"ამ სამყაროში ხანდახან მართლაც ხდება სასწაულები" - მე-2 მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ნეშტი 83 წლის შემდეგ ნახეს - ვინ და როგორ იპოვა სევასტოპოლთან ლევან ხაჯალია?
არიან ადამიანები, რომელთა ბიოგრაფიაც მათი გარდაცვალების შემდეგაც გრძელდება. ერთი მათგანია სენაკელი ფარმაცევტი ლევან ხაჯალია, რომელიც სამამულო ომის დაწყებისთანავე ფრონტზე წავიდა. მისი დაღუპვის შესახებ ოჯახს უწყება არ მოსვლია, შესაბამისად, იყო დაბრუნების მოლოდინი... ახლობლები უგზო-უკვლოდ დაკარგულის შესახებ ინფორმაციას 83 წლის განმავლობაში ელოდნენ, ეძებდნენ, თუმცა ამაოდ...
რამდენიმე დღის წინ კი, სევასტოპოლიდან ხაჯალიების ოჯახს შეტყობინება მოუვიდა, რომ სამძებრო რაზმმა "ყირიმის საზღვარმა“ აღმოაჩინა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი მებრძოლის ნეშტი. მისი იდენტიფიცირება მოხდა ე.წ.სიკვდილის მედალიონის (ებონიტის მედალიონი) მეშვეობით, რომელშიც აღმოჩნდა ხელით შევსებული ფაქიზად გადანახული ქაღალდი: "ხაჯალია ლევან ზაქარიას ძე, რიგითი. დაბ.1907. საქართველოს სსრ, ქალაქი ცხაკაია.“ სავარაუდოდ, მებრძოლი 1941 წლის დეკემბერში ან 1942 წლის იანვარში, სევასტოპოლის მეორე შტურმისას დაიღუპა.
"83 წლის განმავლობაში მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ვფლობდით და ახლა ერთ პატარა მედალიონში მთელი მისი ისტორია გაცოცხლდა. სევასტოპოლის მახლობლად, მაკენზიეს მთებზე, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მონაკვეთზე, სადაც ოდესღაც გამანადგურებელი ბრძოლები მძვინვარებდა, დღეს სამძებრო რაზმები მუშაობენ. მათ 120-მდე დაღუპულის ნეშტი აღმოაჩინეს და მათგან მხოლოდ ბაბუას იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი“, - გვიყვება ლევან ხაჯალიას შვილიშვილი, მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა:
- ყოველ 9 მაისს სოციალურ ქსელში ვდებდი ინფორმაციას, რომ ვეძებდით მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ბაბუას. 83 წლის განმავლობაში ვერავინ გაიგო ლევან ხაჯალიას ადგილსამყოფელი. მისი ძმა - უფროსი ლეიტენანტი კოტე ხაჯალია ომიდან დაბრუნდა, იურისტი იყო და დიდი კავშირები ჰქონდა, ძმას ყველგან კითხულობდა და ეძებდა, ცნობებს აგზავნიდა საზღვარგარეთ, ყველა არქივი გაიხსნა, საძმო სასაფლაოები, მაგრამ ამაოდ... აღმოჩნდა, რომ ბაბუა იბრძოდა ჩაპაევის 25-ე მსროლელთა დივიზიაში, რომელმაც ჯერ ოდესის, შემდეგ კი სევასტოპოლის დაცვაში მიიღო მონაწილეობა. სავარაუდოდ, ის 1941 წლის ბოლოს ან 1942 წლის იანვარში სევასტოპოლის მეორე შტურმისას, არტილერიულ დაბომბვას ემსხვერპლა. მთელი დივიზია განადგურდა, ამიტომ იყო, რომ ამბის მიმტანიც არავინ დარჩა.
წელსაც, მორიგ 9 მაისსაც დავდე სოცქსელში ინფორმაცია.
ამ სამყაროში ხანდახან მართლაც ხდება სასწაულები. ამბობენ, როცა რაღაც მთელი გულით გსურს, სამყარო ამაში გეხმარება. 10 მაისს მოვიდა შეტყობინება, სევასტოპოლში საძიებო სამუშაოებისას აღმოაჩინეს ჯარისკაცის ნეშტი და "სიკვდილის მედალიონი“ და წარწერა: "ხაჯალია ლევან ზაქარიას-ძე, დაბ. 1907 წ. ქ. ცხაკაია“.