მითი თუ რეალობა სტალინის მამის ორ საფლავზე?! - "ვანქის ქუჩაზე ბესო ჯუღაშვილი მოკლესო. სოსო შეწუხდაო... "კეკე" ამბობდა, თავისი დისშვილის ოჯახში მოკვდა და იქვე დამარხესო. მე, როგორც ღარიბი, ვერ წავედიო"
ოფიციალურად ცნობილია, რომ ბესარიონ (ბესო) ჯუღაშვილი 1909 წლის 12 აგვისტოს, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, თბილისის ე.წ. მიხეილის საავადმყოფოში. თელავში ბესარიონ (ბესო) ჯუღაშვილის სავარაუდო საფლავის არსებობის შესახებ, კვლევის შედეგებს და მოსაზრებებს გვაცნობს თენგიზ სიმაშვილი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი.
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულ ერთ-ერთ მოგონებაში ვკითხულობთ:
"1906 წელს მეგაზეთემ გაზეთი მოგვიტანა... ვანქის ქუჩაზე ბესო ჯუღაშვილი მოკლესო. სოსო შეწუხდაო“. სტალინის ბიოგრაფიის ზოგიერთი მკვლევარი თუ მწერალი ბესარიონ ჯუღაშვილის გარდაცვალებისა თუ მკვლელობის ადგილად ქალაქ თელავს ასახელებს. მაგალითად, რომან ბრაკმანი წერს, რომ ბესარიონ ჯუღაშვილი 1906 წლის მარტში თელავში მოკლეს. ანატოლი რიბაკოვი წიგნში „არბატის შვილები“ აღნიშნავს:
„შემდეგ მოვიდა წერილი, რომ მამა თელავში მთვრალების ჩხუბში მოკლეს და იქვე თელავში დაკრძალეს, თუ სად, არავინ იცის.“ ორივე ინფორმაცია არანაირი დოკუმენტური მასალით არაა დადასტურებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში ასევე დაცულია 1954 წლით დათარიღებული დოკუმენტები - ანონიმური წერილები, რომლის ავტორი ასაბუთებს, რომ სტალინის მამის საფლავი ქალაქ თელავში იყო. მართლაც, თელავში, ე.წ. ქართველების სასაფლაოზე ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოს კედელთან ახლოს მდებარეობს საფლავი სურათით და წარწერით - ბესო ჯუღაშვილი. ანონიმურ წერილში მითითებულია მიზეზიც, თუ რატომ დამარხეს ბესარიონ ჯუღაშვილი ქალაქ თელავში: „თვითონ კეკე“ ამბობდა, რომ თავისი დისშვილის ოჯახში მოკვდა და იქვე დამარხესო. მე, როგორც ღარიბი, ვერ წავედიო...“ .
აღსანიშნავია, რომ ბესარიონ ჯუღაშვილს ჰყავდა ერთი ძმა - გიორგი, მას ღვიძლი და არ ჰყოლია.
ბესო ჯუღაშვილის სავარაუდო საფლავის თელავში მდებარეობის შესახებ, არსებული მასალის გადამოწმების მიზნით, მოვიძიე დამატებითი ინფორმაცია. აღმოჩნდა, რომ ქალაქ თელავის ძველ მაცხოვრებლებს ახსოვთ, რომ თელავში, ე.წ. ქართველების სასაფლაოზე, ამჟამად არსებულ საფლავზე (ფოტოსურათით და წარწერით „ბესო ჯუღაშვილი“) იდო სულ სხვა, საფლავის ძველებური ქვა წარწერით - "ბესო ჯუღაშვილი", მასზე ამოჭრილი პატარა ჯვრით.
საფლავის ძველი ქვა, თელავის ისტორიული მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ფონდებში ინახება. ქვა დაზიანებულია - მასზე გაკეთებული წარწერის ნახევარი მომტვრეულია. მკაფიოდ ჩანს ჯვარი. ფრაგმენტულად, მაგრამ გარკვევით იკითხება ქართულ ენაზე ამოტვიფრული წარწერა - ბე... და ჯუღა... შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა ამიხსნეს, რომ აღნიშნული საფლავის ქვა არის ე.წ. ქვიშაქვა. მის მსგავს დაბალი ხარისხის ქვებს ძველად უბრალო ადამიანების საფლავის ქვებად იყენებდნენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თელავში ჯუღაშვილების გვარის წარმომადგენლები ადრიდანვე ცხოვრობდნენ. შესაბამისად, შესაძლებელია ეს პატარა ზომის საფლავის ქვა რომელიმე მათგანის გარდაცვლილი ოჯახის წევრისაც იყო. თვითონ ქვის სტრუქტურა კი არის შრეობრივი ხასიათის, ამიტომ დროთა განმავლობაში ქვა ზიანდება.
იმის მიუხედავად, რომ სხვა ცნობებით ბესო ჯუღაშვილი დაკრძალული იყო თბილისში, კუკიის სასაფლაოზე, შევეცადე გამერკვია, საფლავის ქვა წარწერით „ბესო ჯუღაშვილი“ საიდან აღმოჩნდა თელავში. საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში მოვიძიე თელავში მოქმედი ეკლესიების ე.წ. საეკლესიო წიგნებში არსებული ჩანაწერები 1900-იანი წლების პირველ ათწლეულში გარდაცვალებულების შესახებ, მაგრამ ბესო ჯუღაშვილის გარდაცვალების ჩანაწერს ვერ მივაგენი. ამასთან აღვნიშნავ, რომ თელავში იმ დროს მოქმედი ეკლესიების საეკლესიო ჩანაწერების რამდენიმე წიგნი დაკარგულია. „უფლის ფერისცვალების“, იგივე - „ღვთაების“ ეკლესია ემსახურებოდა, ძირითადად, თელავის მართლმადიდებელ მოსახლეობას და საისტორიო არქივში დაცულ „საეკლესიო წიგნებს“ აკლია 1902 და 1906 წლის ჩანაწერები. არადა, როგორც ბრაკმანი წერს, ბესო ჯუღაშვილი თელავში სწორედ 1906 მოკლეს.
იმის გამო, რომ საარქივო, დოკუმენტური მასალების მოძიება იოსებ ჯუღაშვილის მამის საფლავის შესახებ ვერ შევძელი, ვცადე ასაკოვანი ადამიანების მოძიება ქალაქ თელავში, ვისაც შეიძლება ამ საკითხზე რაიმე სცოდნოდა. მათი ინფორმაციის თანახმად, ეს ქვა 1960-იან წლებში იპოვეს და თელაველმა მიხეილ ესტატეს ძე ჩიკვაიძემ ბესო ჯუღაშვილის ძველ საფლავს, უფრო სწორად ამ სახელის და გვარის წარწერიან საფლავის ქვას ირგვლივ რკინის ღობე, ე.წ. რეშოტკა შემოარტყა და დაამაგრა პატარა თეთრი ფერის მარმარილოს ფილაზე დატანილი ბესო ჯუღაშვილის ფოტოსურათი, შესაბამისი წარწერით. იგი ამ საფლავს გარდაცვალებამდე უვლიდა. მისმა ვაჟმა ესტატე ჩიკვაიძემ თავისი საოჯახო არქივიდან გადმომცა რამდენიმე ფოტოსურათი, რომელთაგან ერთ-ერთზე გამოსახული არიან: თელავში ბესო ჯუღაშვილის სავარაუდო საფლავთან მდგომი სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი და მისი მეუღლე. ზოგიერთი ცნობით, ევგენი ჯუღაშვილი 1970-იანი წლების დასაწყისში ჩამოსულა თელავში.
საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივის ფონდებში მოვიძიე თბილისის ე.წ. მიხეილის საავადმყოფოს დოკუმენტები, კერძოდ, დასახელებული საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების 1909 წლის აგვისტოში შესული, ნომერ 1679-ით რეგისტრირებული ავადმყოფის ისტორია. აქ არსებული რუსულენოვანი ჩანაწერების მიხედვით, ამ პაციენტის სახელი და გვარი ყოფილა „ბესარიონ მილოვ ჯუგაშვილი“, ანუ ისინი ბესო ჯუღაშვილის მონაცემების იდენტურია, მაგრამ მამის სახელი განსხვავებულია.
ამ დოკუმენტში ვკითხულობთ:
„სახელი, გვარი - ბესო მილოვ ჯუგაშვილი
ეროვნება, სარწმუნოება –
ასაკი - 55
ოჯახური მდგომარეობა - დაოჯახებული
ადგილწარმოშობა - თბილისის მაზრის სოფელი ლილო
საცხოვრებელი ადგილი - ღამის გასათევი თავშესაფარი
ვინ მოიყვანა ავადმყოფი - პირადად
საქმიანობის სახე - მეწაღე
განათლება - გაუნათლებელი
ქონებრივი მდგომარეობა -
შემოყვანის დრო - 7 აგვისტო, 1909
გაყვანის დრო - გარდაიცვალა 12 აგვისტო, 1909
ავადმყოფობა – პნევმონია ...“
ავადმყოფობის ისტორიაში ამ დოკუმენტის შემდეგ ჩაკერებულია რვა აგვისტოთი დათარიღებული ფურცელი, სადაც არის ინფორმაცია ავადმყოფის სიმპტომებზე. აღნიშნულია, რომ ავადმყოფი შემოვიდა ხველით, ტკივილით მკერდში, ხველა და ტკივილი დაიწყო ექვსი თვის წინ და ა.შ. ასევე, მითითებულია, რომ ავადმყოფი გარდაიცვალა 12 აგვისტოს, დილის 6 საათზე. საარქივო საქმეში დევს ბესარიონ ჯუღაშვილის ე.წ. ტემპერატურის ფურცელი, სადაც ასახულია ავადმყოფის სხეულის ტემპერატურის ცვალებადობა, საავადმყოფოში შესვლიდან გარდაცვალებამდე. აქვეა, 1909 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებული მიცვალებულის გვამის გაკვეთის აქტი. ასე რომ, ალბათ, თელავში სტალინის მამის საფლავის არსებობა, საბჭოთა პერიოდში სტალინზე შექმნილი ერთ-ერთი მითია, თუმცა ვინ იცის, ისტორიას უყვარს სიურპრიზები...
აი ასე, სასაფლაოს იმ ადგილზე, სადაც ოდესღაც იდო პატარა ქვა წარწერით - ბესო ჯუღაშვილი, გარს შემოარტყეს ,,რეშოტკა", შემდეგ მიამაგრეს დაფა იგივე წარწერით. 2018 წლის ზაფხულში კი ახალი „დამადასტურებელი“ შავი ფერის მარმარილოს ფილა გაჩნდა წარწერით - ბესარიონ ჯუღაშვილს...
მოკლედ, ასე იქმნება „რეალური“ ისტორია და თან, ჩვენ თვალწინ ხდება ეს ყველაფერი...
ნანული ზოტიკიშვილი
(სპეციალურად საიტისთვის)