"ადვილი არ იყო ქართვლის დედის - იმ ქალის გაცოცხლება, რომელიც ერის სიმბოლოა. ეს დიდი პასუხისმგებლობაც იყო და საოცარი, შინაგანი სიმშვიდეც" - რას ჰყვება - კვირის პალიტრა

"ადვილი არ იყო ქართვლის დედის - იმ ქალის გაცოცხლება, რომელიც ერის სიმბოლოა. ეს დიდი პასუხისმგებლობაც იყო და საოცარი, შინაგანი სიმშვიდეც" - რას ჰყვება გოგონა "მტრედისფერი ქალაქიდან"

"როცა სცენაზე ვარ, თითქოს, ჩემს როლთან ვერთიანდები, რაც მაგიური პროცესია. მსახიობისთვის აუცილებელი თვისებაა მოსმენა, არა მარტო სიტყვების, არამედ, სიჩუმის, ფიქრის, ემოციების..."

"ვინც ყოველდღიურად შრომობს, მიზანს მხოლოდ ის აღწევს"

"ლამაზ სხეულში ლამაზი სულია" - ეს ბანალური ფრაზა არა ერთხელ გამხდარა დავის საგანი, თუმცა ჩვენი რესპონდენტის ნაამბობი ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში აუცილებლად დაგარწმუნებთ. ბათუმის დრამატული თეატრის ახალგაზრდა მსახიობი, ძალიან ლამაზი, ნიჭიერი და მომხიბვლელი ნინა დიასამიძე პროფესიის შესახებ გვესაუბრება.

- ნინა, რას ნიშნავს შენთვის მსახიობობა?

- ჩემთვის მსახიობობა უბრალოდ პროფესია არ არის, ეს არსებობის ფორმაა, რომლის გარეშეც თავი ვერ წარმომიდგენია. მსახიობობა არის შესაძლებლობა, დავეხმარო ჩემს მაყურებელს საკუთარი თავის ამოცნობაში, ტკივილის და სიხარულის გააზრებაში. როცა სცენაზე ვარ, თითქოს, ჩემს როლთან ვერთიანდები, რაც მაგიური პროცესია. ზუსტად ვიცი, რაც უფრო მეტ გულწრფელობას ჩავდებ, მაყურებლისგან მეტი სიყვარული დამიბრუნდება. ამიტომ მსახიობობა ჩემთვის შინაგანი სიმართლის აღმოჩენისა და გამოხატვის გზაა, ის ერთდროულად სარკეცაა და ხიდიც. მთელი ბავშვობა ზღვისპირა, მტრედისფერ ქალაქში - ბათუმში გავატარე. ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ ჩემს ქალაქში მეცხოვრა და ჩემი ხალხისთვის მადლობა სცენიდან მეთქვა. მიხარია, რომ ახლა სწორედ ამას ვაკეთებ!

mgrbakqu-1747732014.jpg

- რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ მსახიობს?

- ჩემს პასუხს რამდენიმე პუნქტად დავყოფდი: მსახიობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემპათიის უნარი, რადგან ის ყველაფერს გრძნობს, რასაც ადამიანები გულის სიღრმეში ღრმად ინახავენ; აუცილებელი თვისებაა მოსმენა, არა მარტო სიტყვების, არამედ, სიჩუმის, ფიქრის, ემოციების... მსახიობმა უნდა შეძლოს, სხვა ადამიანების რეაქციას დააკვირდეს და მოუსმინოს, მათი ტკივილი ბოლომდე იგრძნოს, ღრმად, სრულყოფილად, ზოგჯერ ტკივილამდეც კი; როდესაც ამ პროფესიაში ხარ, შთაგონებაც აუცილებელია, თუმცა დისციპლინა, შრომა და სიმტკიცე გაცილებით ბევრ რამეს წყვეტს. ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვიცი, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ვინც ყოველდღიურად შრომობს, მიზანს მხოლოდ ის აღწევს; ძალზე მნიშვნელოვანი თვისებაა თავმდაბლობა, რომლის გარეშე ყველაზე დიდ ხელოვნებასაც ფასი ეკარგება.

- პირველად როდის დაინტერესდი თეატრით და სცენას რა ასაკიდან გაუშინაურდი?

- ხელოვნების სიყვარული ძალიან პატარა ასაკიდან შევიგრძენი, ეს სიყვარული, თითქოს თავიდანვე ჩემს ბუნებაში იყო. ვმღეროდი, ვცეკვავდი, ვხატავდი, ვძერწავდი - მოკლედ, ყველანაირი ფორმით ვცდილობდი თვითგამოხატვას. სცენა ჩემთვის ყველგან იყო: ეზოებში, სოფლის პატარა ქუჩებში და ჩემს ოთახშიც კი. ჩემს დედულეთში, ციხისძირში რომ ჩავდიოდი, მეზობლებს ერთად ვკრებდი და წარმოდგენებს ვმართავდი, პაროდიებს ვაკეთებდი... ჩემს სამყაროში ყველას თავისი როლი ჰქონდა, მერე კი ეს ბავშვური თამაში სცენის სიყვარულში გადაიზარდა. მახსოვს, ეს არ იყო მიზანმიმართული გადაწყვეტილება - უბრალოდ, სხვა გზაზე და სხვა პროფესიაზე არასდროს მიფიქრია. როგორც კი სცენაზე ავდიოდი, ვგრძნობდი, რომ ბედნიერი ვარ, რადგან სწორ ადგილას ვარ. რაღაცნაირი, შინაგანი სიმშვიდე მოდიოდა, როცა სამყაროს სხვისი თვალით ვუყურებდი და მერე ჩემებურად გადმოვცემდი. ასე რომ, შეიძლება ითქვას, სცენა ბავშვობიდან მიხმობდა, მე უბრალოდ მივყევი გულის ხმას, რომელიც ყოველთვის მესმოდა.

tsej5pl0-1747732049.jpg

- მსახიობებს შორის ფავორიტები თუ გყავს?

- როგორ არა. ქართველ მსახიობებს შორის ჩემი რჩეულია ყველა, ვინც შინაგან სიღრმეს და სიმართლეს ასხივებს. მაგალითად: დიდი მოწიწება მაქვს დოდო ჭიჭინაძისა და ვერიკო ანჯაფარიძის მიმართ - მათი თამაშის სიღრმე და სინატიფე დღემდე შთამაგონებს. თანამედროვე მსახიობებშიც არიან ისეთები, ვისი თამაშიც ჩემზე ძალიან მოქმედებს, უბრალოდ, ყველას დიდ პატივს ვცემ და ვინმეს გამოყოფა გამიჭირდება. უცხოელებს შორის, ჩემი კერპია მერილ სტრიპი - ამ მშვენიერ მსახიობს, გონების და იმპულსების ისეთი ფენომენალური შერწყმა შეუძლია, რომ თითოეული როლი სრულიად ახალ ადამიანად აქცევს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მსახიობი გულწრფელია და ხედავ, რომ თავისი როლით ცოცხლობს. ასეთი მსახიობები ყველაზე შთამბეჭდავები არიან.

- თუ გაქვს საყვარელი როლი, რომელიც უკვე შეასრულე ან რომლის შესრულებაზე სამომავლოდ ოცნებობ?

- ყველა როლს თავისი მნიშვნელობა და ემოციური დატვირთვა აქვს, მაგრამ ჩემს გულში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართვლის დედას. ეს როლი მარჯანიშვილის თეატრში შევასრულე, სპექტაკლში, რომელიც ნოდარ მაჭარაშვილის პიესის მიხედვით დაიდგა. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო, რადგან ადვილი არ არის იმ ქალის გაცოცხლება, რომელიც ერის სიმბოლოა. სცენაზე ყოფნისას მართლა ვგრძნობდი, რომ ამ როლში ვცხოვრობდი, ეს დიდი პასუხისმგებლობაც იყო და საოცარი, შინაგანი სიმშვიდეც... რაც შეეხება როლს, რომლის შესრულებაც ძალიან მინდა, ეს არის ანა კარენინა. ამ პერსონაჟში თავმოყრილია ქალის მრავალშრიანი ბუნება, ძლიერი გრძნობა, ტრაგიზმი და შინაგანი ბრძოლა, ამიტომ, ეს ის როლია, რომელსაც სული მოითხოვს - საოცრებაა, ანა კარენინას კიდევ ერთხელ გაცოცხლება სცენაზე! რაღაცნაირად მჯერა, რომ ამის დროც მოვა და როცა მოვა, მზად ვიქნები.

- ნინა, რა როლს ასრულებს გარეგნული სილამაზე მსახიობის ცხოვრებაში?

- გარეგნული ხიბლი მართლაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მსახიობისთვის, ისევე, როგორც ხმა, მზერა ან მოძრაობა, მაგრამ ის ნამდვილად არ არის მთავარი. ძალიან ბევრი ვიზუალურად გამორჩეული მსახიობი ასულა სცენაზე და მალე „გამქრალა“, რადგან შინაგანი სიმართლე არ ჰქონდა. ამავე დროს, ძალიან ბევრია ისეთი, ვინც კლასიკური სილამაზის სტანდარტებს ვერ ერგება, მაგრამ მაინც შეუდარებელია. გარეგნობამ კარიერის დასაწყისში შეიძლება, ერთგვარი ბიძგის როლი შეასრულოს, მაგრამ მხოლოდ შინაგანი სიღრმე, ნიჭი და ემოციური გულწრფელობა არის ის, რასაც მსახიობისთვის წარმატების მოტანა შეუძლია.

bmu7js87-1747732083.jpg

- და მაინც, რა თვისებებია საჭირო ამ პროფესიაში წარმატების მისაღწევად?

- წარმატებისკენ მიმავალი გზა ინდივიდუალურია, მაგრამ არის რამდენიმე თვისება, რომელიც მსახიობისთვის აუცილებელია: პირველ ყოვლისა, პასუხისმგებლობა, დისციპლინა და გამძლეობა. მარტო ნიჭით ადამიანი ვერაფერს მიაღწევს, თუ მას ყოველდღიური შრომა და განვითარება არ ახლავს. მაშინაც კი, როცა რეალური შედეგი არ ჩანს, ხელოვანმა შრომა და ბრძოლა უნდა გააგრძელოს. არანაკლებ საჭიროა ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭი და შეცდომის, როგორც გაკვეთილის გამოყენება.

არ არსებობს წარმატებული ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ დაცემულა, მაგრამ მთავარია წამოდგე და შენი მიზნისკენ გზა განაგრძო - ამის გარეშე წარმატების მიღწევა ვერ წარმომიდგენია.

- და ბოლოს, ძალიან ლამაზად გამოიყურები, როგორია თავის მოვლის შენეული რუტინა?

- თავის მოვლა ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ეს გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ კანის ან ვარცხნილობის მოწესრიგება. მსახიობისთვის ფორმაში ყოფნა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო მეტს ნიშნავს. შესაბამისად, ჩემთვის მთავარი ემოციური სტაბილურობაა, რაც წარმოუდგენელია ჯანმრთელი ძილის, სწორი კვების და მოძრაობის გარეშე. მსახიობი ხშირად რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს, რაც დიდი დატვირთვაა და თუ ასეთ დროს ფსიქიკას არ გაუფრთხილდები, შეიძლება გამოიფიტო და ცუდ დღეში აღმოჩნდე. სწორედ ამიტომ, ჩემთვის თავის მოვლა ერთგვარი თავდაცვაა, მცდელობაა, რომ შინაგანი წონასწორობა არ დავკარგო და ის თვისებები შევინარჩუნო, რომელიც მსახიობისთვის აუცილებელია.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)