“უყურადღებობა, დაცინვა­, სარკაზმი და დამცირება ტოქსიკური კავშირის დამახასიათებელი ნიშნებია“ - როდის ხდება სიყვარული ტოქსიკური და რა არის საჭირო მყარი ოჯახისთვის - კვირის პალიტრა

“უყურადღებობა, დაცინვა­, სარკაზმი და დამცირება ტოქსიკური კავშირის დამახასიათებელი ნიშნებია“ - როდის ხდება სიყვარული ტოქსიკური და რა არის საჭირო მყარი ოჯახისთვის

სიყვარული ამოუცნობი გრძნობაა, რომელსაც ადამიანისთვის ან დიდი სიხარული მოაქვს, ან ტკივილი და იმედგაცრუება. როდის ხდება ეს გრძნობა უსიამოვნების წყარო, ამის თაობაზე ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძეს­ ვესაუბრეთ:

- დღეს ძალიან პოპულარული გახდა ტერმინი "ტოქსიკური სიყვარული", რომელსაც უიღბლო სიყვარულის აღსანიშნავად იყენებენ. როდესაც ადამიანი არასწორ ურთიერთობას იწყებს, სწორედ ამგვარ სამწუხარო შედეგს იღებს. შეყვარებულები ერთად ყოფნისას ძალიან კარგად უნდა გრძნობდნენ თავს, მაგრამ ტოქსიკური ურთიერთობის დროს ისინი ცალ-ცალკე უფრო კარგად არიან. საერთოდ, ორმხრივი ურთიერთობა ენერგიის გაცვლა-გამოცვლას გულისხმობს და დიდ შეცდომას ვუშვებთ, როცა უფრო მეტს მოვითხოვთ მეორე ადამიანისგან, ვიდრე მას შეუძლია. ნებისმიერ ადამიანს სხვადასხვა რესურსი აქვს, ვიღაც 300-კილოგრამიანი შტანგის აწევასაც ახერხებს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ყველას იგივე მოვთხოვოთ?

- როდის არის სიყვარული ტოქსიკური?

- ტოქსიკური კავშირი ბევრნაირია, ტოქსიკურია ადამიანი, რომელიც სულ ეჭვიანობს ან გამუდმებით წუწუნებს და ამტკიცებს, რომ ჩვენი­ ცხოვრება საშინელებაა და აზრი არა აქვს. უყურადღებობა, დაცინვა­, სარკაზმი და დამცირება ტოქსიკური კავშირის დამახასიათებელი ნიშნებია და როცა ეს პერმანენტულად გრძელდება, რთული ასატანია.

ტოქსიკური ურთიერთობა ადვილი ამოსაცნობია: თუ მეორე ადამიანისგან მხოლოდ უარყოფით ემოციებს იღებთ და მასთან თავს ცუდად გრძნობთ, ესე იგი, ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ. ტოქსიკური ადამიანი მხოლოდ უარყოფით ემოციებს ავრცელებს და საუკეთესო მანიპულატორია. მანიპულაციის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, მაგალითად, გაბუტვა, რადგან ის მეორე მხარეს დანაშაულის განცდას უჩენს, ეს კი ნებისმიერ ჩვენგანზე ცუდად აისახება.

- თქვენი დაკვირვებით, რატომ რჩებიან ადამიანები ასეთ ურთიერთობაში?

- იმიტომ, რომ ეს მისი ცხოვრების ნაწილი ხდება. ასეთები ხშირად ამბობენ, რომ მეუღლეს მძიმე ხასიათი აქვს, მაგრამ ზოგჯერ ძალიან თბილად და კარგად ექცევა. ისიც, დადებით ემოციებს იმ დოზით აწვდის, რომ ურთიერთობა შეინარჩუნოს. ეს ძალიან ჰგავს აზარტულ თამაშს: ცნობილია, რომ მოთამაშემ შეიძლება ცხრაჯერ წააგოს, მაგრამ მეათედ მაინც თამაშობს იმ იმედით, რომ შეიძლება მოიგოს. სწორედ ასე ხდება ტოქსიკური კავშირის დროსაც: წყვილს რვა დღის განმავლობაში­ ჩხუბი და დავიდარაბა აქვს და უცებ 2 დღე იდეალურია... სწორედ ამ ორი დღისთვის რჩებიან არაჯანსაღ ურთიერთობაში. განსაკუთრებით რთულადაა საქმე, როცა ოჯახზე ვსაუბრობთ, რადგან ოჯახი ვალდებულებებსაც გულისხმობს, ვალდებულება კი სულაც არ არის დადებითი ემოციების მომტანი. ხომ არ შეიძლება ადამიანს უხაროდეს იმ ადამიანის დანახვა, რომლის ვალიც აქვს? ამიტომ, თუ მე რაღაცას ვაკეთებ მეორე ადამიანისთვის, სიყვარულით უნდა ვაკეთებდე და არა ვალდებულების გამო.

- რით აიხსნება, რომ ჩვენი ბებიები თითქმის უცხო ადამიანებზე თხოვდებოდნენ, მაგრამ ოჯახები დღევანდელზე მყარი იყო?

- განქორწინება იმდრონდელი სოცი­უმისთვის ძნელად მისაღები მოვლენა იყო. აბა, ახლა ვის რაში აინტერესებს, ვინ დაშორდება ერთმანეთს და ვინ არა? ამასთან, ქორწინება ნიშნავს იმ ადამიანთან დიდხანს ყოფნას, რომელთანაც ოჯახს ქმნი. თუ შენი პარტნიორი 20-22 წლის ასაკში ძალიან მიმზიდველია, წინასწარ უნდა შეეგუო, რომ 50-60 წლისა ისეთივე მიმზიდველი აღარ იქნება. ამიტომ ოჯახის შექმნისას, აქცენტი უნდა გაკეთდეს მომავალი მეუღლის პიროვნულ თვისებებზე, რაც სტაბილურობის საიმედო გარანტიაა, გაცი­ლებით საიმედო, ვიდრე გარეგნული მიმზიდველობა ან ფიზიკური ლტოლვა, რომელიც, ადრე თუ გვიან, გაივლის. თუმცა უკვე სტაბილურ, ჩამოყალიბებულ კავშირსაც სჭირდება მოვლა და გაფრთხილება. ზოგჯერ უსიამოვნების მთავარი მიზეზი ყურადღების დეფიციტია. მაგალითად, მოდის წყვილი, რომელსაც ვეკითხები,­ ბოლოს ერთად როდის იყავით კარგად-მეთქი? ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 99 პროცენტი მპასუხობს, რომ ესპანეთში, იტალიაში ან ბათუმში რომ იყვნენ, მაშინ... რატომ? - როცა ადამიანები სადმე ერთად მიდიან, ერთმანეთზე უფრო ზრუნავენ. არადა, ერთმანეთზე ზრუნვა ყოველდღე შეიძლება, ამას ყოველდღიური რუტინა ხელს არ უნდა უშლიდეს.

- გამოდის, ყურადღების ნაკლებობა ნებისმიერ ურთიერთობას ტოქსიკურად აქცევს?

- სამწუხაროდ, ასეა. მამაკაცებმა ხშირად­ იციან თქმა, დილიდან საღამომდე ვმუშაობ, არ გშია, არ გწყურია და სხვა რა გინდა, ყველაფერი გაქვსო, მაგრამ ეს "ყველაფერი" სიყვარულისთვის საკმარისი არ არის. დღეს ადამიანები ოჯახში იმიტომ ბრუნდებიან, რომ დროებით დაისვენონ და მეორე დილით ისევ ორომტრიალში ჩაერთონ. ამგვარი ცხოვრების წესი ურთიერთობის პირველი მტერია. ქონების დაგროვება სულაც არ ნიშნავს, რომ შენი ოჯახი ბედნიერია. შეიძლება ძალიან დიდი ქონება დააგროვოთ, მაგრამ ურთიერთობა ვერ ააწყოთ, ან პირიქით, არაფერი გქონდეთ და პირად ურთიერთობაში ძალიან ბედნიერი იყოთ. როდესაც ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატერიალური მდგომარეობაა, მისი ცხოვრება ხშირად თავდაღმართისკენ მიექანება. სწორედ ეს არის თანამედროვე ოჯახების სიმყიფის მიზეზი, ამიტომ ინგრევა ჩვენს საუკუნეში ამდენი ოჯახი და ერთ დროს იდეალური, ლამაზი ურთიერთობები ტოქსიკურად იქცევა ხოლმე.

- ასეთ დროს ბევრი თავის ინტერესებზე უარს ამბობს და ცდილობს პარტნიორის სურვილებს მოერგოს.

- ეს კიდევ ერთი სერიოზული შეცდომაა, რადგან ჯანსაღი ურთიერთობა ადამიანს დადებითი ემოციებით ავსებს და პიროვნულ ზრდაში ეხმარება. ჰარმონიული ურთიერთობა სულაც არ გულისხმობს, რომ არ იკამათებთ ან რაღაც არ გეწყინებათ, მაგრამ როცა ადამიანი შეურაცხყოფას გაყენებთ და მერე ბოდიშებს იხდის, როცა მასთან ყოფნას სიხარული არ მოაქვს, ეს უკვე ცუდის ნიშანია. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ტოქსიკური ურთიერთობის მიზეზი ზოგჯერ ქალია და არა მამაკაცი.

- ხომ არ ჯობს, ადამიანმა ასეთ ურთიერთობაზე უარი თქვას?

- როგორ არა, მაგრამ ამას ბევრი ვერ წყვეტს. უმჯობესია ტოქსიკურ ურთიერთობაზე უარი თქვათ, რადგან სიტყვა "ტოქსიკური" ნიშნავს მომწამვლელს. მომწამვლელ ადამიანს კი ისე უნდა მოერიდო, როგორც მომწამვლელ ნივთიერებას. ტოქსიკურ ადამიანთან გატარებული თითოეული დღე თქვენს ცხოვრებას აკლდება. თუ ადამიანი გიყვარს, უნდა ცდილობდე შენთან ბედნიერი იყოს, მაგრამ თუ ისე ექცევი,­ როგორც საკუთრებას, ეს სიყვარული აღარ არის. ასეთ კავშირს დროულად უნდა გავერიდოთ.

ხათუნა ჩიგოგიძე