გორიდან ჰოლივუდამდე...
"ჰოლივუდში დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ ჩემ შესახებ. შევეცდები აბსოლუტური გულწრფელობით წარმოვაჩინო ჩემი ლამაზი სამშობლო" - წერს სოციალურ ქსელში პოეტი, პროზაიკოსი ნათია ხადური... თავბრუდამხვევი წარმატებით გამოწვეული სიხარული მან
ამერიკიდან გაგვიზიარა.
- ყველაფერი ასე დაიწყო: ამერიკაში სამი წლის წინ ჩამოვედი სამი რომანითა და პოეზიის კრებულით. ჩამოსვლისთანავე მათი ინგლისურად გადათარგმნა დავაყენე დღის წესრიგში. ლონდონში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე, უნიჭიერესი ქალბატონი მზია კვირიკაშვილი-ლოურენსი დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით დამიდგა გვერდით. ჩემი ყველა ნაწერი მისი გადათარგმნილია და თანაც უანგაროდ. მოკლედ, ამან გააადვილა ჩემი ამერიკულ კონკურსებში ჩაბმა და იქამდე მივედი, რასაც ახლა გიამბობთ: ამერიკაში თითქმის ყველა წიგნის კონკურსის, რასაც ინფორმაციულად მივწვდი, როგორც მინიმუმ, ფინალისტი ვარ. ერთ-ერთი არის არიზონის პროექტი, სადაც თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის პირველი ადგილის მფლობელი გახდა ჩემი "ჯარისკაცის საგზალი". ამის შემდეგ შემიყვანეს ჯილდოს მფლობელ 20 ავტორთან ერთად ანთოლოგიაში. სპეციალურად ამ პროექტისთვის დავწერე "ჩემი ამბავი" და ეს გახდა საფუძველი, რომ მათ უკვე რეჟისორებთან და ამ საქმის სპეციალისტებთან ერთად შემომთავაზეს "ჩემს ამბავზე" დოკუმენტური ფილმის გადაღება. უკვე ყველაფერი განსაზღვრულია. 3 ოქტომბერს ჰოლივუდში გადაღებები დაიწყება, 4 ოქტომბერს კი კიდევ ერთი დიდი გალა დაჯილდოების მონაწილე ვიქნები. მე უკვე დავიწყე მზადება და ძალიან გახარებულიც ვარ. მანამდე, ივნისში, გალა ღონისძიებისთვის ვემზადები - 10 ამერიკული წიგნის ფესტივალის გამარჯვებული ვარ.
ამერიკაში სამი წლის წინ ჩამოვედი. ეს არის უზარმაზარი ქვეყანა და დამკვიდრებასაც უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება. ემიგრანტობის საწყისი ეტაპი ურთულესი იყო. მე ამერიკაში არ ჩამოვსულვარ არც სავსე ყულაბით და არც გამართული საბუთებით (ვიზას ან მწვანე ბარათს ვგულისხმობ). თუმცა ერთნაირი სირთულეების გადალახვა უწევს ყველა ემიგრანტს და ვერც მე ვიქნებოდი გამონაკლისი. თუმცა გულით მჯეროდა, რომ დრო და ნებისყოფა ყველაფერს მოერეოდა. ვმართავდი პოეზიის საღამოებს, დავდიოდი ყველა კულტურულ ღონისძიებაზე, გულწრფელად ვეპყრობოდი ადამიანებს და ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი კარგი წინ იყო, მაშინაც კი, როცა ფინანსურად ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. 8 თვე მუშაობა ვერ დავიწყე და ჩემთვის ეს ძალიან დიდი სტრესი იყო. ამაზე ხმამაღლა არ ვსაუბრობდი და მთელი მონდომებით გამოსავალზე ვიყავი ორიენტირებული. ღმერთი არასდროს გვტოვებს! იმ რთულ დროს გავიცანი ერთი ლამაზი ადამიანი, ლალი იმერლიშვილი (გამიბრაზდება, მაგრამ მე მაინც ხმამაღლა ვიტყვი, რა საოცარი ადამიანები გვყავს ქართველებს). მისთვის არასდროს არაფერი მითხოვია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზრუნავდა ჩემს ყოველთვიურ საჭიროებებზე და დღეს ის ჩემი ძვირფასი მეგობარია... ეს ყველაფერი იმიტომ გიამბეთ, რომ არ შეიძლება მხოლოდ იმ სირთულეებზე და პრობლემებზე მივმართოთ ჩვენი ყურადღება, რაც გარდაუვლად ახლავს უცხო ქვეყანაში ცხოვრებას. ემიგრაციაში ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი გვყავს ქართველებს და ყოველ მათგანს სათითაოდ მოვეფერები.
ახლა ერთ კურიოზს გეტყვით: თურმე 2023-ში, ანუ ორი წლის წინ გავმხდარვარ ამერიკაში წიგნის ფესტივალის გამარჯვებული, ლოს ანჯელესის გალა ღონისძიებაზე მიწვეული ვყოფილვარ და ეს ახლა აღმოვაჩინე. იმდენად მოცული ვიყავი ჩემი ყოველდღიური საზრუნავით, საბუთების მოწესრიგებით, თავის დამკვიდრების მცდელობით, რომ ყურადღების მიღმა დამრჩა ეს მიღწევა, რომელზეც ალბათ უამრავი ავტორი იოცნებებდა და მათ შორის, მეც.
დღეს მაქვს შემოთავაზებები ჩემი რომანების მიხედვით ფილმების გადაღებაზე. მინდა, რომ ყველაფერს გავწვდე. ჩემი ყველა წიგნი სხვადასხვა პროექტის რჩეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ წერას ვაგრძელებ!
- გვიამბეთ თქვენი ოჯახის შესახებ...
- დავიბადე და გავიზარდე გორის ერთ ლამაზ სოფელ ქვეშში. საქართველოში მყავს ჩემი ლამაზი დედიკო, რომელმაც საბავშვო ბაღშიც კი დიდი თეთრი ბაფთებით მატარა. მამა, რომლის სახითაც უდიდესი მეგობარი შევიძინე, 28 წელია აღარ მყავს, მაგრამ ის დღესაც კვებავს ჩემს შინაგან სამყაროს. მყავს დედმამიშვილები თავიანთი ოჯახებით და ჩემი ცხოვრება, ჩემი ორი ვაჟი, რომლებიც მათი მამისგან დამოუკიდებლად, მარტომ გავზარდე. ასე რომ, უდიდესი პასუხისმგებლობებით ვცხოვრობ, რაც ჩემს ემოციურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამაღლებს და გრძნობითა და სიყვარულით ავსებს ჩემს სიცოცხლეს.