ, შენ თუ გაბედე და გული მატკინე, მე რატომ დაგინდო? მაგრამ საბოლოოდ მაინც ასე მოქცევა მირჩევნია.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ასაკთან ერთად გარეგნობა გვეცვლება,­ ამის დასტურია 10-15 წლის წინანდელ კადრებს რომ ვნახულობ, მაგრამ ყველა უნდა დავბერდეთ. თუ ჩავთვლი, რომ ჩემს გარეგნობაში რაღაც მაწუხებს, პატარა კორექტირებას შევიტან. დიდი ჩარევების და რადიკალური გარდასახვების მომხრე არ ვარ. რამეს თუ გავიკეთებ, ამას არც დავმალავ.­ ნოემბერში 52 წლის ვხდები, მადლობა ჩემს მშობლებს და გენეტიკას.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- შეიძლება განვმარტოვდე, შეიძლება მივიღო პრობლემა და ვიმოქმედო. ზოგჯერ უსუსურიც ვარ, იმწუთში გამოსავალს ვერ ვპოულობ, მაგრამ მცირე ხნით და მერე კონცენტრაციას ვახდენ. ყველა პრობლემას სხვადასხვაგვარი ემოციით ვიღებ. ზოგჯერ შეიძლება გავქვავდე კიდეც, ან ვიტირო, ოთახში ჩავიკეტო, ფარდები ჩამოვაფარო, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- საოცარი ადამიანების გარემოცვაში­ გავიზარდე. კარგი ბებია-ბაბუები მყავდა,­ მამას ჰყავდა მამიდები, რომლებმაც ჩემში­ უდიდესი სიყვარული ჩადეს. სეფიაშვილების­ დედოფალს მეძახდნენ. ისინი კი არ მარიგებდნენ, თავიანთი ცხოვრებით მომცეს­ მაგალითი. ბებიაჩემი ცისანა თოფურია­ რომ გარდაიცვალა, 25 წლის ვიყავი. რამდენი წელი გავიდა და დღემდე მის საფლავზე მისვლა ვერ შევძელი, ალბათ, მაპატიებს, მან ხომ იცის, ჩემს გულში რამხელა ადგილი უკავია...

- დაბოლოს გეტყვით...

- ურთიერთობებით ტკბობა დღეს დაიწყეთ, ეს პირველ რიგში თქვენ გაგაბედნ­იერებთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, ამაზე კარგი არაფერია!

თამუნა კვინიკაძე