პატიმარი 466/64: მშვიდობიანად დამარცხებული სასტიკი რეჟიმის ისტორია - 27 წელი ციხეში, პრეზიდენტობა და ნებით დათმობილი ძალაუფლება
“ვოცნებობ დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაზე, სადაც ყველა ადამიანი ერთად, ჰარმონიულად იცხოვრებს და ექნებათ თანაბარი შესაძლებლობები. ეს ის იდეალია, რის გამოც მე ვცოცხლობ და რისკენაც მივისწრაფვი. თუ საჭირო იქნება, ამ იდეალისთვის მოვკვდები კიდეც“ - ეს სიტყვები ნელსონ მანდელამ თავის სასამართლო პროცესზე წარმოთქვა. მას პოლიტიკური საქმიანობის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მანდელამ პატიმრობაში 27 წელი გაატარა და შეიძლება ითქვას, რომ თავგანწირული ბრძოლით მსოფლიოში ბევრი ადამიანის მსოფლმხედველობა შეცვალა...
1918 წლის 18 ივლისს, სამხრეთ აფრიკის ტრანსკეის პროვინციაში ბიჭი, სახელად როლიჰლალა მანდელა დაიბადა. მამამისი სოფლის ბელადი და, ასევე, ტებმუს ტომის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მას მანდელას დედის გარდა კიდევ სამი ცოლი ჰყავდა. მანდელას 3 ძმა და 9 და ჰყავდა.
ფერადკანიან, ყველასგან გამორჩეულ ბიჭს სახელი "ნელსონი" სკოლაში ინგლისურის მასწავლებელმა შეარქვა და სწორედ ასე გახდა ის ნელსონ მანდელა.
ძალიან აქტიური და ჭკვიანი ბიჭი ხვდებოდა, რომ საზოგადოება უნდა შეცვლილიყო, ფერადკანიანთა ჩაგვრა კი უნდა დასრულებულიყო. ჯერ კიდევ სტუდენტობისას, ის აქტიურად ჩაერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში და აპარტეიდის წინააღმდეგ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. ვიდრე პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებდა, იგი კოლეჯში სპორტითაც იყო დაკავებული, განსაკუთრებით მოსწონდა კრივი.
აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ფერადკანიანებს არ ჰქონდათ განათლების მიღებისა და უნივერსიტეტში სწავლის საშუალება, ამიტომ მანდელას შემთხვევა დიდი გამონაკლისი იყო.
1941 წელს ის საცხოვრებლად სამხრეთ აფრიკის ყველაზე დიდ ქალაქში - იოჰანესბურგში გადავიდა და თავდაპირველად მუშაობა შახტის დაცვაში დაიწყო. მოგვიანებით კი მან სამსახური იურიდიულ კომპანიაში ნახა. იურისტობის პარალელურად, დაუსწრებლად დაასრულა უნივერსიტეტი და ჰუმანიტარული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხის მოიპოვა. ამის შემდეგ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, სადაც მომავალი მეგობრები გაიცნო.
მანდელა დაინტერესებული იყო პოლიტიკით და ფერადკანიანთა პრობლემები აწუხებდა. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებაში 1948 წელს აფრიკის ნაციონალური პარტია მოვიდა. მათ აპარტეიდი შემოიღეს. ფერადკანიან მოსახლეობას მიუჩინეს კონკრეტული ადგილები და მხოლოდ იქ შეეძლოთ ცხოვრება.

აპარტეიდი რასობრივი დისკრიმინაციის ყველაზე სასტიკი ფორმა გახლავთ, რომელიც რასობრივი ნიშნით გამორჩეული გარკვეული ჯგუფებისათვის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების აღკვეთაში გამოიხატებოდა.
გენოციდისაგან განსხვავებით, აპარტეიდი არ არის მიმართული ეროვნული თუ ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი ჯგუფების ფიზიკური განადგურებისაკენ. ის მიზნად ისახავს ასეთი ჯგუფების, მათი წევრების საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან იზოლირებას. სწორედ ამ რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა ნელსონ მანდელა, თანამოაზრეებთან ერთად.
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, ახალგაზრდა მანდელა აფრიკის ეროვნული კონგრესის ახალგაზრდული ლიგის თავმჯდომარე გახდა. მანდელამ შექმნა პირველი იურიდიული კომპანია, რომელიც უფასოდ ეხმარებოდა ფერადკანიანებს; შექმნა „თავისუფლების ქარტია“, რომელშიც ყველა ის მთავარი პრინციპი იყო თავმოყრილი, რაც დემოკრატიული საზოგადოების შექმნას სჭირდებოდა. მომავალში სწორედ ეს ქარტია გახდა მთავარი საყრდენი, რითაც ისინი აპარტეიდს ებრძოდნენ.
1960-იან წლებში სამხრეთ აფრიკის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უფრო ხშირად იყენებდა ძალადობას წინააღმდეგობის ჩასახშობად. აპარტეიდის საწინააღმდეგო ყოველ გამოსვლას ისინი მკაცრად უსწორდებოდნენ. მანდელას თქმით, ამ გარემოებამ აფრიკის ეროვნული კონგრესი აიძულა, საპასუხო ნაბიჯი გადაედგათ. ისინი ცდილობდნენ, აპარტეიდთან დაკავშირებული სიმბოლური ადგილები აეფეთქებინათ და დაეზიანებიათ ისე, რომ არავინ დაშავებულიყო. თუმცა, კონგრესისა და ხელისუფლების დაპირისპირება პარტიზანულ ბრძოლაში გადაიზარდა. ეს ძალიან აწუხებდა მანდელას, რადგან ის ყველას მშვიდობისკენ და თანასწორობისკენ მოუწოდებდა.
ხელისუფლების წინააღმდეგ უწყვეტი ბრძოლის გამო, საბოლოოდ, 1962 წელს, მანდელა დააკავეს. თავდაპირველად მისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა მიესაჯათ, თუმცა დამატებითი ბრალდებების შემდეგ, მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს...
ციხე და პრეზიდენტობა

ნელსონ მანდელამ ციხეში 27 წელი გაატარა. პოლიტიკური ნიშნით პატიმრობის გამო, საკანში მას ყველაზე ცუდი პირობები ჰქონდა და ციხის ადმინისტრაციაც განსაკუთრებულად დამამცირებლად ექცეოდა.
თუმცა თანამებრძოლებისა და მეგობრების დახმარებით, ის - პატიმარი 466/64 მსოფლიოში ცნობილ პიროვნებად სწორედ ამ პერიოდში გახდა. სხვადასხვა ქვეყნის პრესაში ხშირად იწერებოდა მანდელას შესახებ და იმართებოდა აქციები ლოზუნგით: „თავისუფლება ნელსონ მანდელას“. ასევე, როგორც ცნობილია, ციხეში ყოფნის მიუხედავად, მან შეძლო და დაუსწრებლად დაასრულა ლონდონის უნივერსიტეტი, მიიღო იურისტის ბაკალავრის ხარისხი.

პატიმრობის პერიოდი მანდელამ კუნძულ რობენის უსასტიკეს ციხეში გაატარა. ის სამარტოო საკანში იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, მას მაქსიმალურად მკაცრად ექცეოდნენ, რათა თავის პრინციპებზე უარი ეთქვა.მანდელას სხვა პატიმრებთან ერთად კარიერში იძულებით ამუშავებდნენ.
ციხეში ფერადკანიანთა კვებაც გაცილებით ცუდი იყო, ვიდრე სხვა რასის წარმომადგენლების. ისინი ზამთარში, ყინვაშიც კი შორტებითა და სანდლებით იყვნენ, როცა სხვებს შარვლისა და თბილი ფეხსაცმლის ტარების უფლება ჰქონდათ.1982 წელს მანდელა რობენის ციხიდან სხვა ციხეში გადაიყვანეს, რადგან ხელისუფლებას არ სურდა, რომ მეამბოხე ლიდერს ახალგაზრდა ფერადკანიან პატიმრებთან ჰქონოდა კავშირი.
1980-იან წლებში მას შესთავაზეს, თავისუფლების სანაცვლოდ, შეეწყვიტა ბრძოლა აპარტეიდის წინააღმდეგ. ნელსონმა კატეგორიული უარი თქვა.
1989 წელს ქვეყნის პრეზიდენტი ფრედერიკ ვილემ დე კლერკი გახდა. საერთაშორისო ზეწოლისა და შიდაპროტესტის გამო, მან გააუქმა დრაკონული კანონები და განაცხადა, რომ გაათავისუფლებდა ნელსონ მანდელას. 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ მომავალმა პრეზიდენტმა საკანი დატოვა...
მოგვიანებით ციხე მუზეუმად გადაკეთდა. პრეზიდენტობისას ნელსონ მანდელამ თავისი საკანი მოინახულა, ამ ადგილს სხვადასხვა ცნობილი ადამიანიც ეწვია, მათ შორის -Beyonce, U2-ს სოლისტი ბონო და სხვ.

ციხიდან გათავისუფლების მიუხედავად, მანდელასა და დე კლერკის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბული იყო. საქმე ის არის, რომ გათავისუფლების შემდეგ მანდელა უფრო აქტიურად ჩაერთო ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ქვეყანაში გახშირდა შეტაკებები ფერდაკანიანებსა და პოლიციას შორის, თავად მოსახლეობას შორის. მანდელა ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებდა. 100 ათასი თავისი მომხრის წინააღმდეგ გამოსვლისას მან თქვა:"შეაგროვეთ თქვენი დანები, ჯოხები და შუბები და ისინი ზღვაში გადაყარეთ". სწორედ მანდელას დიდი დამსახურებაა, რომ სამხრეთ აფრიკაში ომი არ დაიწყო.
1994 წელს სამხრეთ აფრიკაში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა და ნელსონ მანდელა სამხრეთ აფრიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი გახდა. მისი ინაუგურაცია 1994 წლის 10 მაისს შედგა. იმ წელსვე საბოლოოდ გაუქმდა აპარტეიდი. ციხეში გატარებული ურთულესი პერიოდისა და ტანჯვის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ პრეზიდენტი მანდელა სასტიკი რეჟიმის ყველა წარმომადგენელს დასჯიდა და მათზე შურს იძიებდა, მაგრამ...
"ჩვენ არა მხოლოდ ჩაგრულები, არამედ - მჩაგვრელებიც უნდა გავათავისუფლოთ, " - ამბობდა მანდელა. ის ყველას პირად მაგალითს აძლევდა. მაგალითად, მან ციხეში თავისი ზედამხედველი ინაუგურაციაზე დაპატიჟა, თავისი საქმის პროკურორი -სადილზე, აპარტეიდის რეჟიმთან დაკავშირებული ჩინოვნიკების ქვრივები კი -ჩაიზე. მისი თქმით, აპარტეიდმა ისეთი კვალი დატოვა საზოგადოებაში, რომ შურისძიება საყოველთაო კოლაფსს გამოიწვევდა.
მანდელამ შემოიღო კანონი - თუ აპარტეიდის რეჟიმის წარმომადგენლები აღიარებდნენ დანაშაულს, ისინი თავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისგან. საბოლოო ჯამში, მან შეძლო მიმტევებლობის იდეის მიტანა ფერდაკანიან მოსახლეობასთან.
ნელსონ მანდელამ 1993 წელს ნობელის პრემია მიიღო.
მმართველობის პერიოდში, პრეზიდენტმა მანდელამ შეძლო და მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტი განახორციელა, მათ შორის - უფასო სამედიცინო მომსახურება ბავშვებისა და ორსულებისთვის, უფასო განათლება 14 წლამდე ბავშვებისთვის, შემოიღო კანონი მიწისა და დასაქმებულთა თანასწორობის შესახებ. მანდელას პრეზიდენტობის პერიოდში ჩატარდა ელექტროფიკაციის მასშტაბური სამუშაოები, აშენდა საავადმყოფოები და სკოლები.
სამხრეთ აფრიკის პირველ ფერადკანიან პრეზიდენტზე, რომელმაც თავისი სიცოცხლე თანასწორობასა და დემოკრატიული პრინციპების დამყარებას მიუძღვნა, ფილმიც გადაიღეს. მისი ცხოვრება ყველასათვის სამაგალითო გახდა.
1999 წელს ნელსონ მანდელამ პრეზიდენტად მეორე ვადით კენჭისყრაზე უარი თქვა და მთლიანად უფლებადამცველი საქმიანობით დაკავდა. 2009 წელს გაერომ 18 ივლისი ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ნელსონ მანდელა 2013 წელს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.