ვიქტორ ყიფიანის ხმაურიანი განცხადება: "ოცნება" ემზადება დიდი შინაარსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის" - რა მოხდება წლის ბოლოს?! - კვირის პალიტრა

ვიქტორ ყიფიანის ხმაურიანი განცხადება: "ოცნება" ემზადება დიდი შინაარსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის" - რა მოხდება წლის ბოლოს?!

გასულ კვირას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნა წერილი, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს მიმართავს. პრემიერი გამოხატავს გაკვირვებას და უკმაყოფილებას ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, წერს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა რამდენიმე კვირის წინ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების თაობაზე მიწერილი წერილი, რომელშიც გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების "სუფთა ფურცლიდან" დაწყებაზე, მიიჩნევს, რომ ეს გასაკვირია იქიდან გამომდინარე, რომ "ქართულ ოცნებასა" და აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას შორის ღირებულებითი თანხვედრაა. ექსპერტთა ნაწილის აზრით, კობახიძის წერილის კრიტიკული და საკმაოდ პრეტენზიული ტონი აჩვენებს, რომ სავარაუდოდ, ამ წერილის მიზანი სულ სხვაა და არა აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ანალიტიკური ორგანიზაცია "ჯეოქეისის" თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანთან:

- მკითხველს ჰქონდა საშუალება ირაკლი კობახიძის წერილს სრულად გასცნობოდა, ამიტომ მასზე დეტალურად არ ვილაპარაკებ, თუმცა მინდა ორიოდე საკითხზე გავამახვილო ყურადღება. წერილში აშკარად ჩანს ავტორის განაწყენებული ტონი და ასევე ისიც, რომ იმ ვითარებაში, რაც მივიღეთ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, თითქოსდა ადანაშაულებს ტრამპს, რაც ძალიან არასწორია. ამასთანავე, კობახიძე კი ლაპარაკობს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, მაგრამ არ ჩანს კონკრეტულად რით, რა მიმართულებით ფიქრობს "ქართული ოცნება" გაუმჯობესებას, ეს უნდა იყოს პოლიტიკური ხასიათის, ეკონომიკური თუ სხვა... ეს არის უფრო წერილი-ელეგია, "ხმად მღაღადებლისა", რომელშიც არ ჩანს ის დეტალიზაცია, რაც ამ რანგის მიმართვას უნდა ახლდეს.

მოარული ხმები აქამდეც ამბობდნენ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობდა ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დამყარებას, რაც არ გამოუვიდათ. არ ვამბობ, რომ ამას კვლავაც არ შეეცდებიან, მაგრამ დღეს კობახიძის წერილი შეიძლება მივიჩნიოთ ამ წარუმატებელი ეტაპის ერთგვარ შეჯამებად. ეს ეტაპი უკავშირდებოდა პოლიტიკური კავშირის ძიებას, რაშიც, დიდი ალბათობით, დიდი ფული დაიხარჯა.

ამასთანავე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება ემზადება დიდი შინაარსის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. ნებისმიერი სხვა განცხადებაც, რაც ამ წერილამდე მოგვისმენია, ეს წერილიც, ჩემი აზრით, ნიადაგის შემზადებაა სწორედ იმ გადაწყვეტილების გამოსაქვეყნებლად.

ცდილობენ განწყობების შემზადებას ქვეყანაში. ეს გადაწყვეტილება, ალბათ, დაუკავშირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ოფიციალურ დეკლარირებას, ამას სჭირდება კონკრეტული ნიადაგი და იდეოლოგიური საფუძველი, რის შემზადებაც ხდება. აქედან გამომდინარე, ამ წერილს შიდაპროპაგანდისტული მიზანიც ჰქონდა. გავრისკავ და ვადებსაც შევეთამაშები, ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება, ალბათ, წლის ბოლომდე გაცხადდება.

- ბატონო ვიქტორ, კობახიძის წერილის ერთ ნაწილზე მინდა გავამახვილო თქვენი და მკითხველის ყურადღება - მასში მტკიცებითი ფორმით წერია: "რუსეთის წინააღმდეგ ომი სააკაშვილმა დაიწყო". ეს მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" ხშირად გვახსენებს სიამაყით, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოში მოუგო რუსეთს, ასევე მოიგო პროცესი სტრასბურგის სასამართლოში, მაშ, რას ემსახურება გამუდმებით იმის ხაზგასმა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო? ესეც ხომ არ უნდა დავუკავშიროთ თქვენ მიერ ნახსენებ მოსალოდნელ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას?

- 2008 წლის ომში წინა ხელისუფლების ასეთი ღია ტექსტით დადანაშაულებას პირდაპირ ვერ დავუკავშირებდი მოსალოდნელ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამაზე გამუდმებით ლაპარაკი მიუთითებს ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის დამახასიათებელ ერთ ნაკლზე - მათთვის ზღვარი სახელმწიფოებრიობასა და ძალაუფლებას საკითხს შორის წაშლილია. "ქართული ოცნება" ქვეყანაში კონკურენტად მიიჩნევს "ნაციონალურ მოძრაობას", მასთან კონკურენციაში ძალაუფლების შენარჩუნების სურვილმა, პრაქტიკულად, გადაფარა სახელმწიფოებრიობის განცდა, იმის შეგრძნება, თუ რა არის სახელმწიფო ინტერესები და სახელმწიფო ინტერესების პრიმატის შეგრძნება ნებისმიერ აზრსა თუ შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია, რაც შეიძლება გვქონდეს "ქართულ ოცნებასთან".

- ირაკლი კობახიძის წერილის ერთგვარ გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ ე.წ. მეგობარი აქტის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტის განცხადება... ამ დოკუმენტში ლაპარაკია "დიფ სთეითზე", დასავლურ ორმაგ სტანდარტსა და გეოპოლიტიკურ ბრალდებებზე. თქვენ ამას წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, "ქართული ოცნება" მედასავლეთეობის თამაშით დაიღალაო... შეიძლება ეს წერილიც და პარლამენტის განცხადებაც ამის დამადასტურებელ მაგალითებად მივიჩნიოთ?

- სწორად აღნიშნეთ, ეს განცხადება ნამდვილად კობახიძის წერილის გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს, საერთო ჯამში კი აჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" მოქმედებები არ არის ერთჯერადი და აშკარად ემსგავსება მწყობრ, მიზანმიმართულ კამპანიას. ასევე მიუთითებს იმაზეც, რომ გეოპოლიტიკური განვითარების გზის შესახებ გადაწყვეტილება არსებითად მიღებულია. ფაქტობრივად, ეს განზრახვა უკვე ზედაპირზეა. ამას სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი აქტით გაფორმება. არ მტოვებს იმის შეგრძნება, რომ ქვეყანაში თუ მის გარეთ მიმდინარე მოვლენები ამ აქტის გაფორმებას დააჩქარებს. თუ ვითარება კარდინალურად არ შეიცვალა, ამის გაფორმებას აუცილებლად ვიხილავთ წლის მიწურულამდე.

რაც შეეხება მედასავლეთეობის თამაშს, მოჩვენებითობას, თვალთმაქცობას, ვიდრე "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ჰქონდა მანევრირებისთვის სივრცე თუნდაც ცნობილი რეკომენდაციების ფონზე, ცდილობდა პოლიტიკური კომუნიკაციის ეს ფანჯარა გარკვეულწილად შეენარჩუნებინა ევროპასთან, საზოგადოდ, დასავლეთთან, მაგრამ როდესაც დაინახა, რომ ევროკომისიის მიერ 9 დათქმის შესრულებას შეიძლება მათთვის ხელიდან გამოეცალა ძალაუფლების შესანარჩუნებელი რესურსი, იძულებული გახდა უფრო ღია, ჯერჯერობით არადეკლარირებულ, ფაქტობრივად, ანტიდასავლურ პოლიტიკაზე გადასულიყო.

ამასთანავე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი, რისი მომსწრენიც ვართ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დასავლური ღერძის რომელიღაც სხვა ღერძით ჩანაცვლებას ემსახურება. კონკრეტულ ნაბიჯებზე, კონკრეტულ მოქმედებებზე დაბეჯითებით დღეს ლაპარაკი რთულია, თუმცა შიგადაშიგ პრესაში ვხვდებით ინფორმაციას კონტაქტებზე ჩვენს ახლო და არცთუ ახლო სამეზობლოსთან.

მე ამას დავარქმევდი საგარეო პოლიტიკის "ევრაიზაციას", ანუ ცდილობენ ჩვენი საგარეო ვექტორის დასავლური შინაარსისგან დაცლას და მისი ევრაზიული კონტექსტით შევსებას.

რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში? თუ არსებულ ფორმატებს გადავხედავთ, ეს არის უპირველესად "3+3" პლატფორმასთან შეერთება, ასევე ბოლო ხანს "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები სოციალურ ქსელებში არცთუ იშვიათად მსჯელობენ BRICS -ის ავკარგიანობაზე. ეს პლატფორმები ის ევრაზიული შინაარსია, რომელიც დასავლეთისგან დაცლის შემთხვევაში, საგარეო კურსის შევსებას მოემსახურება. გარდა ამისა, არის ორმხრივი ურთიერთობები, სადაც აშკარაა გარკვეული მიმართულებით კონტაქტების ინტენსიფიკაცია, რუსეთის მიმართულებით იქნება თუ ჩინეთის. ჩემი პირადი პოზიციით, არავინ დაობს იმაზე, რომ რუსეთთან გვაკავშირებს გეოგრაფია, მასთან უნდა იმუშაოს არა მხოლოდ ამ ხელისუფლებამ, არამედ ნებისმიერმა მომდევნომაც, მაგრამ ამ მუშაობას, ურთიერთობების ამგვარ მართვას აქვს ზღვარი და თავისი წითელი ხაზები. რა მომენტში შეიძლება გადაკვეთოს "ქართულმა ოცნებამ" ეს ხაზები, ჯერ არ ვიცით, ამიტომ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. თუ გლობალურად შევხედავთ მსოფლიოს, ჩინეთთან ურთიერთობს ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქვეყანა და ხელისუფლება, მაგრამ ეს პოლიტიკა არ უნდა ემსახურებოდეს ჩვენი მაგისტრალური ვექტორის დაზიანებას. მულტივექტორული პოლიტიკის განჭვრეტა მომავალში იქნება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, მაგრამ ამ ვექტორებშიც, თავისთავად ცხადია, პრიორიტეტები განსაზღვრული იქნება. მათში დასავლური ვექტორი, რომელიც კონსტიტუციით არის გამყარებული და პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირებით შევსებული, დომინანტი უნდა იყოს. დანარჩენები კი უნდა სარგებლობდნენ იმ პრიორიტეტით, რასაც ფაქტობრივი კონიუნქტურა ან გარემოებები გამოკვეთენ.

- "ქართული ოცნების" ხელისუფლება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დასავლეთისგან იზოლაციის დიდი რისკის წინაშე დგას. მისი წარმომადგენლები იშვიათად მართავენ შეხვედრებს ევროპის დედაქალაქებში, გარდა ბუდაპეშტისა. მიმდინარე კვირას ალბანეთში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტზე იმყოფებოდა ირაკლი კობახიძე, რომლის თქმითაც, 30-მდე ლიდერთან გასაუბრების საშუალება ჰქონდა. ჩვენ ვნახეთ მაკრონთან მისალმება და გავრცელდა ფოტოები და ინფორმაცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან შეხვედრებზე. "როგორც პრეზიდენტ მაკრონთან, ისე რობერტა მეცოლასთან, საუბარი გვქონდა იმ თემებზე, რომლებიც საქართველოს განვითარებას, ევროპულ პერსპექტივასა და რეგიონში ჩვენს როლს შეეხება, გავუზიარეთ ჩვენი გზავნილები ქვეყნის ინტერესებთან დაკავშირებით", - განაცხადა პრემიერმა მოგვიანებით. როგორ შეაფასებთ ამ ვიზიტს?

- დავიწყოთ იმით, რომ კობახიძე ამ სამიტს ესწრებოდა იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნოდა იქ ყოფნა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო პროტოკოლური, ფორმალური აუცილებლობა. შესაბამისად, ამ ვიზიტიდან შორს მიმავალ დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. დიდი განსხვავებაა საუბარსა და გასაუბრებას შორის. ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა, სახელისუფლებო იქნება თუ ოპოზიციური, მიგვაჩვია, რომ ორსიტყვიან გასაუბრებასაც კი საუბრად, განხილვად, მსჯელობად ასაღებენ. ესეც პოლიტიკური სიმწიფისა და კულტურის დაბალ ნიშნულზე მეტყველებს.

კიდევ ერთი მინდა ვთქვა, თუ როგორ გააშუქა მედიის ორივე ფრთამ ეს ვიზიტი. ჩვენ ვნახეთ სამთავრობო მედიის სპეციალურად მომზადებული სამთავრობო ამონარიდები და ოპოზიციური მედიის საგანგებოდ შეკრული ამონარიდები, რაც სრულად იყო აცდენილი ერთმანეთთანაც და რეალობასთანაც. ესეც ქვეყანაში არსებული ტოქსიკური ჯაჭვის ერთი რგოლია. თუ სრულ სურათს არ დავინახავთ, რაც ხდება, ყველა მანკიერებაზე არ ვისაუბრებთ, მაშინ ვერ დავარქმევთ სახელს იმას, რაც ჩვენს თავს ხდება. როდესაც ვლაპარაკობთ აზრით მანიპულაციაზე, არაკეთილსინდისიერი მეთოდებით განწყობების შექმნაზე, მოდი, ვიყოთ ობიექტურები და გამოვუტყდეთ საკუთარ თავს, ჩვენ სად ვცოდავთ ამ პროცესში, თუ გვინდა სწორი დიაგნოზი დავსვათ და განკურნების გზაც ვიპოვოთ.

წაიკითხე ვრცლად