სკანდალური რჩევა ოპოზიციას: "ყველა ლიდერი ციხეში წავიდეს და..." - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: გამოიფიტა თუ არა პროტესტი?! - კვირის პალიტრა

სკანდალური რჩევა ოპოზიციას: "ყველა ლიდერი ციხეში წავიდეს და..." - ვახტანგ ძაბირაძის ანალიზი: გამოიფიტა თუ არა პროტესტი?!

„თუ ბიძინა ივანიშვილს ძალით არ გავიტანთ, ისე არაფერი გამოვა“ , - ამის შესახებ „ნაციონალების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს. „ღიად ვიტყვი, ძალადობრივი დამხობის მომხრეები ჩვენ არ ვართ. ამას ხელს არ შევუწყობთ, არ გავაკეთებთ, პირიქით, ხელს შევუშლით“, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აცხადებს. რას ემსახურება ასეთი განცხადებები და არის თუ არა საფრთხე, რომ მოვლენები მძიმე სცენარით განვითარდეს, ამის შესახებ ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- მახსოვს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრეს, ლევან ხაბეიშვილი ციხეში შეჭრას და მის გათავისუფლებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერი გააკეთა. ასეთი რადიკალური განცხადებები ძალიან წამგებიანია პოლიტიკური სპექტრისთვის. პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საზოგადოებაში რადიკალური განწყობები დღეს არ არის. თუ „ნაციონალებს“ ჰგონიათ, რომ ასეა, მაშინ „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“, რას ელოდებიან? ისე კი, ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობს ხაბეიშვილი, როდესაც ივანიშვილის ძალით გატანაზე ან რადიკალური ნაბიჯების გადადგმაზე საუბრობს.

- ხაბეიშვილმა განმარტა, უფრო სწორად ერთ-ერთ სატელევიზო გამოსვლაში პირდაპირ თქვა, რომ დიდი სურვილი აქვს, „ხარებას“ რაღაც დაუშავოს.

- დაუშავებს და დაიჭერენ, ივანიშვილი კი ისევ ხელისუფლებაში დარჩება. რისი მომტანია ეს ყველაფერი? ოპოზიციონერი ლიდერის ასეთ განცხადებებს ხელისუფლება საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს - მოსახლეობას დააშინებს და ოპოზიციის გაშარჟებას დაიწყებს. ეს არც ხაბეიშვილს აძლევს ხელს და არც „ნაციონალურ მოძრაობას“

- ოპოზიციის ერთი ნაწილი გამოსავალს საყოველთაო დაუმორჩილებლობაში ხედავს.

- არც ეს მგონია გამოსავალი. ამისათვის საჭიროა მოსახლეობის დიდი ნაწილის შესაბამისი განწყობა, რასაც ვერ ვხედავ.

- მაშინ რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ? აქტივისტები და ოპოზიცონერი ლიდერების ნაწილი შიშობენ, რომ გრძელვადიან პროცესში პროტესტი იფიტება.

- იმისთვის, რომ პროტესტი არ გამოიფიტოს, მუშაობაა საჭირო. გასაგებია, რომ ხალხი დაიღალა, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებს ხომ ჰყავთ აქტივისტები? ჩაანაცვლონ ეს ხალხი და მისცენ დასვენების საშუალება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების განცხადებებზე თვალ-ყურის მიდევნება. მათ უკვე დაიწყეს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციების დაწესება... ხომ უნდა მივხვდეთ, რომ ახლა არსებული სიტუაციის შენარჩუნებაა აუცილებელი. ოპოზიციამ როგორმე უნდა მოახერხოს რუსთაველზე არსებული პროტესტის შენარჩუნება. თუ პროტესტის ახალი ძალით შევსება არ შეუძლიათ, მაშინ ივანიშვილის გაშვებას როგორ აპირებენ?

- რამდენად იზიარებთ ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას პოზიციას იმის შესახებ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ფარსია? მისი თქმით, პოლიტიკური ბუნდოვანების დრო დასრულდა და დადგა დრო, ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.

- ნახეთ, როგორი მოცემულობა გვაქვს - ჩვენი დასავლელი პარტნიორები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, თუმცა ეს პოლიტიკური ძალა მაინც ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი საერთოდ არ რეაგირებს არც პარტნიორების კრიტიკულ პოზიციაზე და მით უმეტეს, არც ოპოზიციის განცხადებებზე. ხომ აშკარაა, რომ პოლიტიკური სიტუაცია შეცვლილია? მიკვირს, ოპოზიცია ადეკვატურად რატომ არ რეაგირებს ამ შეცვლილ რეალობაზე. ხელისუფლებას ახლა საერთოდ არ აინტერესებს არც ოპოზიციის შეფასებები, არც მათი გადაწყვეტილებები. როცა საუბარია იმაზე, რომ პროტესტი გამოიფიტა, უნდა გვესმოდეს - პროტესტის გამოხატვის ყველაზე კარგი და ეფექტური გზა არჩევნებია. სწორედ ამ შემთხვევაში ხდება ოპოზიციური ძალების მობილიზება. თუ ამბობ, რომ რუსთაველზე მიმდინარე პროტესტიც იფიტება და არჩევნებში მონაწილეობაზეც უარს ამბობ, მაშინ რაღა გრჩება ბრძოლის ინსტრუმენტად? როგორ აპირებ ბიძინა ივანიშვილის სახლში გაშვებას?

- როგორ წარმოგიდგენიათ არჩევნების ჩატარება მაშინ, როდესაც ოპოზიციის ლიდერების დიდ ნაწილს ციხე ემუქრება? ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ბოლო დროს საერთოდ არ იყო პოლიტიკურად აქტიური, უკვე ციხეშია. ვარაუდობენ, რომ დააკავებენ ზურაბ ჯაფარიძეს და სხვა ლიდერებსაც

- გასაგებია, რომ პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, მაგრამ მთელ პარტიას ხომ ვერ დააკავებენ? ამას გარდა, მე შემიძლია ოპოზიციას პროტესტის გამოხატვის ერთი საინტერესო იდეა შევთავაზო - ყველა ოპოზიციური ლიდერი წავიდეს ციხეში. ეს მთლიანად შეცვლის საზოგადოების განწყობას მათ მიმართ, რაც ძალიან სჭირდებათ. სიმართლეს უნდა შეხედონ თვალებში - ნამდვილად აქვთ ხალხის ნდობის დეფიციტი. ციხეში წასვლა იქნება იმის ჩვენება, რომ ისინი მზად არიან უკომპრომისო ბრძოლისთვის, რაც უზრუნველყოფს მათ პოლიტიკურ რეაბილიტაციას. მესმის, ციხეში ყოფნა სასიამოვნო არ არის, მაგრამ არც ისეთი დიდი პრობლემა, ამას საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით. ნახეთ, რა შეიძლება მოხდეს: თუ ლიდერები ციხეში წავლენ, პარტიები დამოუკიდებლად გააგრძელებენ ბრძოლას და გამოჩნდებიან ახალი ლიდერებიც. რეაბილიტირებული ლიდერები პლუს ახალი ლიდერები - ეს უკვე ძალიან სერიოზული საქმეა.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)