სკანდალური სტატია: "ტრამპმა უკრაინა მიატოვა?!" - Financial Times: "ტრამპმა ევროპელ ლიდერებს მიანიშნა, რომ შუამავლობიდან გადის" - კვირის პალიტრა

სკანდალური სტატია: "ტრამპმა უკრაინა მიატოვა?!" - Financial Times: "ტრამპმა ევროპელ ლიდერებს მიანიშნა, რომ შუამავლობიდან გადის"

ბრიტანული გაზეთის -„ფაინენშელ ტაიმსის“ (Financial Times) 20 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია მოწინავე სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპმა უკრაინა მიატოვა? ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის ლიდერი, როგორც ჩანს, მზად არის, უარი თქვას თავის მცდელობებზე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით“ (ავტორები - გაი ჩეზანი ნიუ-იორკიდან, ქრისტოფერ მილერი კიევიდან, ჰენრი ფოი ბრიუსელიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინთან გამართულმა სატელეფონო საუბარმა დონალდ ტრამპს ნათელი მომავლის იმედი ჩაუნერგა, რუსეთსა და აშშ-ს შორის „ფართომასშტაბიანი ვაჭრობის“ საკითხში, „როცა კატასტროფული სისხლიანი ბრძოლები დასრულდება“.

იური უშაკოვმა, რუსი ლიდერის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკაში, თქვა, რომ პრეზიდენტებს შორის გამართული ორსაათიანი საუბარი „იმდენად მეგობრული იყო, რომ არც ერთს არ სურდა ყურმილის დადება“. უკრაინელებსა და ევროპელებს კი ასეთი საუბარი ღალატად მოეჩვენათ.

საქმე მარტო ის არაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ჩანს, არანაირ ზეწოლას არ ახდენდა რუს კოლეგაზე, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად: გაშიფრული სატელეფონო საუბრის მიხედვით, დონალდ ტრამპმა ნათლად მიანიშნა, რომ იგი უარს ამბობს შუამავლის როლზე, ომის შეწყვეტის ძალისხმევაში და მოსკოვს და კიევს ბედის ანაბარად ტოვებს - თქვენი პრობლემები თვითონვე გაარკვიეთო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, ასეთი საუბრის ნეგატიური შედეგების შესახებ: „ყველა ჩვენგანისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა სამშვიდობო მოლაპარაკებისგან დისტანცირება არ მოახდინოს - იმიტომ, რომ ერთადერთი პიროვნება, ვინც ასეთ სიტუაციაში მოგებული რჩება, ვლადიმერ პუტინია“, - აღნიშნა მან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

დამკვირვებლებისათვის აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება რუსეთისაკენ აშკარა შებრუნების მომენტი გახდა, რუსეთ-უკრაინის სამწლიანი ომის განმავლობაში. თვითონ განსაჯეთ: პრეზიდენტი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებას ხმამაღლა ჰპირდებოდა ომის შეწყვეტას ინაუგურაციიდან მეორე დღეს, ახლა, როგორც ჩანს, „ხელებს იბანს“ და უკრაინას მტაცებლის ანაბარად ტოვებს. 19 მაისის სატელეფონო საუბარმა დაადასტურა ევროპელთა ცუდი წინათგრძნობა: ამერიკის ლიდერი, რომელიც პუტინის მაცდუნებელ შეგონებებს დაჰყვა, მზად იყო, მოსკოვის მხარე დაეჭირა და კიევი გაეყიდა.

დონალდ ტრამპს აზრიც კი დაებადა, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყო შუამავალი აშშ-ის ნაცვლად - რომის პაპი ლეო XIV. „ვატიკანმა განაცხადა, რომ ძალიან დაინტერესებულია მოლაპარაკების გამართვაში“, - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth-ის სოციალურ ქსელში.

პუტინთან საუბრის შემდეგ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს დაურეკა და, როგორც საქმის კურსში მყოფი ორი ანონიმი პიროვნება ამბობს, მათ მიანიშნა არა მარტო იმაზე, რომ [შუამავლობიდან] გადის, არამედ იმაზეც, რომ მას სურვილი არ აქვს, კრემლზე ზეწოლა მოახდინოს.

აშკარაა, რომ გუშინდელი სატელეფონო საუბარი დონალდ ტრამპისათვის ერთგვარ პრორუსულ „შემობრუნებით წერტილად“ იქცა. არადა, ყველამ იცის, რომ ერთი კვირის წინ იგი შეუერთდა იმ დასავლელ ლიდერებს, რომლებიც სადამსჯელო ზომებით იმუქრებოდნენ რუსეთის წინააღმდეგ, თუ კრემლი ცეცხლს დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდა და მათ მოთხოვნას არ შეასრულებდა.

თვითონ დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან საუბრის შემდეგ, მოგვიანებით, ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღიარა, რომ მას არაფერი უთქვამს პუტინისათვის, თავის წინა მოთხოვნაზე, რომელიც უკრაინის სამოქალაქო ობიექტების დაბომბვების შეწყვეტას ეხებოდა. „ტრამპთან სატელეფონო საუბარი პუტინის გამარჯვებას ნიშნავს“, - თქვა სტივენ პაიფერმა, უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, რომელიც ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტის საერთაშორისო პოლიტიკის კვლევით ცენტრში მუშაობს, - „ამერიკის ლიდერმა ნათლად მიანიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა უახლოეს ხანში არ მოხდება, შესაბამისად, რუსეთს შეუძლია, ომი გააგრძელოს. არანაირი სანქციები მიღებული არ იქნება“.

ტრამპმა და პუტინმა, როგორც ჩანს, მოილაპარაკეს იმაზე, რომ რუსეთი და უკრაინა თვითონ გამართავენ პირდაპირ მოლაპარაკებას და სტამბოლის შეხვედრებს გააგრძელებენ, რომელიც გასულ პარასკევს დაიწყო. სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინასთან ერთად იმუშაოს ისეთი მემორანდუმის შესამუშავებლად, რომლის საფუძველზე სავარაუდო სამომავლო სამშვიდობო შეთანხმება დაიდება: „დოკუმენტში შეტანილი იქნება ის ძირითადი პრინციპები, რომელიც სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველი გახდება. მასვე დაეფუძნება ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის პირობებიც, დროის გარკვეულ პერიოდში“.

ყველა გაკვირვებული და გაოცებული დარჩა - ვერავინ მიხვდა, რომელ მემორანდუმზე ლაპარაკობდა რუსეთის პრეზიდენტი.

უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ჩინოვნიკმა (რომელიც სატელეფონო საუბართან დაკავშირებით საქმის კურსშია), მემორანდუმის იდეასთან მიმართებით თქვა, რომ მან არაფერი იცის ამის შესახებ და ვერც იმას ხვდება, თუ რატომ თქვა პუტინმა ეს ყველაფერი. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორშაბათს, გვიან ღამით, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მემორანდუმის“ თაობაზე მისთვის არაფერი „არის ცნობილი“.

„რუსები მოლაპარაკებას ძალიან დაბალ დონეზე აწარმოებენ, ხელში სხვადასხვა დოკუმენტებს გვაჩეჩებენ და პარალელურად საომარ მოქმედებებს აგრძელებენ“, - თქვა ბილ ტეილორმა, რომელიც აშშ-ის ელჩი იყო უკრაინაში 2006-2009 წლებში, - „კიდევ რამდენ ხანს მოითმენს დონალდ ტრამპი მოლაპარაკების გაჭიანურებას?“.

სხვათა შორის, ყველას ახსოვს, რომ ცოტა ხნის წინათ არა მარტო თვითონ ტრამპმა განაცხადა შუამავლობიდან გასვლის შესაძლებლობა, არამედ - ამაზე ლაპარაკობდნენ ვიცეპრეზიდენტი ჯეიმს ვენსი და სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომლებმაც არა ერთგზის გამოხატეს უკმაყოფილება უკრაინისა და რუსეთის მიმართ. ჯეიმს ვენსმა ამას წინათ ჟურნალისტებთან საუბრისას პირდაპირ განაცხადა: „საბოლოო ჯამში, მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენი ომი არ არის. დიახ, ვცდილობთ, როგორმე დამთავრდეს, მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ მის შეწყვეტას, ბოლოსდაბოლოს ვიტყვით: „ძალიან ვცდილობდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ამას მეტად აღარ გავაკეთებთ“.

დონალდ ტრამპმაც იგივე გაიმეორა თეთრ სახლში, ჟურნალისტებთან: „რაღაც ისეთი მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს, რომ ამ ომს ბოლო მოეღოს... და თუ ეს არ მოხდება, მე, უბრალოდ, გვერდზე გავდგები, მათ კი ომის გაგრძელება მოუწევთ. ეს ომი ევროპულია და ევროპულად უნდა დარჩეს“.

როგორც ზოგიერთი ექსპერტი თვლის, გასაგებია, რომ დონალდ ტრამპი უკვე ცდილობს, თავი აარიდოს ომის შეწყვეტის ძალისხმევას. „რუსეთისა და უკრაინის მიდგომა იმით გამოიხატება, რომ დონალდ ტრამპი მეორე მხარეს მიუსიოს, რაც სამშვიდობო იდეას ანგრევს“, - ამბობს პიტერ სლეზკინი სთიმსონის ანალიტიკური ცენტრიდან, - „თუ დონალდ ტრამპი იმას მაინც შეძლებს, რომ ორივე მხარე ერთმანეთს შეახვედროს და თვითონ კი თამაშიდან გავიდეს, შესაძლოა, ესეც საკმარისი იყოს, რომ საქმე ადგილიდან დაიძრას“.

„მაგრამ აშკარაა, რომ დონალდ ტრამპი უფრო მეტად არის დაინტერესებული აშშ-რუსეთის ერთმანეთთან დაახლოებით, ვიდრე - რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტით“, - ამბობენ სხვა ექსპერტები. „ამჟამად დონალდ ტრამპის თვითმიზანს, როგორც ჩანს, უფრო მეტად რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის გაუმჯობესება წარმოადგენს“, - ამბობს ენდრიუ ვაისი, კარნეგის ფონდის ვიცეპრეზიდენტი, - „ყველაფერი ამ მიზნის მიღწევას ემსახურება“.

ვლადიმერ პუტინის აშკარა მზადყოფნა დროის გაჭიანურებაზე იმას ნიშნავს, რომ კრემლი თავის დამაჯერებელ განწყობას გამოხატავს - საომარი მოქმედებები მის სასარგებლოდ ვითარდება, ფრონტის ყველა მონაკვეთზე სამხედრო პროგრესი შეიმჩნევა.

მართლაცდა, როგორც უკრაინის არმიის წარმომადგენელმა განაცხადა, მძიმე ბრძოლები განახლდა ქალაქ პოკროვსკთან და მის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტორეცკთან. გზები, რომლებიც ამ ქალაქებს, ლოჯისტიკის თვალსაზრისით, „დიდ მიწასთან“ აკავშირებთ, მუდმივად დაბომბვის ქვეშ არიან. „უკრაინის არმიის ნაწილები ფრონტის ამ უბანზე მტრის გააფთრებულ შემოტევებს იგერიებენ“, - ამბობენ უკრაინელი სამხედროები.

უკრაინულმა ანალიტიკურმა ჯგუფმა „დიფ სთეითმა“ (DeepState), რომელსაც ახლო კავშირი აქვს უკრაინის სარდლობასთან, შექმნილ სიტუაციას კიევისათვის „არაკეთილსაიმედო“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთის არმია ნელ-ნელა დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს უახლოვდება. ეს ოლქი ერთ-ერთია იმ ოთხი ოლქიდან, რომლის ანექსია რუსეთმა განახორციელა, მაგრამ მის ადმინისტრაციულ ტერიტორიას სრულად ვერ აკონტროლებს. „დიფ სთეითის“ მიერ შედგენილი რუკის მიხედვით, რუსეთის არმია დღეს საზღვრიდან მხოლოდ ხუთი კილომეტრის დაშორებით იმყოფება.

მოსკოვის მთავარ სამხედრო მიზანს ამჟამად დონეცკის ოლქის დარჩენილი ტერიტორიის დაპყრობა წარმოადგენს, სხვა სამ ოლქთან (ხერსონთან, ზაპოროჟიესთან, ლუგანსკთან) ერთად. ამ სამხედრო ამოცანის შესასრულებლად რუსეთის არმია მძიმე დანაკარგებს განიცდის. სწორედ ამიტომ, სტამბოლის მოლაპარაკების დროს, რუსებმა უკრაინელებს აღნიშნული ოლქებიდან ჯარების გაყვანა მოსთხოვეს.

რობერტ ლი, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI, ფილადელფია) მთავარი მეცნიერი-თანამშრომელი, ამბობს, რომ რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთის ცალკეულ უბნებზე მართლაც წინ მიიწევს, ასევე შეიმჩნევა არმიაში ახალწვეულთა მატებაც. „ვფიქრობ, რომ რუსეთს ამ ეტაპზე ბრძოლის გაგრძელება შეუძლია. მიმდინარეობს არმიის გაძლიერება ტექნიკით და ახალწვეულებით. კრემლი თვლის, რომ ფრონტზე თავისი ჯარების მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლია“.

რობერტ ლის თქმით, ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ამინდი შეტევითი ოპერაციებისათვის ხელსაყრელი გახდება, რაც, სავარაუდოდ, რუსეთისათვის პოზიტიური შედეგების მომტანი იქნება: „რუსეთს ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავისი მინიმალური მიზნებისათვის - მთლიანად დაიკავოს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები... ამიტომაც კრემლის არმია შეეცდება, ამ ზაფხულს რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიპყროს, სანამ სერიოზული მოლაპარაკების დაწყებას გადაწყვეტს“, - ასეთ დასკვნას აკეთებს რობერტ ლი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო