"აბრამსები" უკრაინისკენ ისევ "მიცურავენ",ოღონდ ამჯერად ავსტრალიიდან...
ბევრს ემახსოვრება „აბრამსების“ ეპოპეა“, როდესაც დიდი ჭოჭმანის შემდეგ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ ძლივს გაიმეტა 31 ერთეული ძირითადი საბრძოლო ტანკი „აბრამსი“ უკრაინის არმიისთვის და ისიც, თუ როგორ ბევრი ვერაფრით გამოიჩინეს თავი ამ ნაქებმა ამერიკულმა ტანკებმა უკრაინის ფრონტზე, უფრო მეტიც რამდენიმე ნაალაფარ აფეთქებულ ამერიკულ „აბრამსს“ რუსი სამხედროები დღემდე დაათრევენ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გახსნილ გამოფენებზე ადგილობრივი ობივატელების გულის გასახარად...
ამერიკული „აბრამსების“ არცთუ წარმატებული საბრძოლო ნათლობა რუსეთ-უკრაინის ომში გამოწვეული იყო რამდენიმე ობიექტური და სუბიექტური მიზეზით, მათ შორის კამიკაძე-დრონების მომრავლებით საბრძოლო მოქმედებების ზონაში, მძიმეწონიანი „აბრამსების“ გამოყენების არასწორი ტაქტიკით სხვადასხვა სიმკვრივის ნიადაგზე,მათი ეკიპაჟების ნაკლებპროფესიონალობით, ტექნიკური თავისებურობით(„აბრამისის“ ჭურვები ინახება კოშკურის უკან სპეციალურ ნიშაში, რომლის დაზიანება და დეტონაცია დრონის მიერ ზემოდან ჩამოგდებული კუმულაციურქობინიანი საბრძოლო მასალით შედარებით ადვილია) და იმითაც, რომ ბრძოლაში ჩართვის წინ უკრაინელმა სამხედროებმა ეს „აბრამსები“ წინასწარ დამატებით არ აღჭურვეს დინამიური დაცვის ელემენტებითა და რკინის სპეციალური ცხაურებით.

„აბრამსების“ ხსენება საბრძოლო მოქმედებების შესახებ ცნობებში, უკვე დიდი ხანია შეწყვეტილი გახლდათ,მაგრამ მათ მალე მეორე შანსი მიეცემათ მრისხანე სახელის რეაბილიტირებისთვის...
შორეულ ავსტრალიაში დაიწყო 49 ერთეული Abrams M1A1 SA ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკების (სწორედ იმ მოდიფიკაციის,რომლებიც მანამდე ამერიკულმა მხარემ მიაწოდა კიევს)ჩატვირთვა მშრალტვირთმზიდ გემებში იმისთვის, რომ დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ისინი მოხვდნენ უკრაინის ფრონტზე...
ავსტრალიამ გადაწყვეტილება „აბრამსების“ უკრაინისთვის ჩუქების შესახებ, ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში მიიღო,მას შემდეგ რაც ამ ტანკების ჩამოწერა და მათი ჩანაცვლება „აბრამსების“ ბევრად უფრო თანამედროვე მოდელით, M1A2 SEPv3-ით გადაწყვიტა.

ოფიციალურმა კანბერამ 49 ერთეული მოძველებული „აბრამსი“, როგორც „უკრაინისთვის საჩუქარი“, 164 მლნ დოლარად შეაფასა,მაგრამ მისი ადრესატამდე გაგზავნა შვიდი თვის განმავლობაში ვერ შესძლო, რადგან ამერიკული მხარე არაოფიციალურად ბლოკავდა მათ რეექსპორტს.
ამერიკელების არგუმენტები იმაშიც მდგომარეობდა, რომ ეს „აბრამსები“ უკვე მოძველებულია და მათი საბრძოლო ექსპლუატაცია უკრაინელებს გაუჭირდებათო, თუმცა უკრაინის არმიის არსენალში ტანკების ისეთი „ზოოპარკია“, რომ ამ „აბრამსებსაც“ რაღაცნაირად „დაასაქმებენ“.
საქმე უფრო იმაში უნდა ყოფილიყო, რომ ტრამპის ადმინისტრაციას აღარ სურდა მორიგი ნაალაფარი ამერიკული „აბრამსების“ ჩამოტარების სატელევიზიო კადრების ხილვა რუსულ ქალაქებში გამართულ „საცირკო ტურნეებზე“, მაგრამ ომი ომია და მებრძოლი მხარეები ხშირად იღებენ ალაფს, მათ შორის აფეთქებული ტანკების სახითაც,რადგან 60 ტონაზე მძიმე და მუხლუხებს გარეშე დარჩენილი დაზიანებული „აბრამსის“ ევაკუირება ბრძოლის ველიდან ურთულესია...
ავსტრალიის მიერ ნაჩუქარი 49 „აბრამსით“ შეიძლება ერთი უკრაინული სატანკო ბატალიონის დაკომპლექტება შტატის ზემოთ,თუკი საბჭოთა სტანდარტს ავიღებთ,როდესაც ერთ სატანკო ბატალიონში 31 ტანკი ირიცხებოდა,მაგრამ არ ეყოფა ნატოს სტანდარტის სატანკო ბატალიონის შევსებას,რომლის შტატშიც 58 ძირითადი საბრძოლო ტანკი უნდა იყოს.
უკრაინაში ჩატანისთანავე 49-ე ავსტრალიურ ნაჩუქარ „აბრამსს“ აუცილებლად დასჭირდება დამატებითი თავდაცვითი კონსტრუქციების დამონტაჟება მოწინააღმდეგის FPV-დრონების შეტევებისგან თავდასაცავად, ასევე გამნაღველი ტრალების დაყენება ტანკსაწინააღმდეგო ნაღმური ველების გადასალახავად შეტევაზე წასვლისას,თუმცა იგივე „აბრამსები“ შეიძლება ასევე გამოყენებულნი იქნა,როგორც თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიც, რადგან „აბრამსიდან“ დახურული პოზიციიდან გასროლილი 120 მმ კალიბრის მსხვრევად-ფუგასური ჭურვების აფეთქება მოწინააღმდეგეს მცირედად ნამდვილად არ მოეჩვენება...