ვინ გაიმარჯვებს თუ ნატოსა და რუსეთს შორის ომი დაიწყო?! - მწარე სიმართლე ბრიუსელისთვის
ნატოს არ აქვს თანამედროვე ბრძოლების გამოცდილება - ის რუსეთ-უკრაინის მსგავს ომში დამარცხდება...
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები, რა თქმა უნდა, აანალიზებენ ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ფართომასშტაბიანი ომის პერიპეტიებს, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ისე, ბუნებრივია, სამხედრო კუთხითაც და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ აფიშირებენ ამ ანალიზის შედეგებს, ვეღარც მალავენ, რომ ნატო, როგორც მსოფლიოში უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, უბრალოდ, მზად არ არის რუსეთ-უკრაინის მსგავს ომში საბრძოლო წარმატებას მიაღწიოს...
ნატოს წევრი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი პეტრ პაველი თავის ქვეყანას სათავეში ორი წლის წინ ჩაუდგა, მანამდე კი 64 წლის პაველმა ძალზე წარმატებული სამხედრო სამსახური განვლო - დაწყებული ლეიტენანტიდან და დამთავრებული არმიის გენერლობამდე, როდესაც ჩეხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსიც გახლდათ. თუმცა გენერალ პაველის სამხედრო კარიერის ზენიტად იქცა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეობა (2015-2018 წწ.), რაც პირველი შემთხვევა იყო ნატოს ისტორიაში, როდესაც ალიანსის სამხედრო მმართველობა აღმოსავლეთევროპელ გენერალს ჩააბარეს...
ასე რომ, თუკი ვინმე ფლობს ნატოს შესახებ ყველაზე რეალურ ინფორმაციას, მათ შორის - ალიანსის სამხედრო ძლიერებისა და საბრძოლო მზადყოფნის შესახებ, ერთ-ერთი პირველი სწორედ ჩეხეთის დღევანდელი პრეზიდენტი პეტრ პაველია.
და სწორედ პრეზიდენტი პაველი გერმანელი ჟურნალისტების კითხვაზე, მზად არის თუ არა ნატო თანამედროვე ომების საწარმოებლად, გულხდილად პასუხობს - „თუკი მეკითხებით, არის თუ არა ნატო მზად სერიოზული სამხედრო მოქმედებებისთვის, გიპასუხებთ - ბევრი შეზღუდვით, რადგან „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ ნატო ჩამოყალიბდა, როგორც „შემაკავებელი ძალა“ და არა - როგორც საბრძოლო მოქმედებების მწარმოებელი... თანამედროვე ომი, რომელიც დღეს რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული დაპირისპირებისას მიმდინარეობს, ეს არის კომბინაცია კლასიკური საბრძოლო მოქმედებების, მაღალტექნოლოგიური შეიარაღების, ჰიბრიდული, საინფორმაციო და კიბერომის ელემენტების გამოყენებით...
ნატოს არ გააჩნია ასეთი თანამედროვე ომის რეალური გამოცდილება, ასეთ გამოცდილებას მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის არმიები იღებენ, სხვა ქვეყნები კი მხოლოდ ცდილობენ, ისწავლონ უკრაინაში ომის გაკვეთილები...“
ერთ დროს ნატოს მთავარმა სამხედრომ და ამჟამად ჩეხეთის პრეზიდენტმა და ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა - პეტრ პაველმა თქვა ის სიმართლე, რისკენაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბოლო სამი ათეული წელია, მიდიოდა, როდესაც თავი გამარჯვებულად ჩათვალა მას შემდეგ, რაც 1991 წელს მისი მთავარი მოწინააღმდეგეებიდან, ჯერ ვარშავის პაქტი დაირღვა, ხოლო იმავე წლის ბოლოს კი - თავად საბჭოთა კავშირიც დაიშალა.
ნატოს გამოეპარა რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ძლიერების აღზევების პროცესი და თავის უზარმაზარ რესურსებს ათწლეულების განმავლობაში ერაყსა და ავღანეთში ფუჭად ხარჯავდა, იმის ნაცვლად, რომ ევროპის გაძლიერებაზე ეფიქრა და აღმოსავლეთით გაფართოება დაეჩქარებინა, შავი ზღვის რეგიონი მნიშვნელოვნად გაძლიერებულიყო, მათ შორის - უკრაინისა და საქართველოს „შემოერთებით“...
ეს ჯერ კიდევ შესაძლებელი გახლდათ 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000 წლების მიჯნაზე, სანამ კრემლი ჯერ კიდევ ვერ იყო გამოსული იმ უდიდესი კონფუზიდან, რაც საბჭოთა იმპერიის დაშლის შედეგად მიიღო, მაგრამ...
დასავლეთმა, თავისი ნატოთი დაუშვა ისტორიული სტრატეგიული შეცდომა, დაკარგა უზარმაზარი სახსრები და რაც მთავარია, დრო და ევროპის აღმოსავლეთით სწრაფი ტემპებით გაფართოების სანაცვლოდ, მრავალწლიანი საერთაშორისო სამშვიდობო და ანტიტერორისტული ოპერაციების განხორციელებაზე გადაიტანა აქცენტი...
ამას დაემატა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკური ლიდერების კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა, როდესაც „ცივომმოგებულებმა“ ჩათვალეს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების არმიების შემდგომი გადაიარაღება- გაძლიერება მეორეხარისხოვანი გახდა, ამისთვის დიდი თანხების გამოყოფა აღარ იყო საჭირო და ამ მილიარდებით განაგრძეს ევროპაში სოციალური პროგრამების განვითარება, თავისი ამომრჩევლების გულის მოსაგებად, რამაც მართალია, ბევრად გააუმჯობესა „ბებერი ევროპის“ მაცხოვრებლების სოციალური მდგომარეობა, მაგრამ მათი ქვეყნები, ფაქტობრივად, დაუცველი გახადა, რეალური სამხედრო საფრთხის გამოჩენის შემთხვევაში და ამ საფრთხემაც არ დააგვიანა, ის აღმოსავლეთიდან „წამოვიდა“... პუტინის რუსეთის სახით, რასაც ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები დღემდე მოუმზადებელნი ხვდებიან და ერთი ის იმედი რჩებათ, რომ სწორედ უკრაინა და უკრაინელი ხალხი თავისი სისხლისღვრით გადაარჩენს ევროპელებს...