"მოკლული 55 წლის მეზობელი 35 წლის ქალს ავიწროებდა, სთავაზობდა ქმარი მიეტოვებინა და ბინას უქირავებდა, სადაც შვილებთან ერთად გადაიყვანდა. ჩოგოვაძე თავს იცავდა მოძალადისგან" - ქუთაისში მომხდარი მკვლელობის დეტალები
ქუთაისში მეზობლებს შორის მომხდარი კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. დანაშაული 19 მაისს, ჩანჩიბაძის ქუჩაზე მოხდა. როგორც ირკვევა, მამაკაცებს შორის დაპირისპირება ეჭვიანობის ნიადაგზე დაიწყო, რა დროსაც 35 წლის თეიმურაზ ჩოგოვაძემ მეზობელს, 55 წლის იოსებ ხარაბაძეს დანით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი, მართალია, სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ ოპერაციის მსვლელობის დროს გარდაიცვალა.
მომხდარზე გამოძიება სამართალდამცველებმა 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყეს, დაკავებულს ბრალი წაუყენეს და სასამართლომაც უკვე იმსჯელა მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხზე. მართალია, ბრალდებულის ადვოკატი გელა სორდია ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინათ ბრალდებული, მაგრამ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა და დაკავებულ თეიმურაზ ჩოგოვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ბრალდებულის ადვოკატი გელა სორდია ჩვენთან საუბარში ამბობს, მოკლული პირი ბრალდებულის ცოლს, 35 წლის ქალს შეტყობინებებს უგზავნიდა, ფაქტი ქმარმა გაიგო და მეზობლის კაცს მსგავსი ქმედების განმეორება აუკრძალა. იმ დღეს კი მოკლული მკვლელობაში ბრალდებულს ქუჩაში შეხვდა, რათა გაერკვია მათი უთანხმოების დეტალები, სწორედ ამ დროს დასრულდა მათი კონფლიქტი სისხლისღვრით. ბრალდებულის ადვოკატის, გელა სიორდიას თქმით, მისი დასაცავი თავს იცავდა, რადგან მოკლული მამაკაცი მას აქეთ ემუქრებოდა მოკვლით და როგორც აღნიშნავს, არსებობენ პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დანა მოკლულსაც ჰქონდა და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ცივი იარაღი მოგერიების მიზნით გამოიყენა.
იურიდიული დახმარების სამსახურის, დასავლეთ საქართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი, ადვოკატი გელა სიორდია:
- 55 წლის მამაკაცის დაჭრის ფაქტი 19 მაისს, ღამის საათებში მოხდა. შემდეგ, ის სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში, მაგრამ ოპერაციის მსვლელობის დროს გარდაიცვალა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თეიმურაზ ჩოგოვაძე, გამთენიისას ჩაბარდა სამართალდამცველებს. ცნობილია, რომ გარდაცვლილს ჰქონდა დანა, რომელსაც იქნევდა ბრალდებულის მისამართით, ჩოგოვაძეს შეეშინდა, მას თვითონაც ჰქონდა დანა, ამოიღო და დაარტყა, ანუ თავი დაიცვა. ეს არის აუცილებელი მოგერიება და არა - განზრახ მკვლელობა. დადგა ცუდი შედეგი და გარდაიცვალა 55 წლის იოსებ ხარაბაძე. თეიმურაზ ჩოგოვაძეს ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. აღნიშნულს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს. ამბობს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ის თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია.
საუბარია იმაზე, რომ ჩემი დასაცავის მეზობელი ბრალდებულის მეუღლეს დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში წერდა სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს.... ჩემი დასაცავის ცოლი უარს ეუბნებოდა, ამის მიუხედავად, ის მაინც ჯიუტად წერდა და ურეკავდა. ჩვენ ვთვლით, რომ ბრალდების მხარემ აშკარად არასწორი შეფასება მისცა ბრალდებულის ქმედებას და მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგენილიყო, რომ ბრალდებული მოქმედებდა არა მეზობლის განზრახ მკვლელობის მოტივით, არამედ, მხოლოდ მისი ჯანმრთელობის შენარჩუნების მოტივით, რადგან აღნიშნული მკვლელობის დღეს დანა პირველმა აწ გარდაცვლილმა გამოიყენა და არა - თეიმურაზ ჩოგოვაძემ.
მოკლული ერთი წლის განმავლობაში ბრალდებულის ცოლს, რომელიც მასზე 20 წლით უმცროსია, წერდა შეტყობინებებს "ფეისბუქზე", "ფეისბუქი" რომ დაბლოკა ახალგაზრდა ქალმა, მერე უკვე მობილურზე წერდა. უგზავნიდა სხვადასხვა სახის შეტყობინებებს, სთავაზობდა, რომ მიეტოვებინა ქმარი, თვითონ უქირავებდა მას ბინას, სადაც გადაიყვანდა მის შვილებთან ერთად. ქალი შლიდა ამ შეტყობინებებს, ბლოკავდა მის ზარებს, მაგრამ მოკლული სხვადასხვა ტელეფონიდან ურეკავდა და წერდა მესიჯებსაც.
ეს ფაქტი ქმარმა გაიგო ცოლისგან ერთი თვის წინ, მაგრამ მაინც ბოლომდე არ სჯეროდა მამაკაცს, რომ მეზობელ კაცს ასეთი ცუდი განზრახვა ჰქონდა, რადგან ის მის ცოლზე 20 წლით უფროსია. ქმარმა მას ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა ცოლის მესინჯერიდან. შენ შეურაცხყოფა როგორ მომაყენეო და აქეთ ურჩევდა მოკლული საქმეს ბრალდებულს. 19 მაისს, ქუჩაში ერთმანეთს შეხვდნენ მოკლულის ინიციატივით, მაშინ იშიშვლა დანა მოკლულმა, როგორც ამას ბრალდებული ამბობს, ამ დროს მანაც გამოიყენა დანა და მიაყენა ჭრილობები. იქ არის კერძო სახლები და მათი სახლები 200-300 მეტრით იქნება დაშორებული ერთმანეთისგან. ფაქტი კი ბრალდებულის სახლთან ახლოს, 30 მეტრში მოხდა. ჩემს დასაცავს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა, თუმცა ამ გადაწყვეტილებას ჩვენ აპელაციაში გავასაჩივრებთ. ვთვლი, რომ 108-ე მუხლით არ უნდა წაეყენოს ბრალი, ის თავს იცავდა და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა. მე თავს ვიცავდი, თორემ მისი მოკვლა რომ მნდომოდა, მანამდე მოვკლავდიო, თქვა კიდეც თემურ ჩოგოვაძემ პროცესზე.
- მანამდეც იყო მათ შორის კონფლიქტები?
- 17 მაისს იყო საუბარი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩემს დასაცავს თავიდან არ ეგონა, რომ ეს კაცი ცუდი განზრახვით წერდა მის ცოლს და არ შეიტანა ეჭვი, რადგან ასაკით ბევრად უფროსი იყო, თანაც მეზობელი და იფიქრა, ადამიანურად რაღაც ეშლებაო, თავიდან მართლა ეს ვარაუდი ჰქონდა, მაგრამ მერე დარწმუნდა, რომ ამ მამაკაცს მის ცოლთან სასიყვარულო განზრახვა ამოძრავებდა, თუმცა, ამის შემდეგაც არ მივარდნილა მის სახლში, შეეძლო გავარდნილიყო და მოეკლა, როცა დარწმუნდა, რომ ეს კაცი ასეთ შეტყობინებას სწორედ ამ მიზნით უგზავნიდა მის ცოლს, მაგრამ ეს არ უქნია. თავისი მეუღლის ტელეფონიდან გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება, მერე დაურეკა ტელეფონით და უთხრა, რა გინდა ჩემს ცოლთან, მე ყველაფერი ვიციო. ფიზიკურად ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. ორი დღის შემდეგ, 19 მაისს, თვითონ დაზარალებული მოვიდა ჩოგოვაძის სახლთან, შეხვედრის ინიციატორი ის მამაკაცი იყო, დაიწყეს საუბარი და ამ დროს, მოკლული ბრალდებულს ემუქრება დანით და როგორც გითხარით, ამან დაასწრო.
იოსებ ხარაბაძე სახლში მარტო ცხოვრობდა, ჩემი ინფორმაციით, განქორწინებულია და შვილი ჰყავს. თეიმურაზ ჩოგოვაძეს ბრალად ედება მისი მეზობლის განზრახ მკვლელობა. რასაც, როგორც გითხარით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს და ამბობს, რომ თავს იცავდა მოძალადისგან, რომელმაც მისი ოჯახის სიმყუდროვე დაარღვია.
ქალი სმს შეტყობინებებს პერიოდულად შლიდა, მაგრამ მისი აღდგენა შესაძლებელია ექსპერტიზით. ჯერ არ არის აღდგენილი, თუმცა მათი ტელეფონები ამოღებულია და ექსპერტიზა ჩატარდება. ახალგაზრდა ქალი იმასაც ამბობს, რომ ქუჩაში, ტრანსპორტშიც ხვდებოდა ეს მამაკაცი. იცოდა ტრანსპორტში ხმაურს ვერ ავტეხდი და ჰქონდა მცდელობა ხან მხარზე გადამხვევდა ხელს, ხან ხელზე მომეფერებოდაო, ამბობს ბრალდებულის ცოლი. იმასაც ამბობს, მეუბნებოდა რატომ არ გინდა ჩემთან ერთად ყავა რომ დალიო, სადმე დავსხდეთ, ჩემთან ოჯახში რატომ არ მოდიხარ სტუმრადო. ასეთ რაღაცებს მეუბნებოდაო. ქალი მაქსიმალურად ბლოკავდა მის ზარებს, ამბობს, იყო შემთხვევა ავტობუსიდან ამის გამო ჩამოვედი და სხვა ავტობუსში გადავჯექი, რომ მომეცილებინაო.
ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა ასეთი ტიპის შევიწროება.
მეზობლებიც შეესწრნენ ჩხუბის ფაქტს და ჩოგოვაძე ჩაბარდა პოლიციას. ჩვენც იმავე დღეს ჩავერთეთ საქმეში, მაგრამ გამოძიებამ არ გადმოგვცა მასალები. გავედი შემთხვევის ადგილზე, გავესაუბრე მეზობლებს, მათ შორის ისინიც იყვნენ, ვინც მოწმის სახით ჰყავდა პოლიციას დაკითხული. ერთ-ერთმა ისიც თქვა, მე პოლიციაში ვთქვი, მოკლულს დანა რომ ეჭირა ხელში და ასე მითხრეს, ეს საიდან მოიტანე შენ, ამას ბრალდებულიც არ ამბობსო, ამის მერე შევცვალე ჩვენება და არ მითქვამს, რომ დანა ჰქონდა მოკლულს, თორემ დავინახე, პირველი იმან ამოიღო დანა და მერე ამან დაარტყაო.
- შემთხვევის ადგილიდან ორი დანაა ამოღებული?
- არა, ერთი დანაა ამოღებული, რომელიც ბრალდებულს ჰქონდა. ეს მამაკაცი ადგილზე არ გარდაცვლილა, სასწრაფო მოვიდა 15 წუთში, მამაკაცი კონტაქტური იყო, გადაიყვანეს კლინიკაში და იქ გარდაიცვალა. გვაქვს ეჭვი, რომ სისხლისგან დაიცალა. ეტყობა, ვიღაცამ იფიქრა მას სერიოზული არაფერი სჭირდა და ვითომ კეთილისმსურველმა სადმე წაიღო ეს დანა. შეუძლებელია იტყუეობდეს 65 წლის კაცი მეზობელი, რომელიც ამბობს, რომ დაინახა მოკლულის ხელში დანა. რომელიც მოკვლით ემუქრებოდა ბრალდებულს.
- თავად ბრალდებული რას ამბობს?
- ბრალდებულს დუმილის უფლება აქვს გამოყენებული. ჩვენება არ მიუცია, საქმეა აღძრულია 108-ე მუხლით. ჩვენი პოზიციაა, რომ ჩემი დასაცავი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და მას დანაშაული არ ჩაუდენია. ვითხოვდით აღმკვეთის გარეშე დატოვებას, მაგრამ ეს არ გაიზიარა სასამართლომ. მეზობლები ამბობენ, რომ ისინი რამდენჯერმე მიიყვანეს პოლიციაში, არადა, საქმეში დევს მათი ერთხელ დაკითხვის ოქმი, სადაც ისინი მოკლულის მიერ დანის გამოყენებას უარყოფენ. ვფიქრობ, საქმის მასალები თავიდანვე იმიტომ არ მომცეს, რომ იქ ხდებოდა ამ ჩვენებების თანხვედრაში მოქცევა, სწორედ ამიტომ მიიყვანეს მეზობლები რამდენჯერმე პოლიციაში.
- რამდენი ჭრილობა აქვს მოკლულს მიყენებული?
- ორი ჭრილობა, ერთი ზედაპირულია, წინა მხარეს გულმკერდის არეში, რომელიც არ არის შემავალი და მართალია, არ არის ექსპერტიზის დასკვნა ჯერ, მაგრამ ვფიქრობთ, ეს ვერ გამოიწვევდა სიკვდილს, მეორე ჭრილობა აქვს მარცხენა მხარეს დაბლა და სავარაუდოდ, ამან გამოიწვია სიკვდილი, სისხლისგან დაიცალა. როგორც ვთქვი, მოკლული იყო ამ შეხვედრის ინიციატორი იმისთვის, რომ ურთიერთობა დაელაგებინა და დაერწმუნებინა ქმარი, თითქოს მას ცუდი განზრახვა არ ამოძრავებდა მის ცოლთან.
იმ კაცის სახლიდან ამოღებულია რამდენიმე მობილური ტელეფონი. სავარაუდოდ, სხვადასხვა ნომრიდან ურეკავდა ამ ქალს და ამიტომაც ჰქონდა ამდენი ტელეფონი. ქალი ერთ ნომერს დაბლოკავდა, მეორით უკავშირდებოდა, ის არ მალავდა ვინაობასაც. ამ ფაქტის შემდეგ ჩოგოვაძემ დაურეკა თავის ნაცნობ პოლიციელს, რომელიც მანამდე მისი უბნის ინსპექტორი იყო და უთხრა რაც მოხდა, მისგან გაიგო, რომ მამაკაცი გარდაიცვალა კლინიკაში. ეს რომ შეიტყო, პირდაპირ წავიდა სახლში, სადაც იცოდა, რომ პოლიცია უკვე მისული იყო და ჩაბარდა კიდეც.
მართალია, ადვოკატი ამ დეტალებზე ასე საუბრობს, თუმცა როგორც პოლიციის ინფორმაციით ირკვევა, ბრალდებული ადრე ნასამართლევია. სრულიად განსხვავებულია უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1990 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 მაისს ქუთაისში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეზობელს - 1970 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს",- ამბობს უწყება.
ამ ინფორმაციით არ ჩანს, რომ ბრალდებული თავად ჩაბარდა პოლიციას. ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, რას ამბობენ მოწმეები, მართალია, ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დასაცავი თავს იცავდა, თუმცა ფაქტია, ჩოგოვაძეს განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
თეა ხურცილავა
(სპეციალურად საიტისთვის)