"თითქმის მწვერვალამდე მისულს თხილამური გასძვრა" - რას ამბობენ ახალგაზრდა ალპინისტის გარდაცვალებაზე ახლობლები? - კვირის პალიტრა

"თითქმის მწვერვალამდე მისულს თხილამური გასძვრა" - რას ამბობენ ახალგაზრდა ალპინისტის გარდაცვალებაზე ახლობლები?

უშბაზე 29 წლის ალპინისტი ნიკო ფალიანი დაიღუპა. მისმა ფოტოებმა წამებში მოიცვა სრულიად სოციალური ქსელი და დაამწუხრა უამრავი ადამიანი. გლოვობს მთელი სვანეთი გლოვობს.

ვინ იყო უშბაზე მომწყდარი მორიგი ვარსკვლავი, ნიკო ფალიანი. 29 წლის ბიჭი, რომელიც ასე ეტკინა დღეს საქართველოს, - მრავალშვილიანი ოჯახის შვილი, უშიშარი ადამიანი, ვინც მწვერვალების დაპყრობა ყოველდღიურობად აქცია. ვინც ყველა დაბრკოლებას პირველი ებრძოდა და მერე გაატარებდა სხვებს სამშვიდობო გზებზე.

შარშან, დაახლოებით ერთი წლის წინ, ნიკო ფალიანი შხელდაზე დაღუპულ არჩილ ბადრიაშვილის ცხედარს ელოდებოდა მესტიაში. წელს ასე უკვე ნიკოს ელოდებოდნენ მისი მეგობრები, რომლებიც წერენ: "ისევ იქ ვდგავარ ნიკო, სადაც შარშან ვიდექით და ერთად ველოდებოდით არჩილის ცხედარს. ახლა შენ. უსამართლო ხარ უშბა, რით ვერ გაძეხი ჩვენი ბიჭებით". წერს სოციალურ ქსელში ნიკოს ფალიანის მეგობარი თამო ჯაფარიძე.

- ამას არ ველოდებოდით, ამას ვერ წარმოვიდგენდით, ვერ ვიჯერებ რომ ნიკო აღარ არის, - გვეუბნება ნიკოს ერთ-ერთი მეგობარი, - აღარ არის ჩვენთვის, ყველასთვის, მთელი სვანეთისთვის საიმედო ადამიანი, საყრდენი და ერთგული კაცი. ნიკოს ეს თვისებები, ყველაფერი, ოჯახიდან მოჰყვებოდა, შვიდშვილიანი ოჯახის შვილია. ვერ წარმოიდგენთ რამდენად ლამაზი ოჯახი აქვთ ფალიანებს - ულამაზესი, უძლიერესი დედმამიშვილები, ძმები, დედმამიშვილები ჰყავს. გააქვავა ყველა მათგანი, აატირა მთელი სვანეთი. ყველა მათთან ერთად ვგლოვობთ. სვანეთს სულის და გულის ნაწილი მოეგლიჯა. ვერ წარმოიდგენთ, რა ბიჭი იყო, დაუღალავი, გაუჩერებელი შრომით მიაღწია ყველა წარმატებას. ვერ ჩერდებოდა და არც ჩერდებოდა,ყველა ღონეს მოიხმარდა, რომ საქართველოს შესახებ ყველა სცოდნოდა. ფილმებს იღებდა, მთელ მსოფლიოში ავრცელებდა, მასპინძლობდა, გიდებდა და ყველაფერს აკეთებდა, რომ სვანეთზე მსოფლიოში გაეგოთ. ნიკო თითქოს არამიწიერი ბიჭი იყო. ვისაც უნახავს როგორ ეშვებოდა მთებიდან თხილამურებით, ყველა ამბობდა, ეს ბიჭი თითქოს არამიწიერია, ასეთი არაფერი გვინახავს, ისეთ შეგრძნებას გიჩენს, თითქოს დედამიწის შეგრძნება არ აქვს, ზეცაში დაფრინავს, ადამიანურ უნარებს აღემატება მისი უნარიო.

- როგორ დაიღუპა ნიკო. როგორ მოხდა ეს ტრაგედია უშბაზე, ცნობილია?

- ასეთი ტრაგედიის დროს ამაზე საუბარი აზრს კარგავს, მაგრამ რაც ვიცით, ის არის, რომ ნიკომ დღეს უშბა ძმასთან და ორ ადამიანთან ერთად დალაშქრა და თითქმის მწვერვალამდე მისულს თხილამური გასძვრა. ამით დამთავრდა ყველაფერი, უშბაზე ცალი თხილამურით თავს ვინ დაიჭერს. მერე ალბათ რამდენჯერმე ამოტრიალდა. ამბობენ 800 მეტრის სიმაღლეზე იფრინა, ვიდრე იქ დაეცემოდა, სადაც მაშველებმა ნახესო. ღმერთო, ეს მერამდენეა და მაინც არ ანებებენ ჩვენი ბიჭები უშბას თავს.

- ეს ტრაგედია ყველაზე უმძიმესი იქნება მათთვის ვინც უშბაზე ნიკოსთან ერთად იყო.

- არ არსებობს სიტყვა, რომელიც ამ განცდას აღწერს. ამ დროს დახმარება და შველა წარმოუდგენელია. ამ დროს უბრალოდ ყველა კვდება, გარდაცვლილიც და ცოცხლად დარჩენილიც. Gანსხვავებ ის არის, რომ ცოცხლად დარჩენილები სულიერად კვდებიან.

"კვირის პალიტრა" თანაუგრძნობს ნიკო ფალიანის ოჯახს და გამძლეობას უსურვებს. მწუხარებას საზღვარი არ აქვს. თუმცა, ამ ტრაგედიაში, ამ სიმძიმეშიც კი ალბათ არის რაღაც მთის შვილებმა თაობიდან თაობამდე იციან და რასაც ნიკოს მიმართ ერთ-ერთი, ასევე მთის შვილი ამ სიტყვებით გამოხატავს:"სიკვდილიც არის და სიკვდილიც…ნიკომ შესანიშნავად იცოდა უშბის მსხვერპლთა თუ უშბაზე ამსვლელ-ვერამსვლელთა ისტორია. თვითონ დაადგა იმ გზას, რომელიც აირჩია... მაგრამ სადღაც წყდება თოკი, სადღაც ტყდება კოკა... თუ სიკვდილია, რა სჯობს უშბაზე სიკვდილს! მშვიდობით, ნიკო".

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისათვის)