საშიში გზები თბილისში და "შავ სიაში" შეტანილი მტკვრის მარცხენა სანაპირო - მევლუდ მელაძე: "ამ ტრაგედიების დასრულება თუ გვინდა, ყველაფერი ნულიდან არის დ - კვირის პალიტრა

საშიში გზები თბილისში და "შავ სიაში" შეტანილი მტკვრის მარცხენა სანაპირო - მევლუდ მელაძე: "ამ ტრაგედიების დასრულება თუ გვინდა, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები"

ამ დღეებში ავტოსაგზაო შემთხვევების უმძიმესმა ფაქტებმა მთელი ქვეყანა შეძრა. განსაკუთრებით მძიმეა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარიის შედეგი, მას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა, ერთი კი გადაურჩა სიკვდილს. გამოძიებით დადგინდა, რომ 14 მაისს, ღამის საათებში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიმავალ "ფორდის" მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იჯდა, "მერსედესის" მარკის ავტომანქანა შეეჯახა და "ფორდი" მტკვარში გადავარდა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ერთი პირი მალევე ამოიყვანეს წყლიდან, სწორედ გიორგი თოლორაიასგან შეიტყვეს, რომ მანქანაში მისი მეგობრები იყვნენ და იმ წუთიდან სამძებრო სამუშაო დაიწყო. როგორც ამბობენ, მანქანიდან გამოსვლა 23 წლის გიორგი (გიგა) შამუგიამაც მოახერხა. როგორც გიორგი თოლორაია ამბობს, დაინახა, როგორ მოცურავდა ნაპირისკენ მისი მეგობარი, მაგრამ ამ დროს წყალში ჩავარდნილმა მანქანამ გადაუარა. ამის მერე გიგა შამუგიას კვალი გაქრა. საჭირო გახდა მტკვარში წყლის დონის დაწევა, ამ გზით მიაგნეს მაშველებმა იმ ავტომობილს, რომელშიც ბიჭები ისხდნენ. მანქანაში 24 წლის უტა ელიავას და 19 წლის დავით ოსეტროვის ცხედრები დახვდათ. გრძელდება გიორგი შამუგიას ძებნა. დაპატიმრებულია ავტომანქანის მძღოლი, 23 წლის ახალგაზრდა. ავარიის ერთ-ერთ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. დაკავებულს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაიღუპა სამი სიცოცხლით სავსე ზუგდიდელი ახალგაზრდა, განუყრელი მეგობრები. ისინი თბილისში სწავლობდნენ. "გიგა შამუგია სტუდენტი იყო. დედამ ობლად დარჩენილი შვილები, გიგა და მისი ძმა გაზარდა. გიგა ძალიან მშრომელი იყო, გასულ ზაფხულს თხილს იბარებდა, რომ სწავლისთვის საჭირო თანხა ჰქონოდა. მამამისიც ახალგაზრდა დაიღუპა ავარიით", - ამბობს გიგას ახლობელი. უტა ელიავას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მესამე ახალგაზრდა, რომელიც მათთან ერთად დაიღუპა, 19 წლის იყო, სტუმრად ჩამოვიდა საქართველოში.

იმ დღეს, როცა ზუგდიდი ბიჭებს გლოვობდა, ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე სამ მოზარდs გზაზე ავტომობილი დაეჯახა. კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს მძღოლი გასწრებას და ამ დროს ეჯახება მოზარდებს. როგორც მძღოლს უთქვამს, საპირისპირო გზაზე მომავალმა მანქანამ თვალი მო\სჭრა და ბიჭები ვერ დაინახა. ერთ მოზარდს ხელი აქვს მოტეხილი, ორი ისევ კლინიკაშია. განსაკუთრებით მძიმეა ერთი მოზარდის მდგომარეობა, რომელსაც თავის ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო მეორე დღეს გაირკვა, რომ მუცლის ღრუც ჰქონია დაზიანებული და კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა. ერთი მოზარდი ობოლია, მას დედა პატარა ასაკში გარდაეცვალა და მამამ გაზარდა.

სამწუხაროდ, ისიც გვახსოვს, წელს მეტეხის ხიდიდან მტკვარში, რამდენიმედღიანი ინტერვალით, სამი ავტომობილი რომ გადავარდა. პირველ ფაქტს 24 წლის ბიჭი შეეწირა. 11 და 16 მარტს ისევ მეტეხის ხიდიდან მტკვარში კიდევ ორი მანქანა გადავარდა. საბედნიეროდ, გამვლელი ადამიანებისა და მაშველების დახმარებით ორივე მძღოლი გადარჩა.

ავტოსაგზაო შემთხვევების აღმოფხვრის გზებზე მუდმივად საუბრობს ექსპერტი, საავტომობილო ფედერაციის ხელმძღვანელი, ექსპერტი მევლუდ მელაძე.

- მტკვრის სანაპირო ძალიან ძველმოდურია, ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ვერც ხიდები და ვერც ტროტუარი. უნდა იყოს სპეციალურად გამყოფი, მაღალი ბორდიურები, სპეციალური ფორმის, როგორც, მაგალითად, აღმაშენებლის ხეივანშია, დამრეცი - თუ ავტომობილების შეჯახება მოხდა, ავტომობილის ჯებირიდან გადავარდნა ან სადმე შევარდნა გამორიცხულია. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ავტომობილი უკან ბრუნდება, ან შეიძლება გადაბრუნდეს, თუმცა სწორხაზოვან ზოლზე რჩება და არ ეჯახება. ასეთია თანამედროვე სტანდარტები.

მტკვრის სანაპირო მყარი კი ჩანს, ბეტონის ბორდიურებია, თითქოს ვერაფერი გაანგრევს, მაგრამ ასე რომ არ არის, წლევანდელი ავარიებით გამოჩნდა. რამდენი შეჯახებაც მოხდა ამ ჯებირებზე, იმდენჯერ მანქანა გადავარდა.

გარდა ინფრასტრუქტურის მოწყობისა, კიდევ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი - სანაპიროებზე სიჩქარე ცოტა დაბალი უნდა იყოს. არ ვგულისხმობ შუქნიშნების დაყენებას, არა, სიჩქარე უნდა შევზღუდოთ, შესაძლებელი უნდა იყოს მონოტონური გადაადგილება, რათა საცობი არ შეიქნეს.

ამ ტრაგედიების დასრულება თუ გვინდა, ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები. ბევრს არა აქვს გაცნობიერებული, რა შეიძლება მოჰყვეს საგზაო წესების დარღვევას. ცოდნის შეძენა უნდა იწყებოდეს საბავშვო ბაღიდან, მერე სკოლაში უნდა გაღრმავდეს. მძღოლობა ძალზე სახიფათო პროფესიაა, პატარა შეცდომაც კი სავალალოდ შეიძლება დასრულდეს. ამიტომ მანქანის მართვის მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს. ჩვენ უცოდინარი მძღოლები გვყავს, ყველა თვითნასწავლია. არადა, როცა მართვის მოწმობას გასცემ, სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ პირი მზად არის ავტომანქანის უსაფრთხოდ მართვისთვის.

სკანდინავიის ქვეყნებში ყველაზე დაბალია საგზაო შემთხვევები, შარშან, მთელი წლის განმავლობაში ფინეთში მხოლოდ ერთი კაცი დაიღუპა და ამ მაჩვენებლის ნულამდე დაყვანას ცდილობენ. ამაზე დიდხანს მუშაობდნენ. შეგნება ცოდნით მოდის. ბავშვებს ამზადებენ ბაღიდან, მერე სკოლაში, უნივერსიტეტებში..

. ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია ადამიანებს, სიცოცხლეა, ამიტომ უნდა ვიზრუნოთ ამაზე. საამისოდ უნდა ვიმუშაოთ კომპლექსურად, განათლების, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და ა.შ., რათა საფრთხის შემცველი საგზაო მოძრაობა უსაფრთხოდ ვაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ გზებზე ყველგან კამერებია, სიჩქარეების შეზღუდვაა, ტექდათვალიერება და ა.შ., ამ პრობლემის აღმოფხვრას გრძელვადიანი დაგეგმვა უნდა, მერე შესრულება და შედეგი წლების შემდეგ იქნება. ახლა რომ დავიწყოთ მუშაობა, 15 წლის შემდეგ მივიღებთ შედეგს. ამას ვამბობდი 15 წლის წინათაც, მაგრამ არავინ გაიგონა.

- ბოლო უმძიმესი ავარიის მიზეზი, თქვენი­ აზრით, გადაჭარბებული სიჩქარეა?

- ნებისმიერ საგზაო შემთხვევას რამდენიმე მხარე აქვს. გასარკვევია, ვინც დამნაშავეა, რა ჩაიდინა, რისი საშუალება ჰქონდა, მისი განწყობა, ნასვამობა, აგრესია, რამ განაპირობა ტრაგედია. ავტოსაგზაო შემთხვევა ყოველთვის მოხდება ან შეცდომის, ან ტექნიკის გაუმართაობის გამო. უბრალოდ, ამან არ უნდა მიიღოს ასეთი სავალალო სახე. სახელმწიფოს მუშაობაა საჭირო, ინფრასტრუქტურულად და უსაფრთხოებისთვის ისე უნდა მოაწყონ სახიფათო ადგილები, რომ შეჯახების შემდეგ მანქანა არ გადავარდეს მტკვარში. თუ შეჯახება მოხდა, უნდა გაირკვეს, რატომ მოხდა, მძღოლი ასეთი სიჩქარით რატომ მიდიოდა, რითი შეიძლებოდა ეს შეზღუდულიყო, როგორ მოხდა შეჯახება, რამ გამოიწვია ავტომობილის გადავარდნა და როგორ უნდა აღმოიფხვრას ეს. თუ ვერ აღმოვფხვრით და ჯებირებს უცებ ვერ გავაკეთებთ, მაშინ ის მაინც უნდა გაკეთდეს, რომ სიჩქარე არ იყოს ასეთი.

ჩვენმა მაშველებმა კარგად იმუშავეს, წამითაც არ დაუსვენიათ, რისი საშუალებაც იყო, ყველაფერი გამოიყენეს, მცურავი თუ საყვინთი მოწყობილობები. სხვას ვერაფერს იზამდნენ.

- მტკვრის სანაპიროს მთლიანად უნდა შეეცვალოს ჯებირები?

- სანაპირო მთლიანად გადაწყობას საჭიროებს, მოდიფიკაციას და მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოწყობას. მთელი სანაპირო თანამედროვე სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს სანაპირო შავ სიაშია შეყვანილი, რადგან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ფატალურად მთავრდება.

სტატისტიკას თუ გადახედავთ, ბევრი ახალგაზრდა გამოცდილების უქონლობის გამოც იღუპება. უცხოეთში აპრობირებული მეთოდია - ახალგაზრდებს აჩვენებენ ავტოავარიების მძიმე ვიდეომასალას, ეს სიღრმისეულად ილექება ქვეცნობიერში და ნებისმიერ სიტუაციაში ამოტივტივდება, კონტროლის მექანიზმი ამუშავდება და მძღოლი უფრო ფრთხილად არის გზაზე. ისევ მწვავეა სიმთვრალის პრობლემაც. წლებია მერიას ვურჩევ, ჰყავდეს მობილური ჯგუფი, რომელიც მომხდარი ავარიებს გააანალიზებს და დაადგენს, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი გზები, ჯებირები. მხოლოდ ვიდეოკამერები არ უშველის საქმეს, თვითშეგნება უნდა ამაღლდეს.

წაიკითხე ვრცლად