"დედას ჩემი ასპარეზობის ყურება­ დღემდე­ უჭირს... მიყვარს გაპრანჭვა, თავის მოვლა, სალონში სიარული“ - კვირის პალიტრა

"დედას ჩემი ასპარეზობის ყურება­ დღემდე­ უჭირს... მიყვარს გაპრანჭვა, თავის მოვლა, სალონში სიარული“

მონტენეგროში გამართული 2025 წლის ევროპის ძიუდოს ჩემპიონატი საქართ­ვე­ლოსთვის ისტორიული აღმოჩნდა - ქარ­თველმა ძიუდოისტებმა გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალ ძიუდოისტთა წვლილი, ოთხიდან სამი გამარჯვება სწორედ მათ ანგარიშზეა (მარიამ ჭანტურიამ, ეთერ ლიპარტელიანმა და სოფიო სომხიშვილმა მოწინააღმდეგე დაამარცხეს). წილისყრამ გადამწყვეტ შეხვედრად +70 წონითი კატეგორია დაასახელა, სადაც სოფიომ საქართველოს ევროპის ჩემპიონობა მოუტანა... მას შემდეგ რაც გუნდური შეჯიბრება­ ვაჟთა და ქალთა შერეულ გუნდებს შორის ტარდება, საქართველო მესამედ გახდა გამარჯვებული და ამ მაჩვენებლით ევროპაში აბსოლუტური ლიდერია! ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი მიღწეულ წარმატებასა და კარს მომდგარ მსოფლიო ჩემპიონატის სამზადისზე გვესაუბრება.

2-1-1748066642.jpg

- სოფიო, ევროპის ჩემპიონატზე მიღწეულ წარმატებას გილოცავთ. იმ წუთებში როგორი იყო თქვენი განცდები?

- დიდი მადლობა. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი, არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ ქვეყნისა და გუნდის მიმართ. როცა დამატებით შეხვედრაში მოვიგე, უბედნიერესი ვიყავი, ეს იყო ჩემი ქვეყნისა და გუნდის გამარჯვება.

- საკუთარ თავს როგორ დაახასიათებთ?­

- მიზანდასახული, დისციპლინირებული და მშვიდად მოაზროვნე ადამიანი ვარ. სპორტმა პასუხისმგებლობის უნარი გამომიმუშავა, დამარწმუნა, რომ შრომა ყოვე­ლთვის ფასდება. ისიც მასწავლა, რომ წარუმატებლობა პროფესიული და პიროვნული ზრდის ნაწილია. ყოველთვის ვცდილობ, როგორც ტატამზე, ასევე ცხოვრებაში საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო.

- სპორტით რა ასაკიდან დაინტერესდით, რით აღმოჩნდა ძიუდო მომხიბვლელი?

- შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ სპორტით 4 წლის ასაკში დავინტერესდი, როდესაც ათენში ოლიმპიადა ტარდებოდა და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური გახდა. ძიუდოთი მამამ დამაინტერესა, იმდენად პატარა ვიყავი, ვარჯიშს ვერ დამაწყებინებდნენ. 6 წლისა სკოლაში რომ შევედი, იმ დღიდან დავდივარ ძიუდოზეც.

11-1747597181.jpg

- საზოგადოების ნაწილს ძიუდო დღესაც­ "მამაკაცის საქმედ" მიაჩნიათ. როგორი იყო თქვენი ახლობლების რეაქცია?

- ბევრს გაუკვირდა, მაგრამ ჩემმა­ ოჯახმა მხარი დამიჭირა. დედას არ უნდ­ოდა­ და ჩემი ასპარეზობის ყურება­ დღემდე­ უჭირს, თუმცა მისთვის მთავარია, რომ გულით მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ. დროთა განმავლობაში ჩემ მიმართ სხვების დამოკიდებულებაც შეიცვალა. შედეგებმა ბევრი დაარწმუნა, რომ ძიუდოში წარმატება სქესზე არ არის დამოკიდებული.

- რა (ან ვინ) გაძლევთ ყველაზე დიდ მოტივაციას?

- ყველაზე დიდი მოტივაციაა სურვი­ლი,­ საკუთარ თავს ყოველდღე ვაჯობო, მაგრამ ერთი ადამიანის გამორჩევას თუ მთხოვთ,­ ეს მამაჩემია. მახსოვს, პირველივე დღიდან, როგორი სიამაყით უყურებდა ჩემს ყველა ნაბიჯს. სამწუხაროდ, მამა დღეს ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი სიტყვები და რწმენა ჩემში ცოცხლობს და სულ ასე იქნება. ყველა გამარჯვებას მას ვუძღვნი, ამ დროს თითქოს მის თვალებსაც ვხედავ, როგორ ეამაყება ჩემი წარმატება. ეს კი უდიდეს ძალას მაძლევს. ის მუდამ იქნება ჩემი ყველაზე დიდი მოტივატორი... მამა ძალიან მიწყობდა ხელს, დღის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი მქონდა, სკოლიდან პირდაპირ ვარჯიშზე მიწევდა წასვლა და მამას მანქანით დავყავდი, ჩემთვის კომფორტული გარემო რომ შეექმნა. მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ძლიერი ვიყავი და არ დავნებებულიყავი. რთულ მომენტებში ყველაზე მეტად მამხნევებდა მისი სიტყვები:­ "შენ ამასაც გაუმკლავდები, მე მჯერა შენი, იშრომე ბევრი და დაგიფასდება!". "ოქროს" მეძახდა და ეს ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია იყო. მან მასწავლა მთავარი - ცხოვრებაშიც და სპორტშიც არასდროს დავნებებულიყავი. დღესაც კი, როცა სირთულეს ვაწყდები, მამა თითქოს ისევ გვერდით მიდგას და ძალას მაძლევს.

51-1747597181.jpg

- როგორი იყო თქვენი პირველი წარმატებით გამოწვეული ემოცია?

- ჩემი პირველი მნიშვნელოვანი წარმატება 2017 წელს იყო, როდესაც ევროპის ჩემპიონი გავხდი. ალბათ, ბევრმა იცის, როგორია გამარჯვების სიხარული, მაგრამ ის პირველი საუკეთესო ემოციაა. მახსოვს, როგორ ამიჩქარდა გული, როდესაც დაჯილდოებაზე გამარჯვებულად ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს. იმ მომენტისთვის ღირდა ყველა ვარჯიში, ტკივილი, დაძლეული სირთულე... მაშინ მამა ცოცხალი იყო. არ დამავიწყდება მისი თვალები, ისეთი ამაყი იყო. წლები გავიდა, კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწიე, მაგრამ ის წუთები ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი­ მოგონებაა. სწორედ იმ წამიდან მივხვდი, რომ ეს გზა სწორად მქონდა არჩეული და აღარ უნდა გავჩერებულიყავი.

- როდესაც ადამიანებს პირველად ეცნო­ბით და იგებენ, რომ ძიუდოისტი ხართ, როგორია მათი რეაქცია?

- ბევრს წარმოდგენაც კი უჭირს, რომ ტატამზე გამოვდივარ და მეტოქეს ვებრძვი­, რადგან ძალიან მიყვარს გაპრანჭვა და ის რბილი ქალური სტილი, რაც თითქოს ძიუდოისტთან შეუსაბამოდ მიაჩნიათ. გაკვირვებული ტონით არაერთხელ უკითხავთ, - შენ ძიუდოისტი ხარ? მერე იქვე დააყოლებენ ხოლმე, - არ გეტყობა. მე კი სწორედ ეს მომწონს, მირჩევნია, სტერეოტიპები ჩემი საქმით დავამსხვრიო და ვაჩვენო, რომ სილამაზე და სიძლიერე შეიძლება ერთად იყოს ერთ ადამიანში. ტატამზე მებრძოლი და ძლიერი ვარ, ტატამს მიღმა კი, როგორც სხვა გოგონებს, მეც მიყვარს გაპრანჭვა, თავის მოვლა, სალონში სიარული, ლამაზად ჩაცმა და ჩემი ქალური ბუნების წარმოჩენა. ეს ორი რამ ერთმანეთს სულაც არ უშლის ხელს.

6-1-1747597180.jpg

- ძიუდოში ფიზიკურთან ერთად მნიშვნე­ლოვანია ფსიქოლოგიური სიძლიერეც, ამ მხრივ საკუთარ თავზე როგორ მუშაობთ?

- შეჯიბრების წინ დიდი ნერვიულობა არ მახასიათებს, ჩემთან ფსიქოლოგიური "ძალა" ბუნებრივად მოდის. ტატამზე ასვლა ძალიან ბუნებრივი ამბავია, მაგრამ განსხვავებულია ემოცია, როდესაც გუნდურს ვჭიდაობ. გუნდური ასპარეზობისას, ჩვენი გუნდის ყველა წევრის გამოსვლას უდიდესი ნერვიულობა ახლავს. ეს ფსიქოლოგიურადაც ძალიან დამღლელია. წელს ევროპის ჩემპიონები გავხდით და საბოლოო ჯამში, ამ შედეგისთვის ღირდა ეს ნერვიულობა.

- პირად ცხოვრებაზეც გკითხავთ, ხართ თუ არა შეყვარებული?

- არა, შეყვარებული არ ვარ.

- როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომელიც დაგაინტერესებთ?

- სერიოზული და იმავდროულად, მხიარული, აუცილებლად უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, არ ეშინოდეს სირთულეების­ და არ გაურბოდეს პრობლემებს. ქალის პატივისცემა და მხარში დგომა­ უნდა იცოდეს. სპორტიც დიდი პლიუსია, საერთო ენას მარტივად გამოვნახავთ.

- ვიცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება უკვე დაიწყეთ...

- მსოფლიო ჩემპიონატამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და ძალიან დატვირთ­ულები­ ვართ. ბოლო მოსამზადებელ საერთაშორისო შეკრებას ესპანეთში გავივლით, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს საერთო ვარჯიშები გვექნება.

- გგულშემატკივრობთ და წარმატებულ ასპარეზობას გისურვებთ!

- დიდი მადლობა!

თამუნა კვინიკაძე