"ხალხთა მამის" შვილები: ჯუღაშვილების ტრაგედია - რისთვის უწოდა იაკობს სტალინმა შანტაჟისტი და რატომ ამტკიცებდა ვასილი, რომ მამამისი პოლიტბიურომ მოკლა - კვირის პალიტრა

"ხალხთა მამის" შვილები: ჯუღაშვილების ტრაგედია - რისთვის უწოდა იაკობს სტალინმა შანტაჟისტი და რატომ ამტკიცებდა ვასილი, რომ მამამისი პოლიტბიურომ მოკლა

1992 წელი მთავრდებოდა. აფხაზეთში კი კვლავ უთანასწორო ომი გრძელდებოდა, სადაც ერთდროულად „ერთმორწმუნე რუსეთს“, აფხაზ სეპარატისტებსა და ჩრდილო-კავკასიელ „ბოევიკებს“ ვებრძოდით. საოცრად ცივი დეკემბერი იდგა იმ წელს. თოვლი და კაი გვარიანი ყინვა არ აკლდა თბილისს. ჩემი მეგობრის მეუღლე ქალაქის ერთ-ერთ სამშობიარო სახლში იწვა და ნათესავ-მეგობრები მოუთმენლად ველოდით ბავშვის დაბადებას. გამთენიისას გვახარეს: ბიჭია, ბიჭიო! ყველანი გახარებულ მამას ვულოცავდით პირველი შვილისა და გვარის გამგრძელებლის მოვლენას. ერთ-ერთმა ახლო ნათესავმა შესთავაზა: დაბადების თარიღად 1993 წლის 1 იანვარი გავატარებინოთ, რატომ უნდა დაკარგოს რამდენიმე დღისთვის ბავშვმა მთელი წელიო. რა დასამალია და ადრე, „კომუნისტურ საქართველოში“, საკმაოდ ხშირი იყო ამგვარი „ეშმაკობები“, განსაკუთრებით - სპორტსმენებში, თუმცა ის მშობლებიც აქტიურობდნენ, ვისაც თავისი ვაჟის „წითელ არმიაში“ გაწვევის ერთი წლით გადავადება სურდა. შემდეგ კი დაბადების დღის შეცვლა და ერთი წლის „მოპარვა“ ჩვეული ამბავი გახდა, არა მარტო ვაჟების, არამედ - გოგონების დაბადების დროსაც. ასე რომ, არაფერი ისეთი „სასწაული“ არ უთქვამთ ჩემი მეგობრისთვის, რომ მისი უკიდურესი განრისხება გამოეწვია: „ეს როგორ მითხარი, ჩემი ვაჟი სახლში დავმალო და საქართველოსთვის სხვისმა შვილებმა იბრძოლონო?!“ ძლივს დავამშვიდეთ. ამის შემდეგ ახლა ორჯერ უწევს სუფრის გაშლა: ერთხელ დეკემბრის ბოლოს, მეორედ კი – 1 იანვარს.

შვილები მამების ომში: ეს თემა ძალზე ვრცელია, ამიტომ მხოლოდ გასული საუკუნის და ამჟამინდელი რამდენიმე ქრესტომათიული შემთხვევა გავიხსენოთ.

„დიდი სამეულის“ (აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ) მეთაურების: ფრანკლინ რუზველტის, უინსტონ ჩერჩილისა და იოსებ სტალინის შვილები აქტიურად მონაწილეობდნენ სამხედრო ოპერაციებში. ექვსი მათგანი საღ-სალამათი დაბრუნდა სახლში, მხოლოდ ერთი, ყველაზე უიღბლო, შეეწირა იმ ომს.

stalini-ruzvelti-da-cherchili-1747722916.jpg

სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი

აშშ-ის 32-ე პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა. მისი ვაჟები აქტიურად მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო ოპერაციებში. მისი უფროსი ვაჟი - ჯეიმს რუზველტი (1907-1991) აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვიცეპოლკოვნიკი იყო. მომდევნო ვაჟი - ელიოტ რუზველტი (1910-1990), - აშშ-ის საჰაერო ძალებში მსახურობდა, იყო დაზვერვის ოფიცერი და მონაწილეობდა დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ აფრიკაში ჩატარებულ საბრძოლო ოპერაციებში. ომი ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდებით დაასრულა.

jeims-ruzvelti-1747723189.jpg

ჯეიმს რუზველტი

ფრანკლინ რუზველტი-უმცროსი (1914-1988) - მსახურობდა აშშ-ის საზღვაო ძალებში და მონაწილეობდა 1944 წლის ზაფხულში განხორციელებულ „ნორმანდიის დესანტში";

აშშ-ის პრეზიდენტის უმცროსი ვაჟი - ჯონ რუზველტი (1916-1981) მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის საზღვაო ძალებში მსახურობდა. ვხედავთ, რომ პრეზიდენტ რუზველტს ვაჟები „მყუდრო კაბინეტებში“ არ დაუმალავს. ვითომ არ შეეძლო?

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის ერთადერთი ვაჟი, რანდოლფ ჩერჩილი (1911-1968) მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ბრიტანეთის არმიაში და იყო სპეციალური ოპერაციების სამმართველოს ოფიცერი. ის რამდენჯერმე იმყოფებოდა გერმანელების ზურგში (მათ შორის ჩრდილო-აფრიკაში და ბალკანეთში), სადაც მონაწილეობდა სპეციალურ სადაზვერვო-დივერსიულ ოპერაციებში.

randolp-cherchili-1747723129.jpg

რანდოლფ ჩერჩილი

როდესაც 1944 წლის მაისის ბოლოს სტალინმა შეიტყო იუგოსლავიელი პარტიზანების მეთაურის, იოსიპ ტიტოს ბანაკში რანდოლფ ჩერჩილის დესანტირების შესახებ, თავის გენერლებს უთხრა: გაითვალისწინეთ, კონკრეტული მიზნების გარეშე პრემიერ-მინისტრების შვილები უბრალოდ არ ხტებიან პარაშუტიდან და არ ჩნდებიან იუგოსლავიელი პარტიზანების შტაბშიო. მართალიც იყო: უინსტონ ჩერჩილს სურდა, ბალკანეთში დიდი ბრიტანეთის პოზიციები გაემყარებინა და ამიტომაც გაგზავნა სპეციალური დავალებით თავისი ვაჟი ტიტოსთან. რანდოლფ ჩერჩილმა მეორე მსოფლიო ომი მაიორის სამხედრო წოდებით დაასრულა.

თავად იოსებ სტალინს ოფიციალურად ორი ვაჟი ჰყავდა: იაკობი (1907-1943) და ვასილი (1921-1962). იაკობთან ძალზე მკაცრი იყო, სამაგიეროდ ვასილი და სვეტლანა ჰყავდა განებივრებული. იაკობ ჯუღაშვილი დედის ნათესავებთან, სვანიძეების ოჯახში იზრდებოდა და პირველად მამამისი 14 წლისამ ნახა, როცა სტალინი უკვე „დიდი ბოლშევიკი“ იყო და მოსკოვში მოღვაწეობდა. ამის შემდეგ იაკობი საცხოვრებლად და სასწავლებლად მოსკოვში, სტალინის ახალ ოჯახში გადავიდა. ახალგაზრდა დედინაცვალი, ნადეჟდა ალილუევა, თავის გერზე, იაკობ ჯუღაშვილზე მხოლოდ შვიდი წლით იყო უფროსი და მას უმცროს ძმასავით ექცეოდა. ნადია ხშირად იცავდა იაკობს მამის რისხვისგან და მამა-შვილს შორის მომრიგებლის როლშიც კი გამოდიოდა. ამაზე მეტყველებს მათი თანამედროვეების მოგონებები და, ასევე, სტალინის ერთი წერილი, რომლის ქართულ თარგმანსაც ქვემოთ გთავაზობთ.

სტალინი 1928 წლის 9 აპრილს ასეთ წერილს უგზავნის მეუღლეს:

„იაკობს ჩემგან გადაეცი, რომ ის ხულიგანივით და შანტაჟისტივით მოიქცა, რომელთანაც მე არანაირი საერთო არ მაქვს და არც მექნება. დაე, იცხოვროს, სადაც სურს და ვისთანაც სურს“.

blogg-1747723072.jpg

მარჯვნიდან მარცხნივ: იაკობი, სტალინი, სვეტლანა, ანდრეი ჟდანოვი და ვასილი

სტალინის განრისხება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ოცი წლის იაკობმა მასთან შეუთანხმებლად ცოლად მოიყვანა 17 წლის გოგონა, ვინმე ზოია გუნინა. მამასთან კონფლიქტის გამო, იაკობმა პისტოლეტით თავის მოკვლა სცადა, თუმცა მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა.

აი, ამ ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ დაწერა სტალინმა ზემოაღნიშნული წერილი. შემდგომ ხშირად დამცინავად უთქვამს იაკობისთვის: სროლაც არ იციო.

სტალინი იაკობისადმი საკმაოდ მკაცრი და ცივი იყო, რაც გულჩათხრობილი იაკობისთვის პიროვნულ ტრაგედიად იქცა. 1937-1941 წლის მაისამდე იაკობ ჯუღაშვილი ინჟინრად მუშაობდა და თან საარტილერიო აკადემიაში სწავლობდა. 1941 წლის 22 ივნისს იაკობმა ტელეფონით დაურეკა მამას და ომში წასვლის გადაწყვეტილება აცნობა: წადი და იომეო,

iakob-jugashvili-1747723044.jpg

იაკობ ჯუღაშვილი

იყო სტალინის სიტყვები. იმავე წლის 16 ივლისს იაკობ ჯუღაშვილი, სხვა საბჭოთა მებრძოლებთან ერთად, გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს. სხვადასხვა წყაროებით დასტურდება, რომ იაკობი, დიდი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისა და უმძიმესი პირობების მიუხედავად, ღირსეულად იქცეოდა. ის 1943 წლის 14 აპრილს გერმანელების საკონცენტრაციო ბანაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. არსებობს რამდენიმე ლეგენდა იაკობ ჯუღაშვილის ტყვეობასთან დაკავშირებით. ერთი, ყველაზე გავრცელებული, ვითომდა სტალინის ნათქვამი სიტყვებია: მე ჯარისკაცს ფელდმარშალში არ ვცვლიო. უფრო სანდოა სტალინის ქალიშვილის, სვეტლანა ალილუევას მოგონებები, სადაც ის აღნიშავს, რომ 1944 წლის დასაწყისში მამამ ასეთი რამ უთხრა: გერმანელებმა იაშას გაცვლა შემომთავაზეს. არ ვაპირებდი მათთან ვაჭრობას! ომი ომიაო.

iakob-jugashvili-shuashi-tqveobashi-1747723016.jpg

იაკობ ჯუღაშვილი (შუაში) ტყვეობაში

სულ სხვა აღზრდა და ცხოვრება ჰქონდა სტალინის ნებიერა შვილს – ვასილის. როდესაც მის ბიოგრაფიას ეცნობი, შეიძლება ეჭვიც შეგეპაროს, რომ ვასილი სტალინი ასკეტიზმით გამორჩეული „დიდი ბელადის“ და არა - რომელიმე ამერიკელი მილიარდერის შვილი არ იყო.

general-maiori-vasili-stalini-1747722973.jpg

გენერალ-მაიორი ვასილი სტალინი

1940 წლის მარტში ვასილ სტალინმა საავიაციო სასწავლებელი დაამთავრა და საბჭოთა სამხედრო-საჰაერო ძალებში ჩაირიცხა, წოდება - ლეიტენანტი. 1942 წლის ივლისიდან - მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ფრონტზე იყო. 1944 წლის ივლისში, 23 წლის ასაკში, ვასილი სტალინი უკვე პოლკოვნიკია, ხოლო ორი წლის შემდეგ - გენერალ-მაიორი. 1948 წლის 17 იანვარს იგი დაინიშნა მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების მეთაურად.

1949 წლის 11 მაისს მას მიენიჭა ავიაციის გენერალ-ლეიტენანტის წოდება. 1951 წლის 18 თებერვალს იგი აირჩიეს რსფსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. ვასილ სტალინი იყო სსრკ-ის საცხენოსნო ფედერაციის თავმჯდომარე. 1949 წელს მას მიენიჭა საცხენოსნო სპორტის საკავშირო კატეგორიის მსაჯის წოდება. იმავე წელს მას მიენიჭა საკავშირო კატეგორიის მსაჯის წოდება ავტო-მოტო და ველოსპორტში. გამორჩეული იმითაც იყო, რომ ცოლებსა და ავტომობილებს თითქმის ყოველ წელს იცვლიდა.

1952 წლის ივლისში, კრემლში ერთ-ერთ სამთავრობო მიღებაზე, მთვრალი მივიდა და სსრკ-ის საჰაერო ძალების მთავარსარდალს პ. ფ. ჟიგარევს ყველას თვალწინ აგინა. რის შემდეგაც სტალინმა ვასილი დარბაზიდან გააგდო და მოსკოვის სამხედრო ოლქის საჰაერო ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ ვასილი სსრკ-ის თავდაცვის მინისტრმა ნიკოლაი ბულგანინმა ერთ-ერთი შორეული სამხედრო ოლქის ავიაციის სარდლად გადაიყვანა. ვასილი სტალინი ბრძანებას არ დაემორჩილა. ამის შემდეგ, 1953 წლის 26 მარტს, ავიაციის გენერალ-ლეიტენანტი ვ. სტალინი თადარიგში გადაიყვანეს, სამხედრო ფორმის ტარების უფლების აკრძალვით. თუმცა ვასილი თავისას არ იშლიდა: მუდმივად ნასვამი იყო და ყველას უყვებოდა, რომ “დიდი ბელადი” მისმა “ერთგულმა ხელქვეითებმა” მოკლეს. პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით, ის 1953 წლის 28 აპრილს დააპატიმრეს. უმცროსი სტალინის დაპატიმრება არა მარტო ბერიას, არამედ მალენკოვსა და ხრუშჩოვსაც სურდათ და როდესაც შეიტყვეს, ვასილი მოსკოვში უცხოელ ჟურნალისტებთან აპირებს შეხვედრასო, მაშინვე სანქცია გასცეს. “ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და აგიტაციის” მუხლით, ვასილი “ლეფორტოვის” ციხეში ჩასვეს. ორი თვის მანძილზე მის დაკითხვას ბერიას ერთგული გამომძიებელი - ვლოძიმირსკი აწარმოებდა. ბერიასა და მისი ჯგუფის განადგურების შემდეგ “ნიკიტას ხუნტამ”, რომელსაც ძალზე ეშინოდა ვასილ სტალინის დაუფარავი საუბრების, ის კი არ გაათავისუფლა, არამედ - 1955 წელს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელს ვლადიმირის ციხეში იხდიდა, “ვასილიევის” გვარით.

vasili-stalini-marcxniv-qazanshi-1747722938.jpg

ვასილი სტალინი (მარცხნივ) ყაზანში

1960 წელს გაათავისუფლეს, თუმცა ყაზანში გადაასახლეს, სადაც 1962 წლის 19 მარტს, 41 წლის ასაკში, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

ნათქვამია: ისტორია მეორდება, შემდეგ უკვე როგორც ფარსიო. იმის შესახებ, თუ როგორ „მიდიოდნენ ომში“ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შვილები, შემდეგ ვისაუბროთ.

(პირველი ნაწილის დასასრული)