"ჩვენ უფსკრულის პირას კი აღარ ვდგავართ, არამედ უფსკრულში გადავეშვით" - სკანდალური ინტერვიუ: ტრამპი სამშვიდობო მისიას რომის პაპს გადაულოცავს?! - კვირის პალიტრა

"ჩვენ უფსკრულის პირას კი აღარ ვდგავართ, არამედ უფსკრულში გადავეშვით" - სკანდალური ინტერვიუ: ტრამპი სამშვიდობო მისიას რომის პაპს გადაულოცავს?!

უკრაინულ გამოცემა „ობოზრევატელში“ («Обозреватель») სათაურით „პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ტრამპის განცხადებების მიხედვით, ჩვენ „უფსკრულის წინ კი არ ვდგავართ“, არამედ უკვე მასში გადავვარდით“, გამოქვეყნებულია ინტერვიუ უკრაინის ყოფილ ელჩთან აშშ-ში (2005-2010 წლებში) და საფრანგეთში (2014-2020 წლებში) ოლეგ შამშურთან, რომელიც კომენტარს უკეთებს აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო დიალოგს და პროგნოზირებს უკრაინის პერსპექტიულ მდგომარეობას. მას ჟურნალისტი რომან პრიადუნი ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როგორია თქვენი შთაბეჭდილება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის მიმართ?

- თუ გულახდილად ვილაპარაკებთ, მაშინ გეტყვით, რომ პრეზიდენტების საუბარს უკრაინისათვის კარგი არაფერი არ მოუტანია. დიალოგის ობიექტური შეფასება ასეთია: პუტინმა მოიგო, საუბარი მას მიჰყავდა, ტრამპი კი სიამოვნებით აჰყვა, რაც ძალიან სახიფათო და შემაშფოთებელი სიტაუაციაა უკრაინისათვის, მაგრამ როგორიც არის, შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. არანაირი ნიშნები არ არის იმისა, რომ რუსეთის ცეცხლის შეწყვეტას აპირებს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც, როგორც ჩანს, საუბრისაგან კმაყოფილი დარჩა, ეს ვლადიმერ პუტინია. იგი აგრძელებს დიპლომატიურ თამაშს ისე, როგორც თვითონ სურს. ჩემი აზრით, მან მინიმუმ ორ მიზანს მიაღწია: ჯერ ერთი, რომ არ ცვლის თავის პრინციპებს და აქვს უკრაინისათვის აბსოლუტურად მიუღებელი კაპიტულაციური მოთხოვნები. მეორე - დაიწყო რა მოლაპარაკება უკრაინასთან სტამბოლში, რომელიც აშკარაა, რომ კიევისათვის კარგად არ დასრულდება, იგი ქმნის ილუზიას - თითქოსდა მშვიდობის დამყარებას ესწრაფვის. სამწუხაროდ, დონალდ ტრამპს მისი სჯერა. გულწრფელია მისი რწმენა? არ ვიცი, ძნელია ამის თქმა. მაგრამ თუ აშშ-ის პრეზიდენტი მართლაც გულწრფელად თვლის, რომ ვლადიმერ პუტინი სიმართლეს ამბობს, მაშინ უარესია. კრემლი ტიპიური საბჭოური სტრატეგიით მოქმედებს - ახდენს უშედეგო მოლაპარაკების ინიცირებას პოლიტიკური სარგებლის მისაღებად და პროპაგანდისათვის, იმავდროულად კი საომარ მოქმედებებს აგრძელებს. ამით პუტინი თავს არიდებს ახალი სანქციების დაწესებას აშშ-ის მხრიდან. როგორც ვხედავთ, დონალდ ტრამპი ამ თამაშს აჰყვა და სიამოვნებითაც კი.

სამწუხაროდ, ვლადიმერ პუტინმა საკმაოდ მოხერხებულად შეძლო, დონალდ ტრამპის მეშვეობით, დასავლეთის მიერ შეთანხმებული ერთიანი მიდგომის დანგრევა.

თუ გახსოვთ, დასავლელმა ლიდერებმა კიევში შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ მათი ნაბიჯები კოორდინირებული იქნება შეერთებულ შტატებთან და თუ უახლოეს დღეებში ცეცხლი არ შეწყდებოდა, დამატებით მკაცრ ანტირუსულ სანქციებს შემოიღებდნენ. პუტინმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნა ამ ეტაპზე არარეალურიაო და სტამბოლის მოლაპარაკების ინიცირება მოახდინა. დონალდ ტრამპმა ეს მაშველ რგოლად გამოიყენა და განაცხადა, რომ მოლაპარაკების გაგრძელებას უნდა დაველოდოთო. ამრიგად, ვლადიმერ პუტინი კმაყოფილია - მან, როგორც ყოველთვის, ეფექტურად გააძლიერა უთანხმოება დასავლურ ბანაკში.

რაც შეეხება პუტინის მიერ მოხსენიებულ მემორანდუმს: პირადად მე ვთვლი, რომ მემორანდუმის შემუსავება აბსოლუტურად უპერსპექტივოა. მე არავის არ ვურჩევდი, რომ ვინმემ მას ყურადღება სერიოზულად მიაქციოს. (...)

ამრიგად, რა გავიგეთ მათი საუბრიდან? ის, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ვლადიმერ პუტინის მიმართ ძალიან დადებითია. ტრამპმა პუტინს მელანიასგან მოკითხვა გადასცა, ისაუბრეს შვილიშვილებზე და იმდენად გაერთნენ, რომ საუბრის დასრულება არ სურდათ. ანუ ილაპარაკეს ყველაფერზე, მაგრამ სანქციების თემას არ შეხებიან. ტრამპმა ამის ნაცვლად პუტინს რაღაც გამოგონილი სავაჭრო და ეკონომიკური პროექტები შესთავაზა.

- სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი პუტინის სასარგებლოდ პირველად არ თამაშობს. მას რატომღაც ჰგონია, რომ ყველაფერი კარგად მიდის, კრემლს მშვიდობა სურს და დროს არ აჭიანურებს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- ამ საუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინმა კარგად იცის, თუ როგორ ილაპარაკოს ტრამპთან, როგორ მოახდინოს მისი მანიპულირება და სარგებლის მიღება. შეიძლება ორი ძირითადი დასკვნა გავაკეთოთ:

პირველი - შეერთებული შტატები აჩვენებს მზადყოფნას უარი თქვას სამშვიდობო პროცესში აქტიურ მონაწილეობაზე. საქმე ეხება „მშვიდობას“ (ბრჭყალებში) - იმიტომ, რომ ის პირობები, რომელთა მიხედვით მშვიდობა უნდა დამყარდეს, მიუღებელია.

მეორე - ტრამპმა ფაქტიურად პუტინს მოქმედების სრული თავისუფლება მისცა. იგი დარწმუნებულია, რომ კრემლი მშვიდობის მოყვარულია და ამით აძლიერებს რუსულ ნარატივს და მოსკოვის პროპაგანდისტულ განცხადებებს. გარდა ამისა, ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ იგი მზად არ არის სანქციების შემოღებისათვის, რითაც ევროპელი პარტნიორები საშინლად გააწბილა - ისინი ხომ ომის მდგომარეობაში მყოფ კიევში სპეციალურად შეიკრიბნენ ანტირუსული სანქციების შესათანხმებლად. ტრამპმა სასხვათაშორისოდ აღნიშნა, რომ თუ სანქციებს შემოიღებს, ახლა კი არა, არამედ სამომავლოდ. ამით თავს იმართლებს: „არა, მე პუტინს არ ვეთანხმები, მაგრამ მაინც კარგი იქნება, თუ დაველოდებით“. მოკლედ, ტრამპმა პუტინს „მწვანე შუქი აუნთო“.

- სატელეფონო საუბარში დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ თუ სიტუაცია სასიკეთოდ არ შეიცვლება, იგი, ალბათ, უარს იტყვის შუამავლობაზე, თავის ძალისხმევაზე მშვიდობის დასამყარებლად. პრეზიდენტის თქმით, „ომი იყო, არის და დარჩება ევროპაში მიმდინარე ომად. ამერიკა მასში არ უნდა ჩარეულიყო (ჯო ბაიდენის ბრალია ყველაფერი) და თუ უკრაინაში არსებითი პროგრესი არ იქნება, აშშ თავის როლს კონფლიქტის დარეგულირებაში იმას დაუთმობს, ვინც სურვილს გამოამჟღავნებს. ვისაც სურს, იმას დაუთმობს ევროპაშია და ევროპულ ომად უნდა დარჩეს“. დონალდ ტრამპმა თავის შემცვლელად ამ საქმეში რომის ახალი პაპი ლეო XIV დაასახელა...

- დიახ, ასეა. დონალდ ტრამპი საცდელ სიგნალებს უშვებს, რომ შეიძლება იგი სამშვიდობო პროცესიდან გავიდეს. იგი ძველებურად გაძახის, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ევროპის კონფლიქტია და მას ევროპელებმა უნდა მოურონ. პოლიტიკურად ასე უნდა გავიგოთ: ტრამპი გამოდის იქიდან, რომ უკრაინის დაცვა აშშ-სათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინტერესად არ ითვლება, ამიტომ უკრაინის დახმარების მთავარი ტვირთი ევროპელებმა თვითონ უნდა იკისრონ.

გაჩნდა ახალი იდეა - ვატიკანის ჩართვა მოლაპარაკებაში, რაც თვით პაპმა გააჟღერა. სრულიად შესაძლებელია, რომ დონალდ ტრამპისათვის ეს სასიამოვნო შემთხვევაა და მას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს: აი, მე არც თურქეთს არ გთავაზობთ მოლაპარაკების ადგილად და არც საუდის არაბეთს. ვატიკანი კი სულ სხვა რამ არის - იქ, ასე ვთქვათ, [ქრისტიანები] უფალთან ახლოს იქნებით, თანაც ნეიტრალურ ტერიტორიას წარმოადგენს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს მართლაც უშუალოდ პაპის საკუთარი ინიციატივაა. ვატიკანი მართლაც შეიძლება იყოს შესაბამისი ადგილი. ყოველ შემთხვევაში, ვატიკანი უკეთესია, ვიდრე თურქეთი და არაბეთი.

- ევროპა და უკრაინა ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ აი, დონალდ ტრამპი ერთი კარგად გაბრაზდება და პუტინს სერიოზულად „მიაწვება“, მაგრამ ამერიკელი ლიდერი ისევ იმეორებს, რომ „პუტინი დამნაშავე არ არის, იგი მშვიდობის მომხრეა, უკრაინასთან და ევროპასთან კი კითხვები არსებობს“. თქვენი აზრით, როდემდე გაგრძელდება ილუზიებში ყოფნა?

- ეს ჩემთვისაც გაუგებარია. საქმე მხოლოდ „ვარდისფერ სათვალეებში“ არ არის. მე ვფიქრობ, რომ ევროპელი ლიდერები დიდი ხნით ადრე უნდა მისულიყვნენ ოკულისტთან და სათვალეებში სწორი ლინზები უნდა ჩაესვათ. მათ მიაჩნიათ, რომ საფრთხე შორს არის. არადა, საფრთხე უკვე ძალიან მოახლოვდა.

- შესაძლოა ეს მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა? ევროპელები, ალბათ, ფიქრობენ, რომ რუსეთს მარტო ვერ გაუმკლავდებიან...

- აბსოლუტურად. ისინი ამას მშვენივრად აცნობიერებენ. იციან, რომ ამერიკის გარეშე უკრაინას ქმედითად ვერ დაეხმარებიან. თუმცა ამის მიუხედავად, ქმნიან რაღაც „დახმარების მსურველთა კოალიციას“... ისინი ისევ ილუზიებში არიან: დროა მოეშვნენ ოცნებას ფანტომური კოალიციების შექმნაზე და საქმეს პრაქტიკულად მოუარონ: მოახდინონ რუსეთის აქტივების სრული კონფისკაცია, შეაგროვონ ფული და იარაღი იყიდონ. (...)

ევროპის მოქმედება ისედაც დაგვიანებულია, დრო უკვე აღარ ითმენს - საგანგებო სიტუაცია საგანგებო გადაწყვეტილებების მიღებას ითხოვს. ჩვენ უფსკრულის პირას კი აღარ ვდგავართ, არამედ უფსკრულში გადავეშვით. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ გლობალური დაპირისპირება, რაზედაც ტრამპი ლაპარაკობდა, უკვე დაიწყო. შესაძლოა არა მესამე მსოფლიო ომის სახით, მაგრამ ის უკვე სახეზეა. შეძლებს თუ არა ვლადიმერ პუტინი თავისი გეგმის ნაწილის მაინც რეალიზებას უკრაინასთან მიმართებით, ამით განსაზღვრული იქნება მოვლენების შემდგომი განვითარება არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში.

წყარო