ევროპა მეორე ცივი ომისთვის ემზადება?! - The Independent: "როგორც უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, „დადგა დრო, ვიმოქმედოთ დღეს, თორემ ხვალ დაგვიანებული იქნება“
დასავლურ პრესაში აქტიურად გრძელდება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის კომენტირება, რუსულ-ამერიკული დიალოგის განხილვა და მის ფონზე, ევროპისა და უკრაინის სამომავლო ბედის პროგნოზირება.
„უკრაინის ირგვლივ სიტუაციის განვითარება გვაჩვენებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ევროპელთა რწმენას ძირს უთხრის - ჩვენ იძულებულნი ვართ, ან მარტოდმარტო გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიულ ამბიციებს, ან დავმარცხდეთ", - ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) დაბეჭდილ სტატიაში, სათაურით: „ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი იმას მიგვანიშნებს, რომ ევროპა მეორე ცივი ომისთვის უნდა მოემზადოს“ (ავტორები - გენერალი რიჩარდ შირეფი, ევროპაში ნატოს ჯარების სარდლის ექსმოადგილე და სტეფანი ბაბსტი, ნატოს გენმდივნის ექსთანაშემწე).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ყოველთვის მტკივნეულია დიდი ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული რწმენის გაწბილება და უარყოფა. ევროპელები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი უსაფრთხოების გარანტიებს ტრანსატლანტიკური ხელშეკრულების პრინციპები უზრუნველყოფდა. 1949 წლიდან მოყოლებული, ევროპელებისა და ამერიკელების თაობებს სჯეროდათ, რომ ატლანტიკის ორივე ნაპირის პოლიტიკური ლიდერები მტკიცედ დაიცავდნენ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ეფუძნებოდა დემოკრატიულ კანონების მქონე ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიანი ევროპის იდეას.
მიუხედავად ცალკეულ ნატოელ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებისა, მათი მტკიცე პირობა, რომ ერთმანეთის ინტერესებს დაიცავდნენ და ერთმანეთს დაეხმარებოდნენ, ეჭვის ქვეშ არასოდეს დგებოდა. ასევე, უეჭველი იყო ევროპის თითოეული მცხოვრების ვალი, თავისი წვლილი შეეტანა სამხედრო ბლოკის ძლიერების უზრუნველყოფაში. თეთრი სახლი მუდამ მზად იყო თავისი ნატოელი მოკავშირეების დასახმარებლად, რომ მათზე თავდასხმის შემთხვევაში, ზომები დაუყონებლივ მიეღო.
ახლა კი დონალდ ტრამპმა და მისი ლოზუნგის - „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ (MAGA) მიმდევრებმა, ევროპელთა რწმენა დაანგრიეს. ტრანსატლანტიკური პარტნიორობა ჩვენ თვალწინ იშლება.
100-დღიანი პრეზიდენტობის განმავლობაში დონალდ ტრამპმა ძირი გამოუთხარა ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპს, კატასტროფულად ძირს დასცა საერთაშორისო ვაჭრობის ტარიფები, ემუქრება ერთგული მოკავშირეების - კანადისა და დანიის ტერიტორიულ მთლიანობას, უხეშად ერევა მოკავშირეების საშინაო საქმეებში და მხარს უჭერს ულტრამემარჯვენე პოპულისტურ პარტიებს, ტოვებს მრავალპროფილიან საერთაშორისო ორგანიზაციებს (ჯანმოს ჩათვლით), აკრიტიკებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს და გაეროს დადგენილებებს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. მოკლედ, დონალდ ტრამპი უროს ურტყამს და ანგრევს დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ საერთაშორისო წესრიგს.
აშშ-ის მოკავშირე ევროპელი ლიდერების სამწუხაროდ და გასაკვირად, ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის, ლანგრით მიუტანოს ვლადიმერ პუტინს, ყველაზე სასტიკ აგრესორს, რომელსაც კი ევროპა შეხვედრია, ადოლფ ჰიტლერის შემდეგ, კრემლის საგარეო პოლიტიკის ორი ძირითადი მიზნის განსახორციელებლად: ევროპული უსაფრთხოების დაცვისაგან აშშ-ის ჩამოსაშორებლად და ნატოს ნეიტრალიზებისათვის.
დონალდ ტრამპის მოქმედება აშკარად პრორუსულ ხასიათს ატარებს: იგი ზეწოლით თავს ახვევს უკრაინას და ევროპას ე.წ. სამშვიდობო გეგმას; დგება კრემლის გვერდით, გაეროს რეზოლუციების ხმის მიცემის დროს; აჩერებს კიბეროპერაციებს რუსეთის მიმართ და მზად არის, ყირიმის ოკუპირება კანონიერად აღიაროს; ემუქრება კიევს დახმარების შემცირებით - სხვა არაფერია, თუ არა ხაზგასმა იმისა, რომ ვაშინგტონი არღვევს ნატოს კონსენსუსს, რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ.
იმ დროს, როცა ევროპელი ლიდერები ცდილობენ, დონალდ ტრამპი თავიანთ მხარეს ჰყავდეთ და იმედოვნებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი თავის რუს კოლეგაზე ზეწოლას მოახდენს და სამშვიდობო გარიგების მაგიდასთან მიიყვანს, სტამბოლის მოლაპარაკებები, ამერიკის უმოქმედობის გამო, რუსეთმა პრაქტიკულად თავის სასარგებლოდ წარმოაჩინა. დონალდ ტრამპი ღრმა სკეპტიციზმით უყურებს უკრაინას და მზად არის, აღიაროს აღმოსავლეთი ევროპა რუსეთის გავლენის სფეროდ. სამწუხაროდ, ამ რეალობას ვერ ცვლის აშშ-უკრაინის გარიგება „სასარგებლო წიაღისეულის“ ერთობლივად სარგებლობის თაობაზე: კიევი, საბოლოო ჯამში, მაინც უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების გარეშე დარჩა.
აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ (პრორუსულ) გადახრას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს - ის უფრო ღრმაა, ვიდრე რომელიმე სამხედრო ან ფინანსური საკითხი.
დონალდ ტრამპისათვის გეოპოლიტიკური სფერო ჯუნგლებს წარმოადგენს, სადაც ცოცხლად გადარჩენა მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც აღიარებს პრინციპს: „გამარჯვებული ყველაფერს იღებს“.
აშშ-ის გეოეკონომიკური გავლენის სფეროს გაფართოება, ჩინეთის შეკავება (რომელიც აშშ-ის ყველაზე სახიფათო კონკურენტია) და მოგებიანი საქმიანი გარიგებების აგრესიულ-აქტიური დადება - აი, ეს არის დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის მიზანი. სამწუხაროდ, იგი ხშირად აჭარბებს. იგი თავისი მოქმედებით, თითქოსდა, აშშ-ის ინტერესებს ემსახურება, მაგრამ იმავდროულად - მოკავშირეებს აზიანებს. დონალდ ტრამპმა ევროპულ სოლიდარობას ძირი გამოუთხარა, იგი ევროპას და უკრაინას რუსეთის პირისპირ მარტო ტოვებს, პერსპექტიული დამარცხების შედეგით.
ევროპამ და კანადამ დროულად უნდა მიიღონ ზომები და იმ დღისათვის მოემზადნონ, როცა აშშ ნატოსა და უკრაინის საქმეებს ჩამოშორდება. ევროპა მზად უნდა იყოს იმ მომენტისათვის, როცა ტრამპის იზოლაციონიზმის გამო, იძულებულნი იქნებიან, სამომავლოდ ნატოს წამყვანი ძალა გახდნენ.
მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გადასაწყვეტი და მოსაგვარებელი საკითხების სია ძალიან გრძელი და რთულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთავარი კითხვები - როგორ უნდა იქნეს შენარჩუნებული ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო ძლიერება და მისი სიცოცხლისუნარიანობის განმტკიცება (ამჟამად ევროკავშირს არ შეუძლია, ნატოს წონადი სამხედრო პოტენციალი ჰქონდეს და უკრაინასაც ფართოდ დაეხმაროს)? რა იქნება მას შემდეგ, როცა ევროპიდან აშშ-ის არმიის ნაწილები გავლენ? როგორ ჩანაცვლდება ნატოში აშშ-ის ფინანსური და სამხედრო წვლილის შემცირება? ვინ შეცვლის აშშ-ის არმიის ნაწილებს პოლონეთში, ლატვიაში, რუმინეთსა და ბულგარეთში? როგორ შევინარჩუნებთ ბირთვული შეკავების საიმედო სისტემას?
შესაძლოა, ამ ამოცანების შესრულება შეუძლებლად მოგვეჩვენოს, მაგრამ თუ საკმარის პოლიტიკურ ნებას გამოვიჩენთ, მათი გადაწყვეტა შეიძლება. ნატოს სარდლობის სტრუქტურა, როცა ის ევროპელების კონტროლქვეშ იქნება, გონივრულად შემცირდება და ადაპტირდება. შემუშავდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის ფართო მონაწილებით, რომელსაც აქვს ისეთი ტექნოლოგიები და ჰყავს ისეთი სამხედრო-სამრეწველო კომპანიები, რომლებიც ამერიკულის ალტერნატივას წარმოადგენენ.
როგორც უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, „დადგა დრო, ვიმოქმედოთ დღეს, თორემ ხვალ დაგვიანებული იქნება“. ევროპელმა ლიდერებმა, რომლებიც დონალდ ტრამპს ევედრებიან, - გვითხარი, რომ ყველაფერი ძველებურად კარგად იქნებაო, ხელიდან არ უნდა გაუშვან ის შესაძლებლობა, რომელიც მათ ნატოს ივნისის სამიტზე ექნებათ. მათ უნდა წარმოადგინონ მკაფიო სტრატეგია, თუ როგორ იმოქმედებს აშშ-ის გარეშე დარჩენილი ევროპა და რას გააკეთებს კონტინენტი უკრაინის დასახმარებლად, აშშ-ის გარეშე. კიევს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უნდა ჰქონდეს: მხოლოდ მაშინ, როცა ვლადიმერ პუტინი და მისი პოლიტიკური მემკვიდრეები გააცნობიერებენ, რომ უკრაინა არასოდეს გახდება რუსეთის იმპერიის ნაწილი, ევროპაში შეიძლება მტკიცე მშვიდობა დამყარდეს.
რა თქმა უნდა, გზა რთული იქნება. ევროპამ უნდა აღიდგინოს ის მდგრადობა, რომელიც ცივი ომის დროს იყო. ეს გარკვეულ „მსხვერპლს“ მოითხოვს - შრომას, ძალისხმევას, მორალურ გაბედულებას და სანიმუშო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. თუ ასე არ იქნება, ალტერნატივა ძალიან სასტიკი იქნება: დონალდ ტრამპის პროგრამის წინაშე კაპიტულაცია ნიშნავს ევროპული დემოკრატიისა და უსაფრთხოების თვითმკვლელობას, ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრების ცვლილებას და პუტინის „ახალი იალტის“ იდეების განხორციელებას, რომლის დროსაც რუსეთი კვლავ დომინანტი იქნება აღმოსავლეთ ევროპაში. და თუ მართლაც ასე მოხდება, ჩვენ გარდაუვლად დავდგებით ევროპის (კანადასთან ერთად) და რუსეთის ომის წინაშე. მაგრამ მისი თავიდან აცილება შეიძლება, თუ ევროპა მზად იქნება, მეორე ცივი ომის პირობებში იარსებოს.
ევროპელ ლიდერებს სამი წელი ჰქონდათ იმის გასაცნობიერებლად, რომ დარწმუნებულიყვნენ - რუსული დიპლომატია და რუსული საომარი მოქმედება ემყარება ძალის უხეშ გამოყენებასა და ტერორს. ევროპელებს შეუძლიათ, სიტუაციაში გარდატეხა მოახდინონ. თუ ევროპა ნებისყოფას, ენერგიასა და ძალისხმევას გააორმაგებს, ის რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს ბევრად გადააჭარბებს. ევროპელებმა საკუთარი ძალა უნდა ირწმუნონ.
მოამზადა სიმონ კილაძემ