პუტინმა ტრამპი სატელეფონო საუბრისას კვლავ „მოხიბლა“ და დასანქცირება ისევ დაავიწყებინა - საგანგაშო სიმპტომი ზელენსკისთვის?!
19 მაისის საღამოს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ტრამპსა და პუტინს შორის შემდგარი ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შედეგებს დღეს საერთაშორისო პოლიტიკურ წრეებში აანალიზებენ, იმ მწირი ინფორმაციის საფუძველზე, რაც თავად ამავე პრეზიდენტებმა განუცხადეს ჟურნალისტებს, სატელეფონო მოლაპარაკების შემდეგ.
„ახლახან დავასრულე ორსაათიანი საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგად ჩაიარა. რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და რაც მთავარია - ომის დასასრულებლად. პირობების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაიმართება, რადგან მხოლოდ მათ იციან მოლაპარაკებების დეტალები, რაც სხვებისთვის უცნობია. საუბრის ტონი და სულისკვეთება შესანიშნავი იყო. ასე რომ არ იყოს, ახლავე ვიტყოდი და არა -მოგვიანებით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მანამდე კი ჟურნალისტებისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა - „დონალდ ტრამპთან საუბარი გულახდილი და შინაარსიანი იყო. მოსკოვი საომარი მოქმედებების შეწყვეტის მომხრეა, მაგრამ აუცილებელია მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე ეფექტიანი გზების შემუშავება… რუსეთი მზადაა უკრაინასთან მემორანდუმზე სამუშაოდ, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ“.
როგორც ხედავთ, ორივე პრეზიდენტმა ქათინაურები გაცვალეს, რაც მათ შორის არცთუ ცუდ ურთიერთობაზე მიუთითებს, რაც ერთი მხრივ მისასალმებელია, მაგრამ რა ეშველება უკრაინაში ომის შეჩერებას?
ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ თავად ტრამპმა დაურეკა უკრაინის პრეზიდენტს და საუბრის დეტალები გააცნო, რასაც ზელენსკის საინტერესო კომენტარი მოჰყვა - „დონალდ ტრამპს პუტინთან საუბრამდე ვთხოვე, რომ უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ჩვენ გარეშე არ მიეღო. ჩვენთვის ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია…ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენს ჯარებს არავინ გაიყვანს. ეს ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა. არანაირი ულტიმატუმები, არავინ დათმობს თავის მიწებს, თავის ხალხს, თავის სახლებს. თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან ჩვენი ჯარების გაყვანის პირობებს წამოაყენებს, ეს ნიშნავს, რომ მათ ომის დასრულება არ სურთ, რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს“.
როგორც ხედავთ, უკრაინის პრეზიდენტის განწყობა ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ისეთივე აღფრთოვანებული არ ყოფილა, როგორც ტრამპისა, რადგან რეალურად... არც არაფერი შეცვლილა!
ანუ ტრამპი-პუტინის ორსაათიანმა სატელეფონო საუბარმა არ მოიტანა რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის 30 დღით შეჩერება და არც ტრამპს გახსენებია ახალი მკაცრი სანქციების დაწესება რუსეთისთვის, რითაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი მანამდე იმუქრებოდა, თუკი პუტინი არ დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას.
რა გამოდის?
პუტინი სიტყვებით თითქოს მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ამისთვის მოლაპარაკებების დაწყებასა და რუსეთ-უკრაინის ერთობლივი მემორანდუმის მომზადებას სთავაზობს, რაც საერთო ჯამში, მხოლოდ დროის გაწელვას თუ ემსახურება, რადგან რუსეთისა და უკრაინის პოზიციები კარდინალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან - რუსეთი უკვე დაპყრობილი და დაუპყრობელი უკრაინული მიწების (ყირიმის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქები) ოფიციალურ „გადაფორმებასა“ და უკრაინის სრულ ნეიტრალიტეტს მოითხოვს, უკრაინას კი თავისი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენა სურს...
აქ რაიმე კომპრომისის მოძებნა რთული კი არა, უბრალოდ, შეუძლებელია, თუკი ერთ-ერთი მხარე სერიოზულ დათმობებზე არ წავიდა.
ტრამპი სწორედ ერთგვარი ზეწოლის პოლიტიკას ატარებს ზელენსკიზე, რომ უკრაინა სტრატეგიული მნიშვნელობის დათმობებზე წავიდეს პუტინთან, რასაც უკრაინისთვის მწარე რეალობაც უწყობს ხელს...
კერძოდ, უკრაინის ნატოში გაწევრება უახლოეს მომავალში არარეალურია (ისევე, როგორც ჩვენი საქართველოსი, რადგან შეპირებული „ნატოს ღია კარი“ დასავლეთის მხრიდან მოყოლილი მხოლოდ „ტკბილი ზღაპარი“ აღმოჩნდა, რომელმაც როგორც საქართველოსთვის, ისე - უკრაინისთვის დათვური სამსახური შეასრულა, რადგან ჩვენი ქვეყნების მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების ერთ-ერთი მთავარ მიზეზადაც იქცა), ისევე, როგორც უკრაინის არმიის მიერ იმ ტერიტორიების სწრაფი გათავისუფლება, რაც აგრესორ რუსეთს უკვე აქვს ოკუპირებული.
ამ ეტაპზე ყველაზე მისაღები ვარიანტი იქნებოდა ცეცხლის შეწყვეტის დაფიქსირება ფრონტის ხაზზე და მის ორივე მხარეს 30 კმ-იანი ბუფერული სამშვიდობო ზონების შექმნა, რომლებიდანაც გაყვანილი იქნებოდა, როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალები, ისე - უკრაინული არმია, ხოლო სამშვიდობო პროცესის მონიტორინგს კი მესამე ქვეყნების სამშვიდობო სამხედრო კონტინგენტები გაწევდნენ.
მაგრამ, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ამას პუტინი მოინდომებს, ხოლო იმისთვის, რომ კრემლს ეს დაძალებით „მოანდომებინონ“, საჭიროა სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციებით ზეწოლის განხორციელება მოსკოვზე...
თუმცა რომელ ეკონომიკურ სანქციებზეა ლაპარაკი, როდესაც ბოლო სატელეფონო საუბარში პუტინით კვლავ „მოხიბლული“ ტრამპი აცხადებს - „რუსეთს აშშ-თან ფართომასშტაბიანი ვაჭრობა სურს, როგორც კი ეს კატასტროფული სისხლისღვრა დასრულდება…ეს რუსეთისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა, დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილებისა და სიმდიდრის შესაქმნელად. პოტენციალი უსაზღვროა“.
ტრამპის ამერიკისგან განსხვავებით, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები კვლავ იმუქრებიან რუსეთზე ძალიან მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებით, რომლებიც, პირველ რიგში, რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“ უნდა შეეხოს, რამაც საერთო ჯამში რუსული ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს, რაც პუტინს შემოაკლებს სახსრებს, უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის განუსაზღვრელი დროით გასაგრძელებლად...