როგორ მოვიქცეთ თუ ონლაინმარკეტები გვატყუებენ - კვირის პალიტრა

როგორ მოვიქცეთ თუ ონლაინმარკეტები გვატყუებენ

სოციალურ ქსელში ელექტრონული ვაჭრობისა და ონლაინმარკეტების რიცხვი მატულობს, რაც დროის დაზოგვისა და მომხმარებლის საჭიროებების სწრაფად მოგვარებას გულისხმობს. თუმცა, სამწუხაროდ, ელექტრონული ვაჭრობით უკმაყოფილოთა რიცხვიც იზრდება, თანაც ძალიან სწრაფად. არაერთი მომხმარებელი ონლაინვაჭრობისგან მიყენებულ ზარალს აფიქსირებს და ვაჭრობის ამ სფეროში არაეთიკურ მოპყრობაზე წერს, რაც მორალურ ზიანადაც შეიძლება ჩაითვალოს. ხშირად ონლაინმაღაზიის მეპატრონე გაწბილებულ მომხმარებელს შეურაცხმყოფლად პასუხობს, ტელეფონს უთიშავს და ზარალსაც არ უნაზღაურებს.

წესით, ეს მაგალითი უნდა იყოს სხვა მომხმარებლისთვის, უნდა შეეცადონ, რომ ნივთი არასანდო ელექტრონული სუბიექტისგან არ შეიძინონ. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ ხდება. სოციალურ სივრცეში მრავლად შეხვდებით დაზარალებული მომხმარებლის სტატუსებს, მაგალითად, ასეთს: "ერთ-ერთი ონლაინმაღაზიისგან შევიძინე ნივთი, რომელიც მომიტანეს გაფუჭებული, წუნიანი, შემდეგ კი მითხრეს, რომ შემიცვლიდნენ სამ დღეში. თუმცა მითითებულ დროს არავინ გამოჩნდა. არც არაფერი მოუტანიათ, არც თანხა დაუბრუნებიათ. როდესაც მათ დავუკავშირდი ტელეფონით, უცნობმა ადამიანმა დამწამა, რომ ნივთი თავად გავაფუჭე და დაიწყო შეურაცხმყოფელი სიტყვების "გადმოფრქვევა". მირჩიეთ, ვის და სად მივმართო, რომ ამ ონლაინსუბიექტს პასუხი მოეთხოვოს და ნივთში გადახდილი თანხა დავიბრუნო. სასამართლოს შესახებ თავადაც ვიცი, თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს სასამართლოსთან ურთიერთობა განუსაზღვრელად დიდ დროს მოითხოვს". ვინაიდან მსგავსი რამ არა მხოლოდ სოციალურ სივრცეში გვხვდება, არამედ ყოველ ჩვენგანს შეიძლება დაემართოს, ამ თემაზე სასაუბროდ ეკონომისტს, ექსპერტ ნოდარ ხუციშვილს მივმართეთ.

- ბატონო ნოდარ, იმდენად მომრავლდა სოციალურ სივრცეში უპასუხისმგებლო ონლაინმაღაზიები, რჩება შთაბეჭდილება, რომ მათ არავინ აკონტროლებს.

- კანონი თეორიულად არსებობს, მაგრამ არა და ვერ სრულდება. შესაბამი­სად, ელექტროკომერციულ სუბიექტებს არავინ აკონტროლებს. ერთ მაგალითს მოვიყვან:

მომხმარებელთა უფლ­ებების დაცვის წესებში ნათქვამია, რომ ფასის შესახებ შეკითხვას ონლაინსავაჭრო ობიექტმა იქვე, გვერდზე უნდა უპასუხოს და არა ე.წ. პირადში, თუმცა ამ მითითებას­ არავინ ასრულებს. სოციალურ ქსელში ონლაინმაღაზიის გახსნასაც აქვს თავისი კანონები. მაგალითად, მაღაზიის მფლობელი გახსნისას ვალდებულია კომპანია კანონიერად დაარეგისტრიროს, აიღოს საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე, მაგრამ ამ მითითებებს დიდი ნაწილი არ ასრულებს.

არ ვგულისხმობ ცნობილ ელექტროობიექ­ტებს, რომელთაც უკვე მოხვეჭილი აქვთ მომხმარებლის ნდობა, რადგან კეთილსინდისიერად მუშაობენ.

- როგორ უნდა გამოვიცნოთ არასანდო ობიექტები?

- კარგი კითხვაა, თუმცა სრულყო­ფილი პასუხი არა მაქვს. თუ თქვენ დარწმუნებული არა ხართ, რომ მოცემული ობიექტი კეთილსინდისიერად მოგემსახურებათ, წუნიანი საქონლის საფასურს დაგიბრუნებთ, რატომ მიმართავთ? არაერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც არასანდო ობიექტებმა ძალიან დააზარალეს მომხმარებელი, განსაკუთრებით მუნიციპალიტეტების წვრილ სავაჭრო ქსელებში. ხალხი სავაჭრო საქონელს, ძირითადად, ლილოს ბაზრობიდან ეზიდება. თუმცა, როდესაც ნახეს, რომ საქონელი იქაურ ფასებზე ნაკლებად ონლაინქსელში შეუძლიათ შეიძინონ, ონლაინმოვაჭრეებს დაუკავშირდნენ და იყიდეს, მაგალითად, ჭურჭელი. ვთქვათ ქვაბების კომპლექტი, რომელსაც მიმზიდველი ფასი ჰქონდა მუნიციპალიტეტში ვაჭრობისთვის. ამასობაში აღმოჩნდა, რომ სასურველი ჭურჭლის ნაცვლად მიიღეს იაფფასიანი კომპლექტები, რომელთა რეალიზაცია უხარისხობის გამო ვერ მოახერხეს. ონლაინმაღაზიამ ზარალის ანაზღაურების ან ნივთის დაბრუნების ნაცვლად, მომხმარებლები დაბლოკა და პრეტენზიის გამოთქმის საშუალებაც არ მისცა.

- მსგავს შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს მომხმარებელმა, გარდა სასამართლოში­ უზარმაზარი დროის დაკარგვისა. თუმცა ასეთ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერების საპასუხოდ ადამიანი დროის ხარჯვას არ უნდა მოერიდოს.

- გეთანხმებით. არსებობს კანონი, რომელმაც ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი უნდა დაიცვას. მომხმარებელმა კი უნდა მიმართოს ორგანიზაციას, რომელსაც ამ კანონის დაცვა ევალება. ეს არის კონკურენციის ეროვნული სააგენტო. თუმცა ამ ორგანიზაციასაც გაუჭირდება იმ ონლაინობიექტთან დავა, რომელიც დარეგისტრირებული არ არის შესაბამის უწყებაში. დარეგისტრირებულ ონლაინმაღაზიაში თქვენ 14 დღეში შეგიძლიათ მოითხოვოთ ნივთის დაბრუნება. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი დაზიანებულია ან სამოსი არ მოგერგოთ, ონლაინობიექტს მისი დაუბრუნებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული სასჯელი ეკისრება, რაც აუცილებლად შეიცავს თქვენი ნივთის დაბრუნებას.

- სოციალურ ქსელში ასევე ხშირია საავტორო უფლებების დარღვევაც, თუმცა საავტორო უფლების აღდგენას ვერ აღწევს.

- სულ ასე იქნება, თუკი ჩვენი საზოგადოება კანონიერებისთვის ბრძოლას არ ისწავლის. შესაბამისი კანონი არსებობს და არ მოითხოვს სასამართლოს მოშველიებას. საკმარისია დაზარალებულმა ავტორმა მიმართოს "საქპატენტს", რომელიც ინტერნეტპროვაიდერს მიუთითებს, მითვისებული შემოქმედებითი საკუთრება ჩამოხსნას საკუთარი ინტერნეტგვერდიდან შესაბამისი განმარტებით. თუკი მიმთვისებელი პროვაიდერი ამას გააკეთებს, მას პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ არადა, სასამართლოში მოუწევს უფლებების დაცვა.