ჩიხში შესული მშვიდობა და ტრამპის "შვიდი პარასკევი" - იქნებ უკრაინისთვის აჯობებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი საერთოდ ჩამოცილდეს ომის "მოგვარების" საკითხს? - კვირის პალიტრა

ჩიხში შესული მშვიდობა და ტრამპის "შვიდი პარასკევი" - იქნებ უკრაინისთვის აჯობებს, რომ ამერიკის პრეზიდენტი საერთოდ ჩამოცილდეს ომის "მოგვარების" საკითხს?!

ტრამპი საერთოდ რომ ჩამოცილდეს ამ ომის „მოგვარებას“, უკრაინისთვის იქნებ ასეც აჯობებს...

აშშ-ის ოფიციალური პირები აღარ მალავენ, რომ მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის ომის თუნდაც ერთი თვით „დაპაუზების“ თაობაზე, ფაქტობრივად, ჩიხში შევიდა და მალე ამერიკულ მხარეს მოთმინების ფიალა აევსება და საერთოდ ჩამოცილდება სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს...

მაგრამ, იქნებ სწორედ ასეც ჯობდეს, პირველ რიგში, ამ ომის „მსხვერპლისთვის“ - უკრაინისთვის?

ჯობდეს, თუნდაც სულაც იმიტომ, რომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი თავისი „შვიდი პარასკევით“ აღარ ჩააგდებს უკრაინას წამგებიან პოზიციაში, აგრესორ რუსეთთან მიმართებით...

ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებამდე და საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგაც დონალდ ტრამპი მკაფიოდ განმარტავდა - მე პუტინსა და ზელენსკის შევთავაზებ ამ საშინელი ომის დამთავრებას და თუკი რომელიმე მხარე წინააღმდეგი წავა, მის მიმართ მკაცრ ზეწოლას განვახორციელებ - უკრაინას შევუწყვეტ ამერიკული იარაღის მიწოდებას, ხოლო რუსეთს კი „მძიმე“ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებო...

სამშვიდობო მოლაპარაკებები არ გამოდის, რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება და კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა, ზელენსკი სრულ მზადყოფნას აცხადებს ცეცხლის 30 დღით შეჩერებაზე, პუტინი საერთოდ არ ახსენებს ომის ერთი თვით „დაპაუზების“ საკითხს, თუმცა სიტყვებით თითქოს მომხრეა ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყებისა და ერთობლივი სამშვიდობო მემორანდუმის მიღების...

თუმცა უკვე ეჭვიც აღარ არის, რომ პუტინი ამ „მემორანდუმის“ შეთავაზებით კვლავ დროის გაყვანის ტაქტიკას აგრძელებს, ფრონტზე რუსული დიდი საზაფხულო შეტევის დაწყების წინ, რათა განაგრძოს უკრაინის ახალ-ახალი ტერიტორიების ოკუპაცია...

მაშ, სად არის ტრამპის ცნობილი დამუქრება, რომ ომის შეწყვეტის მოწინააღმდეგე მხარეს ის მკაცრად „დასჯიდა“?

აშშ-ის პრეზიდენტმა აქამდე რამდენჯერმე მართლაც „დასაჯა“, ოღონდ არა ამ ომის წამომწყები რუსეთი, არამედ მსხვერპლი - უკრაინა. მათ შორის, მისი პრეზიდენტის თავის ოვალურ კაბინეტში „გაშავებით“ და უკრაინისთვის იმ ამერიკული შეიარაღების, რომელიც ჯერ კიდევ ბაიდენის პრეზიდენტობისას გამოიყო, მიწოდების დროებით შეჩერებით.

მაგრამ ტრამპს ანალოგიური ქმედება არ განუხორციელებია პუტინის რუსეთის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე უსინათლო და ყრუც კი მიხვდებოდა, თუ მართლაც ვის არ სურს ამ ომის შეჩერება და მისი კვლავ გაგრძელებით რის მიღწევას ლამობს...

უფრო მეტიც - ბოლო სატელეფონო საუბრისას პუტინისგან „მონუსხული“ ტრამპი ივიწყებს თავისივე დანაქადნს და აცხადებს, რომ ის რუსეთს არავითარ სანქციას არ დაუწესებს და პირიქით, სურს აშშ-ისა და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება...

სწორედ საერთაშორისო ახალი, მკაცრი პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების დაწესებაა რუსეთზე ის ერთადერთი ზეწოლის გზა, რომელმაც კრემლში პუტინი შეიძლება დააფიქროს, უღირს თუ არა უკრაინის ოკუპაციის გაგრძელება, რადგან რეალობამ აჩვენა, რომ დასავლეთს სხვანაირად არ შეუძლია რუსეთის სამხედრო პოტენციალის შემცირება. ევროპას რუსეთთან ნამდვილ ომში ჩაბმის ეშინია და - არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან უკრაინასთან შეიარაღებული დაპირისპირების მეოთხე წელს რუსეთის არმიას თანამედროვე ომის წარმოების იმხელა გამოცდილება დაუგროვდა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნების არმიებს, უბრალოდ, „გადაუვლის“, ყოველგვარი ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშეც...

იმ დროს, როდესაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი უარს აცხადებს ომის გაგრძელების გამო პუტინის რუსეთისთვის ნებისმიერი ახალი ეკონომიკური სანქციის დაწესებაზე, ევროპას ისღა რჩება, მოსკოვს თავად გამოუცხდოს ასეთი სანქციები, პირველ რიგში კი - რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ მოქმედების აღსაკვეთად, რომელიც რუსული ნავთობის უდიდესი ნაწილის ექსპორტს ახორციელებს ზღვებისა და ოკეანეების გავლით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

პრეზიდენტ ტრამპთან კი უკრაინას და ევროპასაც მხოლოდ ერთი თხოვნა რჩება... მისი ადმინისტრაცია საერთოდ შეეშვას რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების საკითხებს და ამერიკული შეიარაღების უკრაინისთვის არა ჩუქების, არამედ - მიყიდვის, თუნდაც კომერციული ფასებით, ნება დართოს თავისივე საიარაღო კორპორაციებს...