„სულიერ ღირებულებებზე მოთხოვნა არასოდეს კვდება“
მხატვრობა ყოფის ერთ-ერთი რთული სფეროა იმ თვალსაზრისით, რომ საარსებო სახსრის მოპოვება ჭირს, მაშინაც კი, როდესაც დიდ ფასეულობებს ქმნი. რა მდგომარეობაა დღეს ჩვენს მხატვრობაში და რა შეიძლება იყოს მხატვრის შემოსავალი? - ამ კითხვებით მივმართეთ მხატვართა კავშირის თავმჯდომარეს, ცნობილ მხატვარს გურამ ცერცვაძეს.
"არასოდეს არც ერთ სამხატვრო გამოფენაზე არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლების კულტურის მინისტრიც კი არ მინახავს"
- ხელოვნება რომ ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი იყო, არის და იქნება, მგონი, ეს საკამათო არ არის. ამიტომაც არ მესმის, რატომ არის იგნორირებული სახელმწიფოსგან მხატვრობის თემა. არასოდეს არც ერთ სამხატვრო გამოფენაზე არც ყოფილი და არც ახლანდელი ხელისუფლების კულტურის მინისტრიც კი არ მინახავს და ეს მაოცებს. ჩვენს ბევრ მხატვარს საგამოფენო დარბაზებიც არ ეღირსა გამოფენებისთვის. გალერეას მათთვის არასოდეს სცალია. ნუთუ არ აინტერესებთ, რას ვაკეთებთ, რას წარმოვადგენთ მსოფლიოსთვის? იგივე ხდება მედიაშიც და ამაზე საუბარს არა მგონია ამ ეტაპზე რეზონანსი ჰქონდეს. ამ დროს ზოგჯერ მხატვრისთვის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, არ მომერიდება და პირადად ჩემს თავზე მოგახსენებთ - "კვირის პალიტრის" პირველმა რედაქტორმა, განუმეორებელმა ადამიანმა და ქვეყნის ნამდვილმა პატრიოტმა ჩემს მხატვრობაზე გამოაქვეყნა წერილი, რის შემდეგაც ჩემი 12 ტილო გაიყიდა. მაშინ ამ მხარდაჭერას ჩემთვის, მრავალსულიანი ოჯახის წევრისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სხვათა შორის, მხატვართა კავშირიც ამიტომ გვაქვს. მშვენივრად მახსოვს ეჭვების დათესვა მსგავს კავშირებზე, მაგრამ დღეს ისევ ჩვენ ვუდგავართ ჩვენს ათასობით წევრს მხარში, შესაძლებლობის მიხედვით, რა თქმა უნდა... თუმცა მსგავსმა დამოკიდებულებამ ჩვენს მხატვრებს უბიძგა, თავადვე ეცადათ ყველაფერი ფეხზე დასადგომად. შედეგად მათი ნამუშევრები თანდათან გადის მსოფლიოში. არაერთი მხატვარი გვყავს, რომელთა ნამუშევრები უცხოეთში 20-30 ათას დოლარად და მეტადაც იყიდება. ეს ძალიან კარგია არა მხოლოდ კონკრეტული მხატვრისთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი ხელოვნებისათვის, თუნდაც დამწყები მხატვრებისთვის, რომელთა ნამუშევრები შესაძლოა არ გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მაგრამ აქვთ თავიანთი ესთეტიკა და მათი რეალიზაციაც მიმდინარეობს. მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში, რასაც ინტერნეტმაც შეუწყო ხელი. არაერთ გვერდზე წააწყდებით ნახატებით ვაჭრობას, უმრავლესობა რომ შეძლებს შეძენას, ისეთ ფასადაც.
- ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოებაც ხელოვნების საჭიროებას აღიარებს, ბევრს უკვე აუცილებლობად მიაჩნია, შინ ერთი ნახატი ჰქონდეს. ზოგიერთი დიდ თანხასაც იხდის. მაგალითად, ანგელინა დამენიას ნახატი საქართველოში 9.000 დოლარად შეიძინა კერძო პირმა, ევროპაში კი 16.000 ევროდ გაიყიდა.
- რატომ მიაჩნიათ აუცილებლობად შინ ერთი ნახატი მაინც? იმიტომ, რომ ნებისმიერი ნახატი თავისებური ესთეტიკაა, სიცოცხლის ენერგიით გავსებს. ამიტომაც სჭირდებათ ის ადამიანებს. იყო პერიოდი, როდესაც ეს ტენდენცია თითქოს შეჩერდა, მაგრამ სულიერ ღირებულებებზე მოთხოვნა არასოდეს კვდება. მხატვრები იბრძვიან, შრომობენ და საზოგადოებაში ადგილს ეძებენ. თქვენგან დასახელებულ მხატვარ ანგელინა დამენიაზე გეტყვით, რომ უამრავი ჯილდო აქვს მიღებული მსოფლიოს სხვადასხვა გამოფენაზე და არაერთი ნახატი აქვს გაყიდული. ჩვენ გენეტიკურად მოგვდგამს ნიჭიერება ხელოვნებაში. გვყავს ხელოვანებიც, რომელთა მხატვრობამ ძალიან დიდი ხნის წინათაც გააღწია მსოფლიოში. დიდი მხატვრების გვარ-სახელებს აღარ ჩამოვთვლი, ყველამ ვიცით. მათი ნახატები ამჟამადაც იყიდება მსოფლიო აუქციონებზე, მათ შორის "სოთბიზე" ათასეულობით სტერლინგად და დოლარად. თუმცა ასევე საამაყოა, რომ ამ აუქციონებზე გამოჩნდნენ ახალგაზრდა ქართველი მხატვრებიც! ორ მათგანს დავასახელებ: ბრუნო ვეფხვაძეს და 24 წლის თეკლა მელაძეს, რომელიც უკვე მსოფლიო გამოფენებს აინტერესებს. მხოლოდ 13 წლის იყო, როდესაც მისი ნახატი ნიუ-იორკში გამოიფინა ყველაზე ახალგაზრდა მხატვრის ტიტულით, შემდეგ კი ვენეციის ბიენალეზე, სადაც დიდი სიამაყით წარადგინა თავისი ქვეყანა.
- სასიხარულოა, რომ შესაძლებელია ამ ყველაფერს უკვე საქართველოდან მიაღწიო.
- უდავოდ. ამიტომაც არის დაუშვებელი დასავლეთთან კავშირების თუნდაც მცირედ შესუსტება. ორივე მხატვარი საქართველოში ცხოვრობს და აქედან იკაფავს გზას წარმატებისკენ. თეკლას ნახატი "სამშობლო" ნიუ-იორკში მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს შაპიროს აუქციონზე გაიყიდა 15.000 დოლარად, მეორე ნახატი კი, "პური და ღვინო", ლონდონში უდიდეს ბონამის აუქციონზე ელოდება მყიდველს.
"დედამიწაზე არაერთი ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ საქართველოსთანა არც ერთი"
ვინაიდან ძალიან დამაინტერესა, რას ყიდის 24 წლის თეკლა მელაძე ლონდონის აუქციონზე, ყურადღებით დავათვალიერე სივრცე, სადაც თეკლას შესახებ ამ რეზიუმეს წავაწყდი: "მელაძის მხატვრული ხედვა ღრმად ეფუძნება საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც მოიცავს ქვეყნის უძველესი ოქროს მაღაროების ელემენტებს, პოლიფონიურ მუსიკალურ ტრადიციებს, ღვინის დაყენების პრაქტიკასა და განსაცვიფრებელ პეიზაჟებს". ბუნებრივია, ამის შემდეგ თავად თეკლასაც დავუკავშირდით:
- საბედნიეროდ, ქართულ მხატვრობაში ნიჭიერი მხატვრები მრავლადაა. თუმცა ამჟამად შენ ხარ ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი. ეს წარმატება, ცხადია, დიდი შრომის შედეგიცაა.
- წარმატებისთვის ნიჭი რომ საჭიროა, ცხადია, თუმცა საჭიროა ცოტა იღბალიც და დიდი შრომა. ამას ვუხსნი ყველას, ვინც ცდილობს ნამუშევრების საერთაშორისო აუქციონებზე გატანას. თავად ეს გზა დიდი ხნის წინ დავიწყე. 14 წლის ვიყავი, როდესაც ნიუ-იორკის გამოფანაზე წავედი. მერე კი არაერთხელ უცხოეთში. უმაღლესი განათლებაც ინგლისში მივიღე.
- და დაბრუნდით.
- რა თქმა უნდა. დედამიწაზე არაერთი ლამაზი ქვეყანაა, მაგრამ საქართველოსთანა არც ერთი.
- უემოციოდ ვერ წავიკითხე თქვენი სიტყვები: "ჩემი ორი ძალიან პატარა ნამუშევარი 10-ჯერ ძვირად გაიყიდა შაპიროს აუქციონზე, ვიდრე ვყიდი საქართველოში... ეს განსხვავებაა მიუკერძოებელ ქვეყანასა და ჩემს ქვეყანას შორის, სადაც 4 წელიწადია ჩემი გამოფენისთვის ყველა დარბაზი დახურულია... და მაინც, ღმერთმა დალოცოს ჩემი სამშობლო, საქართველო, რომელიც არის ჩემი მთავარი მუზა და შთაგონება".
- კი, ასეა... თუმცა კარი ყოველთვის იხსნება საიდანმე. უცხო ენის კარგი ცოდნა მეხმარება, რომ საერთაშორისო აუქციონებს ვეკონტაქტო. მიხარია, რომ ისინი ჩემი მხატვრობით ინტერესდებიან. ნახატები შესაძლოა კერძო პირებზეც გაიყიდოს, მაგრამ როდესაც იყიდება ცნობილ აუქციონებზე, ამ შემთხვევაში საუბარი არ არის მხოლოდ თანხაზე, მთავარია საერთაშორისო ხელოვნების სიაში დაფიქსირდეს მხატვრის ქვეყანა, მისი სამშობლო. ამისთვის პირადად მე ყველაფერს ვაკეთებ.
- ისეთი მხატვრების ძვირად ღირებულ ნამუშევრებს, როგორიც თქვენ ხართ, საქართველოში ბევრი ვერ იყიდის.
- ნუ გაგიკვირდებათ და, ხშირად დამიხატავს ისეთი ნამუშევრებიც, რომელთა ყიდვაც ყველამ შეძლოს. გამიჩუქებია კიდეც, ვისაც ხელოვნება უყვარს, მას უნდა ეკუთვნოდეს.
"სოთბის" აუქციონზე გაიყიდა:
ფიროსმანის "ქართველი ქალი ლეჩაქით" - 2 მილიონ 230 ათას გირვანქა სტერლინგად. ფიროსმანის ნახატი "შველი წყლის პირას" - 629.000 გირვანქა სტერლინგად, ხოლო "არსენალის მთა ღამით" 1,5 მილიონ დოლარად. მერაბ აბრამიშვილის "300 არაგველი" - 65.000 დოლარად.დავით გაბიტაშვილის "გაზაფხული სოხუმში" - 12.000 გირვანქა სტერლინგად. ბრუნო ვეფხვაძის "რომაული გაზაფხული" 28.000 დოლარად. "სოთბის" აუქციონზე ასევე გაიყიდა სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრებიც, მათ შორის ლევან სონღულაშვილის "მედუზა" და კოტე სულაბერიძის "ფერადოვნება".“
ეთერ ერაძე