„ბარში ვერცა ვსუნთქავ, მთაში კიდევ ყოველ ახალ გათენებულ დილას ახალი სიცოცხლე მეძლევა“
აღდგომის დღესასწაულებზე სოფელ თვალივში მეუღლესთან ერთად ერთ ძალიან კარგ ოჯახს ვესტუმრე. ტრადიციულად, სუფრა გაიშალა, ქეიფიც გაჩაღდა და კარგი მოლხენაც. შუა ქეიფის დროს, მასპინძლის ოჯახში, მოხუცი ქალბატონი შემოვიდა, ისეთი ლამაზი ბებო იყო, სუფრიდან ჩუმად გავიპარე და გავეცანი. როცა გაიგო ჟურნალისტი ვიყავი, მითხრა: შვილო, მაცალე, ცოტა გავიპრანჭოო... შემდეგ ბუხართან ჩამოვჯექით და საუბარიც დავიწყეთ. სანამ რამეს ვკითხავდი, ისე შემომხედა თავისი გამჭოლი, ცისფერი თვალებით, ჩემდაუნებურად თავი დავხარე. სადაური ქალი ხარო? - მკითხა. ქიზიყელი-მეთქი! აბა, შენ უბატონო ხევსური ყოფილხარო და გაეღიმა. შემდეგ დამლოცა და ისე ჩამიხუტა, ის სითბო დღემდე მომყვება. თეკლა ბადრიშვილი თურმე შუაფხოში სულ მარტო ცხოვრობს და ახლა თვალივში გამოსაზამთრებლად იყო ჩამოსული შვილთან.
- ახლა, მაისში, 97 წელი მისრულდება. 20 წლისა გავთხოვდი, ერთი წელიც ვერ დავყავი ქმრის სახლში, წამოვედი და ქმარიც წამოვიყოლე. საბოლოოდ მაინც გავცილდი, ვერ გამოგვივიდა ერთად ცხოვრება. ჩემი ბრალიც იყო - ძალიან თამამი და ამაყი ვიყავი, უხეშიც და უზრდელიც. ჰოდა, მშობლებთან გავზარდე ორი ვაჟი. 4 შვილიშვილი და 3 შვილთაშვილი მყავს.
- როგორია თქვენი ერთი დღე მთაში?
- დილით ადრე ვდგები, ლოცვებს წავიკითხავ. მერე ქათმებს ვაჭმევ, მერე მეც, რაც მაქვს სახლში, იმას შევჭამ. ყველს ამოვიყვან, სახლს მივალაგებ. თუ გასარეცხი მაქვს რამე, გავრეცხავ... მერე კიდევ გამოჩნდება რაღაც გასაკეთებელი. რომ მოვიხედავ, უკვე დაბინდებულია ხოლმე. უშრომელად ვერ გაჩერდები, ბებო. როცა საქმე თავდება, წინდის ქსოვას ვიწყებ. საღამოობით ცუდად ვხდები ხოლმე, გული მეკუმშება, წნევა მიწევს... ალბათ იმიტომ, რომ ვიღლები, მაგრამ რომ არ გააკეთო, არც ის გამოდის. სტუმარი რომ მომივა, პური ხომ უნდა ვაჭამო, შვილო? შეშას დაჭრა უნდა, კიდევ ბევრი საქმეა, განსაკუთრებით აქ, მთაში. სულ იმის დარდი მაქვს, უცებ გზა რომ ჩაიკეტოს და უკაცოდ მოვკვდე, კატებმა შემჭამონ. (იცინის)
ხანდახან დეკემბრამდე ვარ მაღლა. სანამ დიდი თოვლი არ მოვა, ფეხს არ ვიცვლი. ბარში ვერცა ვსუნთქავ, მთაში კიდევ ყოველ ახალ გათენებულ დილას ახალი სიცოცხლე მეძლევა. მე მთაში დავიბადე და მთაშივე უნდა მოვკვდე. დედა მიყვარდა ზღაპრული სიყვარულით და მშობლების სიყვარული მასაზრდოებს აქამდეც. მათ სულს ვენაცვალე, დღემდე მამაჩემის კერას არ ვაციებ და მის სახლს-კარს ვემსახურები. 96 წელია აქა ვარ.
- შუაფხოში მაღლა, მარტო ცხოვრობთ?
- კი, შვილო. სულ მარტო ვარ, მაგრამ ძალიან მიყვარს იქაურობა. ნათქვამია: თუ წუთისოფელს ერთბეწოხან თვალს მოუხუჭავ, ისე გაგთელავს, როგორც დიდველი ლეკი ნაბადსო. გულ-ხელი არ უნდა დავიკრიფოთ, ვაჟკაცურად ვიყოთ, ყველაფერს მხნედ შევხვდეთ. მტერი დავამარცხოთ, მოყვარე გავამრავლოთ და წინ ვიაროთ. მარტო ცხოვრება ძალიან მძიმეა, მაგრამ ღმერთი რასაც მომცემს, მადლიერებით უნდა მივიღო. მახსოვს, დედაჩემი რომ მოკვდა, მარტო ორნი ვიყავით სახლში. უმძიმესი დღე იყო... თებერვლის 28 რიცხვი თენდებოდა. მარტომ ვიტირე, მარტომ გავაპატიოსნე და ტახტრევანზე დავასვენე... დილით გავაგებინე ჩემებს. აბა, შვილო, ღამის ორ საათზე ვინ უნდა შემეწუხებინა? ეჰ, ბევრი სიმწარე მაქვს ნანახი. როცა მშობლები ცოცხლები მყავდა, ჩვენს ოჯახში სულ სტუმარი მოდიოდა. თუ ვინმე მოვიდოდა დუშეთიდან ან თბილისიდან, აუცილებლად ჩვენთან უნდა მოსულიყო. მამა იყო ხევისბერი... მთელ ფშავ-ხევსურეთში დიდ პატივს სცემდნენ ბიჭურ ბადრიშვილს. ყველა სოფელს თავისი ხევისბერი ჰყავდა, მაგრამ მამას განსაკუთრებული ანგელოზი მფარველობდა. მამაჩემი ანგელოზებთან ლაპარაკობდა, მათი დარიგებით მართავდა ხევის საქმეს. ახლაც არიან ხევისბერები, განა არ არიან? ასრულებენ იმ წესებს, მაგრამ ისე ვერ, როგორც მამა და მისი წინაპრები. მამას ხევის დროშა ჰქონდა ჩაბარებული, ეს დროშა იყო მისი ტვირთიც და გამართულობაც. ერთხელაც, ხატობის შემდეგ, ერთი პატიოსანი კაცისთვის უთქვამს, მე ცოტა ხანს დავრჩები ხატში, დროშა შენ წაიღეო. მასაც აუღია და წასულა. მაგრამ უცებ მამა წამოვარდნილა და გაჰკიდებია, მომეცი ეგ დროშა, ჩემი სატარებელიაო. წაუვლია დროშისთვის ხელი და ღმერთს შეხვეწნია, არ გამაქილიკო მე ბეჩავი, დროშა სხვას რომ ჩავაბარეო! აი, ასეთი მამა მყავდა და როგორ შეიძლება, მისი კერა დავაგდო! შვილი ისე არ უნდა გაზარდო, დედის გვერდით ყოფნა არ მოინდომოს! კარგი შვილებიცა მყავს და კარგი რძლებიც, მაგრამ ცოტა ხნით თუ წავალ, მარტო ეგ არის! მე ჩემს კერაზე უნდა ვიყო, სადაც მამაჩემისა და ჩემი ანგელოზები მეგულებიან, ისინი არ მაძლევენ წასვლის უფლებას.
იყო ასეთი შემთხვევაც: ფუტკარს იძლეოდნენ მთაში მცხოვრებთათვის და მოხდა ისე, ზამთარში აქ, თვალივში ჩამოვედი შვილთან. 3 თვე მომიწია დარჩენამ, ავად ვიყავი. როცა დავბრუნდი, აღარ მომცეს ფუტკარი - შენ აქაური არა ხარო... იყო შემთხვევა, როცა 200 მანეთი დაგვირიგეს მოხუცებს. მერე მე სიიდან ამომიღეს, როგორც ბებერი. ბებერსაც უნდა ჭამაც, სმაც, ჩაცმაც, დახურვაც და არსებობაც, ხო? ისინი რომ დაბერდებიან, მერე მომიგონებენ და გვიანი იქნება. მე როგორც ვიცხოვრე, ისევ ისე ვიცხოვრებ. ეს ცხოვრება ხომ კიბეა, შვილო? - ხან გაუარესდება, ხან გაუმჯობესდება. ახლა მე ყოველ წელს ერთ ვედრა ერბოს, ყველს, კაკალს, ყველაფერს ვინახავ. რომ მოვკვდები, არ დავადო ჩემს შვილებს ვალი... ხარჯი ხომ იქნება საჭირო? ხოდა, მაგისთვის ვინახავ კაკალს.
ხშირად დავდიოდი სასაკლაოზე. ახლა ძნელადღა თუ წავალ. აი, უკურნებელი სენი რომ შეხვდება ადამიანს და სტანჯავს, საშინელებაა - აღარც ენერგია აქვს, აღარც აზროვნება, აღარც მხედველობა. მადლობა ღმერთს, მე ნემსზე ძაფს მაინც ვაგებ.
სულ ვფიქრობ, რომ ბალღები არ შევარცხვინო. ისეთი რამე არა ვთქვა, არა ვქნა, რომ მერე ჩემი საქციელის შერცხვეთ. ამასწინებზე წავიკითხე, ალექსანდრე მაკედონელი რომ კვდებოდა, ჯარების უფროსს დაავალა, ჩემი კუბო ყველაზე კარგმა ექიმებმა გაასვენონ, გზაზე ოქრო-ვერცხლი დაყარეთ, ხელები კიდევ კუბოდან გადმომაყოფინეთო. მაშინ ჰკითხეს, ამას რატომ გვავალებო? დღე რომ გათავდება, რაც გინდა კარგი ექიმი გყავდეს, ვერ გიშველის, ეს ოქრო-ვერცხლი მე არ მჭირდება და ამიტომ გზაზე დაყარეთ, ხელები კიდევ იმიტომ გამითავისუფლეთ, რომ იცოდეთ, იქ ვერაფერს წაიღებთ, ამიტომ სიკეთე აკეთეთ და აქ დატოვეთო. ეჰ, მიქაელ გაბრიელი მომიკაკუნებს აწი მალე, მაგრამ მაინც არ ვჩერდები. ვერც გავჩერდები. აქ მკაცრი პირობებია. მთაში ძნელია ძროხების გამოკვება, სოფლებიც დაცლილია. მუქო სულ დაცლილია. უკანა ფშავში ორი ოჯახიღა ცხოვრობს. ჭიჭოშიც ერთადერთი კაცია. აქეთ, ჩემკენ, თეკლეს ხატია და როგორც წესი, სულ დავდიოდით ხოლმე. მოვილოცავდით, მამაზეციერს მადლობას შევწირავდით და მადლიერები ვბრუნდებოდით შინ. ბევრნი როცა ვიყავთ, კაი იყო, კაი.
- რა გენატრებათ?
- ახალგაზრდობა, ჯეელობა. (იცინის)
- ყველაზე მეტად რა გიჭირთ?
- გზები, ხიდები დანგრეულია, შვილო. ხალხს ცოტა ხელის შეწყობა უნდა. ის გადასახადი ხომ შეიძლება არ გადაახდევინონ გლეხს? ცოტა საქონლითაც ხომ შეიძლება მიეხმარონ? ცოტა რომ წამოიწიოს ხალხმა ძროხით, ცხვრით... თუ ოჯახს კარგი ხელმძღვანელი ჰყავ, ის ოჯახი კარგია. ასეა სახელმწიფოც. დედამიწამ ნამუსს უთხრა: ჩემზე მძიმე შენა ხარო! ნამუსიანები უნდა ვიყოთ. დედამიწაზე მძიმეა ნამუსი, შვილო. არ უღალატო არავის. იცხოვრე მხოლოდ კეთილი გულით. სიკეთე რჩება ამ ქვეყნად მარტო. ღმერთმა გიშველოს, მადლობა, რომ გამომელაპარაკე... მენატრება შენისთანა ახალგაზრდასთან საუბარი ხოლმე. ეჰ, წავედი ახლა შინ. ხვალ ისევ ნაადრევად მაღლა მთაში უნდა ავიდე. არ მინდა აქ ჩემები დიდხანს დავაღონო ჩემი მოვლით...
"შევთხოვ მეფეთა, ქართლის მეთაურთ,
წაღმა აბრუნონ ცხოვრების ჩარხი,
გალაღდეს ერი, დამარცხდეს მტერი,
ქვეყანა იქნას ბარაქიანი,
ხალხი შეიქმნას სახელიანი" - აი, ეს გაიგოს ჩვენმა მთავრობამ.
- მარტო არ გეშინიათ ზევით?
- შიში რა იყო, საერთოდ არ ვიცოდი, მაგრამ ახლა იმის მეშინია, რომ მოვკვდები, ჩემი მამის კერა გაცივდება... დამღალა სიცოცხლემაც, მაგრამ მერე რომ წარმოვიდგენ სიკვდილს, შიში მიპყრობს. მამა 105 წლისა მომიკვდა და მახსოვს, წინა დღეებში მითხრა: შვილო, კი დაგღალე, მაგრამ სიკვდილი არ მინდაო! ახლა მესმის მამაჩემის. ბოლო დროს სულ ვლოცულობ. თუ რაიმე დამიშავებია, ახლა მაპატიოს მამაზეციერმა. სანთელსაც ვანთებ, მუხლჩოქზეც ვდგები, შენდობას ვითხოვ, რომ იქ სასუფეველი მქონდეს, რომ ჯოჯოხეთში არ მოვხვდე. მაგისა მეშინია, ბებო. ღმერთმა რომ შექმნა ადამიანი, ყველა სიკეთე ზედ დაანათლა, მაგრამ ეშმაკი, ჩასაფრებული, სად შეაცდინოს ადამიანი, იმაზე ფიქრობს. შური, მკვლელობა, დაუნდობლობა, უსიყვარულობა, ქურდობა, განკითხვა - ეს ყველაფერი სატანის ხრიკებია, ბებო. მთელი ჯოჯოხეთი ხელის გულზე დევს, ზევით... ვემუდარები ამ ჩვენს ახალგაზრდობას, ნარკოტიკს ერიდოს, სასმელიც ზომა-წონა დალიოს. ზომიერზე კარგი სიტყვა არ არსებობს. წყალი რომ წყალია, იმასაც კი ზედმეტად თუ დალევ, ცუდია. დღეს ერთმანეთის სიყვარული, დანდობა თუ გადაგვარჩენს. ღალატითა და შურით ვის რა მოუგია?! სიკეთე რჩება მხოლოდ, სიკეთე! და ეს ომი, ეს უბედურება, მალე მოაცილოს დალოცვილმა იესო მაცხოვარმა. ვისურვებდი, ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს ქვეყანაში მშვიდობას და საქართველოს გამთლიანებას არ მოვესწრო. მანამდე არ მინდა, ბებო, სიკვდილი, გაერთიანებული\ და გაბრწყინებული მინდა დავტოვო ჩემი სამშობლო.
დაგლოცოთ ცა-ქვეყნიერების დამაარსებელმა იესო მაცხოვარმა, ჩვენი ქვეყანა დალოცოს დედა ღვთისმშობელმა, გწყალობდეთ საქართველოს მთის წვერზე მოფენილი ანგელოზები ფშავ-ხევსურეთისა, ქართლ-კახეთისა, მთიულეთ-გუდამაყრისა! წმინდა კალთა გადაგაფაროთ მუქუს ღვთისმშობელმა, გმირმა კოპალამ, გზა-მეგზურობის ანგელოზმა, კარატისწვერის ანგელოზმა, გოგოლაურთისა და უკანა ფშავის წმინდა გიორგიმ, ახადის სალოცავმა, პირცეცხლის ანგელოზმა, ღელას აქიმ დედუფალმა თამარმა, წიჩოს თეკლას ხატმა და საქართველოს ყველა სალოცავმა. ჩემსავით მხნედ გაცოცხლოთ და ჩემზე მეტი ასაკის მოგყაროთ დედა ღვთისმშობელმა, შვილიშვილითა და შვილთაშვილით, ხვავითა და ბარაქით აივსეთ.
რუსუდან შაიშმელაშვილი