"ერთხელ, მოვხვდი სიტუაციაში, სადაც თქვეს: ფუ, გაივსო თბილისი ჩამოსულებით, წაეთრიონ, სადაც დაიბადნენო. უცებ, მეკითხებიან ... " - რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი საკუთარ თავზე? - კვირის პალიტრა

"ერთხელ, მოვხვდი სიტუაციაში, სადაც თქვეს: ფუ, გაივსო თბილისი ჩამოსულებით, წაეთრიონ, სადაც დაიბადნენო. უცებ, მეკითხებიან ... " - რას ჰყვება მაკა შალიკაშვილი საკუთარ თავზე?

ბევრისთვის საყვარელი მსახიობის, მაკა შალიკაშვილის მიერ წაკითხულმა ლექსებმა წარმოუდგენელია, ემოცია არ გამოიწვიოს და ადამიანი არ ჩააფიქროს. ის ყოველთვის იქცევს ყურადღებას თავისი ორიგინალური ჩაცმის სტილით და მიაჩნია, რომ ესეც მისი შინაგანი სამყაროს გამოხატულებაა, როგორც მისი წაკითხული ლექსები. ამბობს, რომ ცხოვრებამ ბევრჯერ მიიყვანა საჭირო დროს საჭირო ადგილას და ამისთვის მადლიერია.

მაკა შალიკაშვილი: რისთვისაც შეგვქმნა განგებამ, ზუსტად ის მასწავლა. მასწავლა, რომ ადამიანი უნდა იყო კეთილგანწყობილი და ჭკვიანი. ამ სიჭკვიანეში კი ვგულისხმობ იმას, რომ შეძლებისდაგვარად ეცადო, უსმინო გულს. როცა ხვდები, კონკრეტული ადამიანი არ არის შენი ადამიანი, არ იცის შენი ფასი, დიდად არ გიყურებს კარგი თვალით, მისგან არ უნდა ელოდო სიკეთეს და გატანას, დისტანცია უნდა დაიჭირო. არ უნდა მოუშვა ადამიანი იქამდე, რომ გაწყენინოს, გატკინოს, გიღალატოს და გული დაგწყვიტოს. განგებამ სწორედ ეს მასწავლა, რომ საკუთარი თავი შევიყვარო, პატივი ვცე ჩემს თავს და ვიცოდე, რომ იმ ადამიანებთან არ ვიურთიერთო და არ შევიდე ისეთ ახლო ურთიერთობაში, რომ მერე ტკივილი არ მომაყენონ. თუმცა, არის მომენტი, როცა ხვდები, ადამიანს არ უყვარხარ, მაგრამ მასთან ურთიერთობას განაგრძობ. ალბათ, ამით ცდილობ, დაანახვო შენი სიკეთე და გქონდეს იმედი, რომ ის ამას დაინახავს.

– ყოფილა შემთხვევა, როცა ხვდებოდი, არ იყო „შენი ადამიანი“, მაგრამ მასთან ურთიერთობას მაინც განაგრძობდი?

– როგორ არა. ეს იყო სწორედ ჩემი სისუსტე. რაღაცნაირად ვერ ვაღწევდი თავს, მეგონა, ის ადამიანი მობრუნდებოდა, უფრო კეთილგანწყობილი გახდებოდა, დაინახავდა ჩემს გულს და იმავეთი მიპასუხებდა. საბოლოო ჯამში, ასე არ მოხდა. თუ ადამიანს არ უნდა, დაგინახოს, არ დაგინახავს. წლებმა და გამოცდილებამ მომიტანა ის, რომ ამ სისუსტისგან გავთავისუფლდი. თავისუფლება სწორედ ისაა, როცა შეგიძლია, სიკეთე აკეთო ადამიანებთან, ვინც შენიანია, ვისაც უყვარხარ და ვინც შენი გულისა და სულის ადამიანია. არ ვარ ბოროტი. ბოროტებების კეთება არ არის ჩემი საქმე. ხშირად მავიწყდება, რაზე ვარ ნაწყენი ადამიანზე. არც გულში ჩადება ვიცი და არც სამაგიეროს გადახდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე არ მახსოვს.

– რომელი თვისება მოგწონს შენში და რომელი პირიქით, არ მოგწონს და ცდილობ, გამოასწორო?

– არ მომწონს, რომ ვჩხუბობ, ეს ჩემი ყველაზე დიდი მინუსია. როცა ვჩხუბობ, ძალიან ვტკენ ადამიანს და ეს მე მეორე წუთს არ მახსოვს. თუმცა, ჩხუბში შეურაცხყოფის მიყენებას არ ვგულისხმობ. ამ დროს ხმამაღლა ვლაპარაკობ და ჩემს სიმართლეს ვამტკიცებ. ემოციური ადამიანი ვარ და რომ ვერ ვახერხებ ჩემი სიმართლის დამტკიცებას და ვერ ვაგებინებ, მერე ვყვირი. შეიძლება, ისიც მართალია, მეც, მაგრამ ჭეშმარიტებაა, რომ ადამიანებმა არ უნდა იჩხუბონ. ჩვენ კი იმის გამო ვჩხუბობთ, რომ ის თავის სიმართლეს მიმტკიცებს, მე – ჩემსას, თან, ხმამაღალი ტონით. ბევრჯერ მინანია ეს საქციელი, რადგან მას სწყენია, მე კი მეორე წუთს არც კი გამხსენებია, რა მეწყინა. ასე რომ, რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო, ადამიანს უკადრებელს არასოდეს ვაკადრებ, არ გავლანძღავ საშინელი სიტყვებით, თუმცა, ხმამაღლა ლაპარაკი მჩვევია. ხოლო, თვისება, რომელიც ჩემში მომწონს, არის ის, რომ ვარ ძალიან ალალი ადამიანი. ვაღიარებ, ხანდახან არ მინდა, ასეთი ალალი რომ ვარ (იცინის). თუმცა, მე ჩემი ხასიათით ძალიან ვამაყობ, ეს ჩემი გენეტიკაა. ყველა ასეთი მყავს და შეუძლებელია, მე სხვანაირი ვიყო. და, რაც არ უნდა ნაწყენი ვიყო, არ ვიცი სხვა ადამიანებთან მასზე ცუდი საუბარი. არც ჩემს შვილს განვაწყობ მასზე ცუდად და არც მის შვილს ვაჩვენებ იმ განწყობას, რაც მისი მშობლის მიმართ მაქვს. ჩემი ოქროს წესია: ჩვენს შვილებს არ უნდა ეხებოდეს ჩვენი, დიდების ურთიერთობები. ადამიანს რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე, არ მიყვარდეს და არ ვუყვარდე, როცა მას რაღაცის გამო ლანძღავენ და შეურაცხყოფას აყენებენ, არ არსებობს, მათ ამაში ავყვე.

– რისკიანი ადამიანი თუ ხარ და რამდენად ხშირად ხვდები საჭირო დროს საჭირო ადგილას?

– საჭირო დროს, საჭირო ადგილას ბევრჯერ მოვხვედრილვარ და მოვუხვედრებივარ ადამიანებს. რისკიანი კი არ ვიცი, რამდენად ვარ. რაც არ არის ჩემი საქმე, არასოდეს გავრისკავ და არასოდეს ვაკეთებ. თუმცა, შეიძლება, რისკად ჩაითვალოს ის, რომ, როცა ჩემმა მეგობარმა, გიორგი გასვიანმა დამირეკა და მითხრა: გადაცემას ვაკეთებთ, მოდი და სტუდიაში ლექსები წაიკითხეო. გავრისკე, წავედი და არასოდეს ვინანებ. გამიგია: აუ, ეს კიდევ ლექსებს კითხულობს? რას შეგვჭამა თავისი ლექსებით? კაი, რა ტვინი ნუ გაბურღე ამ შენი ლექსებით... შეიძლება, ერთს ან ორს ყელში ამოვუვედი და ტვინი გავუბურღე, მაგრამ არსებობს უამრავი ადამიანი, ვისაც ჩემი ლექსები სიამოვნებს. უფრო სწორად, სიამოვნებს იმის მოსმენა, რაც ჩემს წაკითხულ ლექსებშია. არცერთი მათგანი, რომელიც დღის სინათლეზე გამოვიტანე და წავიკითხე, არ იყო იმისთვის გამიზნული, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. მე იმიტომ არ ვკითხულობ, რომ პოპულარული გავხდე. მე რომ მატკინეს, მიღალატეს, პროტესტი რომ მაქვს, უკმარი რომ ვარ ბევრი რამის, თუნდაც პროფესიაში, რომ ბევრი პრობლემაა ჩემთან და ჩემ გარშემო, ყველა ჩემი ლექსი ამას ემსახურება და მანიფესტია. ყველა ჩემი ლექსის უკან ჩემი ცხოვრებაა. ამიტომ, გახდა ჩემი წაკითხულო ლექსები ბევრისთვის ყურადსაღები, მოსაწონი და მისაღები. ადამიანები ამ ლექსებს იწერენ და მერე უსმენენ მანქანაში, სახლში... ჩემი წაკითხული ლექსების უკან ცხოვრება დგას, თავისი დეპრესიით, წარმატებით, განცდით, წარუმატებლობით. ჩემი უიმედობიდან გამოსვლა ჩემი ლექსის თქმაა. იმ დროს და იმ მომენტში ვპოულობ ლექსს, რომელიც უნდა ვთქვა და რომ არ ვთქვა, შეიძლება, გული გამისკდეს. ამიტომ, ყველა ლექსი, რომელიც ვთქვი, იმიტომ ვთქვი, რომ გული არ გამხეთქვოდა. ეს ლექსები გულიდან სისხლის წვეთებია, როგორც ტერენტი გრანელი ამბობდა და ჩემი ცხოვრებაა, რომელიც არ არის ია-ვარდით მოფენილი, როგორც ბევრისთვის. წაიკითხეთ ვრცლად